„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაქსიმალურად ცდილობს, საქართველოს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ დაწყებული მოლაპარაკებები ქვეყნის ღალატად შერაცხოს. არადა, წინა ხელისუფლების დროს, როცა ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რუსეთთან გაზზე საუბარს აღარ ვაპირებთო, რეალურად ისევ „გაზპრომზე“ ვიყავით ჩამოკიდებული. უფრო მეტიც, 2008 წლის ომის დროსაც გაზს რუსეთიდან ვიღებდით.
ამასთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციაც გამართა, მაგრამ მოლოდინი არ გაუმართლდა - დაანონსებული ათასობით ადამიანი აქციაზე არ მივიდა. გუშინ კი აღნიშნულ თემაზე კომენტარი თავად ენერგეტიკის მინისტრმა და ექსპერტებმა გააკეთეს და საზოგადოებას ის შეახსენეს, თუ როგორ იქცეოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს თავად „ნაციონალური მოძრაობა“.
„შეგახსენებთ, რომ 2005 წელს სააკაშვილის ხელისუფლება მართავდა აქტიურ მოლაპარაკებებს „გაზპორმთან“ ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით. რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი განხორციელდებოდა და მილსადენი იქნებოდა გაყიდული. მაშინ ამერიკის მთავრობამ გარკვეული თანხები გამოყო ამ მილსადენის სარეაბილიტაციოდ და ხელშეკრულებაში კონკრეტულად ჩაიწერა, რომ საქართველოს მთავრობას ეკრძალება ამ მილსადენის გასხვისება. მაშინ სააკაშვილს და მის გარემოცვას რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინათ, დღეს ჩვენ პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტის გარეშე ვიდგებოდით რუსეთის წინაშე და რეგიონში აუტსაიდერის როლით დავკმაყოფილდებოდით",-განაცხადა კალაძემ.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო წლებში კი არა, უკვე ბოლო თვეების დინამიკაში რეგიონში მოვლენები იცვლება.
„საქართველოს დომინანტი როლი, მომგებიანი გეოპოლიტიკური განლაგება და სამომავლო პერსპექტივები ნებისმიერი ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვისაც კი ნათელია. ჩვენ ყველამ მაქსიმალური ძალისხმევა უნდა მივმართოთ იქითკენ, რომ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი ცხოვრობენ პერსპექტიულ განვითარების გზაზე მყოფ ქვეყანაში, რომელთაც საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკის წარმოებაში თავისი არც თუ უმნიშვნელო და ზოგ საკითხებში საკვანძო ადგილი აქვს“,-აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
აშკარაა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ამ თემას პოპულიზმისთვის იყენებს და რბილად რომ ვთქვათ, პატრიოტობანას თამაშობს. კალაძემ მინიშნება ამ თემაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ახლა ამის დრო არ არის.
„ამჯერად მაინც უნდა ვთქვათ უარი პოპულიზმზე, პარტიულ და პირად ანგარებაზე და შევხედოთ ქვეყნის მომავალს. ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა და მისი ინტერესების დაცვა არის ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება“,-განაცხადა მან.
თუ გახსოვთ, 2006 წლის 22 იანვარს მომხდარი აფეთქების შემდეგ, საქართველოში ნავთზე რიგები დადგა, რადგან გაზის გარეშე დავრჩით. მაშინ ხელისუფლებაში სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რამდენიმე დღეში, აზერბაიჯანთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად, გაზი აღდგა, თუმცა...
„საინტერესოა ერთი ფაქტი, 2006 წელი, ჩვენ კარგად გვახსოვს მოხდა აფეთქება მაღალ ელექტროგადამცემ ხაზზე, „კავკასიონზე“, საიდანაც ელექტროენერგიას რუსეთიდან ვიღებდით და ორ ცენტრალურ მაგისტრალურ გაზსადენზე. მაშინ წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ჩვენ მოვახერხეთ და ბუნებრივი აირი შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან და ირანიდან და სრულიად მოხდა რუსეთის ჩანაცვლება. ეს იყო დიდი სიცრუე და ამაზე მეტყველებს ციფრები. ირანიდან შემოსული გაზი დაახლოებით 2 საათს ეყოფა ჩვენს ქვეყანას. 19 მილიონი კი შეიძლება ითქვას, რომ ნახევარი დღის მოხმარებაა, 2006 წელსაც კი დამატებითი მოცულობები მიიღებოდა რუსეთიდან, ანუ 2006 წელსაც საქართველო 99%-ით იყო რუსულ გაზზე დამოკიდებული“,-განაცხადა კალაძემ.
რა გამოდის? ხელისუფლება გვიმტკიცებდა, რუსეთთან გაზზე საუბარს აღარ ვაპირებთო და რეალურად, ისევ „გაზპრომზე“ ვიყავით ჩამოკიდებული, სახლებში მოსულ გაზს კი არ აწერია, რუსულია თუ აზერბაიჯანული. უფრო მეტიც, მაშინ, როცა 2008 წელს რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირება გვქონდა... ბუნებრივ აირს მაშინაც რუსეთისგან ვიღებდით. კალაძემ პრესკონფერენციაზე ამ თემაზეც იასუბრა.
„2008 წლის აგვისტოში, როდესაც საომარ პირობებში ვიმყოფებოდით, მაშინაც ჩვენ ვიღებდით ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს რუსეთიდან“,-აღნიშნა კალაძემ.
გუშინვე, აღნიშნულ თემაზე ვრცლად ისაუბრა ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ.
„გაზპრომის“ გაზი, რომელიც რუსეთ – სომხეთის მილში გადის, რაც არ უნდა გაიზარდოს, იმ რაოდენობის ვერ იქნება, რომ მან აზერბაიჯანული გაზი ჩაანაცვლოს. გაზის პროექტში სტრატეგიული ბმა საქართველო – აზერბაიჯანისა არ შეიცვლება. არ ვარგა, როდესაც გაზის მოწოდების მონოპოლისტი მთლიანად ერთი კომპანიაა. თუ მოხერხდა ისე, რომ ჩვენ გვექნა საშუალება, ირანიდანაც მივიღოთ გაზი, ნაწილი მივიღოთ სხვა გზითაც, თავისთავად ურიგო არ იქნება. მილსადენს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, სტრატეგიული ობიექტის სტატუსი ჰქონდა. ამ მილსადენის გარშემო დიდი ხნის განმავლობაში ვაჭრობა მიდიოდა და „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მას სწორედ „გაზპრომს“ სთავაზობდა. ამაში მოგვიანებით ამერიკელები ჩაერივნენ, „მილენიუმის“ პროგრამის ფარგლებში გამოიყო 49,5 მილიონი დოლარი, რომ ქართულ მხარეს ეს სტრატეგიული ობიექტი რუსეთისთვის არ მიეყიდა. როგორც კი ამერიკულ მხარესთან დადებული ხელშეკრულება ამოიწურა, 2010 წელს კი ქართულმა მხარემ მილსადენს სტრატეგიული ობიექტის სტატუსი მოუხსნა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ცდილობდნენ, რაც შეიძლება მალე მიეყიდათ მილსადენი რუსული მხარისთვის. რომ არა მოვლენების განვითარება, რომელმაც ხელი შეუშალა ამ მოლაპარაკებას, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად იყო, მილსადენი რუსეთისთვის მიეყიდა. რომ არა ამ საქმეში ამერიკელების ჩარევა, ეს მილსადენი რუსეთზე კარგა ხნის მიყიდული იქნებოდა. თუ მილსადენში მეტმა გაზმა გაიარა, ეს იქნება კარგი იმისთვის, რომ ქვეყანაში დამატებითი შემოსავლები შემოვიდეს, კარგი იქნება დივერსიფიკაციისთვის, რომ მომწოდებელი მარტო ერთი არ იყოს“,-განაცხადა სააგენტო „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე არეშიძემ.
მისივე მოსაზრებით, ამ დრომდე კითხვები რჩება 2006 წლის ზამთარში რუსეთიდან შემომავალ ცენტრალურ გაზსადენზე და ელექტროგადამცემზე აფეთქებასთან დაკავშირებით. არეშიძის თქმით, მაშინ ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვარაუდობდნენ, რომ აფეთქების საქმეში სწორედ ქართველების ხელი ერია. მოგეხსენებათ, ექსპერტს კავკასიაში სერიოზული კავშირები აქვს და ინფორმაციასაც მხოლოდ მაშინ ავრცელებს, როცა რამდენჯერმე აქვს გადამოწმებული.
„2006 წელს გაზსადენის აფეთქება მოხდა, რის შემდეგაც საქართველო გაზისა და დენის გარეშე დარჩა. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ მაშინ დაიწყო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები. 2007 წელს მე ინგუშეთიდან ჩამოვიტანე ამბავი, ინგუშეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, როგორც ვითარებასთან, ისე ჩვენთან დაახლოებულმა პირებმა, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ მითხრა „აფეთქების კვალი საქართველოში ეძებეთ“. ინგუშები არ გამორიცხავდნენმ რომ აფეთქების საქმეში ქართველები იყვნენ გარეულები. რა ფორმით და როგორმ სამწუხაროდ, ვერ გამოვიკვლიეთ“,-განაცხადა „კვირის“ პრესკლუბში არეშიძემ.
ზოგადად, 2006 წლის აფეთქებასთან დაკავშირებით, კითხვები არამარტო არეშიძეს, არამედ საზოგადოებასაც აქვს და დღემდე ყველას აინტერესებს, ვის ან რის გამო მოხდა მაშინ მილსადენის აფეთქება და თუ ეს იყო რუსული მხარე, მაშინ რაღატომ წამოვიდა ისევ რუსული მხრიდან საქართველოში ბუნებრივი აირი...
სააგენტო „პირველში“ ამ თემაზე ისაუბრა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ. მისი თქმით, „გაზპრომთან“ ურთიერთობა გარდაუვალია და დაამატა, რომ საქართველოს დიდი შესაძლებლობები და პერსპექტივები გააჩნია იქიდან გამომდინარე, რომ ირანს სანქციები მოეხსნა.
„ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველო განიხილება, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სატრანზიტო და საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, ისევე, როგორც ირანის მხრიდან. სანქციების მოხსნის შემდეგ ირანს თავისი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების ახალი გზების მოძიება მოუწევს. ამ თვალსაზრისით ირანი უკვე ეძებს პარტნიორებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა საქართველოზე გადის. კერძოდ, საუბარია ირანის გაზის მიერთებაზე, „ტანაპის“ გაზსადენზე 2017-2018 წლიდან. ეს იაფი გაზის მიღების შანსია, ასევე დამატებითი შემოსავლების მიღების და გარდა ამისა, ეს ქვეყნის სტაბილურობის შანსიცაა. ასევე საუბარია ირანი-სომხეთი-საქართველოს გზაზე, ანუ სპარსეთის ყურის დაკავშირებაზე ამ გზით შავ ზღვასთან. ესეც ძალიან პერესპექტიულია“,-აღნიშნა ლაგაზიძემ.
სხვათა შორის, ექსპერტმა ისიც თქვა, რომ აღნიშნული პერსპექტივისა და სასიკეთო მომავლის საზოგადოებამდე მიტანას ხელისუფლება ვერ ახერხებს და ვერც იმას უხსნის, რატომ არის „გაზპრომთან“ მოლაპარაკება საქართველოსთვის არამარტო გარდაუვალი, არამედ მომგებიანიც.
„არასწორი კომუნიკაციის შედეგია „გაზპრომთან“ დაკავშირებული ხმაური, რომელიც 1 კვირის წინ ატყდა ვიცე-პრემიერ კალაძის ვიზიტის შემდეგ. ისევე როგორც აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტად გავლის შემთხვევაში საქართველო შესაბამის საზღაურს იღებს, ასევე რუსული გაზიც გადის საქართველოს გავლით ტრანზიტად სომხეთში, შესაბამისად, საქართველო ასევე იღებს ამ ტრანზიტის საფასურს, მაგრამ ეს მოცულობები და გაზის მიწოდების ტექნიკური პირობები ყოველწლიურად, ახალი დამატებითი ხელშეკრულებებით გადაიხედება. ეს იყო როგორც 2006 წლამდე ასევე 2006 წლის შემდეგაც, როცა ჩვენ რუსეთმა გაზი შეგვიწყვიტა, აქედან გამომდინარე, კალაძის ვიზიტი ერთ-ერთი რიგირთი ვიზიტი იყო. ამავდროულად, აღმოჩნდა ისიც, რომ გარდა ამ ტრანზიტის ღირებულაბეში მიღებული გაზისა, „გაზპრომი“აირის დამატებით მოცულობებს გვაწვდის. ძირითადი მომწოდებელი აზერბაიჯანია და „გაზპრომიდან“ შემოსული აირი საერთო მოცულობის 5%-მდე არის. მაგრამ ფაქტია, რომ 2013 წლის გარდა, „გაზპრომის“ მხრიდან დამატებითი გაზის მოწოდება საქართველოში არ შეწყვეტილა“,-განაცხადა ლაგაზიძემ.
ქალბატონი ხათუნას განცხადებით, აბსურდია იმაზე მსჯელობა, რომ „სოკარის“ „გაზპრომით“ ჩანაცვლება მოხდეს.
„თუ ჩვენ გავეცნობით იმ მოცულობებს, რაც დღემდე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდიოდა, სასაცილოა საუბარი „სოკარის“ ჩანაცვლებაზე და აზერბაიჯანის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაზე, ეს გამორიცხული თემაა. ამას არც საქართველო იზამს და არც საქართველოს დასავლელი პარტნიორები დუშვებენ. ამავდროულად, ცალსახად ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ „გაზპრომზე“ ჩვენი ენერგეტიკული დამოკიდებულება. მაგრამ კითხვა, უნდა ითანამშრომლოს თუ არა „გაზპრომთან“ ხელისუფლებამ, თავისთავად ვერ დაიბადება იმიტომ, რომ გინდა არ გინდა, საქართველოს ტერიტორიაზე გადის „გაზპრომის“ გაზი ტრანზიტად სომხეთისკენ. შენ ამ თანამშრომლობაზე უარს ვერ იტყვი. შენ ვერ ეტყვი მეზობელ სომხეთს, რომ მე ვკეტავ გაზსადებს, არ ვუშვებ რუსულ გაზს შენთან იმიტომ, რომ ეს არის „გაზპრომის“ გაზი. ეს თანამშრომლობა არსებობს და იარსებებს სულ მცირე იმ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რაც ამ ქვეყანას აქვს. ამავე დროს, ამ თანამშრომლობისას უნდა იქნას გათვალისწინებული, რომ საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებული რუსეთზე არ უნდა გახდეს“, - განაცხადა ექსპერტმა.
და მთავარი - არსებობს ხელშეკრულება, რომელიც 2007 წელს გაფორმდა და რომლითაც საქართველო „გაზპრომისგან“ გაზს გენო მალაზონიას „ენერჯი ინვესტის“ გავლით იღებს. და იღებს იმ ოდენობას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა ამავდროულად აცხადებდა, რომ რუსეთიდან გაზს არ იღებდა.