სკანდალური

სკანდალური "ბლოკ ჯორჯია" უჩუმრად გააძევეს

ორწლიანი ლოდინის შემდეგ მთავრობამ "ბლოკ ჯორჯიასთან" კონტრაქტი გააუქმა. კონტრაქტის ვადების დარღვევისთვის კომპანიას ჯარიმების გადახდა მოუწევს. არადა, "ბლოკ ჯორჯიას" ხელმძღვანელობა ირწმუნებოდა, რომ ჩეხებთან შეთანხმება უკვე მიღწეული იყო. "ბლოკ ჯორჯიასთვის" თანხის გამოყოფის თხოვნით ჩეხებს პრაღაში მთავრობის წევრებიც კი ესტუმრნენ.

ჯანდაცვის მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, "ბლოკ ჯორჯიამ" აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. ამიტომ კომპანიას საჯარიმო სანქციები დაეკისრება და ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩამოერთმევა.

მინისტრის თქმით, "ბლოკ ჯორჯიას" ვალდებულებების შესრულება ეტაპობრივად უნდა განეხორციელებინა და საჯარიმო თანხის დაანგარიშებისას სწორედ ის თანხები დაითვლება, რომელიც კომპანიას კონკრეტულ ეტაპზე არსებული ვალდებულებების შესასრულებლად ჰქონდა გათვალისიწნებული.

ამასთან, საჯარიმო თანხას ინვესტიციების ის რაოდენობა გამოაკლდება, რომელიც კომპანიამ გარკვეულ საავადმყოფოებში დააბანდა. კვიტაშვილი ვარაუდობს, რომ კომპანიას აღებული ვალდებულებების 100 პროცენტიდან 20-25% შესასრულებელი დარჩება.

"თიბისი ბანკი" კი კომპანიის ვალდებულებების ნაწილს დააფინანსებს, დარჩენილი ჯარიმის გადახდა თავად კომპანიას მოუწევს. ჯარიმის ოდენობა რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მინისტრის ინფორმაციით, "ბლოკ-ჯორჯიას" ლოტები აუქციონზე ხელახლა გამოვა.

ქრისტიან-დემოკრატები კომპანია "ბლოკ ჯორჯიასთან" დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

"დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩვენთვის პოლიტიკური თვალსაზრისითაც. დიდი და აქტიური ბრძოლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის ტერიტორიაზე "ბლოკ ჯორჯიას" ოპერირების შეჩერების თაობაზე. რაზეც ამ პერიოდის განმავლობაში სამედიცინო საზოგადოება, ქართველი ექსპერტები და ჩვენ ვსაუბრობდით, იყო ჭეშმარიტება, რადგან "ბლოკ ჯორჯია" ვერ ასრულებდა კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს", - აღნიშნა მოძრაობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ.

ქრისტიან-დემოკრატებს მიაჩნიათ, საქართველოს პარლამენტში ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა წარადგინოს ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი კონცეფცია. ამასთან, ქრისტიან-დემოკრატები აცხადებენ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უნდა შეისწავლოს "ბლოკ ჯორჯიასთან" გაფორმებული კონტრაქტის ისტორია, გამოვლინდნენ დამნაშავეები და ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ.

შეგახსენებთ, რომ "ბლოკ ჯორჯიას" 100 ახალი საავადმყოფოს პროექტში 120 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. საამისოდ, კომპანიას ჩეხეთის "ექსპორტ-იმპორტ ბანკისგან" სესხის მიღება ეიმედებოდა.

ორი წლის განმავლობაში მთავრობა კომპანიას პროექტის დატოვებითა და დაჯარიმებით უამრავჯერ დაემუქრა, თუმცა ხელისუფლებისგან ბოლო შანს "ბლოკ ჯორჯია" მაინც იღებდა.

"ბლოკ ჯორჯიას" ჩეხური კრედიტის მიღების პროცესში კი მთელი მთავრობა იყო ჩართული. პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ჯანდაცვის მინისტრი სანდრო კვიტაშვილი ჩეხებს პირადად ესტუმრნენ, თავდებად დაუდგნენ, რათა მათ კომპანიისთვის ფული ესესხებინათ.

კომპანიის ხელმძღვანელობა კი ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ ჩეხური ფული საქართველოში, ჯერ კიდევ, 2009 წლის გაზაფხულზე შემოვიდოდა, მერე შემოდგომაზე, შემდეგ წლის ბოლოს და 2010 წლის დასაწყისში. ამჯერად, მორიგი ვადა 2010 წლის გაზაფხული აღმოჩნდა. 

რამდენიმე დღის წინათ კომპანიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ სესხისთვის აუცილებელი სახელმწიფო დაზღვევა მიიღეს და კრედიტი 99 პროცენტით დამტკიცებული იყო.

კერძოდ, "ბლოკ-ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მამუკა ჯანაშვილი აცხადებდა, რომ პრობლემა მოგვარდა, ჩეხეთის მთავრობის გარანტია ჩეხეთის "ექსპორტ-იმპორტ" ბანკში უკვე გადაგზავნილი იყო, ხოლო სესხი 99%-ით დამტკიცებული.

გარდა ამისა, კომპანიის ხელმძღვანელები ირწმუნებოდნენ, რომ სესხის მიუღებლობის შემთხვევაში, კომპანია აღებული ვალდებულების 60 პროცენტს სხვადასხვა გზებით მოძიებული სესხით იტვირთებდა.

გუშინვე გახდა ცნობილი, რომ ჰოსპიტალური სექტორის პროექტში მონაწილეობას ისრაელის კომპანია "აიჰოპი" მიიღებს. "აიჰოპმა" ჰოსპიტალური სექტორის პროექტში კომპანია "ახალი სტილის" მიერ აღებული ვალდებულებები" შეისყიდა.

ამ დროისთვის, კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. "მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ კომპანია ვალდებულებების შესრულებას შეუდგება", - განაცხადა კვიტაშვილმა.

"აიჰოპთან" ხელშეკურელბა, სავარაუდოდ, 15-20 აპრილს გაფორმდება. სწორედ ხელშეკრულების გაფორმებისას გაირკვევა ზუსტად ის ვალდებულებები, რომელიც კომპანიამ უნდა შეასრულოს და ასევე განხორციელების ვადები.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებისთვის გამოცხადებულ ტენდერს განცხადებების მიღება უკვე დასრულდა. ტენდერში მონაწილეობის სურვილი სადაზღვევო ბაზარზე მოქმედ 14 კომპანიდან 10-მა კომპანიამ გამოთქვა. ტენდერი გამოავლენს იმ კომპანიებს, რომელებიც სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირებს მოემსახურება.

სახელმწიფოს მიერ სულ 1 250 000 მოქალაქეა დაზღვეული. სატენდერო პირობების თანახმად, საქართველო რაიონების მიხედვით რამდენიმე სამდიცინო ცენტრად დაიყო.

მაგალითად, თბილისი არის ცალკე სამედიცინო ცენტრი, შესაბამისად ტენდერი სულ 27 ლოტზე გაიმართა და მასში 11 სადაზღვევო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. ტენდერში გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც სახელმწიფოს სადაზღვევო ვაუჩერის ყველაზე დაბალ ფასს შესთავაზებს.

სანდრო კვიტაშვილის განცხადებით, შედეგები თუ რომელმა კომპანიამ რომელ რაიონში გაიმარჯვა და რა ფასად მოემსახურება იგი დაზღვეულ პირებს, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. მინისტრმა აღნიშნა, რომ აქამდე დაზღვეულზე ვაუჩერის ყოველთვიური ფასის დადგენა გარკვეული გამოთვლების შესაბამისად ხდებოდა. ამიერიდან, ტენდერის შედეგად დადგინდება ვაუჩერის ზოგადი საბაზრო ეკონომიკური ფასი.

მისივე თქმით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სამი წლის განმავლობაში ვაუჩერზე ფიქსირებული გადასახადის გადახდა ხდებოდა და ზოგადად ვაუჩერების მოპოვებაზე სადაზღვევო კომპანიებს შორის ერთგვარი ბრძოლა მიმდინარეობდა, რამაც გარკვეული კორუფციული გარიგებებიც გააჩინა.

კვიტაშვილი სადაზღვევო კომპანიებს ადანაშაულებს, რომ ისინი საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავდნენ არამიზნობრივად, აღნიშნული ვაუჩერების მოპოვების მიზნით.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის კონტროლის თვალსაზრისითაც და ამ პროცესში საკმაოდ დიდი და სერიოზული როლი ექნება მედიაციის სამსახურს, რომელიც აუცილებლად გაძლიერდება", - აღნიშნა კვიტაშვილმა.

გამარჯვებულ სადაზღვევო კომპანიებთან გაფორმდება 3-წლიანი კონტრაქტი. პირობების თანახმად, სადაზღვევო კომპანიებს ვალდებულება ექნებათ, 2011 წლიდან უკვე სახელმწიფოს მიერ დაზღვეულ პირს მოემსახურონ თანამედროვე კლინიკებში. შემუშავებულია სპეციალური სტანდარტები იმ კლინიკებისთვის, რომლებმაც სახელმწიფოს მიერ დაზღვეული პირები უნდა მიიღონ. ამისთვის სადაზღვევო კომპანიებს, შესაძლოა, რეგიონებში ახალი კლინიკების მშენებლობაც მოუხდეთ.