საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე ამ დროისთვის იუსტიციის მინისტრთან უკვე ორი - კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურებია შესული. იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს რომ კონსულტაციებისთვის ვადა 13 ნოემბრამდე აქვს და მოუწოდებს უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, მიმაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები.
„ჯერ მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან, თუმცა მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
აქვს თუ არა რეალური მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავარი პროკურორი, როდესაც უწყების რეფორმასთან დაკავშირებით კვლავ არსებობს კითხვები და შენიშვნები, ამ თემაზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ლევან ალაფიშვილი: სისტემას მხოლოდ ხელმძღვანელის დანიშვნის წესის ცვლილება რომ ცვლიდეს და ეს ითვლებოდეს რეფორმად, მაშინ ჩათვალეთ, რომ 2012 წლის შემდეგ ორი წარმატებული რეფორმა უნდა იყოს გატარებული პროკურატურაში.
როდესაც პირველად შეიცვალა მთავარი პროკურორი 2012 წლის არჩევნების შემდეგ შეცვლილი წესით, მაშინაც ამბობდნენ, პროკურატურის დღევანდელი ხელმძღვანელები, (რომლებიც მაშინაც იგივენი იყვნენ - ყოველ შემთხვევაში, დიდი ცვლილებები ამ გუნდში არ მომხდარა), რომ ეს იყო რეფორმა. ანუ რა გამოდის, ეს არის რეფორმის რეფორმა, თუ რასთან გვაქვს საქმე? თუ პირველი წარუმატებელი რეფორმა იყო და ახლა გვაქვს გაუმჯობესების მცდელობა?
რეფორმა ნიშნავს სისტემურ ცვლილებას - ანუ ყველაფერი უნდა შეიცვალოს. დაწყებული გამოძიების მწარმოებლიდან, ზედა რგოლით დამთავრებული. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ საგამოძიებო სისტემის რეფორმაა მნიშვნელოვანი.
რაც შეეხება რეფორმებს, შს სამინისტროსთან დაკავშირებითაც იყო აზრთა სხვადასხვაობა; საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნით, შემდეგ კი ადგილობრივი საექსპერტო და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც „გაითვალისწინა“ ხელისუფლებამ და მექანიკურად გაყო შს სამინისტრო. ამას ვამბობ იმიტომ, რომ ორივე უწყებას დაუტოვეს საგამოძიებო ფუნქცია.
საქართველოში დაახლოებით რვა უწყებაა პროკურატურის ჩათვლით, რომელსაც გამოძიების უფლება აქვს. გამოძიების რეალურ დამოუკიდებლობაზე უნდა იზრუნოს სახელმწიფომ და არა უწყების ხელმძღვანელის შეცვლის წესზე. რა უნიკალური წესითაც არ უნდა შეიცვალოს პირველი პირი, ეს რეფორმა არ არის. რეფორმა ეხება ყველას, რიგითი გამომძიებლით დაწყებული, უწყების ხელმძღვანელით დამთავრებული.
რაც მთავარია, მხოლოდ პირველი პირის ცვლილება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტია რომ არ არის, არსებული სიტუაციაც ცხადყოფს. გავიხსენოთ, ნატოს წარმომადგენლებს არასოდეს არ უთქვამთ, რომ განსაკუთრებით მივადევნებთ თვალყურს საქართველოში შს სამინისტროსა და პროკურატურის რეფორმასო. არასდროს არ გაგვჩენია კითხვა, რატომ არის საუბარი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში გამოხატული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ პროკურატურა, ანუ ბრალდება არ იქნას გამოყენებული პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად?!
თუ რეფორმა იყო გატარებული - ხომ შეიცვალა მთავარი პროკურორის დამტკიცების წესი და სწორედ ეს იყო პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტიად მოაზრებული, მაშინ რატომ არის ასეთი შედეგი და არაერთი გამამართლებელი განაჩენი? - იმიტომ, ხომ არა, რომ სისტემური რეფორმა არ არის გატარებული? ეს კი ცოტა სხვაგვარად უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს, სხვაგვარი გამჭვირვალობაა საჭირო.
პრინციპში, მექანიზმი უკვე ჩაშვებულია და როგორც ხელისუფლება აცხადებს, რეფორმა მიმდინარეობს. თქვენი აზრით, არის დრო დარჩენილი იმისათვის, რომ რაღაცის შეცვლა სრულყოფისკენ კიდევ მოესწროს?
-ერთადერთი პირველი პირის გამწესების წესი დაიხვეწოს, მეტი - არაფერი, სამწუხაროდ. გარდა ამისა, პირველი პირის პასუხისმგებლობის საკითხი კონსტიტუციასთანაც ბოლომდე ვერ მოდის შესაბამისობაში. მხედველობაში მაქვს ის, რომ თუკი ასეთი კონკრეტული საკითხი დადგა ოდესმე ე.წ. საბჭო იქნება უფლებამოსილი ეს საკითხი განიხილოს და არა სასამართლო.
მიუხედავად საჯაროდ გამოთქმული კრიტიკისა, საკანონმდებლო ორგანომ შენიშვნები და რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. შესაბამისად, როგორ შეიძლება, საწყისშივე ასეთი მექანიზმის მქონე სისტემა იყოს იმის გარანტია, რომ გამოირიცხება პოლიტიკური გავლენა ან ეს იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის გარანტია, როდესაც ამ უწყების თვით პირველ პირსაც კი, ახალი კანონი საკუთარი თავის დაცვის უფლებას უზღუდავს? - მას არ აქვს უფლება, სასამართლოში გაასაჩივროს წაყენებული „ბრალი“.
ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ სასამართლოზე ხდება ზეწოლა. ცოტა ხნის წინ ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართელებიც აცხადებდნენ და როგორც ცნობილია, პროკურატურამ დაიწყო ამ თემის მოკვლევა. თქვენი შეფასებით, ეს ყველაფერი არსწორად გატარებული რეფორმის შედეგია თუ რასთან გვაქვს საქმე?
-საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლის არაერთი ფაქტი იყო და ეს დაადასტურა თვითონ საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი განცხადებებით, თუმცა არც ერთ მათგანზე რეაგირება არ ყოფილა. სამწუხაროა, რომ პროკურატურამ მხოლოდ ახლახან დაიწყო რაღაც რეაგირება. ეს ყველაფერი მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც პირველი განცხადება გაკეთდა. ახლა რაზე უნდა ესაუბრონ მოსამართლეებს, ფაქტები და მტკიცებულებები მოძიებული აქვთ?! თვეების განმავლობაში სად იყო ეს მტკიცებულებები?
საინტერესოა ერთი მომენტი - საუბარია ზოგადად ზეწოლაზე, მაგრამ ვისი მხრიდანაა ეს ზეწოლა, რატომღაც, არ კონკრეტდება...
-ვერ ვიტყვი, რომ კონკრეტულად სახელისუფლებო პოლიტიკური გუნდიდან ზეწოლაზეა საუბარი, მაგრამ ის, რომ გარკვეული მოტივირებული ჯგუფების მიერ ამის მცდელობა იყო - ეს სახეზეა. ისიც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი დარჩა რეაგირების გარეშე. გამიხარდება თუ ახლა მაინც, პროკურატურა რეალურ შედეგს დადებს და დაისჯება დამნაშავე, თუკი ასეთ ფაქტს რეალურად ჰქონდა ადგილი.
ვიცით, რომ მრავალი წელია, საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნაა, მთლიანად სამართალდამცავი სისტემის რეფორმირება საქართველოში. რაც დღეს გვაქვს, ამას შეიძლება ეწოდოს ცუდი, თუ რეფორმირებისკენ მიმავალი პროგრესული სამართალდამცავი სისტემა?
-ამაზე პასუხს ვეერ გაგცემთ, რადგან როდესაც სამართალდამცავ სისტემაზე ვსაუბრობთ, უნდა დავაკონკრეტოთ, რას ვგულისხმობთ - გამოძიებას, ოპერატიულ-სამძებრო, სხვა სპეციალურ ფუნქციებს თუ ყველაფერს ერთად. თუ ყველაფერს ერთად - ამაზე ვერ ვისაუბრებთ.
თუ მხოლოდ, გამოძიებას მაშინ რომელ გამოძიებას ვგულისხმობთ კიდევ ერთხელ უნდა დავაკონკრეტოთ - თავდაცვის სამინისტროს, სასაჯელაღსრულების თუ რომელ გამოძიებაზეა საუბარი. გამოდის, საგამოძიებო სისტემაზეც ვერ ვიმსჯელებთ - ანუ მხოლოდ პროკურატურის ფუნქციის ნაწილზეა საუბარი - ამ შემთხვევაში, პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეების შესახებ შემიძლია მოვიყვანო ერთი მაგალითი, რომელიც ჩემი მოსაზრებაც კი არ არის - მისი მუშაობის ეფექტურობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა განსაკუთრებით გახმაურებულ საქმეებზე გამოტანილმა არაერთმა გამამართლებელმა განაჩენმა.
ეს არაკომპეტენტურობამ განაპირობა თუ პოლიტიზირებულობამ?
-ყველაფერმა ერთად - გამოუცდელობაც იყო, პოლიტიკური მოტივირებულობაც და არამდგრადი სისტემური გადაწყვეტილებებიც. როგორც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, შიდა პოლიტიკურ გუნდშიც კი არ იყო ჰარმონიული მიდგომები ყოფილ პროკურორთან, მის გადაწყვეტილებებთან მიმართებაში და ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვა გამოძიების ხარისხზეც, პროფესიონალიზმზეც და სხვა საკითხებზეც.