24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე: „ბექა წიქარიშვილი- საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მოსარჩელეს არაკონსტიტუციურად მიაჩნდა ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) საფუძველზე, პირადი მოხმარების მიზნით დიდი ოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვისათვის პირი ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თოთხმეტ წლამდე.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სადავო ნორმით განსაზღვრული სანქცია შეუსაბამოდ მძიმე და არაპროპორციული იყო და სასტიკ, პატივისა და ღირსების შემლახველ სასჯელს წარმოადგენდა.
შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ უკავშირდება ისეთ შემთხვევებს, როდესაც აშკარა და დასაბუთებულია ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზანი (მისი რაოდენობისგან დამოუკიდებლად), ან შენახული (შეძენილი) მარიხუანის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გასაღების მიზნის არსებობაზე მაღალი ალბათობით მიუთითებს.
უბრალოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მარიხუანის ოდენობა-70 გრამამდე (რომლის შეძენა-შენახვაშიც ედებოდა ბრალი მოსარჩელეს), თავისთავად არ მიუთითებდა გასაღების მიზანზე. ამდენად, აღნიშნული ქმედებისთვის სისხლის სამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება წარმოადგენდა არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას და წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან.
თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დიდ ოდენობად ითვლება 50-დან 500 გრამამდე მარიხუანა, გასაკვირია, საკონსტიტუციო სასამართლომ რატომ არ ჩათვალა დიდ ოდენობად მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა, მაგრამ, როგორც განმარტავენ, სასამართლომ მხედველობაში მიიღო საქმეზე მოწვეული მოწმეებისა და სპეციალისტების განმარტებები და მიიჩნია, რომ 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანა არ წარმოადგენდა იმდენად დიდ ოდენობას, რაც გასაღების მიზნის არსებობას დაამტკიცებდა.
ის, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის მოქალაქეებს აღარ დასჯიან, ხომ არ წაახალისებს ნარკომანიას ჩვენს ისედაც მწირი გენოფონდის მქონე ქვეყანაში?
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ექსპერტი-ნარკოლოგი გელა ლეჟავა For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მთავარია, მარიხუანის მომხმარებელი დაისაჯოს. როგორ დაისჯება - ადმინისტრაციული გზით, შინაპატიმრობით თუ ჯარიმით, ამას არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ მარიხუანა, როგორც ნარკოტიკი, ძალზე უარყოფით შედეგს იწვევს, მათ შორის, წამალზე დამოკიდებულების თვალსაზრისით.
გელა ლეჟავას თქმით, ევროპა ახლა ძალზე შეწუხებულია, რადგან განუზომლად იზრდება მარიხუანაზე დამოკიდებულ პირთა რაოდენობა. ბევრი მათგანი ხდება არა მარტო მარიხუანაზე, არამედ სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკზე დამოკიდებული. ამიტომ, ექსპერტის აზრით, ამის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლება.
„ახლა საუბარია, ალკოჰოლი უფრო მეტ ზიანს აყენებს ადამიანს თუ ნიკოტინი? ალკოჰოლიც დიდ ზიანს აყენებს იმიტომ, რომ მას დაუსჯელად მოიხმარენ. მარიხუანა რომ დაუსჯელად მოიხმარებოდეს, ალბათ, უფრო მეტ ზიანს მოიტანდა. ამიტომ ამის გაჯიბრება, რომელი უფრო მეტ ზიანს მოიტანს, დაუშვებელია. მე არ ვიცი, საკონსტიტუციო სასამართლომ კონკრეტულად რა შემთხვევის გამო მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ არსებობს გაეროს კონვენციები, რომლებსაც ჩვენც ვართ მიერთებულნი, სადაც მარიხუანა შეტანილია ნარკოტიკების სიაში და გაერო ყველა სახელმწიფოსგან მოითხოვს, მიიღოს ქმედითი ზომები, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ნარკოტიკის მოხმარება. როდესაც ჰოლანდიასა და ნიდერლანდებს ვედრებით, სადაც მარიხუანის მოხმარება დაშვებულია, რატომ გვავიწყდება, რომ თუნდაც ნიდერლანდები პროფილაქტიკაზე, მკურნალობაზე, რესოციალიზაცია-ადაპტაციაზე, ერთ ადამიანზე გადაანგარიშებით, წელიწადში 118 ლარს ხარჯავს. განა შეიძლება, ჩვენ ისე მოვიქცეთ, როგორც ნიდერლანდები, სადაც მთელი სისტემაა შექმნილი იმისთვის, რომ როგორმე ეს უარყოფითი შედეგი, რომელიც შეიძლება მარიხუანამ მოიტანოს, განეიტრალდეს. საშუალოდ, ევროპაში ერთ ადამიანზე 60 დოლარი სწორედ ამისთვის იხარჯება, იქ უამრავი დამხმარე საშუალება, ცენტრები და პროგრამებია შექმნილი“, - განმარტავს გელა ლეჟავა.
თელავის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის დირექტორი ლია კირვალიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მოქალაქე არ უნდა ისჯებოდეს იმის გამო, რომ ის დაავადებულია, დაავადებულს მკურნალობის საშუალება უნდა ეძლეოდეს. თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს იურიდიული ნორმების მიხედვით, მარიხუანა ჩვეულებრივ ნარკოტიკულ საშუალებად ითვლება და კანონმდებლობით ისჯება მისი მოხმარება.
„შესაძლოა, ლოგიკური იყოს საზოგადოების იმ ნაწილის მოსაზრება, რომელიც თვლის, რომ მარიხუანის მოხმარება დასჯადი უნდა იყოს, რადგან საქართველოს სპეციფიკა უნდა გაითვალისწინონ. ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის დასჯადობა მაინც შემაკავებელი ფაქტორია. იმის შიშით, რომ დასჯიან, ბევრი თავს არიდებს მარიხუანის მოხმარებას. ჩემი პაციენტების ნაწილიც სწორედ დასჯადობის გამო არიდებს თავს მარიხუანის მოხმარებას, რადგან არავის სურს სანქციების დაწესება საკუთარ თავზე. თუმცა ამის გამო, ასე ხელაღებით დაპატიმრებაც არ შეიძლება, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამაზე არ უნდა იყოს, მაგრამ სანქციები უნდა შენარჩუნდეს. მარიხუანის პირველ მოხმარებაზე აქამდე ადმინისტრაციული სასჯელი 500 ლარით განისაზღვრებოდა, წელიწადის განმავლობაში განმეორების შემთხვევაში კი, უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგებოდა“, - აცხადებს ლია კირვალიძე.