„რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ თვითონ რატომ მალავს ამას, ეს არ მესმის“

„რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ თვითონ რატომ მალავს ამას, ეს არ მესმის“

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესები სულ უფრო მწვავე ფაზაში შედის. ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას შეფასებით „რჩება შთაბეჭდილება, რომ სამართლებრივ დავაში წაგების შიშით, მოწინააღმდეგე მხარე პოლიტიკურ სპექტაკლებს დგამს“.

როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე მოწინააღმდეგე მხარე მოსამართლის, შესაბამისად სასამართლოს და ხელისუფლების დისკრედიტაციას ერთდროულად ცდილობს, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ერთ დროს წართმეული ტელეკომპანიისთვის ბრძოლა დაიწყო, მთელ ამ პროცესს პოლიტიკური ხაზი მუდმივად გასდევს. პრინციპში, ამ ტაქტიკაში გასაკვირი არაფერია, რადგან იმის მიუხედავად, რომ „რუსთავი 2“ ამას უარყოფს, ის ყოველთვის ასრულებდა ერთი, კონკრეტული პარტიის პოლიტიკური ბრძოლის იარაღის ფუნქციას.

ექსპერტი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის ბრძოლა არის უკვე პოლიტიკური ბრძოლა. მისივე მოსაზრებით, როდესაც საუბარია საზოგადოებაზე ზემოქმედების ისეთ მძლავრი იაღარზე, როგორიც არის ტელევიზია, მთავარი მაინც პოლიტიკაა - კომერცია მეორე-მესამე ხარისხოვანია და ასეთი რეალობა მხოლოდ „რუსთავი 2“ ის სიტუაციას არ ეხება.

„რუსთავი 2“ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია და ამაში კრიმინალს ვერ ვხედავ. ამერიკაში რამდენი ტელევიზიაა და ყველა ვიღაცას უჭერს მხარს. ჩვენში გახდა პანაცეა, რომ აი, „რუსთავი 2“ ვიღაცას მხარს უჭერს, მაგრამ თვითონ „რუსთავი 2“ რატომ მალავს ამას და რატომ სურს თავი წარმოაჩინოს უნიკალურ ტელევიზიად, რომელიც 100%-ით თავისუფალია, ეს არ მესმის“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი მედიასაშუალება.

„თავისუფალი მედიის რა მოგახსენოთ, მაგრამ დამოუკიდებელი ნამდვილად არის იმ გაგებით, რომ ჩემი აზრით, „რუსთავი 2“ არის პარტიული ტელევიზია, ხოლო პარტიული ტელვიზია ნამდვილად დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან. რაც შეეხება თავისუფლებას, რამდენად შეიძლება თავისუფალი იყოს პარტიული ტელევიზია, თავად განსაზღვრეთ“.

თავად არხის გენერალური დირექტორის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებებიც ძირითადად პოლიტიკური ელფერით გამოირჩევა:

„გასაოცარი დემოკრატიის მეოთხე წელი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაპირებით უნდა ყოფილიყო საუკეთესო, ხელისუფლებამ დაიწყო სამარცხვინო ნაბიჯით - მან თავისი გადაწყვეტილებით „რუსთავი 2“ დახურა“, - ასე გამოეხმაურა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქალაქო სასამართლოს წინა გადაწყვეტილებას „რუსთავის 2“-ის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით.

გვარამიას ბრალდებები არა ზოგადად ხელისუფლებას, არამედ კონკრეტულ ფიგურანტებსაც ეხება, მაგალითად, მისი განცხადების პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, გვარამია ფიქრობს, რომ „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიძინა ივანიშვილის გარდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიცაა ჩარეული.

„ხელისუფლებას ვპირდები, რომ ვიდრე „რუსთავი 2“ დაიხურება, დაიხურებით თქვენ. ეს აუცილებლად ასე იქნება“- ესეც გვარამიას ერთ-ერთი განცხადებაა.

ამ ტაქტიკას არა მხოლოდ არხის ხელმძღვანელობა, არამედ „რუსთავი 2“-ის ეთერის ხშირი სტუმრებიც მიმართავენ. ეს გასაგებიცაა, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური, განსაკუთრებით ხელისუფლების მადისკედიტირებელი განცხადებების კეთება მომგებიანია, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელიცაა განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიებისა და ექსპერტთა ნაწილისთვის, რადგან ასეთი ტაქტიკით ტელეკომპანიის ეთერის დაბევებაც ხდება. ეს კი წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსურად არასტაბილურ პარტიებს შესაძლოა, კარგად წაადგეთ.

მაგალითად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობისა და საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მუდმივად ექნებათ ინტერაქცია პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, რადგან პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საზოგადოების, ასევე სამოქალაქო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების აქტიურობა. ცხადია, ასეთი ტაქტიკა თავისთავად ადასტურებს, რომ „რუსთავის 2“ და მის უკან მდგომი ნაციონალები პოლიტიკური პროცესის მართვას ცდილობენ და არც თუ უშედეგოდ.

როგორც აღვნიშნეთ ეს ორმხრივად მომგებიანია, გარდა იმისა, რომ მხოლოდ ნაციონალები არ გვევლინებიან პროცესის მხარდამჭერად, ოპოზიციური ლიდერები ტელეეკრანიდან სულ უფრო ხშირად შეახსენებენ საკუთარ თავს ამომრჩეველს. კიდევ ერთი პლუსია ის, რომ ეს ყველაფერი კარგად შეიფუთება იგივე დასავლეთისთვის.

თუ ამ კუთხით შევხედავთ ოპოზიციური ლიდერების განცხადებებს, სურათი უფრო ნათელი ხდება (მაგალითისთვის ავიღეთ იმ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელთა განცხადებები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩანან „რუსთავი 2“- ის ეთერში).

„რამდენადაც ხელისუფლება მეტად აქტიურად ჩაერევა და შეეცდება, რომ ეს მედიაკომპანია საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს, მით მეტის გაკეთება დასჭირდება ქართულ საზოგადოებას და ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რათა დაიცვას დამოუკიდებელი მედიასაშუალება, რომელსაც დღეს აშკარად წარმოადგენს რუსთავი2“, - განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა, შალვა შავგულიძემ.

„ლეიბორისტი“ გიორგი გუგავას თქმით: „ხელისუფლება ცდილობს დაამყაროს დიქტატურა მოკლას პოლიტიკური პროცესი, ამავე დროს შეცვალოს ქვეყნის საგარეო ორიენტირები. ამასთან არის დაკავშირებული ეს პროცესები. ვინც ებრძვის თავისუფალ ტელევიზიას, ის თავისთვის პოლიტიკურ სამარეს ითხრის.“

„ქვეყანაში რთული ვითარებაა. ხელისუფლების რეიტინგი დრამატულად დაცემულია და სადღაც 20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელი უკმაყოფილებას გამოხატავს და ხელისუფლებას სურს, რომ ტელევიზიაში ეს ყველაფერი არ გავიდეს. მათი ხედვაა, რომ ოპოზიციური არხი აღარ იყოს და პრობლემაც მოგვარდება. თუკი დავა ტელევიზიის მეპატრონეებს შორის მიდის, მაშინ ამ საკითხით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რატომ დაინტერესდა? უმრავლესობა არაგულწრფელია, რადგან მათ ყველაფერი კარგად იციან. ეს ყველაფერი სერიოზულ საფრთხეს გამოიწვევს სამოქალაქო კონფრონტაციის თვალსაზრისით“, - აცხადებს ნაციონალი ნუგზარ წიკლაური.

ექსპერტები თვლიან, რომ ეს არის ჩვეულებრივი, პარტიული ინსტრუმენტის მოქმედების ტაქტიკა, თუმცა ასევე მიიჩნევენ, რომ ასეთი პროპაგანდისტული იარაღი ქვეყნისთვის საფრთხეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შექმნის, თუ წითელ ხაზებს გადაკვეთს და ეს არის შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდება ან მსგავსი ქმედებები.

სოსო ცინცაძის განმარტებით, გამოხატვის თავისუფლებაა თუ ვინმე შეიარაღებული აჯანყებისკენ არ მოუწოდებს, მაგალითად როგორც კიევში, მაიდანზე მოხდა.

„როგორ კონტექსტში იქნება აღქმული ასეთი განცხადებები, ქვეყნის პოლიტიკურ კულტურას, მის ხელისუფლებას გააჩნია. მე, მაგალითად „რუსთავი 2“-ს იშვიათად ვიყურებ, რადგან არ მაინტერესებს ანგაჟირებული ტელევიზია, მაგრამ მას კონსტიტუციით აქვს უფლება იყოს ანგაჟირებული. მეორე მხრივ, არც ხელისუფლების წარმომადგენელს აქვს იმის თქმის უფლება, რომ აი, ბოლოს მოვუღებთ „რუსთავი 2“-ს“,- აცხადებს ცინცაძე.

ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, თავის დროზე თითქოსდა საფრთხე ექმნებოდა ქვეყნის სტაბილურობას, ეს გამოიყენეს საბაბად და ტელეკომპანია „იმედში“ არა მხოლოდ შეიჭრნენ, არამედ დახურეს კიდეც.

„რაც შეეხება გვარამიას განცხადებას, არ შეიძლება ასეთი განცხადებები კონტექსტიდან ამოგლეჯილად განვიხილოთ, თუმცა, ეს არის მუქარა, მაგრამ არა მოწოდება. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ ქვეყნისთვის სახიფათო მოწოდებები კეთდება მედიასაშუალებით, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს. სხვაგვარი ქმედება მედიის მიმართ, ანუ თუ ნებისმიერი საკითხი არ განიხილება სასამართლოში, ჩემი აზრით, არის მიუღებელი. არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს ვისაც მოსწონს ის, რაც „რუსთავი 2“-ზე ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მის წინააღმდეგ არამართლზომიერი სანქციები უნდა გამოვიყენოთ“, - მიიჩნევს ძაბირაძე.

იმის მიუხედავად, რომ არხის ხელმძღვანელობა ცდილობს განწყობის ტირაჟირებას, თითქოს არხს ხურავენ, რამდენადაც ცნობილია, მსგავსი სცენარი არც ერთ დონეზე არ განიხილება. რაც შეეხება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას, ის მიიჩნევს, რომ ეკონომიკური სუბიექტების დავაში არ ერევა, თუმცა ზოგიერთი სახელისუფლებო დეპუტატი ზოგჯერ ემოციური განცხადებებითაც გამოირჩევა და ტელეკომპანიას ყოფილი ხელისუფლების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

ცხადია, მსგავსი პოლიტიკური სპექტაკლები, რომელსაც „რუსთავი 2“ აწყობს, სასამართლოზე ზეწოლისკენ არის მიმართული, თუმცა ამასაც აქვს „გამართლება“ და თავისი მეორე მხარე.

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა იმ ქვეყნების რიგებიდან სადაც პოლიტიკა ბიზნესის საკეთებლად არის საჭირო, მეორე მამოძრავებელი ძალა ამ პროცესისთვის შეიძლება იყოს დიდი ფინანსები.

„საქართველოში ტელებაზარი ვერ უზრუნველყოფს, ტელევიზიას იმხელა სარელკამო შემოსავალი ჰქონდეს, რომ არხის გენერალური დირექტორის ხელფასი ნახევარ მილიონს უტოლდებოდეს. შესაბამისად, ჟურნალისტების მაღალ ხელფასებს, ასევე საინფორმაციო საშუალების შენახვას („რუსთავი 2“-ის პროდუქტი საკმაოდ ძვირია), მხოლოდ სარეკლამო შემოსავალი ვერ დააკმაყოფილებდა. გამოდის, რომ მართლები ვყოფილვართ როდესაც ვამბობდით, „რუსთავი 2“ სხვა ფულით არსებობდა“, - აცხადებს მედიაექსპერტი, ლელა კურდღელაშვილი.

მისივე შეფასებით: „თამარ კინწურაშვილი ამბობდა, რომ საქართველოში პლურალიზმს პოლიტიკურად განწყობილი მედია უზრუნველყოფსო. გამოდის, რომ „რუსთავი 2“-ს პოლიტიკური პარტია აფინანსებდა და მაშინ, რომელ სიტყვის თავისუფლებას უნდა დავეხმარო? თუ ტელევიზია ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის პლატფორმას წარმოადგენს და მხოლოდ ასეა შესაძლებელი საქართველოში პლურალიზმის უზრუნველყოფა, მაშინ სიტყვის თავისუფლება რა შუაშია? ვერ გავიგე, რას უნდა დავეხმაროთ? თუ პოლიტიკური ფული მართავს ჩვენთან პლურალიზმს, მაშინ სიტყვის თავისუფლებაზე ნუ ვილაპარაკებთ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლელა კურდღელაშვილი.

ამ ფონზე გასაგებია, რა ინტერესები ამოძრავებს ერთი მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მეორე მხრივ, „რუსთავი 2“- ის ხელმძღვანელობას, თუმცა როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, პროპაგანდისტული იარაღის ფლობა უპირობო წარმატების გარანტი ნამდვილად არ არის. როგორც ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, მედია დიდი ძალაა, მაგრამ მარტო მედიის იმედად წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია.

„პოლიტიკური პარტიისთვის, რა თქმა უნდა, გარკვეულ შანსებს იძლევა, თუ ფლობს პროპაგანდის ისეთ მძლავრ საშუალებას, როგორიც ტელევიზიაა. მაგალითად, დღეს რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი აქვს, მისი 60-70% არის „რუსთავი 2“- ის შექმნილი. ასევე „რუსთავი 2“-ის დამსახურებაა ის გაღიზიანებაც, რაც არის საზოგადოების დანარჩენ ნაწილში. ამიტომ, ასე ცალსახად თქმა, რომ მხოლოდ დადებითად მუშაობს პროპაგანდისტული მანქანა იმ პარტიისთვის, რომელსაც ის წარმოადგენს, არ იქნება სწორი.

გახსოვთ ალბათ, 2001-2002 წლებში როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ როგორი პოპულარული იყო საზოგადოებაში, მაგრამ 2003 წლის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უმრავლესობა მაინც ვერ მიიღო და რომ არა „ვარდების რევოლუცია“ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებდნენ. აი, აქ კი, ძალიან დიდი როლი ითამაშა „რუსთავი 2“-მა და არა მარტო მან“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.