„პრეზიდენტის განცხადებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ იყოს სიმშვიდე და პროცესები ქუჩაში არ განვითარდეს“

„პრეზიდენტის განცხადებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ იყოს სიმშვიდე და პროცესები ქუჩაში არ განვითარდეს“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივი დავა იყო, გიორგი მარგველაშვილის და ქიბარ ხალვაშის საუბრის თემა. „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ ადვოკატთან, პაატა სალიასთან ერთად მივიდა. შეხვერა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგ ქიბარ ხალვაშმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, შეხვედრაზე პრეზიდენტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება სთხოვა, რადგან მისივე განცხადებით, სასამართლო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის და არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა.

„ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო პრეზიდენტს, რომ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და მიმიღო. მოვუყევი ყველაფერი, რაშიც არის საქმე და ავუხსენი სამართლებრივი მხარე. ვთხოვე, რომ მონიტორინგი გაუკეთოს სასამართლოს, რადგან ის „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დიდ ზეწოლას განიცდის და არის მცდელობა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინოს გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა, აქედან გამომდინარე ვთხოვე, რომ მისი წარმომადგენელი დაესწროს სასამართლო პროცესს და გაერკვეს თუ როგორ მიდის საქმე.

პრეზიდენტმა დახმარება აღმითქვა. ყველაფერი გაითვალისწინა. ჩვენ ავუხსენით სხვადასხვა სამართლებრივი ასპექტი, თუმცა თქვა, რომ ის არ არის იურისტი, ამიტომ დასკვნას ვერ გააკეთებს და უნდა მოუსმინოს სხვა მხარესაც. ცოტა ვრცელი ლაპარაკი გამოგვივიდა, მოვყევით ისტორია - როგორ ხდებოდა ყველაფერი“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.

როგორც ბიზნესმენი აცხადებს, სასამართლოს, რომელიც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარეობს, არ ეხება ის საკითხი, თუ რამდენად შეიძინა მან ტელეკომპანია. ხალვაშმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე შეტანილია საჩივარი, პროკურატურაში აღძრულია საქმე, თუმცა, პროკურატურა საქმის გამოძიებას ვერ ახერხებს.

„სასამართლო არ ეხება დოკუმენტს, თუ რამდენად ვიყიდე ეს ტელეკომპანია მე. საუბარია იმაზე, თუ რამდენი მომცეს მე იმაში, რაც გაცილებით მეტი ღირდა. ნუ გადაჰყავთ სასამართლოების თემა სხვა რაკურსში. ეს საჩივარი შეტანილია, აღძრულია საქმე და სამწუხაროა, რომ პროკურატურა ვერ ახერხებს საქმის გამოძიებას და სამართლიანობის აღდგენას პროკურატურაში. მაგრამ კითხვა იმაზე, მე რა გადავიხადე, ამ სასამართლოს არ ეხება“, - განაცხადა ხალვაშმა.

ბიზნესმენა ასევე კომენტარი გააკეთა მთავარ თემაზე, როგორ და რამდენად დაათმობინა ყოფილმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“. ხალვაშმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელმაც, ხალვაშის მტკიცებით, მას „რუსთავი 2“-ის დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა.

„2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე შევხვდი მაშინდელ პრეზიდენტს სალაპარაკოდ. მან წამომიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა, არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს მოვიდა დიმიტრი ქიტოშვილი თავის მეგობრებთან ერთად და გადაიფორმა „რუსთავი 2“. ეს იყო ზეწოლა - ახლა, ტყვიამფრქვევი არ უსვრია. არსებობს მტკიცებულება, რომელშიც წერია, რომ მე კომპანიაში ავიღე 300 000 ლარი, რაც სინამდვილეში 300 კაპიკიც არ ყოფილა მაშინ, როცა მე ვიყიდე 7 300 000 დოლარად.

იმას, რასაც მოპასუხე მხარე ლაპარკობს, მიშა სააკაშვილის და გვარამიას დაწერილია. რასაც მოპასუხე მხარეები ლაპარაკობენ რეალობას არ შეესაბამება. ხანდაზმულობა მოგონილია მიშა სააკაშვილის მიერ, რადგან მისი დაშავებული საქმეები აღარ განიხილონ და შერჩეს ის, რაც წაიღო. ამდენი ხანი საშუალება არ მქონდა, რომ მოვსულიყავი თქვენთან და საზოგადოებისთვის სიმართლე მეთქვა“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

როგორც პრეზიდენტ შეხვედრის შემდეგ ბიზნესმენმა აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტები სიმართლეს არ ლაპარაკობენ. თუმცა, აქვე აღნიშნა, რომ მას პრეტენზია აქვს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე და აღნიშნა, რომ იქ მომუშავე ჟურნალისტებთან ერთად მუშაობის სურვილი გააჩნია.

„მოპასუხე მხარეს ვუსმინე გუშინ „კურიერში“ და როგორ ვთქვა? მე პრეტენზია მაქვს „რუსთავი 2“-ზე. მაქვს სურვილი, რომ იმ ადამიანებთან ერთად ვიმუშაო, ვინც იქ მუშაობს, მაგრამ ბოლოს ასეთი დასკვნა გავაკეთე, რომ ისინი ტყუილში მართალს არ ურევენ. ასე არ შეიძლება“, - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

მთავარი კითხვა რაც ბიზნესმენთან „რუსთავი 2“-ს ჰქონდა, მის მოქალაქეობას შეეხებოდა. ჟურნალისტი დაინტერესდა რა სტატუსით იმყოფებოდა ის საქართველოში, ბიზნესმენმა „რუსთავი 2“-ის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და განუცხადა, რომ ის როგორც საქართველოს, ასევე გერმანიის მოქალაქეა.

„დევნილის სტატუსი არ მაქვს, საქართველოს მოქალაქე ვარ, პასპორტი თან არ წამომიღია, რომ გაჩვენოთ. ამავდროულად მე ვარ გერმანიის მოქალაქეც“, - აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა, რომლის განცხადებით, მისთვის უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მის მოქალაქეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი.

პრეზიდენტსა და ბიზნესმენს შორის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი ასევე იყო, გასულ კვირას მარგველაშვილის მიერ მოსამართლის მისამართით გაკეთებული განცხადება, რომ მან არ მიიღოს ხისტი გადაწყვეტილება.

როგორც პაატა სალიამ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, პრეზიდენტმა განმარტა, რომ მისი განცხადებები ემსახურება იმას, რომ პროცესები ქუჩაში არ განვითარდეს.

„პრეზიდენტიმა მისი განცხადება, რომ მოსამართლემ ხისტი გადაწყვეტილება არ მიიღოს, იმით ახსნა, რომ საკამოდ დაძაბული ატმოსფეროა ამ საკითხთან დაკავშირებით და მოსამართლეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მშვიდად მიიღოს სწორი გადაწყვეტილება ამ საქმეზე. მან თქვა, რომ ეს არ იყო ზეწოლის მსგავსი და, რომ მისი განცხადებები ემსახურება მხოლოდ იმას, რომ იყოს სიმშვიდე და პროცესები ქუჩაში არ განვითარდეს“, - აცხადებს პაატა სალია.

ბიზნესმენის განცხადებას, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე მონიტორინგის განხორციელება სთხოვა პრეზიდენტს, ამ საკითხზე დღის ბოლოს კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სასამართლოზე მონიტორინგს არ განახორციელებს, რადგან ასეთი ნაბიჯი სასამართლოზე ზეწოლად იქნება აღქმული. კოჟორიძის თქმით, ერთადერთი დახმარება, რომელსაც ბიზნესმენს ქვეყნის პირველი პირი დაპირდა - მშვიდ გარემოში დამოუკიდებელი სასამართლო გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაა.