რამდენად რეალურია

რამდენად რეალურია "ხრუშჩოვკების" ადგილას ახალი კორპუსების აგება

ძველი შენობების ჩამონგრევების ფაქტებმა აშკარა გახადა, რომ დედაქალაქის საბინაო ფონდი უმძიმეს მდგომარეობაშია და სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თბილისში საცხოვრებელი კორპუსების მასობრივ ნგრევას პროგნოზირებენ ექსპერტები და მთავრობის მესვეურებს დროული ქმედებებისკენ მოუწოდებენ. სპეციალისტების თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროპული სტანდარტების სამშენებლო სამსახური არა აქვს.

საბინაო ფონდის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმე თბილისის გარეუბნებში - ვარკეთილსა და სამგორშია, სადაც არა მარტო "ხრუშჩოვკები", არამედ შედარებით გვიან აშენებული კორპუსების უმრავლესობაც ავარიულია და მათ ნაწილს ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება.

დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დევი კახოიძის ინფორმაციით, თბილისში 200-მდე ავარიული სახლია, რომელთაგანაც 70-მდე აღდგენასა და შემდგომ ექსპლუატაციას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, ეს ძირითადად ე.წ. ხრუშჩოვკებია, რომელიც აუცილებლად უნდა დაინგრეს.

მერიის მიერ დედაქალაქის მასშტაბით ე.წ. "ხრუშჩოვკების" აღების შესახებ განცხადება თბილისის ვიცე-მერის, მამუკა ქაცარავას მიერ გაკეთდა.

"მერიის პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, ამ სეგმენტში ჩართული ყველა მონაწილე - როგორც დეველოპერები, ისე ბანკები და მერია - წარმატებით მიდიან დასახული მიზნისაკენ, რამაც საშუალება მოგვცა, ამ პროექტის გაფართოებაზე გვეფიქრა", - განაცხადა ქაცარავამ და დასძინა, რომ ძველი თბილისის არეალის შემოფარგლვის შემდეგ აღნიშნული პროექტი თბილისის იმ უბნებს შეეხება, სადაც ე.წ. "ხრუშჩოვკებია" განთავსებული.

მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებას მერია 15 აპრილის შემდეგ გეგმავს, როცა "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მეორე ეტაპი დასრულდება.

ამასთან, ქაცარავას მტკიცებით, ის დეველოპერები, რომლებიც ე.წ. "ხრუშჩოვკებით" დაინტერესდებიან, კოეფიციენტის მოსაკრებლისგან და დამატებითი ფინანსური ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან.

აღსანიშნავია, რომ "ხრუშჩოვკების" ახალი კორპუსებით ჩანაცვლების პროექტი რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, მაგრამ სიძვირის გამო დეველოპერებმა ამ განზრახვაზე უარი თქვეს. დღეს კი ისინი აცხადებენ, რომ თუ დაფინანსებას მერია გამოყოფს, "ხრუშჩოვკების" ჩანაცვლება რეალური გახდება.

"ხრუშჩოვკების" ექსპლოატაციის ვადა სწორედ 21-ე საუკუნის პირველი ათეულის ბოლოს იწურება, თუმცა ზოგიერთი სახლისთვის ეს პერიოდი უკვე ამოწურულია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულის შემდეგ არა მარტო "ხრუშჩოვკების", არამედ დანარჩენი სახლების პრობლემაც აშკარად დადგება. ასეთი სახლები, ძირითადად, ქალაქის გარეუბნებში ან ცენტრთან ახლომდებარე უბნებშია. ესაა საბურთალო, დიღომი, გლდანი, მუხიანი, თემქა, ვარკეთილი, ვაზისუბანი.

ექსპერტი გიორგი ბარვენაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. "ხრუშჩოვკების" აღება ამ ეტაპისთვის მაინც შორეული პერსპექტივაა და რამდენიმე უბნის ამ შენობებისგან გათავისუფლება, შეიძლება, პრობლემურიც აღმოჩნდეს. მისი განმარტებით, ამის მიზეზი არის ის, რომ "ხრუშჩოვკების" უმეტესობა საცხოვრებლად ნაკლებადმიმზიდველ უბნებშია განლაგებული.

"თავის დროზე, როდესაც ეს შენობები ააშენეს, საექსპლუატაციო ვადა მცირე დროით განისაზღვრა. ამიტომ დროულად უნდა მოხდეს მათი აღება, რადგან "ხრუშჩოვკების" უმეტესობა ვადაგადასულია და სიცოცხლისთვის სერიოზულ საფთხეს წარმოადგენს. მთავარია, მოლაპარაკებები დეველოპერებსა და მობონადრეებს შორის შედგეს და მოხდეს ფართის ფართში ჩანაცვლება.

თუმცა, არის ისეთი ფაქტორები, რაც მაფიქრებს, რომ მერიის ინიციატივა ამ შემთხვევაში უფრო შორეული პერსპექტივაა. ამ ეტაპზე ასე ჩანს. "ხრუშჩოვკების" უმრავლესობა მდებარეობს ისეთ უბნებში, რომელზეც მოთხოვნა ნაკლებადაა. ვფიქრობ, ასეთი შენობების აღება უფრო ცენტრალური უბნებიდან დაიწყება. ტენდერში გამარჯვების შემდეგ გამარჯვებული კომპანიები ძველი შენობების აღებასა და ახლით ჩანაცვლებში აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან კარგია, რომ აზრი ამის შესახებ საზოგადოებაში უკვე მომწიფდა და ინიციატივა მერიამაც საკუთარ თავზე აიღო", - ამბობს ბარვენაშვილი.