საჯარო სკოლებისთვის იურისტის მომსახურება უფასოა!

საჯარო სკოლებისთვის იურისტის მომსახურება უფასოა!

116-ე სკოლის პედაგოგი და ამავდროულად, საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი დავით ფერაძე, განათლების სამინისტროს მორიგ ბრალდებას უყენებს. სამინისტროს მუდმივი კრიტიკოსი აცხადებს, თითქოს, სკოლებს ადმინისტრაციული მომსახურების შესყიდვას აიძულებენ და მინიშნებას აკეთებს კორუფციულ გარიგებებზე. „დაინტერესებული პირებისთვის“ ბრალდება მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ ფერაძის გარდა ამ თემაზე არავინ საუბრობს. არადა, ძალიან ძნელი დასაჯერებელია, რომ ძალადობის არსებობის შემთხვევაში საქართველოში არსებული 2085 საჯარო სკოლიდან, რომელიმეს დირექტორს ანონიმურად მაინც არ გაეპროტესტებინოს.

უფრო მარტივად რომ ვთქვათ, საუბარია იურიდიულ მომსახურებაზე. საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სამინისტრო სკოლებს ავალდებულებს გარკვეულ საფასურად მის მიერ მითითებული იურიდიული მომსახურება იქირაოს. მართალია, ფერაძე არ ამბობს, რომ  სამინისტრო ამ მომსახურების „წილშიც ზის“, მაგრამ  ნებისმიერ შემთხვევაში, საჯარო უწყებისთვის ბრალდება ძალიან სერიოზულია.

წინა კვირას, მას შემდეგ რაც აღნიშნული თემა გაჟღერდა, შევეცადეთ ინფორმაცია სკოლებში გადაგვემოწმებინა. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა - ფერაძის ბრალდება არავინ დაადასტურა!  შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული მე-60, 122-ე, 128-ე, 123-ე, 64-ე, 151-ე, 47-ე, 50-ე, 62-ე სკოლების დირექტორებმა არათუ უარყვეს ძალადობა, მათთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, რომ მათი სახელით კორუფციულ ბრალდებაზე საუბრობენ.

გამომდინარე იქიდან, რომ დავით ფერაძე 116-ე სკოლის მასწავლებელია, ვივარაუდეთ, რომ სამინისტროს მხრიდან იძულებას ადგილი მისი სკოლის დირექრტორზე ჰქონდა, თუმცა, დირექტორმა ნანა ღაჭავამ მოკლედ გვიპასუხა: „ხელშეკრულება არც არავისთან მაქვს გაფორმებული და არც არავის შემოუთავაზებია. თუ დამჭირდება მსგავსი მომსახურება, ამას აუცილებლად ჩემი სურვილით გადავწყვეტ. ამ ეტაპზე კი, საკმაოდ კარგად ვსარგებლობ რესურსცენტრის იურისტით, რომელიც რეკომენდაციებს მაძლევს ნებისმიერ საკითხზე“ - გვითხრა 116-ე სკოლის დირექტორმა. შესაბამისად, უპასუხოდ რჩება კითხვა - ვის უფლებებს იცავს დავით ფერაძე?

ახსნა-განმარტებებისთვის „ვერსია“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც საკითხში დეტალურად გაგვარკვიეს. როგორც ირკვევა, 2012 წლის დეკემბრამდე, სამინისტროს ერთ-ერთ სსიპ-ში, კერძოდ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში  სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური გაუქმდა.უფრო ზუსტად, 2011 წლის 20 აპრილის №06-21/5139 წერილის (ცენტრში რეგისტრაციის №03-2825) საფუძველზე სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2011 წლის 20 აპრილის №194 ბრძანებით დამტკიცებული ცენტრის 2011 წლის საშტატო განრიგით, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს დაემატა რეგიონალური სამმართველო, რომელიც აერთიანებდა 3 საშტატო განრიგით გათვალისწინებულ  და 61 შტატგარეშე თანამშრომელს.

2013 წლის 01 თებერვლის ცენტრის დირექტორის №35 ბრძანებით დამტკიცებული საშტატო განრიგით აღარ არის განსაზღვრული რეგიონალური სამმართველო და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: სამართალშემოქმედებისა და დავების სამმართველო. იურიდიული კონსულტაციის გაწევის ფუნქცია-მოვალეობები ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურს გაუუქმდა და გადაეცა საგანმანათლებლო რესურსცენტრებს (იურისტებს).

როგორც სამინისტროში განმარტავენ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა აღნიშნული სამსახურის არაეფექტურობა და მისი ფუნქციონირებისათვის გაწეული დიდი ხარჯები. ორმაგი საბიუჯეტო ხარჯი, რაც გამოიხატება შემდეგში:

ყველა საჯარო სკოლა ვალდებული იყო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან დაედო ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ და გადაეხადა თვეში 100-200 ლარამდე, მიუხედავად იმისა, ესაჭიროებოდა და სარგებლობდა თუ არა სკოლა ცენტრის იურიდიული მომსახურებით. შესყიდვების ან სხვა სფეროში მომსახურებისათვის სკოლა იხდიდა დამატებით თანხას, რომელიც შეადგენდა 250 ლარს. სკოლების მიერ ცენტრისათვის, მხოლოდ იურიდიული მომსახურებისათვის, გადახდილი თახნა შეადგენდა თვეში 300 000 ლარს (წელიწადში 3,600 000 ლარს).

გარდა ამისა, რეგიონალური სამმართველოს თანამშრომლები (3 საშტატო და 61 შტატგარეშე) ხელფასს იღებდნენ ცენტრიდან იგივე მომსახურებაში.

ზემოთ აღნიშნული მომსახურების ფარგლებში გადახდილი თანხების არაეფექტურობას და განხორციელებული რეფორმის ხარჯთსარეგბლიანობას სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლეთათვის ბიუჯეტიდან ხელფასის სახით გაცემული თანხებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებისთვის (იურისტებისთვის) კონსულტაციის გაწევის მიზნით გადახდილი თანხების შედარება ადასტურებს. კერძოდ, თუ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომელთათვის გადახდილმა თანხამ, ერთი წლის განმავლობაში (2012 წელს), შეადგინა დაახლოებით 480 000 ლარი, საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლებისთვის (იურისტებისთვის) კონსულტაციის გაწევის მიზნით გადახდილმა ერთი წლის თანხამ (2014 წელი), შეადგინა 440 000 ლარი. ხელფასის გარდა, სკოლების მიერ ცენტრისათვის, მხოლოდ იურიდიული მომსახურებისათვის, გადახდილი თახნა შეადგენდა თვეში 300 000 ლარს (წელიწადში 3,600 000 ლარს). რაც ნიშნავს, რომ ერთი და იგივე მომსახურებაში იხდიდა სკოლა და ცენტრიც. როგორც ჩანს ადგილი ჰქონდა ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. 

„ვერსიამ“ გაარკვია ისიც, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში ანუ საგანმანათლებლო რესურსცენტრში, ერთი იურისტი მუშაობს. ამ ეტაპზე სულ 57 იურისტი ჰყავთ, ხოლო 5 რესურსცენტრში ვაკანსიაა გამოცხადებული. რაც შეეხება მათ აყვანას,  რესურსცენტრებში, იურისტის სამსახურში აყვანა მხოლოდ კონკურსით ხდება, ხოლო მათი ხელფასი 740 ლარს შეადგენს.

ხაზგასასმელია ის მომენტი, რომ სამართლებრივ დახმარებას საჯარო სკოლებს რესურსცენტრის იურისტი სრულიად უფასოდ უწევს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონით „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, განსაზღვრულია სსიპ-ის უფლებები, ამ კანონის მე-3 და მე-10 მუხლები ცალსახად ადგენს, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირი დამოუკიდებლად დებს გარიგებებს და სსიპ-ის ხელმძღვანელი ორგანიზაციის წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად მოქმედებს. სამინისტროს უფლებამოსილება შემოფარგლულია სახელმწიფო კონტროლით, რაც გულისხმობს სსიპ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.

ანალოგიურად არეგულირებს საჯარო სკოლის მართვის საკითხს საქართველოს კანონი  „ზოგადი განათლების შესახებ“, კერძოდ ამ კანონის 43-ე მუხლით ასევე განსაზღვრულია სკოლის დირექტორის ფუნქციები, რომელიც დამოუკიდებლად მართავს სკოლას (სკოლის მმართველობის ორგანოებთან ერთად) რაშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არ ერევა. აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია საკითხი თუ რა სახის მომსახურება სჭირდება სკოლას დასახული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად.

თუ რატომ ისმის სამინისტროს მისამართით ბრალდება, რომ სკოლებს ადმინსიტრაციულ მომსახურებას აიძულებენ, კითხვა მინისტრ თამარ სანიკიძეს დავუსვით:

„ინფორმაცია კატეგორიულად არ შეესაბამება სიმართლეს. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ სწორედ 2013 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად სკოლებს აქვთ არჩევანის თავისუფლება, კანონის ფარგლებში ნებისმიერი  შესყიდვის თუ მომსახურების გასაწევად კომპანიის არჩევის გადაწყვეტილების მიღებაში. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ დღეს სკოლებს იურიდიული მომსახურებისათვის კომპანიის დაქირავება არ სჭირდებათ. არის ერთეული შემთხვევები, როდესაც სკოლა საჭიროებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ქირაობს კომპანიას კომბინირებული მომსახურებისათვის, როგორიც არის შესყიდვები, მენეჯმენტი, აუდიტი და ა.შ.

საბოლოოდ, მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ სკოლები სწორედ 2013 წლამდე არ იყვნენ არჩევანში დამოუკიდებლები, გადაწყვეტილებებში ყველა მათგანი შეზღუდული იყო, რადგან ერთადერთი ორგანიზაცია ვისთანაც სავალდებულოდ უხდებოდათ ურთიერთობა, საჭიროების დასაბუთების მიუხედავად, ხარისხის ცენტრის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენდა“.