ბოლო დღეების ტენდენციებიდან გამომდინარე, სავალუტო ბაზარზე ყველა ლარის გამყარებას ელოდებოდა, მაგრამ კვირის დასაწყისიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა მოულოდნელად ისევ თავქვე დაეშვა და კვლავ 2,4-ის ნიშნულზეა. რაც უფრო ახოლოვდება წლის ბოლო, ლარის არასტაბილურობა მით უფრო დამაფიქრებელი ხდება.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მყოფმა საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომ მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კურსის პროგნოზირება შეუძლებელია. „საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი. მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში კი კურსის პროგნოზირება არის შეუძლებელი როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად. ეს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა.
არჩილ მესტვირიშვილმა კომიტეტს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის დასკვნაც გააცნო. როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე ეტაპზე ბიუჯეტის დეფიციტის 3%-ის ოდენობით ზრდა ინფლაციურ რისკს არ წარმოშობს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის 3%-ზე მეტად არ გაიზარდოს.
ვიდრე ლარის კურსთან დაკავშირებით სებ-ს ტრადიციულად გაუკრვეველი პოზიცია აქვს, ამასობაში ეროვნული ვალუტამ ისევ გაუფასურებისკენ აიღო გეზი. ამის მიზეზად სპეციალისტები დოლარზე მყისიერ მოთხოვნას ასახელებენ.
როგორც ექსპერტი მიხეილ დუნდუა აცხადებს, არსებულ სიტუაციაში სამომხმარებლო სესხების შეზღუდვა აუცილებელია, რადგანაც დღეს სამომხმარებლო სესხების გაცემა აჩენს მოთხოვნას საიმპორტო პროდუქციაზე, შედეგად მეტი დოლარი გადის ქვეყნიდან. დუნდუას შეფასებით, ეს პროცესი უარყოფითად აისახება ეკონომიკაზე.
„კომერციული ბანკების საკრედიტო სტრუქტურას თუ შევხედავთ, ძალიან მაღალია სამომხმარებლო საიმპორტო შესყიდვების დაკრედიტების წილი. დაბალია ადგილობრივი რეალური ეკონომიკის დაკრედიტების წილი. შესაბამისად, ფული, რომელიც ხმარდება არა ეკონომიკის ინვესტირებას, არამედ სადოლარე შესყიდვებს, ქმნის პრობლემებს და ლარის დასტაბილურების პოზიტიურ პროცესს აფერხებს. ვისურვებდი, რომ ამ მიმართულებით გადადგმულიყო ეფექტურად ქმედითი ნაბიჯები“, - აცხადებს „კომერსანტთან“ მიხეილ დუნდუა.
მისი შეფასებით, არსებულ სიტუაციაში ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო პოლიტიკას უნდა გადახედოს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღოს.
„შარშან ბატონი ქადაგიძე ღიად საუბრობდა იმაზე, რომ სამომხმარებლო სესხების ტვირთი მძიმედ აწვება ეკონომიკას, დიდი გამოწვევაა ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის. 2014 წელს ლარი ასეთი დევალვირებული არ იყო და მაშინ იდგა ეს პრობლემა და ამას სავალუტო ფონდიც მიუთითებდა. საუბარი იყო იმაზე, რომ მსესხებლებიდან ყოველი მესამე თავისი ხელფასის ნახევარს ვალის მომსახურებისთვის იხდიდა. დღეს ეს მაჩვენებელი ძალიან გაზრდილი გვექნება, რადგანაც დევალვირებული ლარი გვაქვს.
ამ პირობებში ეროვნული ბანკის მხრიდან საკრედიტო პოლიტიკის შეუცვლელობა, სამომხმარებლო საცალო სესხების შეუზღუდაობა, არის წამახალისებელი ლარის კურსის გაფუჭებისა. სწორედ ამიტომაც ეს პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს“, - აცხადებს მიხეილ დუნდუა.
მისი აზრით, დღეს სახეზეა კურსის დასტაბილურების მდორე პროცესი, როდესაც ამ ყველაფრის განხორციელება უფრო სწრაფ ტემპშიც შეიძლება.