უკრაინის რადას დეპუტატი, რეგიონების პარტიიდან, ვალერი კონოვალიუკი კარგადაა ცნობილი ანტიქართული გამოსვლებით. იგი არ მალავს რუსეთისადმი სიყვარულს და დაჟინებით მოითხოვს გამოძიებას უკრაინის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის თაობაზე.
სწორედ კონოვალიუკმა ატეხა სკანდალი, - უკრაინელი სამხედროები, მათ შორის მეზენიტეები, აგვისტოს ომში ქართული არმიის მხარეზე იბრძოდნენო.
ამჯერად დეპუტატმა არანაკლებ სენსაციური ბრიფინგი გამართა კიევში. ამტკიცებდა, უკრაინა აპირებს, ოქტომბერში საქართველოს შეიარაღების ახალი პარტია მიჰყიდოსო.
კონოვალიუკს თუ ვენდობით, უკრაინა საქართველოს მიაწვდის Т-72 ტიპის 10 ტანკს, 3 ჯავშანტრანსპორტიორ БТР-80-ს, 12 ერთეულ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს Игла-1-სა და 40 Стрела-2М-ს, აგრეთვე ხელის ყუმბარსატყორცნის РПГ-7-ის ჭურვებსა და Комбат-ებს - 125 მმ-იან მართვად რაკეტებს, რომელთა გაშვება ტანკის 125 მმ-იანი ქვემეხიდან ხდება. კონოვალიუკის განცხადებაში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ თურმე ქართული არმია უკრაინისგან 12 ცალ უახლეს უკრაინულ ტანკ Т-84 Отлот-ს ყიდულობს და ქართულმა მხარემ უკვე გადარიცხა უკრაინაში 45 მლნ უკრაინული გრივნის შესაბამისი თანხა.
ამ ინფორმაციიდან, თუ იგი მართალია, მნიშვნელოვანია Т-84-ების შეძენის ფაქტი. Т-84 ხარკოვის საკონსტრუქტორო ბიურომ შექმნა და მისი სერიული წარმოება ასევე ხარკოვის მალიშევის სახელობის ქარხანამ დაიწყო. ეს უკრაინული ტანკი შექმნილია საბჭოთა Т-80УД-ის ბაზაზე (ის თავის მხრივ აირტურბინიანი Т-80У-ს დიზელისძრავიანი ვარიანტია). უკრაინული Т-84-ის დიზელის ძრავის სიმძლავრე 1200 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. შედარებისთვის: ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შემოყვანილი რუსეთის ყველაზე თანამედროვე ტანკის, Т-90-ის დიზელის ძრავის სიმძლავრე მხოლოდ 1000 ცხენის ძალაა.
46-ტონიანი Т-84-ის ეკიპაჟში 3 კაცია. ტანკი შეიარაღებულია 125 მმ-იანი ქვემეხით (40 ჭურვის მარაგით), 7,62 მმ-იანი (1250 ვაზნა) და 12,7 მმ-იანი საზენიტო (450 ვაზნა) ტყვიამფრქვევებით. ტანკის მაქსიმალური სიჩქარე მოასფალტებულ გზაზე 65 კმ/სთ-ია, საშუალო სიჩქარე - 35-45 კმ/სთ. საწვავის მარაგი 450 კმ-ის გასავლელად ჰყოფნის.
უკრაინელი დეპუტატის, კონოვალიუკის ბრიფინგი, სავარაუდოდ, ახალი ანტიქართულ-ანტიუკრაინული ტალღის ასაზვირთებლად გაიმართა. ჩანს, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს რაღაც ინფორმაცია და კონოვალიუკის პირით შეგნებულად გაავრცელეს. ამას, ბუნებრივია, მოჰყვება რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებები, - უკრაინა კვლავ აგრძელებს საქართველოს შეიარაღებას და უკრაინული იარაღი რუს ბიჭებს ხოცავსო და ა.შ.
საქართველოზე არ არის დაწესებული არავითარი საერთაშორისო სანქცია შეიარაღების მიყიდვის თაობაზე და ამიტომაც ჩვენს ხელისუფლებას სრული უფლება აქვს, განაგრძოს იარაღისა და საბრძოლო საჭურვლის შეძენა.
ეს აუცილებელიცაა, მაგრამ სხვა რამ გვაკვირვებს - მართალია, აგვისტოს ომში 65 ტანკი დავკარგეთ, მაგრამ მაინც - აღარ გვეყო ტანკების ყიდვა?!