რატომ ეცოდება საკრებულოს ოპოზიციას თბილისის მერი და ელის თუ არა მას იმპიჩმენტი
ნაციონალური მოძრაობა ,,გადადექი-გადადექის'' ტალღაზე გადაეწყო - ორიოდ დღის წინ, საპარლამენტო შემადგენლობამ მთავრობის გადადგომა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოითხოვა, ახლა კი საკრებულოს შემადგენლობა ითხოვს არჩეული მერის გადადგომასა და თბილისში თვითმმართველობის ვადამდელ არჩევნებს. საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის ფრაქციამ ნარმანიას უმოქმედო, უგნური, საკუთარი გუნდისგან გარიყული, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფლული უწოდა და იქვე დააყოლა, ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის, დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. ჩვენ კი, დაკარგული წელიწადნახევრის შემდეგ, მზად ვართ, არჩევნების გზით, პასუხისმგებლობა ავიღოთ მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზეო.
თუმცა, ამჯერად, ნაციონალებს მსუყე საკბილო მართლაც აქვთ - მერის გადადგომის მოთხოვნა, შესაძლოა, ლეგიტიმურადაც ბევრ მოქალაქეს მოეჩვენოს, როგორც საკრებულოს დანარჩენ ოპოზიციას და მეტიც, არაა გამორიცხული, ამ მართლაც მძიმე ვითარებაში, ერთი ლიდერის გაწირვა ,,ოცნებსაც'' აწყობდეს. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მერიაში 6 სხვადასხვა საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტია ვაკანტური, უწყებას აუდიტის სახელმწიფო სამსახური ამოწმებს და მას ბობოლა მაღალჩინოსნები, ყოველგვარი ახსნის გარეშე, პანტაპუტნით ტოვებენ. ,,მერიიდან გაუჩინარებულთა'' ამ გრძელ ჯაჭვში ბოლო, თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გეგი ნიჟარაძე იყო, რომელმაც ოფიციალური ინფორმაციით, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მისი პოსტის მსგავსად, ახლა არქიტექტურის, კეთილმოწყობის სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობებია ვაკანტური. ოფიციალური ინფორმაციით, სუდაძეს სწორედ არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსი კახა ჩიხრაძე მიყვნენ. არაოფიციალური ინფორმაციით კი, ისინიც ხელისუფლების შიგნით არსებულ კორუფციულ სკანდალებს შეეწირნენ. გავრცელდა ინფორმაცია იმაზეც, თითქოს თანამდებობა დატოვა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსმა, გივი ჩივიაშვილმაც. თუმცა, ამ უკანასკნელმა, ფაქტი არ დაადასტურა და განაცხადა, რომ თანამდებობიდან მისი წასვლის შესახებ საუბარიც არ ყოფილა და არ იცის, რატომ გავრცელდა ეს ხმები. მანამდე, სულ 1 კვირით ადრე, მერიიდან კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი ავთანდილ სუდაძე წავიდა, ოფიციალურად, ისიც საკუთარი განცხადებით. საინტერესო კი ისაა, რომ ამ განცხადების დაწერამდე 3 დღით ადრე შევიდა კეთილმოწყობის სამსახურში სახელმწიფო აუდიტი და ამ სამსახურის მიერ ჩატარებული ტენდერებისა და ერთ პირთან პირდაპირი გზით გაფორმებული კონტრაქტების შესწავლა დაიწყო. მანამდე, რამდენიმე თვის წინ, ვიცე- მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა დატოვა პოსტი საეჭვოდ სწრაფად, თუმცა ის სასათბურე პირობებში გადაიყვანეს - სპეციალური სამსახური, თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი გაუხსნეს. სამაგიეროდ, ახლა ირკვევა, რომ თურმე მისი საქმიანობის დეტალური შესწავლით ,,ოცნების'' პარლამენტარი გია ჟორჟოლიანი დაინტერესებულა. უფრო ადრე, მარტში, თანამდებობიდან ,,საოცრად წავიდნენ'' მერიის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილე. მაშინ საკრებულოს უმცირესობამ, ალექსანდრე მარგიშვილის მსგავსად, რეზო ჩახავასა და მარიამ შელეგიას წასვლაც კორუფციულ გარიგებებს დაუკავშირა. მერიისადმი განსაკუთრებული ინტერესის სეზონი კი მაინც ცნობილმა ჯოკია ბოდოკიამ გახსნა, რომელიც ამ დღეებში გამართულ კიდევ ერთ სასამართლო მოსმენაზე ისევ უარყოფდა უწყებაში დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტს. ამას მერის არაადეკვატური განმარტებებიც ემატება ამ საკადრო ცვლილებებისა და სხვა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა თბილისის გზებზე არსებული ორმოები, გადათხრილ ქუჩები, გადაჭრილი ხეები, ახალ-ახალ საეჭვო ტენდერები და ყოველ ფეხისნაბიჯზე მომრავლებული მშნებლობები, რასაც მოსახლეობა ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ლოკალურად აპროტესტებს. ვრცელდება ინფორმაციები, ამ გაჭირვების ჟამს მერიის მიერ ,,საახალწლო ნაძვის ხის'' ტენდერების შესახებაც და ირკვევა, რომ ახალი წელი თბილისს, ამჯერად, 270 000 ლარი დაუჯდება. ამ ყველაფრის პასუხად კი, მთავრობის სხდომაზე, რომელსაც დავით ნარმანიაც ესწრებოდა, მთელ ამ აჟიოტაჟს უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, როგორი ეფექტური და კარგიც აქამდე ვიყავი, ისე ეფექტურად და თანმიმდევრულად ვაგრძელებ ჩემი ქალაქის განვითარებას და ვაკანტურ ადგილებს მალე კვალიფიციური კადრები დაიკავებენო. საინტერესოა, არჩეული მერისთვის უწყებაში ჩაშლილი ტენდერები, ჯოკია ბოდოკიას სკანდალი, ნეპოტიზმის უდიდესი ტალღა, 6 საქალაქო სამსახურის ვაკანტური თანამდებობა და მერიის მაღალჩინოსნების საოცარი გაუჩინარებანი ასევე ,,უსაფუძვლო აჟიოტაჟია'', თუ იმის საკმარისი საფუძველი მაინცაა იფიქროს, რომ ცოტა ხანში, თავადაც წყალი შეუდგება? შეტევების ერთი დიდი ტალღა ნარმანიამ უკვე გადააგორა, როცა იგი საკრებულოში ხელმოწერების შეგროვებით დაიბარეს. პირველად ამის შესახებ სწორედ ,,ვერსია'' წერდა. საკრებულოს უპარტიო დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ექსკლუზიურად გვესაუბრა და გვითხრა, ნარმანიას დასაბარებლად ხელმოწერებს ვაგროვებო. ელისაშვილი არც ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავდა, პირიქით, ამბობდა კიდეც, რომ შექმნილ ვითარებაში, ეს ერთადერთი გამოსავალი იქნებოდა.ალექსანდრე ელისაშვილი: ,,ნარმანია პოლიტიკურად და მორალურად თბილისის მერობისთვის მზად არ იყო, ამიტომ მართვის სადავეები ხელიდან თითქმის სრულად გაექცა და არ მინდა, უბრალოდ, მერის სავარძლის შემავსებლად იქცეს. ნარმანიას ჯერ კიდევ აქვს შანსი, რეალურად შეასრულოს თავისი ფუნქცია და მიხვდეს, რომ ხალხის მიერაა არჩეული და არა ივანიშვილის დასმული. ეს უთავბოლობა მალე უნდა დასრულდეს, მით უმეტეს, თბილისში პროცესები ძალიან სწრაფად ვითარდება ხოლმე. ორმოებსაც ყველა კარგად ხედავს, ,,სიტი პარკის'' თავხედობასა და ბევრ სხვა პრობლემასაც და არავის ეგონოს, რომ ხალხი მხოლოდ გიგი უგულავას დაჭერით დაკმაყოფილდება 4 წლის განმავლობაში. საკრებულო დღეს თბილისის პრობლემების ადექვატური არ არის, მისი დღის წესრიგი და რეალური პრობლემები ერთმანეთისგან შორიშორსაა. სინამდვილეში, ეს ,,წიკუჩკების'' საკრებულოა - მერიიდან მოდის ხელმოსაწერად გამზადებული, შაბლონური პროექტები და აქ ბეჭედს ურტყამენ. არც ერთ არსებით პრობლემაზე საკრებულოში განხილვა არ ყოფილა. როცა ,,ოცნების'' დეპუტატების სიას ადგენდნენ, ამ შედეგებზე მაშინ უნდა ეფიქრათ. ამიტომ ვფიქრობ, ამ ვითარებიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია''. მერიაში მიმდინარე გაურკვეველი პროცესების ახსნა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს სოსო მანჯავიძესაც ვთხოვეთ. გუნდის მიერ ნარმანიას ,,შეწირვის'' სცენარი არც მან გამორიცხა, თუმცა არც ისურვა და განაცხადა, რომ ეს არსებულ გაურკვევლობას კიდევ უფრო დაამძიმებს: ,,წავიდა სუდაძე, რომელსაც ამხელა სამსახური ჰქონდა ჩაბარებული და არანაირი პრაქტიკა არ ჰქონდა. ასევე, 29 წლის ქალბატონი, ღოღობერიძე, სრულიად გაუგებარი კვალიფიკაციით, ასევე, ბატონი ხომერიკი, შემდეგ, გაგოშიძე, ეკონომიკური სამსახურის უფროსი და ა.შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო - ეს ყველაფერი, სულ მინიმუმ, იმას ნიშნავს, რომ ნარმანიამ არაერთი საკადრო შეცდომა დაუშვა. უფრო მძიმე ვარიანტი კი ისაა, რომ იმ ხალხმა, ვინც პოსტი გაურკვეველ ვითარებაში და ძალიან სწრაფად დატოვა, მძიმე დარღვევები ჰქონდა... ის ვერსიაც არსებობდა, თითქოს ნარმანიას სპეციალურად სუს-ი უზის მერიაში და დისკრედიტებას უწევენ. თუ ასეა, მაშინ ლოგიკა ისაა, რომ ნარმანიას დისკრედიტებას მისივე გუნდი ცდილობს, რომლის ერთ-ერთი სახე არჩეული მერიცაა? თუ ეს ასეა, მაშინ მმართველობით ქაოსთან გვაქვს საქმე! ის, რაც ახლა ხდება, მარტო ნარმანიას კი არა, კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხია. აქ ცუდი ის კი არაა, რომ კონკრეტული სამსახურების უფროსები მიდიან, არამედ არ ვიცით, რატომ მიდიან. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ვაღიაროთ, რომ რაც ნარმანია ამ პოსტზე მოვიდა, მასზე საინფორმაციო დარტყმები არ შეწყვეტილა - იგი განუწყვეტელი საინფორმაციო ტერორის ქვეშაა. არასასურველია, მაგრამ რა თქმა უნდა, რეალური, რომ თუ საჭიროება დადგება, საკრებულო ნარმანიას იმპიჩმენტსაც მოუწყობს. თუმცა ასე სრულ ქაოსს, დესტაბილიზაციასა და ცუდ პროცესებს მივიღებთ. ერთიცაა, საკრებულოში ოპოზიციას იმის შესაძლებლობა არ აქვს, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყოს - ამისთვის უბრალოდ ხმები არ ეყოფათ. ვიცი, არსებობს სერიოზული კითხვები თავად ,,ოცნების'' გუნდშიც, არის დიდი შეშფოთებაც და ალბათ, ნარმანიას მოსმენაზე უმრავლესობა თვითონ დაიბარებს. ცუდი იქნება, თუ ამ ერთ დიდ მმართველობით ქაოსში ჩაძირულ და ეკონომიკურადაც დაძაბულ ვითარებას დავით ნარმანია შეეწირება... როგორც ვიცი, ახლა ეს ცნობილი პრემიები მერიის მთავარი პრობლემა სულაც არ არის. საუბარი უფრო სერიოზულ ფინანსურ დარღვევებს ეხება. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ვიდრე აუდიტის დასკვნები დაიდება, თუმცა ვიცი, რომ არის მასშტაბური ფინანსური დარღვევები, რაც ჩემი ინფორმაციით, პირადად ნარმანიას არ უკავშირდება. გულწრფელად გეუბნებით, ნარმანია, როგორც ადამიანი, მეცოდება, რადგან არავის ვუსურვებ, ამხელა დარტყმების ქვეშ ყოფნას. თუმცა მგონია, თუ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება, ის თავად დაწერს განცხადებას და წავა''.
თავად დავით ნარმანია აცხადებს, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის გადასაყენებელი არ არის და ნაციონალების მოთხოვნა უხერხულია. ნარმანია, გადადგომას არ აპირებს. ამ შემთხვევაში, ტექნიკურად, საკრებულოს ნაციონალებს დანარჩენი უმცირესობა, ანუ ბურჯანაძეალასანიას წარმომადგენლებიც რომ შეუერთდნენ, საკრებულოს ხმების 3-4-ს მაინც ვერ შეადგენენ, რომ ნარმანიას იმპიჩმენტი მოუწყონ. ასე რომ, თუკი ,,ოცნება'' არჩეულ მერს საკრებულოში მორიგ მოსმენაზე ისევ დაიბარებს და სიტყვას ვადამდელ არჩევნებზეც გადაუკრავს, ე.ი. ,,ქართული ოცნება'' ლარის, ორმოებისა და პოლიტიკური არეულობის საპირწონედ, ,,განტევების ვაცად'' დავით ნარმანიას გამოიყვანს.