„ხმამაღალ განაცხადს ვაკეთებ, მაგრამ ჩემი საფუძვლიანი ეჭვია, რომ ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ნაციონალებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად სჭირდებათ“, - აცხადებს For.ge-სთან საუბარში „დემოგრაფიული აღორძინების ფონდის თავმჯდომარე“ თამარ ჩიბურდანიძე. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც მარიხუანის მოხმარებისთვის მოქალაქეებს აღარ დააპატიმრებენ, ქართული გენოფონდის მტრებად აღიქვამს.
ეს მაშინ, როცა 2050 წელს დემოგრაფიული კატასტროფა გვიახლოვდება, რის შესახებაც გაერომ ჯერ კიდევ 2010 წელს მიგვითითა. შესაბამისად, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა მილიონ 700 ათასი კაცით იკლებს, ანუ ჩვენი მოსახლეობა 28%-ით შემცირდება და საქართველოს სხვადასხვა ეთნიკურ გენოფონდს შორის ეს შემცირებული პროცენტი მთლიანად ქართულ გენოფონდზე მოდის. ექსპერტები ამბობენ, რომ უკვე ძალიან გვიანია, კატასტროფა გარდაუვალია.
თამარ ჩიბურდანიძე: არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველო უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობის პირობებშია, მოახლოებულია დემოგრაფიული კატასტროფა, რომელზედაც რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია მიგვითითებს, 2050 წელი ძალიან მალე დადგება საქართველოში და, თუ ძალიან ძლიერი დემოგრაფიული პოლიტიკა არ გატარდა, ეს კატასტროფა არ აგვცდება. სამი წელია, ხელისუფლებასთან ერთად სერიოზულად ვმუშაობთ დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებაზე და იმ დროს, როცა მწირი ბიუჯეტის ფარგლებში ყველაფერი კეთდება, საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველ გადაწყვეტილებას იღებს. ეს ნამდვილად არის მტრობა საკუთარი ქვეყნისადმი. ეს ქმედება ამოფარებულია ჰუმანიზმს, ლიბერალიზმს და დემოკრატიულ ღირებულებებს.
საკონსტიტუციო სასამართლო ვერ აცნობიერებს ეროვნულ ხიფათს?
- როგორ ვერ აცნობიერებს. ძალიან კარგადაც აცნობიერებენ. ჩემი პოზიციაც ასეთია, რომ ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის, თუ ეს არ ნიშნავს გასაღებას, მაგრამ დღეს საქართველოში არსებული უმძიმესი მდგომარეობის გამო, მიუღებელია ამის დაშვება. გამოვაქვეყნეთ ჩვენი ფონდის მიერ ჩატარებული კვლევა ახალგაზრდობის შესახებ, სადაც გამოკითხული 500 სტუდენტიდან 27% ხმამაღლა აცხადებს, რომ მარიხუანის მომხმარებელია და ის პროცენტი, რომელიც ამას ხმამაღლა არ აცხადებს, გაცილებით მეტია, სადღაც 50%-ზე მეტიც შეიძლება იყოს. სხვათა შორის, საუბარია როგორც ვაჟებზე, ისე გოგონებზე. როდესაც ასეთი შედეგი გაქვს ქვეყანაში, ამ კანონის მიღება მტრობაა. მით უმეტეს, მარიხუანას ძირითადად ახალგაზრდები მოიხმარენ, რომელთაც დიდი თავისუფალი დრო აქვთ და ისინი დროს ვერ კლავენ.
ამით ჰოლანდია-ნიდერლანდებთან საქართველოს გაიგივებას შეეცადნენ?
- ამ ქვეყნებთან გაიგივება არაფრით არ შეიძლება. ჯერ ერთი, ჰოლანდიას ნამდვილად არ აქვს დემოგრაფიული პრობლემები, საქართველო კი უმძიმესი დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, ყველასთვის მისაღებია, მაგრამ თუნდაც ის დემოკრატიული ნორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დღეს დამღუპველია, მიუღებელია. მე ვამბობ, კი ბატონო, ეს ჰუმანური აქტია, მაგრამ დღეს საქართველოში ამის განხორციელება არ შეიძლება.
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე მიღებულია საბოლოო გადაწყვეტილება, რომელიც არ საჩივრდება. რა შეგიძლიათ ამის საპირწონედ მოიმოქმედოთ?
- რა თქმა უნდა, გასაჩივრებას არ ექვემდებარება და, ალბათ, აღსრულებაშიც წავა, მაგრამ მე ვთხოვ ხელისუფლებას, ახალგაზრდები მეტად ჩართოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რაც შეიძლება, მეტი თანხმხვედრი ინიციატივები წამოვიდეს ხელისუფლებისგან. თორემ იდეოლოგიის დონეზე, მარიხუანა არ მოიხმაროთო, ძალიან ძნელია ახალგაზრდებთან მუშაობა, ამას თითქმის მიუღწეველი შედეგი ექნება. არადა, შედეგი ექნებოდა სწორედ იმ მკაცრ აკრძალვას, რაც არსებობდა საქართველოში.
ამ გადაწყვეტილების მიღებას დღესაც და ოთხი წლის წინაც, როდესაც შემოღებულ იქნა ეს კანონი ნაცმოძრაობის მიერ, ახალგაზრდებზე ზრუნვის საფუძველი არ ჰქონია. ეს იყო მხოლოდ პოლიტიკური ახსნა, რომ ეკონტროლებინათ უბნები. კარგად გახსოვთ, რამდენი პრობაციონერი ჰყავდა მაშინ საქართველოს, არჩევნები მოახლოებული იყო, ამით მართავდნენ და ხმებს იღებდნენ სწორედ ახალგაზრდებისგან. დღესაც მოახლოებულ არჩევნებს უმიზნებენ, ცდილობენ, ახალგაზრდული სეგმენტიდან ხმების მიღებას. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ დღეს უკვე ნაცმოძრაობამ ღიად დააანონსა დესტაბილიზაცია საქართველოში და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები ბევრად უფრო თამამები და გაბედულები არიან, ვიდრე - ფხიზელ მდგომარეობაში. ასე რომ, საკონსტიტიციო სასამართლომ ნაცმოძრაობის დაკვეთა შეასრულა. ფაქტობრივად, ისინი ერთი პარტიაა. სიმართლე გითხრათ, საკონსტიტუციო სასამართლო ნაცმოძრაობის ერთ-ერთ განყოფილებად მიმაჩნია.
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, დღემდე დიდ ოდენობად ითვლებოდა 50-დან 500 გრამამდე მარიხუანის გამოყენება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკონსტიტუციომ რატომ არ ჩათვალა დიდ ოდენობად 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა? ხომ არის არსებითი განსხვავება გამომშრალ და ნედლ მარიხუანას წონას შორის? გამომშრალი მარიხუანისთვის 70 გრამი დიდი ოდენობა არ არის?
- ამ დარგის ყველა ექსპერტი ცალმხრივად ადასტურებს, რომ 70 გრამი მარიხუანა ნამდვილად დიდი რაოდენობაა, ამიტომ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკურია. ეს დიდი რაოდენობაც მიუთითებს იმაზე, რომ ძლიერი ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდები შესაძლოა, მათ ქუჩაში გამოიყვანონ და დესტაბილიზაცია მოახდინონ. ძალიან ხმამაღალ განაცხადს ვაკეთებ, მაგრამ ეს ჩემი საფუძვლიანი ეჭვია, მათი ქმედებიდან გამომდინარე.
ექსპერტთა დიდი ნაწილის აზრით, მარიხუანაზე დამოკიდებულება ნიშნავს, რომ მომავალში უფრო ძლიერ ნარკოტიკს მიიღებს ახალგაზრდა.
- დიახ, გამოთქმაც არსებობს - მარიხუანადან ძლიერ ნარკოტიკულ საშუალებამდე ერთი ნაბიჯია. ზოგიერთი ამბობს, რომ ამათ საერთო არ აქვთ, მაგრამ ქართველი და საერთაშორისო ძლიერი ექსპერტები ამბობენ, რომ ძალიან ახლოს არის ეს ორი ნარკოტიკული საშუალება ერთმანეთთან. ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საშინელებისთვის გასწირა საქართველოს გენოფონდი. ეს მათგან არ მიკვირს, გიორგი პაპუაშვილი ნაცმოძრაობის წარმომადგენელია, ისინი ცხრა წლის მანძილზე ანგრევდნენ საქართველოს გენოფონდს, არაფერი გაუკეთებიათ ჩვენი გენოფონდის გადასარჩენად. უბრალოდ, გული მტკივა, როგორ არ უნდა გიყვარდეს საკუთარი ხალხი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. პირდაპირ გეტყვით, დღეს ხელისუფლება ჩიხშია, ის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის, ამიტომ უნდა მოიფიქროს ძლიერი თანმხვედრი ნაბიჯები, რომელიც ჩვენს ახალგაზრდებს გადაარჩენს.
რას გულისხმობთ? სპორტში ჩართვას?
- ამ სამი წლის მანძილზე ხელისუფლება აწარმოებს ძლიერ ნარკოპოლიტიკას. უნდა გამკაცრდეს ყველა კანონი, ყველა აღსრულება ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ჩვენს ფონდს, მალე დავიწყებთ გრძელვადიან ახალგაზრდულ პროექტს „ჩემი ოჯახი - ჩემი სახელმწიფო“. შევეცდებით, რამდენსაც შევძლებთ, იმდენი ახალგაზრდა გამოვგლიჯოთ ამ საშინელებას.
დიმიტრი ხუნდაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დემოგრაფიული უსაფრთხოების კონცეფციასა და კანონზე დაიწყო მუშაობა. ამ ჯგუფის წევრი მეც გახლავართ და იმედი მაქვს, გაზაფხულისთვის ეს კონცეფცია მზად იქნება. ჩვენ ვცდილობთ, შევამციროთ ტალღის დარტყმის სიმძლავრე, თუმცა იმდენად ძლიერი დემოგრაფიული ტალღა გვირტყამს, რომ დემოგრაფიული კლება მაინც გარდაუვალია. 2025 წლიდან ეს პროცესი თავისთავად იწყება, რადგან ის დემოგრაფიული თაობა მოდის, სადაც უკვე კლება იყო 90-იან წლებში. მართალია, 2013-14 წლებში ძალიან გაგვიხარდა, რომ 3 ათასით გაიზარდა შობადობა, 9 ათასით შემცირდა აბორტი, წელს კიდევ უფრო კარგ შედეგს ველით, რადგან 11 ინიციატივა განხორციელდა ქვეყანაში და 200 მილიონზე მეტია დახარჯული ბიუჯეტიდან, მაგრამ, თუკი ეს შედეგები გააბათილა საკონსტიტუციო სასამართლოს არასახელმწიფოებრივმა გადაწყვეტილებამ და ქმედებამ, კარგი შედეგების მიღწევა გაგვიჭირდება.