2015 წლის აგვისტოში, კასპში, გრაკლიანის არქეოლოგიური ძეგლის კვლევისას, ძვ. წ. აღ.-ით მეშვიდე საუკუნის ტაძარი აღმოაჩინეს, რომლის საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ისტორიკოსმა ვახტანგ ლიჩელმა განაცხადა, რომ 2700 წლისწინანდელი გრაკლიანის ტაძრის წარწერები სრულიად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიას... ,,ქართული სიტყვა” ისტორიკოს, ფილოსოფოს აკაკი გასვიანს ესაუბრა, რომელმაც მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიას არაერთი ნაშრომი მიუძღვნა.
- ბატონო აკაკი, თქვენს ნაშრომში - ,,ცივილიზაციის სათავეებთან” ასკვნით, რომ მსოფლიო ცივილიზაციის მოთავეები იბერები არიან. გრაკლიანის აღმოჩენამ ეს მოსაზრება დაადასტურა?
- დიახ, ჩემი მოსაზრება დადასტურდა; გარდა ამისა, დაიმსხვრა საქართველოს ისტორიის გამყალბებელთა ოცნება, რომ ქართველი ერის უდიდესი კულტურა მისი ფესვებისთვის მოეწყვიტათ და იბერიულ-ქართული დამწერლობა ხან სხვა ერთაგან გადმოტანილად წარმოეჩინათ, ხან - სხვათა მიერ ჩვენთვის შექმნილად და ეს მაშინ, როცა ის ყველა ანბანის ვარჯია. ნამდვილად მართალს ამბობს თსუ-ს პროფესორი ვახტანგ ლიჩელი, როცა აცხადებს, რომ 2700 წლისწინანდელი გრაკლიანის ტაძრის წარწერები სრულიად შეცვლის მსოფლიო დამწერლობის ისტორიას.
- მაინც, რა ფაქტორებს ეყრდნობოდით, როცა გრაკლიანში წარმოებულ გათხრებამდე ბევრად ადრე აცხადებდით, რომ იბერები მსოფლიო ცივილიზაციის მოთავენი არიან?
- რამდენიმე ფაქტორს ვეყრდნობოდი, მათ შორის, დედამიწაზე კლიმატური ცვლილებებით გამოწვეულ ზეგავლენაზე დაკვირვებას, ანთროპოლოგიურ მონაცემებს, არტეფაქტებს, ენათა სიტყვარის ეტიმოლოგიას, ისტორიულ წყაროებს, ბიბლიას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა გამოკვლევებს.
- მოდით, ეს ფაქტორები სათითაოდ განვიხილოთ...
- დადგენილია, რომ დედამიწაზე ბოლო გამყინვარება 100 ათასი წელი გრძელდებოდა. ყინულეთს მოეცვა მთელი ევროპა, აზიისა და ამერიკის კონტინენტის ჩრდილოეთი, სამხრეთიდან ანტარქტიდა ბევრად მეტ სუსხს ავრცელებდა, ვიდრე ახლა ავრცელებს. ეკვატორულ არეალში კი ყინულეთის ორმხრივი შემოტევა, ალბათ, გაუსაძლის წარღვნულ წვიმებს გამოიწვევდა, მაგრამ ფლორა-ფაუნას, მით უფრო ადამიანს, გარემოსთან შეგუების დიდი უნარი აქვს და ამიტომ გადარჩა, ცოცხლობდა, შთამომავლობას აჩენდა. ამის დასტურია გერმანიაში ნაპოვნი ნეანდერტალელის ჩონჩხი, რომელიც 35 ათასი წლისაა. ცხადია, ამგვარ გეოგრაფიულ შემოგარენებში ადამიანის მიერ კულტურის რაიმე ფორმის შექმნა შეუძლებელი იყო.
თავისი ციკლურობა დიდ გამყინვარებასაც ჰქონდა: შემოდგომა, ზამთარი, გაზაფხული. ამიერკავკასია, წინა აზია, სპარსეთისა და ინდოეთის სამხრეთი ნაწილები სრული გამყინვარების პერიოდშიც და მით უფრო მისი გაზაფხულობის ხანაში, შედარებით ზომიერი კლიმატით გამოირჩეოდნენ და აქ ადამიანის განვითარებისათვის უკეთესი პირობები არსებობდა. დათბობისთანავე, ადამიანები მკვიდრ ცხოვრებაზე გადავიდნენ.
- ამ ტერიტორიებზე ყველაზე უადრესი არტეფაქტები სადაა აღმოჩენილი?
- უძველესი არტეფაქტები ჯერჯერობით აღმოსავლეთ საქართველოში, წინა აზიაში, მესოპოტამიაში აღმოჩნდა. დმანისში აღმოჩენილი ჰომოერექტუსი - ჰომოგეოგრაფიკუსი 1,8 მილიონი წლისააა და მთელ დედამიწაზე ჰომოგეოგრაფიკუსი აქედან გადაადგილდა. რახან საქართველოში, გრაკლიანის მიდამოებში ადამიანის უწყვეტად ცხოვრების დრო, პალეოლითიდან დღემდე, 300 ათასი წლით განისაზღვრა, გამოდის, რომ იგი ერთი გენეტიკური მოდგმის ანთროპო, ანუ იბერი-ქართველია.
რაც შეეხება არტეფაქტებს, მათგან რამდენიმეს აღვნიშნავ. ქართლშიც და ქვემო ქართლშიც ნაპოვნია რვა ათასი წლისწინანდელი კერამიკული ჭურჭელი ღვინის ნაკვალევით, ყურძნის წიპწებით, ხორბლისა და ქერის მარცვლებით, თქვენ წარმოიდგინეთ, ყურძნის მტევნების მოხატულობითაც.
აი, ცივილიზაციის საწყისი!
გრაკლიანი მხოლოდ სავიზიტო მოვლენაა, თუ მსოფლიოს მეცნიერები ქართული კულტურით, ქართული ენით დაინტერესდნენ, ცივილიზაციის საფუძვლები იბერიაში აღმოჩნდება!
- კიდევ რა ფაქტორებს დაასახელებთ ამ აზრის განსამტკიცებლად?
- ისმება შეკითხვა: ვინ იყვნენ პელაზგები? შუმერები? ქალდეველები? დათბობის მერე, ყინულისგან გამოთავისუფლებულ და ფლორა-ფაუნით მოფენილ ადგილებში ამიერკავკასიასა და წინა აზიიდან მოსახლეობის მიგრაციის პროცესები დაიწყო. ეს მიგრანტები იბერები იყვნენ. მიდიოდნენ და თან კულტურული მიღწევები მიჰქონდათ.
ამ თემებს მსოფლიოში სახელგანთქმული ბევრი მეცნიერი გამოეხმაურა.
ფრანგი მეცნიერი ედუარდ დემოლინსი წერდა:
,,ეგეოსიდან თუ ზევით ავიწევთ, ვხედავთ სამხრეთ გერმანიას, საფრანგეთს... ეს ადგილები ეკავათ იბერებს. ამისი კვალი შენახულია გერმანულ და ფრანგულ ენებში და ამასვე მოწმობს ადგილებისა და მდინარეების სახელები... ეთრუსკები ისე, როგორც პელაზგები, კოლხეთიდან არიან გადასახლებულნი და კოლხეთმა სათავე დაუდო მედიტერანულ (ხმელთაშუაზღვის კულტურა) კულტურას, მის ფიზიკურ და სოციალურ ტიპს, მის მხატვრულ გემოვნებას”.
პელაზგებს ეკავათ ეგეოსის ზღვის მიმდებარე მიწები, მათ მიღწევებზე აღმოცენდა ბერძნული კულტურა. ეთრუსკები რომის მიდამოებსა და ასევე, მდინარე ტიბრის შემოგარენში განთავსდნენ. სწორედ მათ მიღწევებზე აღმოცენდა რომაული კულტურა.
ტიბრი იბერიულად (სვანურად) მდინარეს, ნაკადულს ნიშნავს. მეტიც, როგორც ინგლისელი ისტორიკოსი მორტონი წერდა, იბერები ,,გახდნენ ბრიტანეთის კუნძულების თანამედროვე მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი მამამთავრები, განსაკუთრებით, ირლანდიაში, უელსსა და ინგლისის დასავლეთში”.
რუსი ისტორიკოსი იშევსკი კი წერდა:
,,ესპანეთის უძველესი მოსახლენი იყვნენ იბერები... იბერები ახლანდელი ბასკების წინაპრები, დარჩნენ პირინეებში და ნახევარკუნძულის ნაპირებზე. კელტები ცხოვრობდნენ მდინარე გვადიანის ნაპირებზე... უმაღლესი ხარისხის განათლებით გამოირჩეოდნენ სამხრეთის ნაწილის ტომები, განსაკუთრებით, ტურდეტანის იბერები. მათ, რომაელი მწერლების გადმოცემით, ჰქონდათ თავისი ლიტერატურა, ისტორიული ძეგლები, ხალხური სიმღერები და ძველი კანონები, დაწერილი ლექსად, რომელთაც ისინი 6000 წლისად თვლიდნენ”.
- რა გამოდის, ბატონო აკაკი, ევროპული ერების წინაპრები იბერები არიან?
- იბერთა დამწერლობა ესპანეთში, დღეის ჩათვლით, რვა ათასი წლისაა. და საიდან წაიღეს ეს ცოდნა? - ამ კითხვას ერთი პასუხი აქვს: იბერიიდან!
ამას ამტკიცებს ქართული ჰემატრიის უუძველესობა. ჰემატრია ასო-ნიშანთა სახელდების გამოყენებით, მათი რიცხობრივი მნიშვნელობით, სამეტყველო ლექსიკის შექმნაა. უუძველესი იბერიული საკრალური სიტყვარი სწორედ 8-10 ათასი წლისაა.
თუ ამ მსჯელობას გავყვებით, მაშინ მართალი ყოფილა ბიზანტიელი ლექსიკოგრაფი სვიდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ,,ადამი - დამწერლობისა და ხელოვნებათა ავტორი იყო”. ხოლო ედემი, სადაც უფალმა აიყვანა ადამი, მამა ავთანდილ გიორგობიანის მტკიცებით, რაჭაშია, ფასის მთის სიახლოვეს.
რუსი მეცნიერი მალიშევსკი წერდა, რომ ,,შავი ზღვის ჩრდილო ნაპირები - სამხრეთ რუსეთი დასახლებული იყო ლაზი ტომებით..,,ან”-ზე დაბოლოვებული ქალაქების სახელები ტამანიდან ყაზანამდე კავკასიურია”.
“ჰალ” იბერიულად, ანუ სვანურად ნათებაა, ღმერთი ათასწლეულების განმავლობაში წარმოედგინათ ნათების, ელვის სახით. მატრიარქატის ეპოქაში წინამძღოლი ქალი იყო და ადამიანებს ღმერთიც ქალის სახით წარმოედგინათ. “ჰალ”-ს იბერიული დედის სახელი ,,დი” დაერთო - ,,ჰალ+დი”=ქალ-ღვთაებას (ასიმილაციით).
შემდგომ ,,ჰ” იქცა ,,ფ”-დ (ფარ-ად), შემდეგ - ,,ხ”-დ (ხან-ად). ლათინო-ევროპულ ენებში ტრანსკრიფციით ითარგმნა ,,ქან-ად” და საბოლოოდD მივიღეთ ქალდეა.
ურარტუში, ძვ. წ. აღრიცხვის მე-6 საუკუნეში, არმენთა შემოსვლამდე იბერიელები ცხოვრობდნენ. ურარტუს სახელმწიფოებრივი ზეობის ხანაში უკვე პატრიარქატის ეპოქაა და ღმერთიც მეომარი მამაკაცის სახით წარმოედგინათ. ხალდიმ ფუნქცია იცვალა და გარდაისახა მეომარ ღმერთად - ხალდედ. სახელი ,,ხალდე” სვანეთში ერთ-ერთ სოფელს ჰქვია.
- ამ ყველაფრიდან რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
- დასკვნა ასეთია: რომელი ენითაც იხსნება ეტიმოლოგიურად ტოპონიმი, ეთნონიმი, თეონიმი, ისინი იმ ერის კუთვნილებაა.
მაშასადამე, ფალდეველები იბერებია და იბერიიდან არიან მიგრირებულნი. შუამდინარეთის ველზე პირველმოსახლეებმა მიიტანეს კერამიკის ფორმები თავისი ქვეყნიდან, უძველესი კერამიკის სამშობლო კი იბერიაა.
ძვ. წ. აღ. მე-2 ათასწლეულში, იბერიიდან გადასახლებულებმა შექმნეს დიდი კულტურის მქონე ორი სახელმწიფო - დიდი ხეთი, დღევანდელ კაბადოკიასა და მის ჩრდილოეთით და მცირე ხეთი, დღევანდელ პალესტინაში, რომელიც შემდგომ შეუერთდა ისრაელს და დაერქვა იუდეა, რომლის ქალაქ ნაზარეთში იშვა იესო ქრისტე.
- რა მაგალითების მოყვანა შეგიძლიათ იმის დასამტკიცებლად, რომ იბერიული სიტყვარი მსოფლიო ენებში განივთულია?
- ამის დამამტკიცებლად მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოვიტან:
G,,გარდე-წრე” ფრანგულად, ,,გარდე-წრე” სვანურად.
,,გეო”, ,,გე” - მიწა ბერძნულად, ,,გიმ”, ,,გი”, ,,გე” - მიწა მეგრულად და სვანურად.
,,,ვაცუუმ” - სიცარიელე ლათინურად, ,,კუმ”, ,,კუიმ” სიმუნჯე სვანურად.
,ლინკელ” - კუთხე გერმანულად, ,,ლინკელე” - კუთხეში მიმწყვდევა სვანურად.
,,იმბეცილუო” - უმეცარი ლათინურად, ,,უმბეცილ” - უმეცარი სვანურად.
,,ლიბიდო” - მოზიდვა ლათინურად, ,,ლიბიდ” - მოზიდვა სვანურად.
,,რივერ” - მდინარე ინგლისურად, ,,რივ-ეღვარი” - სვანურად, ,,რივენ-დიდი” მდინარე სვანურად.
,,დევა” - ქალიშვილი რუსულად, ,,დივო” - ქალიშვილი სვანურად და ა.შ.
ბოლო დროს ევროპელმა მეცნიერებმა ენის წარმოშობის ადგილად კავკასია, კერძოდ, საქართველო აღიარეს, ამერიკელმა მეცნიერებმა კი, სვანური დნმ-ის ანალიზით დაასკვნეს, რომ იგი მიეკუთვნება უპრეცედენტოდ უძველესი ცივილიზაციის შემქმნელ ხალხს. ამიტომ ქართველი ერი, როგორც უძველესი ცივილიზაციის სათავე, მსოფლიოს მიერ დაცული უნდა იყოს.
- ბატონო აკაკი, თქვენეული სამეცნიერო თეორიებით საქართველო და ევროპა უხსოვარი დროიდან ერთიანი ყოფილან.
- სწორედაც ასეა, დიდი გამყინვარების მერე, ევროპის კონტინენტი და სხვა გეოგრაფიული ადგილები იბერებმა აითვისეს. ლათინო-ევროპულ ერებში იბერული სიტყვანია განფენილი და ყველა შემთხვევაში, ისტორიული ლოგიკა ჩვენს მხარესაა.