პოლიტიკური ინტრიგები ღვთისმშობლის კვართით

პოლიტიკური ინტრიგები ღვთისმშობლის კვართით

ზუგდიდის დადიანების სახელობის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ღვთისმშობლის კვართი ინახება. კვართის საქართველოში მოხვედრის ისტორია დაზუსტებული არაა: ერთი ვერსიით, მერვე საუკუნეში კონსტანტინეპოლიდან ჩამოაბრძანეს, მეორე ვერსიით კი, საქართველოში 1453 წელს, თურქების მიერ კონსტანტინეპოლის აღების შემდეგ მოხვდა. ისტორიკოსები იმასაც ამტკიცებენ, რომ სიწმინდე ჩვენთან მეთხუთმეტე საუკუნეში იერუსალიმიდან ჩამოაბრძანეს და მას მერე ხობის ღვთისმშობლის სახელობის მიძინების ტაძარში ინახებოდა, მაგრამ კომუნისტებმა სალოცავი დახურეს და კვართი, გაყალბებული მიღება-გადაცემის აქტით, ზუგდიდის დადიანების სასახლეში მიიტანეს. ხობელებისთვის კვართი უფლისგან მოვლინებული მადლის, გრაალის ტოლფასია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართით შემოსვის მსოფლიო დღეს, 15 ივლისს, ზუგდიდი ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ტარდება, ამ დროს სიწმინდეს ზუგდიდის მუზეუმიდან ტაძარში გადააბრძანებენ და მსოფლიო მრევლი კვართზე სამთხვევად ჩამოდის... 21 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კულტურის სამინისტროს და საპატრიარქოს ნებართვით, კვართი, ერთი დღით, ზუგდიდის მუზეუმიდან ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში დასვენდებოდა, რასაც მუზეუმის დირექტორი და საზოგადოების ნაწილი მკვეთრად გამოხატული უკმაყოფილებით შეხვდა, მით უმეტეს, რომ ავი ენები ამბობდნენ, კვართი ზუგდიდის მუზეუმში აღარ დაბრუნდებაო... რა გახდა საპროტესტო აქციის საფუძველი, რატომაა ცხელი საზოგადოებრივი დაპირისპირების ადგილი და ისევ გახდება თუ არა ზუგდიდი ,,ნაცმოძრაობისპლაცდარმი? - ,,ქართული სიტყვასამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატის უფროსს, ლაშა გვასალიას ესაუბრა.


- ბატონო ლაშა, 15 მარტს, ,,ქართული ოცნებისმხარდამჭერებმა, ადგილობრივი ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელთან ერთად, ზუგდიდში ,,ნაცმოძრაობისოფისი დაარბიეს, გავრცელებულ კადრებშიროგორც აქციის აქტივისტი, თქვენც ჩანხართ...

- სამწუხაროდ, ამ კონფლიქტს ,,დარბევა” უწოდეს, მაგრამ ეს დარბევა კი არა, არამედ, ,,ნაციონალების” მიერ კარგად პროვოცირებული ინციდენტი იყო.

- მაინც, რა მოხდა?

- ზუგდიდის ,,ნაცმოძრაობის” ოფისიდან ,,ქართული ოცნების” აქტივისტებს უშვერი სიტყვებით მიზანმიმართულად მიმართავდნენ. მოგეხსენებათ, როცა ქართველ კაცს დედას, ცოლს და ოჯახს შეუგინებ, როგორი რეაქცია აქვს ხოლმე. კადრებში ისე ჩანს, თითქოს ვაქტიურობ, სინამდვილეში კი, დაპირისპირებულთა შორის სიტუაციის განსამუხტად ჩავდექი. ბუნებით მოძალადე არ ვარ, პოეტი კაცი ვარ, მწერალთა კავშირის, მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გაზეთ ,,ოცდამეერთე საუკუნის” რედაქტორი, მოქალაქეებს მშვიდობიან თანაცხოვრებისკენ მოვუწოდებ, ოჯახი მყავს, სამი შვილი და ამას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

- კარგა ხანია, საქართველოში კომპრომატებმა სხვა დატვირთვა მიიღო, ანუ სწორედ კომპრომატებით ახერხებენ კარიერის გაკეთებას, თქვენს შემთხვევაშიც ასე ხომ არ მოხდა, თუ ,,ოცნებამოპოზიციის წინააღმდეგ გამოსვლები დაგიფასათ?

- მხოლოდ ერთს ვიტყვი: იქ დავდგები, სადაც ჩემს ერსა და ქვეყანას დავჭირდები. თანამდებობა არავისთვის მითხოვია, ,,ოცნებამ” თავად დამიძახა, მათ შორის, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ლევან შონიამ და, როგორც პროფესიონალს, გუბერნიის აპარატის უფროსის თანამდებობა შემომთავაზა. დავთანხმდი. 

- ბატონო ლაშა, ზუგდიდი ბევრჯერ იყო დაპირისპირების, პოლიტიკური ბატალიების ასპარეზი. ამიტომ, ზოგი თვლის, რომ ზუგდიდი ოდიოზური ქალაქია ოდიოზური პოლიტიკური ფიგურებით...

- ინფორმაციას, რომ ზუგდიდი ოდიოზური ქალაქია, ოდიოზური ჟურნალისტები ავრცელებენ, სინამდვილში, სიყვარულის ქალაქია. უბრალოდ, მოქალაქეები აქტიურად აფიქსირებენ საკუთარ პოზიციას და ამიტომაც, ბუნებრივად, ცხელი სიტუაციებია, რასაც დროდადრო კონფრონტაციები მოსდევს. ჩემი საჯარო სამსახურში მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი ეროვნული თანხმობაა, რისი მიღწევაც ადვილი არ არის, მაგრამ ეს სახელმწიფოს მომავალია. ეროვნული თანხმობა ბრმად, ყრუდ შერიგებას არ გულისხმობს. შესაძლებელია, საკითხებზე შეთანხმება. ერის ინტერესების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, თუმცა ხალხს უჭირს იმას, რაც ახალაიებმა ჩაიდინეს, მშვიდად შეხედოს.

- ერთხელ მითხრეს, ზუგდიდში, როლანდ ახალაიას დანახვაზე, იძახდნენ, ,,მეფე მოდის, მეფე მოდისო“...

- ჩემს ცხოვრებაში მძიმე პერიოდიც იყო - ოპოზიციური განწყობის გამო, ,,ნაციონალები” ცუდი ფორმით მდევნიდნენ, ზუგდიდში საერთოდ ვერ ჩავდიოდი,. განსაკუთრებით მას მერე, რაც ცნობილი ღია წერილი - ,,ვინ არიან  ახალაიები?” დავწერე.

- ახალაიების ოჯახის წევრები საზოგადოებაში ჩნდებიან?

- თანაქალაქელებს თავს არიდებენ, იშვიათად, მაგრამ როცა გამოდიან, ცალ-ცალკე არ დადიან.

- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას ხომ არ შეიწყალებს?

- თუ საქართველოს პრეზიდენტი ბაჩო ახალაიას შეიწყალებს, საკუთარ თავს დიდ იზოლაციაში მოაქცევს. უფრო მეტიც, ამ საქციელით საზოგადოების თვალში სამუდამო პატიმარი იქნება - მისი პოლიტიკური კარიერა დაპატიმრდება და ამით საზოგადოების წინააღმდეგ წავა.

- ,,ნაციონალებსზუგდიდში დასაყრდენი დღესაც ჰყავთ?

- ჰყავდათ, მაგრამ წინა არჩევნებში ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ვიყავი, სერიოზული გუნდი მედგა გვერდით, არჩევნები პირწმინდად მოვიგეთ.

- 2016 წლის არჩევნები მოახლოვდა... ვნახოთ, რას იზამს ზუგდიდში ,,ქართული ოცნება...

- დავრწმუნდი, დავამსხვრევთ მითს, რომ ზუგდიდი ,,ნაციონალების” პლაცდარმია და ისინი უძლეველნი არიან. მე, ლაშა გვასალია საარჩევნო მარათონში ვიქნები თუ არა, ,,ნაციონალებს” ზუგდიდში საბოლოოდ დავამარცხებთ, თუმცა ვიცი, რომ ეს ადვილი არაა. სასჯელაღსრულების, პრობაციის და შინაგან საქმეთა სამინისტროებში ყველაზე მეტი წარმომადგენელი სამეგრელოდანაა. ახალაიებმა, ჭაკუებმა უამრავი თანაკლასელი, ნათესავი და ახლობელი დაასაქმეს. ისინი, თავისთავად, ანგარიშვალდებულნი არიან მათ წინაშე და ეს ვალდებულება მომხრეობაში გადადის, რაც ძალიან ცუდი და სამწუხაროა. ხალხი ყველაფერს ხედავს. ბევრი კეთილ-აუცილებელი საქმე კეთდება სამეგრელოში - გზები, ინფრასქტრუქტურა,  თუნდაც ფესტივალი - ,,სიმღერა საქართველოზე”, სახალხო ზეიმი ხობში და ამ ფესტივალის მიერ ქართული, მეგრეული ხალხური სიმღერის პოპულარიზაცია მსოფლიო ასპარეზზე, მაგრამ პიარი ჩვენი ხელისუფლების სუსტი წერტილია.

- ბატონო ლაშა, ,,ოცნებისსაარჩევნო ვადა იწურება... სამი წელია, პიარის არქონაზე საუბრობთ. პიარის სპეციალისტი ბრძანდებით - ამბობთ, რომ ჟურნალისტებს ფსიქოლოგიას ასწავლით, პიარის სპეციალისტებს ზრდით და იქნებ ამიხსნათ, პიარი რატომ არ გივარგათ?

- ერთხელ, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ სულ თვალწინ მიდგას წმინდა მამების წერილიდან ნაწყვეტი, რომლის მიხედვითაც, მარჯვენამ არ უნდა იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა და პირიქით. სიკეთე სხვის დასანახად კი არა, ხალხისთვის უნდა აკეთო.

- წმინდა მამების წერილებზე კი არა, პიარზე გკითხეთ...

- გასაგებია, მაგრამ უკვე დავიწყეთ მოქმედება. სულ სხვანაირად გავძლიერდებით, სამეგრელოში ტელევიზია გაკეთდა, გაზეთებიც გააქტიურდებიან, ,,ქართული ოცნება” რეგიონში კადრების გადახალისებასაც აპირებს. პირადად მე, რამდენიმე ახალგაზრდას პიარის ხელოვნების დასაუფლებლად ლექციებს ვუტარებ. მხოლოდ თეთრ პიარზე გვაქვს ორიენტაცია, შავი პიარი არ გვაინტერესებს.

- შავი პიარიცხომ პიარია?

- არა, ჩვენ “შავი პიარი” არ გვჭირდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კეთილი საქმეები წარმოვაჩინოთ. მიმაჩნია, რომ “შავი პიარი” ქართულ საქმეს, იდეას არ ემსახურება.

- ესე იგი, მომავალ არჩევნებს სამეგრელო-ზემო სვანეთი ტელევიზიით, თეთრი პიარითა და განახლებული პოლიტიკური კადრებით ხვდება, არა?

- ასეა, თუ პარტია ქართულ საქმეს არ ემსახურება, ის თავიდანვე განწირულია.

- ...იდეალისტი ხართ?

- ერთგან, საგაზეთო პუბლიკაციაში ვწერდი, რომ იდეალისტობა

ჩემი ქვეყნის სიყვარულში გამოიხატება, სამი შვილის მამა ვარ, მინდა, შვილები უკეთეს საქართველოში ცხოვრობდნენ.

- ბატონო ლაშა, სექტემბერში, ზუგდიდში, ღვთისმშობლის კვართის საკითხზე დიდი შეხლა-შემოხლა იყო. საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა, რომლის მონაწილეები სამ ვარიანტს განიხილავდნენ. ერთნი ამბობდნენ, რომ ზუგდიდის მუზეუმიდან გატანილი სიწმინდე ხობის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს დაუბრუნდებოდა, სხვები - მახათას მთაზე პაატა ბურჭულაძის ინიციატივით მშენებარე ტაძარში დასვენდებოდა. არსებობდა კვართის იერუსალიმში გასაყიდად გატანის ვერსიაც. ასეთი ვნებათღელვა რამ გამოიწვია?

- კვართი არსად წავა და ზუგდიდის მუზეუმში იქნება. კვართი მსოფლიო საკუთრებაა, თუკი უფალმა იცოდა, როგორ მოებრძანებინა სიწმინდე კაბადოკიიდან ხობის ტაძრამდე, ისიც ეცოდინება ზუგდიდიდან ხობს წააბრძანოს თუ არა. ყველაფერი უფლის ნებაა, განსაკუთრებით ის, რაც სიწმინდეებს ეხება. ამიტომ ზედმეტი ჩარევა და აქტიურობა ამ თემასთან დაკავშირებით, უფლის კვართზე ამდენი წუხილი, საუბარი, მიუღებელია, მაგრამ ამ აყალმაყალში სხვა აზრი იყო ჩადებული, უკან სხვა აზრი დგას.

- უფრო კონკრეტულად?

- ახლა ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რაღაც ინფორმაციები მივიღე. უნდა დავწყნარდეთ, ყველაფერი კალაპოტში ჩადგება. ოღონდ ამ მომენტისთვის კვართი უნდა იყოს ზუგდიდის მუზეუმში. ის ყველას საკუთრებაა, მათ შორის, ხობისაც. კვართი ხობის გრაალია - საუკუნეების განმავლობაში ხობის ტაძარში იყო დასვენებული და, როგორც გრაალს, ისე დარაჯობდა ხობის მოსახლეობა. მის დაცვას გვარები შეეწირნენ. შეიძლებოდა ერთი დღით ხობელებს ელოცათ კვართზე, რათა მისი მადლი გადასულიყო.

- ამ თემაზე თქვენც აქტიურობდით?

- რატომღაც ბევრმა დამაბრალა, რომ ვაქტიურობდი, სამწუხაროდ, მათ შორის, ჟურნალიტებმაც თქვეს, თითქოს ხატის მოტაცებას ვაპირებდი. ხატი მუზეუმშია დაცული, როგორ მოვიტაცებდი, ქალი ხომ არ არის? ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო. არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა და მალე დავადგენთ, ყველაფერ ამას რა მიზანი ჰქონდა. ამ ალიაქოთში ერთი დადებითი მომენტიც იყო: ბევრმა ხობელმა და ზუგდიდელმა არც კი იცოდა კვართის ისტორია, ახლა კი, სიწმინდის შესახებ ყველამ შეიტყო.

 

კვართის თემაზე ,,ქართულ სიტყვასთანკომენტარი ხობის პოლიციის ყოფილმა უფროსმა, ანტონ ვარდიამაც გააკეთა:

- არასწორი ინფორმაციები ვრცელდებოდა. თავად გახლდით სნოში, პატრიარქთან შეხვედრაზე, შემდეგ, - მეუფე გერასიმესთანაც, რომელსაც საინიციატივო ჯგუფის სახელით მოვახსენე, რომ კვართის ერთი დღით ხობის ტაძარში დასვენება სრულიად სამეგრელოს გააერთიანებდა. როგორც აწყურის ხატზე მოილოცა მთელმა თბილისმა, ასევე, შეიძლებოდა კვართის შემთხვევაშიც. რვა საუკუნე ესვენა კვართი ხობში, კომუნისტებმა ტაძარი დახურეს და სიწმინდე მუზეუმში დაასვენეს. კვართის ერთი დღით გადასვენების ინიციატორებს კულტურის სამინისტროს ნებართვაც გვქონდა, პატრიარქის კურთხევაც, მაგრამ ხმაური ატყდა, ჩემი აზრით, ამ ხმაურის ორგანიზატორები ყავლაგასული პოლიტიკოსები იყვნენ, რომლებიც საკუთარი იმიჯის აღსადგენად მსგავს პროვოკაციებს აწყობენ. საბოლოოდ, პატრიარქის განცხადებამ ყველაფერი გადაწყვიტა... უბრალოდ, ხობელებს გვინდა, კვართი მხოლოდ ერთი დღით, 28 აგვისტოს ხობის წმინდა მარიამ ღვითისმშობლის მიძინების ტაძარში დავასვენოთ, რათა მისი მადლი ჩვენზე გადმოვიდეს.