„ერდოღანისთვის მთავარი იყო კონკურენტი „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ჩამოცილება“

„ერდოღანისთვის მთავარი იყო კონკურენტი „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ჩამოცილება“

გაიხანგრძლივებს თუ არა მმართველობას რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, ამას თურქეთის მოსახლეობა 1 ნოემბერს დაგეგმილ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყვეტს. კვირას, თურქეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მიზეზი ის პოლიტიკური შეუთანხმებლობაა, რომელიც არჩევნებში გამარჯვებულმა, პარტიებმა 7 ივნისიდან დღემდე ვერ გადალახეს. მართალია, პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ ამის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგა - მისმა პარტიამ 14% მიიღო, რამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა ერდოღანს, რომელსაც საპრეზიდენტო უფლებამოსილებების გაზრდა სურდა.

შეძლებს თუ არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად ერდოღანი საპრეზიდენტო უფლებამოსილების გაზრდას, ეს დამოკიდებულია იმაზე, ვის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევს ქურთთა „სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელმაც 10%-იანი ბარიერი გადალახა და ხმათა 13% მიიღო, სწორედ „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ არჩევნებში მონაწილეობამ განაპირობა ერდოღანის პარტიის დამარცხება. თუმცა, ცნობილია, რომ „სახალხო დემოკრატიული პარტია“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ ღებულობს.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ ამომრჩევლის 13%-მა შესაძლებელია არჩევანი ერდოღანის პარტიის სასარგებლოდ გააკეთოს, ამ შემთხვევაში კი მმართველი პარტია 8-წლიან მმართველობას გაიხანგრძლივებს.

ერდოღანმა ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ თუ მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა, მზად იყო ქვეყნის მეთაურის პოსტი დაეტოვებინა. თუმცა, ამის მიუხედავად ის არ გადადგა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. გამარჯვების რა შანსი აქვს დღეს ერდოღანის პარტიას?

- პირდაპირ გეტყვით, რომ საკმაოდ მაღალი შანსი აქვს. მმართველი პარტიისთვის ყველაზე მთავარი იყო „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ ჩამოცილება, რომელიც ქურთი მოსახლეობის პოლიტიკურ ინტერესებს გამოხატავდა. ერდოღანს ჰქონდა შანსი, რომ 7 ივნისის არჩევნებში გაემარჯვა. უბრალოდ, ბოლო დღეს თურქეთის უზენაესმა სასამართლომ დაუშვა „სახალხო დემოკრატიული პარტია“ არჩევნებში, რამაც გამოიწვია ერდოღანის მარცხი - მან დაკარგა ამომრჩეველთა 13% და ვერ შეძლო მმართველი კოალიციის შექმნა.

მოლაპარაკებები კრახით დასრულდა. შესაბამისად, პრეზიდენტმა ერდოღანმა იმის გამო, რომ ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობის და კრიზისის საფრთხე იყო, დაითხოვა პარლამენტი და მოითხოვა ვადამდელი არჩევნები.

ბოლო ტერაქტები, რომელიც განხორციელდა თურქეთში, პლუს თურქეთის ჩაბმა სირიის საბრძოლო ოპერაციაში, რამაც გამოიწვია სირიის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია, ეს ყველაფერი გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს თურქეთს „სახალხო დემოკრატიული პარტიის“ პრობლემა მოეგვარებინა, რაც გააკეთა კიდეც ერდოღანის მთავრობამ. ეს პარტია არჩევნებში არ მონაწილეობს. სავსებით შესაძლებელია, რომ 12% გადანაწილდეს ერდოღანის პარტიის სასარგებლოდ. ასე რომ, დიდი შანსია, 1 ნოემბერის არჩევნებში მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ მოახდინოს ძალების კონცენტრაცია და გაიხანგრძლივოს თავისი 8-წლიანი მმართველობა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის პარტიამ ვერც ერთ საპარლამენტო ჯგუფთან ვერ მიაღწია შეთანხმებას მინისტრთა კაბინების შექმნასთან დაკავშირებით. 1 ნოემბრის არჩევნების შემდეგ შეძლებს შეთანხმების მიღწევას და მინისტრთა ახალი კაბინეტის ჩამოყალიბებას?

-ვფიქრობ, რომ მმართვლი პოლიტიკური ძალა შეძლებს მთავრობის ჩამოყალიბებას და ხელისუფლების გახანგრძლივებას. სავსებით შეძლებელია ერდოღანის მმართველმა ძალამ მდგომარეობის სათავისოდ გამოყენება შეძლოს. მთავარია, რომ არჩევნებში არ მონაწილეობს „სახალხო დემოკრატიული პარტია“, რომელიც მთავარი ბარიერი იყო მმართველი ძალისთვის წინა საპარლამენტო არჩევნებზე. ამიტომ ვფიქრობ, ერდოღანის პარტია შეძლებს გაკვეული უმრავლესობის შეკრებას.

ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და პარალელურ რეჟიმში ვითარება უკიდურესად დაიძაბა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, რასაც ხელს უწყობს ისლამური სახელმწიფოს გავლენაც ამ ტერიტორიაზე, თუმცა პარალელურად, თურქული მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტის გუნდიც ყველაფერს აკეთებდა ქაოსის შესანარჩუნებლად და გასაძლერებლად. რაში აძლევდა ეს ხელს მმართველ პარტიას?

-არის ასეთი ვერსია, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების შესანარჩუნებლად მმართველი გუნდი ხელს უწყობდა დაძაბულობის შენარჩუნებას. მაგრამ ამაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი რთულია. ეს ვერსია არსებობს იგივე თურქულ საექსპერტო წრეებში, მაგრამ ძალიან ბევრი დეტალი გამოჩნდება ამ არჩევნების შედეგად, მათ შორის, იყო თუ არა მართული ეს პროცესი.

თუ გავითვალისწინებთ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში არსებულ ვითარებას, არსებობს რისკი იმისა, რომ მთელ რიგ უბნებზე ჩაიშალოს არჩევნები?

-ასეთი რისკი არსებობს. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება კიდევ უფრო დაიძაბოს სიტუაცია. სავსებით შესაძლებელია, არჩევნების დღესაც მოხდეს რაღაც კატაკლიზმები. თუმცა ვფიქრობ, რომ საერთო ჯამში, არჩევნები მაინც ჩატარდება და მმართველი პარტია მიიღებს ხმების იმ რაოდენობას, რაც მას სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

თუმცა, იგივე თურქი ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ერდოღანი შესაძლოა, ყველაფერზე წავიდეს და მათ შორის ფართომასშტაბიან კონფლიქტზე...

-ეს ძალიან სერიოზული ბრალდებაა. შეიძლება, არიან ძალები, რომლებსაც სურთ ვითარების ესკალაცია. შეიძლება, ასეთი ძალები მმართველ პოლიტიკურ ძალაშიც არსებობდეს და არც ერთი სცენარი არ უნდა გამოვრიცხოთ. ძნელია ამტკიცო, რომ ამ არეულობის უკან დგას ედოღანი და მისი პოლიტიკური ძალა.

თურქეთი, საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელი პოლიტიკური ჯგუფი მოვა ხელისუფლების სათავეში?

-რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს და არა მარტო რეგიონალური უსაფრთხოების განვითარების კუთხით. თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და თითოეულ ნიუანსს აქვს მნიშვნელობა. არჩევნები და მისი შედეგები საკმაოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის სამხედრო პოლიტიკური მიმართულება, ენერგოუსაფრთხოების საკითხი, აქ არის გეოპოლიტიკური ვითარების მიმართულება და სხვა ის ფაქტორები, რომელსაც ბუნებრივია, ჩვენზე ექნება უშუალო გავლენა. განსაკუთრებით, თუკი სიტუაცია გართულდა დასავლეთსა და თუქეთის შორის, რისი ნიშნებიც არსებობს.

რატომ გახდა დასავლეთის მხრიდან ერდოღანის ხელისუფლება ასეთი კრიტიკის ობიექტი?

-ამის მიზეზი არის მედიაზე თავდასხმები, რაც სამწუხაროდ სისტემატურ ხასიათს ღებულობს; ზეწოლა პოლიტიკურ პარტიებზე, იგივე კორუფციის ფაქტები და ა.შ. ეს არის საკითხები რომელზეც დასავლეთის გარკვეულ წრეებს კითხვები აქვთ ერდოღანის ხელისუფლების მიმართ, რადგან თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა და ევროკავშირის წევრობაზეც აქვს პრეტენზია. იგივე, მიგრაციის პოლიტიკა გახდა დიდი გამოწვევა თურქეთისთვის.

გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ თუ თურქეთი მიგრანტების პრობლემაში დაეხმარება ევროპას, ევროკავშირი მზად არის, სერიოზულად იმსჯელოს და მისი გაწევრიანების საკითხიც კი განიხილოს. ამიტომ, 1 ნოემბრის არჩევნები არის წყალგამყოფი როგორც შიდა, ასევე გეპოლიტიკური პორცესებისთვის, თუ რა გზას აირჩევს საბოლოოდ თურქეთი.