ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, მოსამართლე ხისტი იქნება თუ რბილი

ვახუშტი მენაბდე: პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, მოსამართლე ხისტი იქნება თუ რბილი

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელ განცხადებას კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე „ლიბერალთან" აფასებს. მისი თქმით, შინაარსობრივი თვალსაზრისით, პრეზიდენტის გამოსვლა და მოწოდება, რომ სასამართლომ ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, მისთვის, როგორც მოქალაქისთვის, აბსოლუტურად გასაზიარებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ განცხადებას არა რიგითი პირი, არამედ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი აკეთებს.

„ნებისმიერი ჩვენგანი მოუწოდებდა საქართველოს მოსამართლებს, რომ მათი გადაწყვეტილებები თავისუფალი იყოს. და თუ არსებობს რაიმე ზეწლა, ან ზეწოლის მცდელობა, მოსამართლემ უნდა განაცხადოს და ყველა პასუხისმგებელმა ორგანომ უზრუნველყოს მოსამართლეების დამოუკიდებლობა. მით უმეტეს იმ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიც „რუსთავი 2-ის" საქმეა, რომელსაც არ ან ვერ აკონტროლებს ხელისუფლება და მას შეიძლება ჰქოდეს პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური ანგარიშსწორების ქვეტექსტი", - აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

ვახუშტი მენაბდის თქმით, შესაძლოა, პრეზიდენტის დღევანდელი განცხადება შინაარსობრივად ძალიან სწორია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ არის მისი ავტორი.

„ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი. ამიტომ მე ვფიქრობ, პრეზიდენტს თავი უნდა შეეკავებინა მოსამართლის მითითებისგან, იმის შესახებ, რომ არ უნდა იყოს ხისტი და აჩქარებული. პრეზიდენტის გადასაწყვეტი არ არის, მოსამართლე ხისტი იქნება თუ რბილი და ნაჩქარევ გადაწყვეტილებას მიიღებს თუ ცივ გონებაზე გადაწყვეტს".

კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ უფრო სწორი იქნებოდა, პრეზიდენტს სასამართლოსთვის დამოუკიდებლობისკენ მოეწოდებინა, ეთქვა, რომ ის იქნება მოსამართლის გარანტი მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში.

„ეს იქნებოდა უფრო სწორი პოზიცია მისი მხრიდან. ამიტომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სტატუსიდან გამომდინარე, მე იმ შინაარსის განცხადებას სკეპტიკურად შევხედავდი".

ვახუშტი მენაბდის განცხადებით, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან გამომდინარე, ხელისუფლების ნებისმიერი წარმომადგენლის მხრიდან, იქნება ეს აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წევრი, მსგავსი ტიპის განცხადებები გამართლებული არ არის.

დღეს გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მან სასამართლოს ხისტი და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.