პოროშენკო: კონფლიქტი უკრაინას ყოველდღიურად 5 მილიონი დოლარი უჯდება

პოროშენკო: კონფლიქტი უკრაინას ყოველდღიურად 5 მილიონი დოლარი უჯდება

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ბრძოლის გამო უკრაინა ყოველდღიურად 5 მილიონ დოლარს კარგავს, რაც მას შეეძლო განვითარებაზე დაეხარჯა.

პოროშენკო ამ განცხადებით 27 სექტემბერს გამოვიდა გაეროს სამიტზე. მისი თქმით, ბრძოლამ, რომელიც 2014 წლის დასაწყისში დაიწყო, უკრაინას დააკარგვინა „ეკონომიკური პოტენციალის დაახლოებით მეხუთედი“.

პოროშენკომ აღნიშნა, რომ მშვიდობა და თავისუფლება აუცილებელია გაეროს განვითარების მიზნების მისაღწევად და განაცხადა, რომ რუსეთის ნაბიჯები უკრაინას არ აძლევს განვითარების საშუალებას.

სააგენტო „ტასის“ თანახმად, პოროშენკოს გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა რუსეთის დელეგაციის ყველა წევრმა, ერთის გარდა.

პოროშენკოს თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატიზმმა ათასობით ადამიანისთვის გამოიწვია ახალი ტიპის სიღარიბე - მოულოდნელი ან უცაბედი გაღარიბება.

პოროშენკო 27 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა კლინტონთა გლობალური ინიციატივის მიერ გამართულ შეხვედრაზე: „ყირიმის ანექსირების შემდეგ, აღმოსავლეთ უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ჩვენ სრულიად სხვა მსოფლიოში ვცხოვრობთ. თუკი შემეკითხებით, ძალიან მოკლედ გეტყვით იმის შესახებ, თუ რა გვესაჭიროება თქვენგან და მსოფლიოსგან. პასუხი მარტივია და ორი ასპექტისგან შედგება. პირველი - გვჭირდება ტრანსატლანტიკური ერთობა. გვჭირდება ერთობა აშშ-ს, კანადას, ევროკავშირს, ავსტრალიას, იაპონიას, მთელ მსოფლიოს შორის. მეორე - გვჭირდება უკრაინასთან სოლიდარობა - იმ უკრაინელ ხალხთან, რომელიც იბრძვის მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის - არა მხოლოდ სუვერენიტეტისთვის, არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენ თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის ვიბრძვით“.

რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება 2014 წლის მარტში მოახდინა. ეს ნაბიჯი 100-ზე მეტმა ქვეყანამ დაგმო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამართულ კენჭისყრაზე.

კიევი და დასავლეთი ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი სამხედრო ძალას და იარაღს გზავნის უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის გაძლიერების მიზნით. 2014 წლის აპრილის შემდეგ ამ კონფლიქტს ემსხვერპლა 7,900-ზე მეტი ადამიანი. მოსკოვი უარყოფს ბრალდებას.

უკრაინის და მეამბოხეთა ძალები ერთმანეთს სდებდნენ ბრალს თებერვალში მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების სისტემატურ დარღვევაში, თუმცა ამ ეტაპზე ორივე მხარე ძირითადად იცავს განახლებულ ზავს, რომელიც 1 სექტემბერს შევიდა ძალაში.

პოროშენკოს გამოსვლა ერთი დღით უსწრებს წინ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვას - ათწლეულის განმავლობაში, ეს პუტინის პირველი გამოსვლა იქნება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე.

კრემლი აცხადებს, რომ პუტინს თავისი ვიზიტის დროს სურს კონცენტრაცია მოახდინოს ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტებთან ბრძოლის საკითხზე. კიევს და მის მოკავშირეებს - მათ შორის, ვაშინგტონს - სურთ მოსკოვზე ზეწოლა განხორციელდეს საიმისოდ, რომ მან შეწყვიტოს სეპარატისტთა მხარდაჭერა. თავად კრემლი უარყოფს ამ ბრალდებას.