საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება შეშფოთებას გამოთქვამს წამების კადრების ფრაგმენტების გავრცელების გამო და საქართველოს მთავრობას, პოლიტიკოსებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, შეწყვიტონ ძალადობრივი შინაარსის მქონე კადრების გავრცელება, ასევე, ძალადობის გამართლება, მისი ნორმალიზაცია, რათა თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის მასშტაბის ზრდა და სამოქალაქო დაპირისპირება.
ფსიქოტრავმის სპეციალისტები ამისთვის სამეცნიერო მტკიცებულებებსაც იშველიებენ, რომლის თანახმადაც, წამებისა და ძალადობის კადრების ტირაჟირებისას იზრდება შემდეგი რისკები: ნაწამებ ადამიანებში ცოცხლდება წამების ტრავმასთან დაკავშირებული მძიმე ემოციები, ხდება რეტრავმატიზაცია; ადამიანი, რომელიც ძალადობრივ კადრებს უყურებს, ძლიერი ემოციების ფონზე, მსხვერპლთან ან აგრესორთან იდენტიფიცირდება, რაც მასში შიშს, უსუსურობას, სიძულვილს იწვევს და სწორედ ეს სულისკვეთება მკვიდრდება საზოგადოებაშიც; მოზარდ თაობაში ზრდასრულთა სამყაროს მიმართ უნდობლობა და დაუცველობის განცდა, განუკითხაობისა და ნიჰილიზმის განწყობები ჩნდება, რაც ვნებს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას და ზრდის ასოციალური ქცევის რისკს; ძალადობის ტირაჟირება იწვევს ადამიანის მხრიდან მისთვის „თვალის შეჩვევას“, ძალადობის ნორმალიზაციას, მის ნორმად ქცევას.
საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოებისგან განსხვავებულ რეაქციას ავლენს საზოგადოების ნაწილი, რომელიც თვლის, რომ „უფრო მეტი სამართლებრივი სიკეთე ამ კადრების გაზიარებაშია“. საზოგადოების ამ ნაწილის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ შესაძლოა, ნაციონალების აგრესიას ცალკეული ადამიანები გადაურჩნენ, მაგრამ მათი ცხრაწლიანი მმართველობით მთელი ერი ისედაც ტრავმირებული იყო და ტრავმირებულ ხალხს ერთით მეტი ტრავმა დაემატება თუ ნაკლები, ეს მათ ფსიქიკაზე დამამშვიდებელ ეფექტს არ იქონიებს.
ზოგიერთები ფიქრობენ, რომ რეჟიმმა თავისი სახე მთლიანად უნდა გამოავლინოს და ნაციონალების თავგადაკლულმა მომხრეებმაც უნდა ნახონ ეს მასალები, იქნებ, მათში მაინც იმძლავროს მონანიების გრძობამ.
სად გადის ზღვარი ფსიქოტრავმასა და პოლიტიკას შორის?!
ფსიქოლოგი რუსუდან ფხაკაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ადამიანის ფსიქიკას, თუ იგი ძალზე დაზიანებული არ არის, თავისი რეგულაციის მექანიზმები აქვს, მაგრამ, როდესაც ადამიანი თვითონ არის ტრავმირებული და კიდევ უჩვენებენ ამ კადრებს, მის გასანეიტრალებლად რესურსი უკვე აღარ ჰყოფნის, ხდება რეტრავმირება ანუ ხელმეორედ ტრავმირება, რაც რთულ ფსიქიკურ პროცესებს ავითარებს.
რაც შეეხება ბავშვებსა და მოზარდებს, ფსიქოლოგის თქმით, ისინი ყველაზე მოწყვლადნი არიან და, როდესაც მათ აჩვენებ ასეთ კადრებს, მათ ეუბნები, შენ სოციალურად დაუცველი ხარ, უსაფრთხო ადგილები არ არსებობს.
„გარედანაც ამის მანიფესტირება რომ ხდება, მოზარდის ფსიქიკას არ აქვს უნარი, გააწონასწოროს, დააბალანსოს და, საერთოდ, მოზარდობა დაბალანსირების უუნარობასაც შეიძლება ნიშნავდეს. ასეთი კადრები აუცილებლად უნდა არსებობდეს, მაგრამ ისინი უნდა უჩვენონ ხელისუფლებას, ან ექსპერტთა ვიწრო ჯგუფს, გამომძიებელთა წრეს, რომელიც გამოიტანს დასკვნას და ამ კადრებს მიმართულებას მისცემს. ომების ჩვენება, სადიზმი, რომელიც ყოველ წუთს ხდება, მავნე ზეგავლენას ახდენს“,-აცხადებს რუსუდან ფხაკაძე და საეჭვოდ მიიჩნევს ამ კადრების შემხედვარე ნაციონალებში მონანიების გაღვიძებას. ფსიქოლოგი თვლის, რომ მონანიება ძალზე ინტიმური პროცესია, რომელიც ადამიანის შიგნით მიმდინარეობს.
For.ge-სთან საუბრისას ექსპერტი ვაჟა ბერიძე აცხადებს, რომ ფსიქოტრავმის საზოგადოებას აქვს კომპეტენცია მსგავი შეხედულება შესთავაზოს საზოგადოებას, მაგრამ ვაჟა ბერიძე ამავე საზოგადოებისგან ელის პასუხს კითხვაზე, რა აგვაცილებს ჩვენ ასეთი სისტემური, არაადამიანური დანაშაულის მასობრივად განმეორების შესაძლებლობას საქართველოში?! რა გზას უნდა დავადგეთ, რომ ეს აღარ განმეორდეს?! მით უმეტეს, რომ ჩვენ ვიცით კაცობრიობის ცივილიზებული სამყაროს ძალზე მარტივი და ცხადი დამოკიდებულება ფაშიზმის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან. დაჰაუში, ოსვენციმში დღემდე წარმოაჩენენ წარსულის ამ საშინელებების ამსახველ მასალას. არსებობს ჰოლოკოსტის მუზეუმიც, სადაც სიმხეცეების შესახებ გაწვდიან ამომწურავ ინფორმაციას, ვიზუალურ და ვიდეომასალას. სწორედ ასეთმა მიდგომამ გამოწვია, რომ ფაშიზმის მხეცობიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ ასეთი მასშტაბის რეჟიმები არცერთ ქვეყანაში არ დამყარებულა და ასეთი რამ არ განმეორებულა მსოფლიოში.
„ამ ლოგიკით, სუსტი ბუნების ადამიანებისთვის ძალიან ძნელია იმავე ფაშისტების მიერ ჩადენილი მხეცობების ჩვენება, მაგრამ თვითონ ფაშისტებს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების წამების საკმაოდ დახვეწილი მეთოდები ჰქონდათ, აზრად არ მოსვლიათ ის ჩაედინათ, რასაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს სჩადიოდნენ საქართველში. მაშინ რა ვუყოთ ამ კადრებს, არ ვნახოთ და სხვას ვენდოთ? ვის ვენდოთ? გვეგონა, ცივილიზებული ერი ვიყავით, თავს ვიწონებდით, რომ თამარის დროს საქართველოში სიკვდილით არავინ დასჯილა, მაგრამ, თურმე, შეიძლება სიკვდილით არ დასაჯო ადამიანი, თუმცა მორალურად მოკლა, ფსიქიკურად გაანადგურო და ამისთვის ისეთი მეთოდები შეარჩიო, რაც აზრად არ მოსვლიათ არც ტონტონ-მაკუტებს ლათინურ ამერიკაში, არც ინკვიზიტორებს. ველოდოთ მორიგი რუსი მწერლის-ასტაფიევის გამოჩენას, რომელიც გვეტყვის, თქვენ ავადმყოფი ერი ხართო? მანამდე ვიცადოთ და ეს ყველაფერი მივჩქმალოთ? სრულიად საქართველოს საყოველთაო მსჯავრის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია, ასეთი ფაქტები არ განმეორდეს“, - აღნიშნა ვაჟა ბერიძემ და პარალელი გაავლო რკინიგზელთა პროფკავშირების სახლში გამართულ ჩეკისტთა სასამართლო პროცესთან, როცა მაშინდელმა კომუნისტურმა რეჟიმმა ფართო საზოგადოებისთვის სისასტიკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მიზანშეუწონლად ჩათვალა.
„რატომღაც მეჩვენება, რომ ქართველებიდან მარტო თენგიზ აბულაძემ მოინანია და ყველა დანარჩენი თითქოს სადღაც ჩარჩა წარსულში. არ ვგულისხმობ, რომ კომუნისტური მენტალობა აქვს დღევანდელ ქართველობას, მაგრამ ის, რაც კომუნიზმის დროს იყო საშინელი რეჟიმის გამოვლინება, თურმე დამოუკიდებელ საქართველოში უფრო დახვეწილი ფორმით განმეორდა. ამიტომ საბჭოთა რეჟიმიც ბოლომდე უნდა ამხილონ მიუღებელ და არაადამიანურ ქმედებათა გამო, საერთოდ, კაცობრიობის მიერ ჩადენილი დანაშაულიც უნდა გამოიძიონ. ბევრი სხვა საშინელებაც ხდება, ბოლო 50 წელს თუ ავიღებთ, აფრიკაში მასობრივი ხოცვა-ჟლეტა იყო გაჩაღებული, კაციჭამიებიც კი მეთაურობდნენ ცენტრალური აფრიკის ხელისუფლებას. ამიტომ ეს მაგალითები რაღაც ფორმით საზოგადოებამდე უნდა იქნას მიტანილი. ჟურნალისტების გარკვეულმა ნაწილმა ნახა ის საშინელი კადრები ე.წ. ზუგდიდის კასრებიდან, ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია ყვება, რომ არის ფირი, სადაც მამის თვალწინ ქალიშვილს აუპატიურებენ, რათა მამისგან მიიღონ მათთვის საშინელი ჩვენება. ამის ჩვენება ძალიან მკაცრი იქნება საზოგადოებისთვის, მაგრამ ამის ჩამდენი სისტემური დანაშაულის მაპროვოცირებელი რეჟიმი დღესაც არ ინანიებს და სერიოზული პრეტენზიაც აქვს ხელისუფლებაში დაბრუნების. მათგან არ მომისმენია ამ ფაქტების სერიოზული დაგმობა ან პროტესტის ნიშნად პარტიიდან გასვლა.
ის ხელისუფლება მხარდაჭერილი იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ, დღესაც ისინი თავგამოდებულნი იცავენ ამ საშინელებების ჩამდენ ადამიანებს და კრიტიკაც კი არ შეიძლება იმ პერიოდის, იმ რეჟიმის“, -აცხადებს ვაჟა ბერიძე და განმარტავს, რომ ნაციონალების საინფორმაციო საშუალება-„რუსთავი 2“ არ უნდა ცდილობდეს აქცენტების არასწორ გადატანას, სად არიან ეს გაუპატიურებული ადამიანებიო?! თითქოსდა, ამით ცინიკურად მოუწოდებენ, გამოვიდნენ და საჯაროდ მოყვნენ თავს გადამხდარი საშინელების შესახებ.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ჩვენ მიმტევებელი, მომნანიებელი ერი ვართ, მაგრამ ეს მონანიება უნდა იყოს საყოველთაო და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს საყოველთაო მიტევებაც.