მიექანება თუ არა ევროპა რუსეთისკენ? – პოლონეთის არჩევნები და გერმანიის პრობლემა

მიექანება თუ არა ევროპა რუსეთისკენ? – პოლონეთის არჩევნები და გერმანიის პრობლემა

„კაჩინსკი პოლონეთს „პუტინიზმს“ მოუტანს“, - ასე ეხმაურება პოლონური გამოცემა Gazeta Wyborcza პოლონეთში 26 ოქტომბერს გამართულ არჩევნებს, სადაც პირველ ადგილზე იაროსლავ კაჩინსკის პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ 37,7 %-ით გავიდა.

გამოცემა მიიჩნევს, რომ პოლონეთს მეტად რთული ოთხი წელი ელოდება - გამარჯვებული პარტია აშკარად ავლენს ევროკავშირთან მიმართებაში სკეპტიციზმს, გერმანოფობიას და ქსენოფობიას.

„ეს არის ავტორიტარული, ძლიერი ხელის პოლიტიკა, რომელიც ხელისუფლებისკენ მიიწევს. ჩვენ მძიმე ოთხი წელი გველოდება. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება ხელისუფლება, რომელიც არაფრით არ ჰგავს წინამორბედებს. იქნება პროვოკაციები და მოსმენები. როდესაც ვფიქრობ სახელმწიფო მოდელზე, შიში მიპყრობს- ეს იქნება „პუტინიზმი“ პოლონურ ეროვნულ ფერებში“, - წერს გამოცემის რედაქტორი, ცნობილი პოლონელი დისიდენტი ადამ მიხნიკი. მიხნიკის აზრით, ეს იქნება კატასტროფა პოლონეთისთვის, რადგან კაჩინსკი რუსეთისკენ შეაბრუნებს ქვეყანას, თუმცა აღნიშნავს, რომ არჩევნები დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარდა.

ექსპერტები და მედიაგამოცემები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ აღმოსავლეთ ევროპა ნელ-ნელა და თანმიმდევრულად ექცევა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ, ეს კი ცენტრალურ ევროპას კარგს არაფერს უქადის.

ჩეხეთის პრეზიდენტის მილოშ ზემანი მთლიანად ამართლებს რუსეთის პოზიციას სირიაში და მიგრანრტებთან დაკავშირებით დღეს ევროპაში შექმნილ სიტუაციაში, ბრალს გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს დებს.

ჩეხური გამოცემა Blesk-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჩეხეთის პრეზიდენტმა, ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე - რამდენს იღებს ის პუტინისგან გასამრჯელოს, ხუმრობით უპასუხა, რომ თვეში მისი ანაზღაურება 236 000 რუბლს შეადგენს, თუმცა ხელფასის მომატება უნდა მოითხოვოს, რადგან რუბლის კურსი დაეცა. ხუმრობის შემდეგ, ზემანი სერიოზულ თემებზე გადავიდა და აღნიშნა, რომ ის, ვინც ისლამისტებს ებრძვის, სწორად იქცევა.

„თუ რუსებმა მართლაც ბომბავენ „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს, ისინი სწორად იქცევიან. ნებისმიერი, ვინც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვის, სწორად იქცევა“,-აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ჩეხეთის პრეზიდენტი პრეტენზიებს გამოთქვამს „არალეგალი დევნილების“ მიმართ და აცხადებს, რომ ისინი ევროპის გულის მოლბობას პატარა სირიელი ბავშვებით ცდილობენ, მათ უკან კი ჯან-ღონით სავსე „აიფონიანი“ ბიჭები დგანან, ამაში კი დამნაშავე ანგელა მერკელია.

„ცრუ ჰუმანიზმმა“ და მერკელის განცხადებამ მულტიკულტურული საზოგადოების შესახებ, ევროპა საემიგრაციო კრიზისამდე მიიყვანა. ევროპის ქვეყნებში არაბული ქვეყნებიდან მასიური მიგრაცია მუსლიმანურ ტალღას გაზრდის ევროპაში“, - განაცხადა ზემანმა.

რუსეთის მხარამჭერმა უნგრეთის პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ღიად დაასახელა ის ქვეყნები, რომლებიც ევროპაში მხარს რუსეთთან თანამშრომლობას უჭერენ - ავსტრია, ჩეხეთი და სლოვაკეთი.

„ვფიქრობ, რუსეთთან თანამშრომლობის გარეშე ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენი მიზნების მიღწევა. ევროკავშირის გაყოფა საკმაოდ ღრმაა და ის სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. ევროსაბჭოს პრეზიდენტი დოლანდ ტუსკი კი ხაზგამყოფის მეორე მხარეს აღმოჩნდა“, - განაცხადა ორბანმა.

ამ დროს კი ევროპაში გერმანიის რეალურ მიზნებზე ალაპარაკდნენ. პოლონელი მიმომხილველი ელიზა ლიტაკი პოლონურ გამოცემა wPolityce-ში ანგელა მერკელის შორს მიმავალ გეგმებზე საუბრობს.

„ბერლინი სრულიადაც არ სცდება და არც ჭკუიდან გადავიდა, როდესაც კარი ასე ფართოდ გაუღო დევნილებს. გერმანელები დაგეგმილ ქმედებებს ზუსტად მიჰყვებიან“, -წერს ლიტაკი. მიმომხილველის აზრით, მიგრანტებს შეუძლიათ გერმანიას გადაუწყვიტონ დემოგრაფიული პრობლემა, გაუათმაგონ სამუშაო ძალა და გახდნენ ევროპაში მორალური ავტორიტეტი.

„რატომ აკეთებენ ისინი ამას ქაოტოურად? იმიტომ, რომ დემოგრაფია - ეს არის მათი ნომერი პირველი პრობლემა. სწორედ გერმანია გახდა მსოფლიოში ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყანა შობადობის მიხედვით და ყველაზე ხანდაზმული ქვეყანა, მეორე-სამუშაო ძალა. გერმანიას ევროკავშირში გააჩნია საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი თავისუფალი სამუშაო ადგილების მხრივ. ეს ერთხელ უკვე გააკეთა გერმანიამ 60-იან წლებში, როცა თურქეთიდან გახსნა საემიგრაციო ტალღა. და მესამე - გერმანიას ეს ქაოტურობა აწყობს. მას შეუძლია სიტუაცია კონტროლის ქვეშ აიყვანოს, ქვეყნებს კი, რომელსაც დევნილები იყენებენ როგორც ტრანზიტს - ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი - ეს არ შეუძლიათ, რაც ქვეყნების შიგნით დესტაბილიზაციას იწვევს. გერმანია ამ შემთხვევაში მოქმედებს დევიზით - დაყავი და იბატონე. პარალელურად კი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს რუსეთთან დაახლოების გზებს უჭრის, რადგან მათ გაერთიანებას აფერხებს“, - წერს პოლონური გამოცემა.

ამ დროს კი, გერმანია ღიად აცხადებს, რომ დასავლეთს რადიკალ მუსლიმებთან კონფლიქტის დაასრულება რუსეთის გარეშე არ შეუძლია.

Deutsche Welle-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა ეს განცხადება ბერლინში გამოსვლისას გააკეთა.

„გერმანიამ უნდა ითანამშრომლოს როგორც რუსეთთან, ასევე ამერიკასთანაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემის გადაწყვეტის გზები ვერ მოიძებნება“, - განაცხადა კანცლერმა.

ბრიტანული გამოცემა Financial Times- კი ანგელა მერკელის პოლიტიკის 180o-იან ცვლილებებზე და დაბნეულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გერმანიაში არც ისე კარგადაა საქმე, როგორც ზოგიერთი გამოცემა და ექსპერტი წერდა. როგორც გამოცემა აღნიშნავს, მერკელი მიხვდა დევნილებთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას, აგრეთვე რუსეთის ჩართულობას ღია თამაშში და საზღვრების ჩაკეტვის ბრძანება გასცა.

„მერკელი ითავალისწინებდა იმას, რომ სირიიდან დევნილების ტალღა გერმანიას მიაწყდებოდა, მაგრამ არ ელოდებოდა, თუ ასე სწრაფად დაიწყებოდა ქვეყნის შიგნით უსიამოვნებები“, - წერს გამოცემა.

Guardian კი ავსტრიის საზღვართან ჩარჩენილი დევნილების შესახებ აკეთებს რეპორტაჟს, სადაც მერკელის გადაწყვეტილებით შეჩერებული დევნილები, დროებით კარვებში უიმედოდ ელოდებიან დიდი ევროპელების და პუტინის მოლაპარაკების შედეგებს.