საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა იმასთან დაკავშირებით, უნდა აწარმოოს თუ არა ხელისუფლებამ მოლაპარაკება "გაზპრომთან" და უნდა ჰქონდეს თუ არა ჩვენს ქვეყანას გაზის ალტერნატიული წყარო. ამ მოლაპარაკებების მოწინააღმდეგეთა მცირე ნაწილი 17 ოქტომბერს მთავრობის კანცელარიასთანაც შეიკრიბა და მათ აღნიშნული თემა გააპროტესტეს. საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტები, რომლებიც ამ სფეროში რიგით მოქალაქეებზე მეტად არიან გარკვეული. ჩვენ ენერგეტიკის ექსპერტი, რევაზ არველაძე გვესაუბრა.
-ბატონო რევაზ, თითქოს ყოველ წელს იწყება მოლაპარაკებები `გაზპრომთან~, შემდეგ ეს მოლაპარაკებები უშედეგოდ სრულდება. რას ნიშნავს ყოველწლიური მოლაპარაკება რუსულ კომპანიასთან?
-ნამდვილად არ ვიცი, რაზე ისაუბრა კალაძემ ბოლოს გამართულ შეხვედრაზე, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება გაზის პარალელურ წყაროს ეძებს. მათ სურთ, რომ გაზის დამატებითი რესურსი ჰქონდეთ.
-და პოლიტიკურად რამდენად მისაღებია კონკრეტულად `გაზპრომთან~ მოლაპარაკება?
-პოლიტიკა და ენერგეტიკა თითქმის მთელ მსოფლიოში განუყოფელ ნაწილად იქცა. მოლაპარაკება ყველასთან შეიძლება და ახლავე აგიხსნით რატომ. მაგალითად, უკრაინას რუსეთთან საომარი მდგომარეობა აქვს, თუმცა ეს ხელს არ უშლის, გაზი სწორედ რუსეთისგან იყიდოს. ანუ, ისინი ომობენ, მაგრამ ეკონომიკურ ურთიერთობებს არ წყვეტენ.
-პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, რამდენად მისაღებია ის, რომ საქართველოს გაზის 90% ერთი ქვეყნიდან მიეწოდება?
-მეც სწორედ მაგას ვამბობ. გასათვალისწინებელია ის, რომ აზერბაიჯანი უფრო მეტად არის დამოკიდებული ენერგომატარებლებზე, ვიდრე რუსეთი. ანუ აზერბაიჯანს რომ პრობლემა შეექმნას, მოგვარება უფრო გაუჭირდება, ვიდრე რუსეთს. ამიტომ, დივერსიფიკაცია ცუდი არ იქნება, თუმცა აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონკრეტული პირობების ჩადება.
-რას გულისხმობთ?
-ეს არ არის მარტივი პროცესი. კარგად არის მოსაფიქრებელი, რა პირობები ჩაიდოს ხელშეკრულებაში. თავის დაზღვევის რამდენიმე მექანიზმი უნდა შემუშავდეს. ხელშეკრულებაში უნდა ჩაიდოს ის პირობები, რომლის მიხედვითაც გაზს მივიღებთ და შეფერხების შემთხვევაში, მომწოდებელმა უნდა აიღოს ვალდებულება, რომ ალტერნატივას შემოგვთავაზებს, ანუ თუ ეს იქნება აზერბაიჯანი, გაზის მარაგი პრობლემის შემთხვევაში გარკვეული პერიოდი რუსეთისგან უნდა მივიღოთ. თუ პირიქით მოხდება, მაშინ რუსეთმა უნდა უზრუნველყოს აზერბაიჯანმა აიღოს ვალდებულება გარკვეული ეტაპი. სერიოზული სამუშაოა, რადგან ბოლოს მიჩვეულები ვიყავით, ხელშეკრულებებს ვაფორმებდით და მერე ვაცნობიერებდით, რომ პირობები მისაღები არ იყო.
-და მაინც, რა პლუსი აქვს დივერსიფიკაციას და როგორ გესახებათ რეალობის გათვალისწინებით, საქართველო დივერსიფიცირებულ გაზზე გადავიდეს?
-კიდევ ვიმეორებ, მოლაპარაკება ყველასთან შეიძლება და დივერსიფიკაციის შემთხვევაში, მთავრობაც უფრო მშვიდად იქნება და მოსახლეობაც. ეს არის გარანტი იმისა, რომ პრობლემის შექმნის და უგაზოდ დარჩენის ალბათობა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.
-სხვათა შორის, წინა ხელისუფლებამ თავის დროზე გაზის მილსადენი სტრატეგიული ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს...
-არ ვეთანხმები, რადგან არამარტო მილსადენი, არამედ ენერგეტიკის სხვა გამტარებიც სტრატეგიული ობიექტების ნუსხაშI უნდა იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ თემებზე არავის არ უნდა ვესაუბროთ. კიდევ ვიმეორებ, წინ უკრაინის მაგალითი გვაქვს და ეკონომიკურ ურთიერთობებს წინ არაფერი უდგას. თუმცა, ხელშეკრულება კარგად არის გასააზრებელი, მერე თავში ხელი რომ არ შემოვირტყათ.