„საქართველო საჭიროა ნატოსთვის“

„საქართველო საჭიროა ნატოსთვის“

საქართველო დიდი ოპტიმიზმით უყურებს 2016 წლის 8-9 ივლისს ვარშავაში ნატოს მომავალ სამიტს. აღსანიშნავია, რომ ნატოს მომავალი სამიტი იმართება ალიანსისთვის მეტად მნიშვნელოვან დროს, როცა აღმოსავლეთითა და სამხრეთით ხდება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ტექტონიკური ძვრები. ვარშავის სამიტზე დაისახება კურსი უსაფრთხოების ახალ გარემოსთან ალიანსის ადაპტაციის უზრუნველსაყოფად, რომ ნატო მუდამ მზად იყოს დაიცვას მის წევრები ნებისმიერი მიმართულებიდან მომავალი ნებისმიერი საფრთხისგან.

კონკრეტულად, როგორი იქნება ვარშავის სამიტზე გზავნილი საქართველოსთან მიმართებაში, ძნელი სათქმელია, რადგან ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შევძლებთ ჩვენი სწორი განვითარებით ნატოს ვარშავის სამიტამდე გავამყაროთ ის არგუმენტები, რომელიც საშუალებას მისცემს ნატოს, რომ საქართველოსთან მიმართებაში მიიღოს სწრაფი და სწორი გადაწყვეტილება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მიმდინარე და შემდგომი წელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდი იქნება. მისივე თქმით, წინ არის დეკემბრის ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი და ნატო-ს ვარშავის სამიტი, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ.

„ვფიქრობ, აღნიშნული სამიტის შედეგები კიდევ ერთხელ და ნათლად დაადასტურებს, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა შეუქცევადი და რეალური პროცესია, რომელშიც მესამე მხარე ვერასდროს გახდება დაბრკოლება. ასევე, მჯერა, რომ საქართველოსა და ნატო-ს შორის ბარიერები აღარ იარსებებს და ალიანსი თამამად იტყვის - საქართველო მზად არის ნატოსთვის“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი აცხადებს, რომ თანამშრომლობა სწორი მიმართულებით ვითარდება. როგორც აპატურაიმ სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე აღნიშნა, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია წარმატებით მიმდინარეობს.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს თავის მომზადებაში. ასევე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რათა მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ საქართველო მზად არის ყველაფრისთვის. პრაქტიკული თვალსაზრისით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, მათ შორის ჩვენი ფიზიკური ყოფნით საქართველოში“, -აცხადებს ჯეიმს აპატურაი.

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მესამე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველომ უჩვენა, რომ მზად არის იმაზე მეტი გააკეთოს ნატო-ს მიზნების მისაღწევად, ვიდრე მოეთხოვება.

„ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, აირჩიოს პარტნიორები და მოკავშირეები. საქართველომ არაორაზროვნად განაცხადა, რომ თავის მომავალს ხედავს თავისუფალი ქვეყნების ევროატლანტიკური ალიანსში. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არჩევანი არ არის მიმართული არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენს რეგიონში. პირიქით, ჩვენი მჭიდრო კავშირები ნატო-სთან კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონულ უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თავის მხრივ აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ დრომდე წარმატებით ასრულებს აღებულ ვალდებულებებს. კონფერენციაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ წარმატებაზე, რომელიც საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე ჰქონდა - 2014 წლის სექტემბერში, უელსის სამიტზე, საქართველოსთვის დამტკიცდა „არსებითი პაკეტი“, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრების მოსამზადებელ ეტაპზე მოიცავს ზომებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ.

„ივლისში საქართველოში ჩატარდა ნატო-ს საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „მებრძოლი სული - 2015“, ხოლო აგვისტოში კრწანისში ნატო-საქართველოს ტრენინგისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ საქართველოს უკვე აქვს აუცილებელი ინსტრუმენტები გაწევრების გზაზე პროგრესის მისაღწევად.

გარდა ამისა, გასულ თვეს საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ნატო-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, რომელიც შეუერთდა ალიანსის სწრაფი რეაგირების „შუბის წვერის“ ძალებს და მის რიგებს 130 მებრძოლი შემატა. აშშ-ის შემდეგ საქართველო ყველაზე მეტი მებრძოლით არის წარმოდგენილი ავღანეთში. ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოებას 870 ქართველი ჯარისკაცი იცავს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„გთხოვთ, მიიღეთ თქვენი გადაწყვეტილება, მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები ან დარჩით ჩვენთან ამ დარბაზში“, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას, რომელიც მეორე დღეა მიმდინარეობს. დავით უსუფაშვილის განცხადებით, ჩვენი პარტნიორები ხედავენ პირველ რიგში, ქართველი ხალხის მონდომებას, რომ გავხდეთ ნატო-ს წევრი არა იმიტომ, რომ ეს პრესტიჟული კლუბია, არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება საქართველოს და დემოკრატიულ, მშვიდობისმოყვარე მსოფლიოს.

როდესაც თქვენ აქ ხართ, საქართველო თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ეს არის ჩანაცვლება ნატო-ს მე-5 პუნქტის. გთხოვთ, მიიღოთ თქვენი გადაწყვეტილება - მიგვიღეთ ჩვენ როგორც წევრები, ან დარჩით ჩვენთან აქ, ამ დარბაზში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში კმაყოფილები ვიქნებით. საქართველო საჭიროა ნატო-სთვის. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არც აქამდე მოვიდოდით, მაგრამ ამასობაში ისიც ვიცით, რომ მსოფლიოში არიან ძალები, არის ტენდეციები, რომელიც ამის საწინააღმდეგოა“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროცესი საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით ევროატლანტიკურ სივრცეში მიდის ძალიან კარგად. ტაქტიკური თვალსაზრისით, გარკვეული გადაწყვეტილებების დაჩქარება თუ ცოტა შეგვიანება, ეს ხდებოდა უწინ. უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ მომავალში პირიქით იქნება, სწორედ ტაქტიკური თვალსაზრისით უფრო დაჩქარება, ვიდრე შეყოვნება.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძის განცხადებით, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო კუთხით საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს. მისივე განცხადებით, ნატო არის სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დაფუძვებულია დემოკრატიულ პრინციპეპზე და ღირებულებზე. შესაბამისად, გარდა სამხედრო კრიტერიუმებისა, ქართულ მხარეს მოეთხოვება შესაბამისი დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და შესაბამისი ვალდებულებების შესრულება.

„ამ მხრივ მოუწევს ქართულ მხარეს მუშაობა, რათა კარგად გამოჩნდეს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარება კვლავ მიმდინარეობს და სწორ გზაზე დგას. რაც შეეხება კონკრეტულ გზავნილს, რომელსაც ვარშავის სამიტიდან ველოდებით, სიტყვიერ გამოხატულებაზე ძნელია ლაპარაკი.

მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი გავაგრძელებთ ჩვენი ვალდებულებების შესრულებას, ასეთ შემთხვევაში იქნება ძალიან მკაფიო და ნათელი გზავნილი. შესაბამისი მხადაჭერა იქნება გამოხატული ყველა იმ მექანიზმის გამოყენების საშუალებით, რაც ჩვენ გაგვაჩნია საქართველოს ნატოში სწრაფი სტიმულირებისათვის“, - ამბობს გიორგი მუჩაიძე.

მისვე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველომ სამიტზე ვერ მიიღო გაწევრიანების სამოქმეგო გეგმა - MAP-ის, ეს ქართული მხარის წარუმატებლობად არ უნდა იყოს მიჩნეული, რადგანაც მნიშვნელოვანია დაფიქსირდეს ჩვენი შემდგომი პროგრესი და ნატოს მზაობა, რომ მოხდეს საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ნატოს სტრუქტურებში.