გასული კვირის მიწურულს სამარშრუტო ტაქსების მძღოლები გაიფიცნენ. გაფიცვის მოტივი, ჯერ ერთი, თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერი იყო (აქციის მონაწილეები მისი შედეგების გაუქმებას მოითხოვენ, რადგან ირწმუნებიან, ტენდერი მიკერძოებულად ჩატარდაო, თუმცა, მერია იფიცება, რომ ვერანაირ მიკერძოებას ვერ ხედავს წინა დღეს დარეგისტრირებული კომპანიების მიერ ტენდერის მოგებაში). რაც მთავარია, სამარშრუტო ტაქსების მძღოლები მათთვის ყოველდღიური გადასახადის ზრდას აპროტესტებენ, რაც მგზავრობის საფასურის გაძვირებას გამოიწვევს და კლიენტებს დავკარგავთო. თავის მხრივ, მერიის შესაბამისი სამსახურიც ფხიზლადაა და ირწმუნება, რომ არანაირი გადასახადი არ ძვირდება, მეტიც, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს სამუშაო ადგილები ისე შეუნარჩუნდებათ, მზე მაღლა იქნებაო. რაკი ენას ძვალი არ აქვს, ბუნებრივია, მერიის მოხელეთა ნათქვამის გულწრფელობასა და რეალობასთან შესაბამისობას მხოლოდ მომავალი თუ დაგვანახვებს („ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს“).
ასეა თუ ისე, სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვამ თბილისელებს გადაადგილება გაურთულა. მერია კი იძულებული გახადა, რომ ავტობუსების რაოდენობა გაეზარდა. მეორე მხრივ, ოპოზიციონერთა მტკიცებით, საქმეში პოლიციაც ჩაერთო და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე ზეწოლის მეთოდები აამოქმედა.
საერთო მაუწყებლებმა, ჩვეულებისამებრ, აქცია სახელისუფლო კუთხით გააშუქეს (და მერე რა, რომ უკვე თვით აშშ-ის ელჩიც შენიშნავს, რომ, მისდა გასაკვირად, ქართული მედიის ჟურნალისტებს ბოლო რამდენიმე წელია, კრიტიკული შეკითხვები, რატომღაც, აღარ ებადებათ). ხოლო, თუ კრიტიკული შეკითხვების საღათას ძილით მიძინებას იმასაც დავუმატებთ, რომ აქციები და პროტესტი (რაც მოქალაქის უპირველესი დემოკრატიული უფლებაა) ჩვენს ხელისუფლებას მაინცდამაინც არ ეპიტნავება, აქციის მონაწილეებს, დაახლოებით, ასე გამოსდით: იქ, ზემოთ, პიტნა ეჯავრებოდათ და მაინც ცხვირში აჩრიდნენო. რადგან ქართული დემოკრატიის ხიბლი მართლაც მოკრძალებულია:
მუხლი I. ბელადი ყოველთვის მართალია.
მუხლი II. თუ არ ეთანხმები, იხ. მუხლი I.