რუსეთმა სირიაში სადაზვერო ოპერაციები დაიწყო

რუსეთმა სირიაში სადაზვერო ოპერაციები დაიწყო

რუსეთი, რომ ასადის რეჟიმს სამხედრო-ტექნიკურ დახმარებას უწევს, ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს. მეტიც, ოფიციალურმა მოსკოვმა სირიის ტერიტორაზე უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით სადაზვერო ოპერაციები დაიწყო. რუსეთის მიერ დაწყებულ სამხედრო საჰაერო ოპერაციას, კოალიციის მიერ დაწყებული ავიაიერიშების ხელისშემშლელ ფაქტორად განიხილავს ვაშინგტონი.

მეტიც, ამერიკის სამხედრო დაზვერვა სირიაში რუსული საფრენი აპარატურის ზრდაზე ამახვილებს ყურადღებას. სატელიტით გადაღებული ფოტომასალიდან ჩანს, რომ სირიაში ქალაქ ლათაკიასთან არსებულ სამხედრო ბაზაზე 28 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი დგას. გარდა ამისა, ცნობილია, რომ სირიაში 5 ათასიანი შეიარაღებული დაჯგუფება მოქმედებს, რომელიც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წარმოადგენს.

ჟურნალ არსენალის სამხედრო მიმომხილველი, ირაკლი ალადაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მთავარი მიზანია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მეორე მიზანი, რომელიც ამ იდეას არის ამოფარებული, ეს არის ბაშარ ასადის ხელისუფლების დახმარება, რომ შეუნარჩუნოს ხელისუფლება.

„სირიის დაკარგვით, რუსეთი გავლენის გარკვეულ ბერკეტებს კარგავს ამ რეგინოში. რუსეთის მთავარი მიზანი არის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა მეორე მიზანი, რომელიც ამას არის ამოფარებული, ეს არის ბაშარ ასადის ხელისუფლების დახმარება, რომ მან როგორმე შეინარჩუნოს ხელისუფლება. ამიტომაც, არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა ჩამოაყალიბოს კოალიცია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსეთი ჩართულია ამ ბრძოლაში, რადგან რუსეთის ინტერესში შედის ასადის რეჟიმის სასარგებლოდ „ისლამური ხალიფატისთვის“ დარტყმის მიყენება. მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ მოსკოვმა სირიის ტერიტორაზე უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით სადაზვერო ოპერაციები დაიწყო, რუსეთმა ასევე გამოიყენა დამასკოში მდებარე კოსმოსური დაზვერვის სატელიტური ცენტრი.

მისივე თქმით, სირიაში რუსეთის სამი ბაზა მოქმედებს -ტარტუსის სამხედრო საზღვაო ბაზა, ლატაკიის პროვინციაში საჰაერო სამხედრო ბაზა და დამასკოში საჰაერო კოსმოსური დაზვერვის ცენტრი. მისივე თქმით, რუსებმა სირიაში პოზიცია კიდევ უფრო გაიმაგრეს.

როგორც ვახტანგ მაისაია აცხადებს, ჩინეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერს სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს სამხედრო წვრთნებს, საერთო პატრულირებას ხმელთაშუა ზღვში და ინდოეთის ოკეანეში.

„აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ სირიის კონფლიქტში რუსეთთან ერთად ჩინეთიც ჩაერთოს, რადგან ეს მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს საზღვაო ბაზების გამოყენებას და კოორდინაციას სამშვიდობო და იძულებითი მშვიდობის, ან სხვა ტიპის დაბალი ინტენსივობის კონფლიქტების მიმდინარეობის დროს. სწორედ სირიის მიმართულებაზე იყო აქცენტი გაკეთებული.

ჩინეთის ინტერესები აღმოსავლეთში საკმაოდ დიდია. ნავთობის 60%-ს აღმოსავლეთის ქვეყნებიდან იღებს და ბუნებრივია, რომ ჩინეთს გააჩნია გეოსტრატეგიული ინტერესები ამ რეგიონში. ჩინეთი სტრატეგიულ მოკავშირეებად განიხალავს ჩრდილოეთ კორეას, კუბას და სხვა სოციალისტური იდეოლოგიის სახელმწიფოებს, შესაბამისად ბაშარ ასადის რეჟიმი ჩინეთის ბუნებრივი მოკავშირეა, რადგან მათ შორის არსებობს იდეოლოგიური თანხვედრა. არ გამოვრიცხავ ჩინეთმა სირიაში გააგზავნოს მრჩეველათა სამხედრო ჯგუფი, ასევე სამხედრო დაზვერვის ოფიცერთა ჯგუფი, რომლებიც რუსებთან ერთად ჩაერთვებიან ლოკალურ ბძროლებში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ექსპერტი, საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ჩინეთის სამხედრო დოქტრინის თანახმად, ჩინელი ჯარისკაცი არასოდეს არ იომებს ჩინეთს გარეთ. ექსპერტი გამორიცხავს, რომ ჩინეთმა არსებულ დოქტრინას გადაუხვიოს, რადგან მისივე თქმით, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთი ყოველთვის ავლენს სიფრთხილეს.

„ჩინეთს არანაიარი ინტერესი არ გააჩნია იმისათვის, რომ გააძლიეროს ბაშარ ასადის რეჟიმი. იმიტომ, რომ ჩინეთი თავის გავლენას დღითი-დღე აძლიერებს აფრიკის კონტიგენტზე. მას შემუშავებული აქვს სტრატეგია და რუსეთისგან განსხვავებით ზუსტად იცის, მსოფლიოს რომელ რეგიონში რა ინტერესები აქვს. ძალზედ მტკიცედ და მკაცრად იცავს ამ იტერესებს. ამიტომ გამოვრიცხავ სირიის კონფლიქტში ჩინეთის ჩართვას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცინცაძე