რას ითხოვს გედევან ფოფხაძე ხელისუფლებისგან და რატომ ელის ნაციონალებისგან რევოლუციას
ერთ ფლანგზე გოსდუმის წევრებთან შეხვედრის რიგში ჩამდგარი ოპოზიცია, მეორეზე - 10-პარტიული გაერთიანება, რომელიც საარჩევნო სისტემის შესაცვლელად 200 000 ხელმოწერას აგროვებს, მესამეზე მარადუკვდავი ნაციონალები, თავიანთი გმირებითა და პატიმრებით, პოლიტიკური ლანდშაფტის ფონად კი - სოციალური კრიზისი. ფაქტია, ხელისუფლება არცთუ საოცნებო დღეშია. რაში ხედავს გამოსავალს ბორჯომის მაჟორიტარი უმრავლესობიდან - მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზს ,,ვერსიისთვის'' ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე აკეთებს.
- ახლახან, დიდი ოპოზიციური შეხვედრა დასრულდა საარჩევნო საკითხებზე. რატომ არაფერს ცვლით-მეთქი, აღარ გეკითხებით. უბრალოდ, დასწრებით მაინც რატომ არავინ დასდო პატივი ,,ოცნებიდან''?
- ამ შეხვედრის შესახებ არაფერი ვიცოდი. კახა კუკავა თუ დამირეკავს და მეტყვის, მოდიო, მივალ. თუ ვინმე მომიწვევს, რატომაც არ მივალ?
- აქ პერსონალურ მოწვევაზე კი არა, ხელისუფლების მონაწილეობაზე იყო საუბარი.
- მე არ ვარ ხელისუფლება, პარლამენტის ერთი წევრი ვარ. ზოგადი მოწვევა არაფერს ნიშნავს. ოფიციალურ დონეზე, იქ ისედაც არავინ მელოდა, ალბათ, უფრო ფრაქციის თავმჯდომარის გამოჩენა ერჩივნათ.
- როგორც მესმის, არც 200 000 ხელმოწერა გაშინებთ?
- ხელმოწერების შეგროვებას საქართველოში ისედაც ყველა ახერხებს. ხათრიანი ხალხია ქართველები და ყველას ხელს უწერენ. პროცედურულად, შეგროვების შემთხვევაში, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც ამ საკითხს ხელს მოკიდებს, საჯარო განხილვებს მოაწყობს, მერე საკითხს პარლამენტში დააყენებს, მაგრამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 114 ხმას მაინც ვერ შეაგროვებენ. ზოგადად, შენობაშიც, კარგა ხანია, 114 დეპუტატი ერთად არ მინახავს.
- ამ დროს, ოპოზიციამ რუსეთში სიარულს ისევ მოუხშირა: ბაღათურიას ბურჯანაძე მიჰყვა, ხალხი საარჩევნოდ ფულს იმარაგებს...
- მერე რა, მე არ მაქვს პრობლემა. ვინ სად შოულობს ფულს, ეს მათი პირადი საქმეა. ეს მათი არჩევანია. მთავარია, ეს ყველაფერი სამართლებრივ ჩარჩოში ჯდებოდეს. თუ ეს დაფინანსება იმაში გადაიზრდება, რომ ვიღაცას არეულობის მოწყობა და ხელისუფლების დამხობა მოუნდება, ეს უკვე სხვა თემაა.
- ახლა ძალიან აქტუალურია საუბარი იმაზე, რომ პრორუსული ძალები პარლამენტში უხვად მოხვდებიან, რომ რუსეთი იმზადებს დასაყრდენს და ა.შ. ამ საერთო შეშფოთებას არ უერთდებით?
- ეს უფრო კონიუნქტურისთვის კეთდება, რათა დანარჩენებმა თქვან, ამათ სალამს არ ვეტყვით, ჩვენი მტრები არიანო. ამით ვიღაცები პუბლიკაზე ითამაშებენ. თუმცა მე ჩემი შეხედულება მაქვს: ნინო ბურჯანაძე ,,ვარდების რევოლუციის'' 3 ლიდერიდან ერთ-ერთი იყო, თანაც, პარლამენტის თავმჯდომარე და მის გარეშე მაინც არაფერი გამოვიდოდა. იგი გამოკვეთილ პროდასავლურ ძალად ითვლებოდა.
- დღეს კი გამოკვეთილ პრორუსულ ძალად ითვლება.
- დიახ, რეალობა ახლა ასეთია. ადამიანები, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ხშირად იცვლიან ღირებულებებს. ის კი არაა ჩემთვის მიუღებელი, რუსეთში რომ ჩადის, არამედ ის, ადრე ამერიკაში რომ ჩადიოდა. თუმცა სხვას არ შევაფასებ, ჩემს თავზე ვიტყვი: რუსეთში, პოლიტიკური მიზნებისთვის, არასდროს ჩავალ, თუ ეს სახელმწიფოების დონეზე მომზადებული კონკრეტული საკითხი არ იქნა.
- ერთი სიტყვით, აქვს თუ არა რუსეთს დასაყრდენი საქართველოში?
- არა მგონია, სწორი იყოს, საზოგადოება 24-საათიანი საფრთხის რეჟიმში ვაცხოვროთ. ცალსახად თუ ვიტყვით, რომ ოპოზიციის რუსეთში სიარულის ტენდენცია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული და ეს დანაშაულიაო, ამით, უბრალოდ, რაღაც პროცესს დავხუფავთ, მაგრამ ვერ გავაჩერებთ. ჩემი აზრით, ეს ძალიან გულუბრყვილო პოზიციაა. ვინმე ივლის თუ არა იქ, რუსეთი, თუკი ამის სურვილი აქვს, დასაყრდენს უცებ შექმნის აქ და ეგ იქნება. ბოლო ბოლო, რუსის ჯარი დგას ახლა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთში ვიღაც ყოველთვის ივლის, ფარულად თუ ხილულად. ფარულად რომ დადიოდნენ, ეგ უფრო მაღიზიანებდა ყოველთვის და ეს საფრთხის შემცველადაც მიმაჩნდა.
- ასეთივე ტოლერანტული განწყობა რატომ არ გაქვთ სხვა ოპოზიციონერების, იგივე უგულავას მიმართ. თუ რუსეთში სიარული ოპოზიციისთვის განაჩენი არაა, ნაციონალური მოძრაობის წევრობა რატომაა განაჩენი?
- საკითხს ასე არ ვაყენებ. ჯერ ერთი, თავად უგულავას გასამართლების პროცესში ბევრი ხინჯი იყო და საერთოდ, ვითარებაც კომიკური გახდა.
- როცა ციხეში ახალაია- მერაბიშვილიც სხედან და არც მათი საქმეების შემთხვევაში იყო პროკურატურა მოწოდების სიმაღლეზე, რატომ ვქმნით გმირს მაინცდამაინც უგულავასგან, რა გათვლა აქვთ ნაციონალებს?
- ვფიქრობ, მათ გუნდში მერაბიშვილის გარემოცვა ახალაიასადმი უარყოფითადაა განწყობილი, ახალაიასი - მერაბიშვილისადმი. უგულავას მიმართ კი ორივე მხარე ნეიტრალური მგონია. ვანო და ახალაია უგულავასთან წინააღმდეგობაში არ არიან. არც იმას ამბობს ვინმე, თუ რამე ცუდი მოუვიდა ნაციონალურ მოძრაობას, უგულავას ბრალიაო. ყველაფერი დანარჩენი უკვე პიარის საკითხია. ალბათ, ჩათვალეს, რომ უგულავას გაპიარებას უფრო შეძლებენ. გარდა ამისა, ის არც ძალოვანი სისტემის წარმომადგენელი ყოფილა. თბილისის საკმაოდ დიდი ბიუჯეტით კი ისარგებლა, მაგრამ ჩვენში ახლაცაა სტერეოტიპი, სახელმწიფოს მოპარა, მე ხომ არაო. ალბათ, შიდაპარტიული რესურსი უგულავას სხვებზე მეტი აქვს და საერთოდ, თავად გუნდი შეიძლება მის გარშემოც შემოიკრიბოს. თუმცა არ ვფიქრობ, რომ ნაციონალებს არჩევნების გზით ხელისუფლებაში დაბრუნების პრეტენზია ჰქონდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი საჯარო რიტორიკაა და ხაზგასმით არჩევნებზე საუბრობენ, მაინც ვფიქრობ, ისინი რაღაც სხვა სცენარისთვის ემზადებიან.
- როცა ხელისუფლების წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებს, რაღაც საფუძველიც უნდა ჰქონდეს. რაში აწყობს ნაციონალურ მოძრაობას ამის გაკეთება. ხალხზე მეტად მისი დასაყრდენი ხომ ისევ დასავლეთია და არეულობისკენ რატომ უნდა მიისწრაფოდნენ?
- აბა, მიზანი რა აქვთ, მოიგონ არჩევნები და გააფორმონ? მოდით, ამ საკითხს რეალისტურად მივუდგეთ: ნაციონალური მოძრაობა არჩევნებს ვერ მოიგებს. ე.ი. ის მთავრობას ვერ აკომპლექტებს და ისევ რჩება იმ პოზიციაში, რაშიც არის.
- ფიქრობთ, ნაციონალები მარტო იქნებიან და დანარჩენ ოპოზიციას არ ჩაიბამენ?
- ანუ, ყველა ,,ოცნების'' წინააღმდეგ? თუ ასეთი კოალიცია კეთდება, სხვა საქმეა, მაგრამ ნაციონალები მაინც ვერ მოდიან ხელისუფლებაში. ვფიქრობ, სხვა გზა არ აქვთ: ისინი ჯერ უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში და მერე ჩაატარონ არჩევნები.
- ანუ, თქვენც ,,ცხელ გაზაფხულს'' აანონსებთ?
- ლოგიკურად ვმსჯელობ. დიახ, ისინი ამ გზით უნდა წავიდნენ, თორემ არჩევნების გზით ვერ მოიგებენ.
- აბა, ამ გზით მოიგებენ?
- სქემა ასეთია: ატარებენ საპროტესტო აქციებს, ნიღბავენ ამ მოძრაობას საპროტესტო აქციის სახელით, მერე იღებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ატარებენ არჩევნებს.
- და თქვენ რას აკეთებთ ამ დროს?
- ჩვენც არც ისეთი უნიათოები ვართ, როგორც გამოვყავართ. თუმცა ისინი საპროტესტო მუხტს ვერ აწევენ და თუ ასეთი გაჩნდა, ვერ გამოიყენებენ. მაინც მგონია, რომ ნაციონალებს არეულობის მოწყობის რესურსი არ ექნებათ. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად უნდა ვიყოთ ასეთი საფრთხეებისთვის და პროვოკაციის შესაძლებლობა არ მივცეთ. თუმცა აქციები არ უნდა დაირბეს. მაინც მგონია, საარჩევნო გზა მათთვის უტოპიაა და ალბათ მეორე გზაზე უფრო იფიქრებენ.
- იმდენჯერ თქვით, თითქოს რჩევას აძლევთ, რევოლუცია მოაწყონ.
- არა, რჩევას არ ვაძლევ, ჩემი აზრი ვთქვი, თუმცა არც ერთი სცენარი, ჯამში, ნაციონალებისთვის კარგად არ სრულდება. პარლამენტი თავის ვადას ამოწურავს, ჩატარდება არჩევნები და დაკომპლექტდება ახალი პარლამენტი, სადაც მათ ამხელა წარმომადგენლობა აღარ ეყოლებათ.
- ,,ოცნების'' შიგნით სიების დაკომპლექტებაზეც დიდი ამბები ყოფილა. თურმე, უდიდესი ნაწილი იცვლება. ასეა თუ არა და თქვენ რას აპირებთ?
- ჩემთან, ჯერჯერობით, არავითარი კონსულტაციები არ გამართულა. პრინციპში, დიდად არც მინდა პარლამენტში, მაგრამ გუნდის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს და როგორც გუნდი გადაწყვეტს, ისე იქნება.
- ბორჯომთან არ გაქვთ ეგ გრძნობა, ყველაფერი შეუსრულეთ, რასაც დაპირდით?
- როცა ბორჯომის გამგებელი ვიყავი, მაშინ მეტის კეთების საშუალება მქონდა. ახლა მივიღეთ კანონი და ბორჯომის წყლის რესურსის გადასახადი გავასამმაგეთ, რამაც ბორჯომის ბიუჯეტი 5 მილიონით გაზარდა. ახლა ეს გაზრდილი თანხა უკვე თვითმმართველობამ უნდა გამოიყენოს. მე რაც შემეხება, არ მინდა პარლამენტში, არც მთავრობაში. სიაში ვიქნები თუ არა, პარტიაში მაინც აქტიურად ვიმუშავებ, რათა ძლიერი პოლიტიკური ერთეულის შექმნაში მივიღო მონაწილეობა. მინდა, ,,ოცნება'' იდეოლოგიურად გამართულ პარტიად ჩამოყალიბდეს. იმედი მაქვს, ამ ერთ წელში ,,ოცნება'' პარტიულად ისე განვითარდება, რომ მასში უფრო მეტი თანამოაზრე მეყოლება. მაინტერესებს, რა შეიცვლება ამ ერთი წლის განმავლობაში. თუ ასე არ მოხდა, მაშინ პარტიას დავტოვებ.
- ეს ძალიან ზოგადი განცხადებაა. რა უნდა მოხდეს, რომ მართლა დატოვოთ ,,ოცნება''?
- 1 ოქტომბერს მივიღეთ შანსი, ნაციონალები დავამარცხეთ და მათ არ დავემსგავსეთ. დღეს ეს მოცემულობა მაკმაყოფილებს, ხვალინდელი საქართველოსთვის კი იგივე მოცემულობა არანაირად არ მაწყობს. თუ 1 წლის მერე ამავე მოცემულობაში დავრჩით, არათუ უკან დავბრუნდებით, უარეს რეალობაშიც გადავალთ. ამიტომ ამ 1 წლის განმავლობაში, პარტიის პოლიტიკური რესურსი უნდა გაძლიერდეს, ახალი ხალხი მოვიზიდოთ და ახალი შანსი მივცეთ ამომრჩეველს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წავალ!