გიორგი პაპუაშვილმა 2007-2015 წლებში, ხელფასის სახით, მილიონ ლარამდე აიღო

გიორგი პაპუაშვილმა 2007-2015 წლებში, ხელფასის სახით, მილიონ ლარამდე აიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მოადგილეების სახელფასო და სამივლინებო ხარჯებს აუდიტის სამსახური შეისწავლის?    
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ახალგაზრდა ადვოკატები'' მედიისთვის საინტერესო ინფორმაცია დააანონსა. რამდენიმეთვიანი კვლევების საფუძველზე, მათ განაცხადეს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მსოფლიოში ყველაზე ძვირი მართლმსაჯულების ორგანოა და ამ თემაზე 30 სექტემბერს ბრიფინგის ჩატარებაც გადაწყვიტეს. საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ-სამართლებრივი ციებცხელების გამო, ბუნებრივია, ამ თემით ჩვენც დავინტერესდით და ,,ახალგაზრდა იურისტებს'' დავუკავშირდით. მათ ,,ვერსიას'' ექსკლუზიური ინფორმაცია მიაწოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხარჯვითი ნაწილის შესახებ და კვლევის შედეგებიც გაგვაცნეს. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოპოვებული რიცხვები კი მართლაც შთამბეჭდავია.    
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის თქმით, ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და მოსამართლეების ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეისწავლა. ვინაიდან სასამართლო ბათუმში 2007 წლის ივნისიდან საქმიანობს, მონიტორინგიც სწორედ 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ორგანიზაციის ინტერესის საგანი, ხელფასების გარდა, მოსამართლეთა სამივლინებო ხარჯებისა და პრემიების შესახებ ინფორმაციაც გახდა.კვლევის შედეგებით,საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა, 2015 წლის იანვარ-ივნისში, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, 56 925 ათასი ლარი მიიღო, 2014 წელს - 134 820 ლარი, 2013 წელს - 204 675 ლარი, 2012 წელს - 102 850 ლარი, 2011 წელს - 98 025 ლარი, 2010 წელს - 95 700 ლარი, 2009 წელს - 97 015 ლარი, 2008 წელს - 95 610 ლარი, ხოლო 2007 წელს - 40 500 ლარი. არანაკლებ შთამბეჭდავია პაპუაშვილის სამივლინებო ხარჯებიც: 2015 წლის იანვარ-ივნისში - 18 249 ათასი ლარი, 2014 წელს - 69 607 ლარი, 2013 წელს - 32 500 ლარი, 2012 წელს - 47 682 ლარი, 2011 წელს - 44 007 ლარი, 2010 წელს - 35 538 ლარი, 2009 წელს - 50 118 ლარი, 2008 წელს - 52 073 ლარი, ხოლო 2007 წელს - 10 927 ლარი. ჯამში, 2007-2015 წლებში, პაპუაშვილმა 926 120 ლარი მიიღო, მისმა სამივლინებო თანხამ კი 360 706 ლარი შეადგინა. 
თანაც, ,,ახალგაზრდა ადვოკატების'' მტკიცებით, საკონსტიტუციომ სასამართლოსგან მათ ვერ მიიღეს კონკრეტული პასუხი კითხვაზე, პაპუაშვილის რომელი მივლინებების დროს დახარჯა ამხელა თანხა სახელმწიფომ. თუმცა, როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, პაპუაშვილის მოადგილეებისა და სასამართლოს მდივან- მოსამართლეების შრომაც საკმაოდ კარგადაა დაფასებულ- ანაზღაურებული. 
პაპუაშვილის მოადგილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის შრომა, 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 1 ივნისამდე, ჯამში, 679 620 ლარად შეფასდა. მისი სამივლინებო ხარჯი კი, ჯამში, 82 824 ლარი აღმოჩნდა. პაპუაშვილის კიდევ ერთმა მოადგილემ, ზაზა თავაძემ 2010-2015 წლებში, თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და დანამატის სახით, ჯამში, 483 013 ლარი მიიღო. მისი მივლინებები კი ბიუჯეტს 18 867 ლარი დაუჯდა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებს, მათი შემოსავლები, 2007-2015 წლის პირველი ნახევრისთვის, 50 000-დან 95 000 ლარამდე მერყეობს. 
ერთი სიტყვით, ჩვენი ქვეყნის არცთუ სახარბიელო სოციალური ვითარებიდან და ზოგადი ფონიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველაზე მდიდარ საჯარო უწყებად შეიძლება ჩაითვალოს. მის თავმჯდომარეზე მაღალი შრომითი ანაზღაურება კი მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს ჰქონია. ,,ვერსიამ'' რამდენიმე კითხვა ,,ახალგაზრდა ადვოკატების'' ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილსაც დაუსვა:
- რამდენი ხანია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზე მუშაობთ და მაინცდამაინც ამ უწყების ხარჯებით რატომ დაინტერესდით? 
- ამ ინფორმაციის გამოთხოვნა 2015 წლის მარტში დავიწყეთ. საერთო სასამართლოებთან შედარებით, საკონსტიტუციო სასამართლო ყველაზე ,,მხარჯველი'' ორგანო აღმოჩნდა. ჩვენი ინტერესი იმანაც გამოიწვია, რომ უკვე მრავალი თვეა, ვმუშაობთ გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების თემაზეც. მაშინ, როცა პაპუაშვილი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიერ, 2007 წელს, სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ნაყიდ სახლში ცხოვრობს, რომლის რეალური და კანონიერი მფლობელი ქონებაჩამორთმეული როლანდ ბლადაძეა, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ,,დამსახურებისთვის'' იღებს პაპუაშვილი ამ ოდენობის თანხას სახელმწიფო ბიუჯეტიდან! მართალია, თავმჯდომარეცაა და მოსამართლეებიც, კანონით, სოციალური დაცვის გარანტიებით სარგებლობენ, მაგრამ ეს კოლოსალური თანხების ხარჯვას სულაც არ ნიშნავს. გამოდის, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განსახილველად იკრიბება, წელიწადში რამდენჯერმე და მშვენიერი საზაფხულო და ზამთრის არდადეგებს ატარებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. 
- რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების განსახილველად იკრიბებაო? მათ საკმაოდ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების გათანაბრების შესახებ. 
- ეს შეხედულება პრაქტიკიდან გამომდინარე ჩამოგვიყალიბდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც მიმართავენ. თუმცა დიდია განსხვავება რიგითი მოქალაქეების სარჩელებისა და მაღალი საჯარო ინტერესის მქონე, პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეების განხილვის ვადებს შორის. ზოგადად, სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 9-თვიანი ვადა აქვს, თუმცა უგულავას საქმეზეც და საარჩევნო საკითხთან დაკავშირებითაც, მათ საქმე შემჭიდროვებულ ვადებში განიხილეს. ასევე, ვფიქრობ, წინ გვაქვს არანაკლებ საინტერესო გადაწყვეტილებები. კერძოდ, მაღალია ე.წ. მოსმენების შესახებ კანონისა და ეროვნული ბანკის საზედამხედველო სამსახურის ანტიკონსტიტუციურად ცნობის ალბათობა. ხოლო ამ საკითხებზე გადაწყვეტილებასაც, ჩემი აზრით, შემჭიდროვებულ ვადებში მოვისმენთ, ანუ სულ რამდენიმე თვეში, 2016 წლის თებერვლამდე, ვიდრე გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება. 
- ეს შთამბეჭდავი რიცხვები მხოლოდ მორალური შეფასებისა და დავის საგანი შეიძლება გახდეს თუ სამართლებრივიც? 
- კანონის თანახმად, აუდიტის სამსახური ყველა უწყებას, მათ შორის, სასამართლოს ხარჯით ნაწილსაც სწავლობს. არ ვიცი, ბოლოს როდის შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოში აუდიტის სამსახური. გამოქვეყნებული კვლევა და ეს ასტრონომიული რიცხვი მეტყველებს, რომ ღატაკ ქვეყანაში მდიდარი საკონსტიტუციო სასამართლო გვყავს! ჩვენ არ ვიცით, რეალურად რას ფლობს პაპუაშვილი, რადგან მას დეკლარაციაში მხოლოდ ბლადაძის კუთვნილი ბათუმის სახლი აქვს მითითებული. როგორც ამბობს, ყველა ქონება კანონის დაცვით შეიძინა, ამიტომ გამოვიდეს და უთხრას საზოგადოებას, რა თანხებით და კონკრეტულად რა ქონებას ფლობს თბილისსა და ბათუმში. იგი დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი საჯარო მოხელეა ქვეყანაში. ჩვენს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიც ამას ადასტურებს და ამ კვლევით შესაბამისი საგამოძიებო უწყებებიც უნდა დაინტერესდნენ.