რა პროცესი დაიწყო გიგი უგულავას ციხიდან გამოშვებით და რა მოთხოვნის გარშემო შეიძლება გაერთიანდეს მთელი ოპოზიცია
პოლიტიკური მოვლენები ისევ გიგი უგულავას დაჭერა-გათავისუფლების გარშემო ტრიალებს. არადა, ეს მხოლოდ იმ პროცესის დასაწყისია, რომელიც დიდი ხანია, სამართალდამცავი უწყებების კედლებს გასცდა და ნაციონალური მოძრაობის ერთწლიან გეგმად იქცა. ამ გეგმის ბოლომდე მიყვანას კი, ნებით თუ უნებურად, ,,ოცნებაც'' ხელს უწყობს.
რა მესიჯებს უშვებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიპი. გიგი უგულავა ჯერ კიდევ სასამართლოს კიბეზე, ქურდულად აანონსებს ,,აბაროტს'' და ,,ოცნებას'', რომელმაც მართლაც თავზე გადასახევი საარჩევნო კოდექსი სამი წელია არ შეცვალა, ამავე კოდექსით ემუქრება: ,,საქართველომ ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩამოიშოროს. არ შეცვლით საარჩევნო სისტემას, ისევ იმ სისტემით ,,აბაროტს'' ავიღებთ და გავიმარჯვებთ''.
ნაციონალურ მოძრაობაში ყველაფერი ძველებურად, ,,მონოლითურად'' რომ აღარაა, ჯაფარიძის ოთხეულის წასვლამაც დაადასტურა, მაგრამ რა ვუყოთ ბოკერიას ჯგუფს, რომლის ლიდერადაც გიგი უგულავა მოიაზრებოდა ანდა სააკაშვილის ძველ გვარდიას ბარამიძე- გაბაშვილი- მაჭავარიანით ცენტრში? ცალკე ფრთად შეიძლება მოვიაზროთ შედარებით ნეიტრალური ლიდერები, რომლებიც ხალხში ყოველთვის ნაკლებ აგრესიას იწვევდნენ - ბაქრაძე- ვაშაძე და მისთანანი. ახალაია- მერაბიშვილი, შესაძლოა, ციხიდან მთლად პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან, მაგრამ უგულავას პრეცედენტიდან გამომდინარე, ახლა ყურადღების ცენტრში ყველა დანარჩენ ნაციონალზე მეტად ისინი აღმოჩნდებიან. და ბოლოს - რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს ამ მოვლენებში და რას ნიშნავს მისი ამჟამინდელი პასიურობა ქართულ პოლიტიკაში, სწორედ ის ხომ არაა ნაციონალების ერთწლიანი წინასაარჩევნო გეგმის კულმინაცია და ფინალი?! თუმცა საინტერესოა, რისი იმედი აქვთ ნაციონალებს, მოსახლეობის უმრავლესობის განწყობა ცალსახაა - უგულავას პრეცედენტი ნაციონალების გამარჯვება კი არა, ,,ოცნების'' არაპროფესიონალიზმისა და უნიათობის შედეგია. ასე მივედით მთავარ კითხვამდე: რა ხდება ციხიდან გიგი უგულავას გამოშვების შემდეგ, ნაციონალების პიარმანქანა უკვე დაქოქილია, როგორ აპირებს პირველ რაუნდში დამარცხებული ,,ოცნება'' მის გაჩერებას?
,,ვერსია'' ექსპერტებსა და პოლიტოლოგებს ესაუბრა, რომელთა უმრავლესობა საინტერესო დასკვნამდე მივიდა: არჩევნებამდე ვითარებას არ დაძაბავენ, ბრძოლა ქუჩაში მხოლოდ 2016 წლის არჩევნების მერე გადავა, ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად.
გია ხუხაშვილი: ,,ხელისუფლებამ, პოლიტიკურად, ეს რაუნდი წააგო. გარდა იმისა, რომ მორალურად არასწორი იყო პროკურატურის მოქმედება, რომელმაც რამდენიმე საათით გაახანგრძლივა პროცესი, მან არასწორი გადაწყვეტილებებიც მიიღო. ამას ნაციონალებიც აკეთებდნენ, ოღონდ გაცილებით დამაჯერებლად. მთელი ამ აბსურდის სათავე კი პროკურატურაშია და სწორედ ის აგებს პასუხს ამ ვითარებაზე. პირდაპირ რომ ვთქვა, პროკურატურა ვერ შედგა, როგორც ბრალდების მხარე. ნაციონალები კი მომხდარს საგარეო და საშინაო მოხმარებისთვის შესანიშნავად გამოიყენებენ მაშინ, როცა ამის გაკეთება ,,ოცნებასაც'' შეეძლო. უგულავას დროულად გამოშვებით, იგი ხალხის რისხვასაც შეარბილებდა და ქვეყნის გარეთაც ექნებოდა სათქმელი, რომ სასამართლო მიუკერძოებელია და ხელისუფლებას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. ამის მიუხედავად, გამოვრიცხავ, ნაციონალურმა მოძრაობამ 2016 წლის არჩევნებში გაიმარჯვოს, მაგრამ პოზიციები ,,ოცნებასაც'' შესუსტებული აქვს. თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ 2012 წლის არჩევნები ჩვეულებრივი მოვლენა არ იყო, ისინი ინერციით, ალბათ, 2016 წელსაც მოიპოვებენ მცირე უპირატესობას. ალბათ, ამ სოციალურ- ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ,,ოცნება'' არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასაც შეეცდება. ნაციონალების მიზანი კი მოგებაზე მეტად პოსტსაარჩევნო კრიზისის შექმნა იქნება: ისინი ქუჩაში გამოვლენ ხელახალი არჩევნების მოთხოვნით. საინტერესო ისაა, რომ ამ მოთხოვნას, შესაძლოა, მთელი დანარჩენი ოპოზიციური სპექტრიც შეუერთდეს, ისინიც კი, ვისაც აქამდე ამ პარტიასთან საერთო არაფერი ჰქონია. არ დაგვავიწყდეს, საჭადრაკო დაფაზე ახლაც ისევ ორი მთავარი ფიგურაა - მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი. რეალურად, მხოლოდ ისევ ამ ორ ადამიანს შეუძლია პოლიტიკური ამინდის შექმნა. ყველა დანარჩენი, გიგი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, უბრალოდ, გეგმის მიხედვით მოქმედებს. ფიქრობთ, სააკაშვილი ამ პოლიტიკური თამაშიდან დისტანცირებულია? არა, უბრალოდ, შესაფერის დროს ელის და ვფიქრობ, ეს დრო სწორედ პოსტსაარჩევნო პერიოდი იქნება, როცა პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად ქვეყანაში ნიადაგი უკვე მომზადებული დახვდება''.
პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე საკონსტიტუციო სასამართლოს ახლანდელ ქმედებას კონტექსტიდან ამოგლეჯილად არ განიხილავს და მიაჩნია, რომ 1 წლის შემდეგ, სასამართლო ხელისუფლებას, დამოუკიდებლის იმიჯით, არჩევნების ბედის გარდატეხა შეუძლია: ,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ გამოაჩინა, რომ ქვეყანაში ისევ ორხელისუფლებიანობაა. ,,ოცნება'' აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს აკონტროლებს, სასამართლო ხელისუფლებაზე კი მისი გავლენა მინიმალურია. ამავდროულად, ჯერ არც სასამართლო ხელისუფლების სრულ დამოუკიდებლობაზე საუბარია გამართლებული, რადგან მთელ ვერტიკალზე ნაციონალებს კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, რა მოხდება ერთი წლის შემდეგ და როგორ მოიქცევიან სასამართლოები ერთი წლის შემდეგ, თუნდაც 2016 წლის არჩევნების შეჯამებისას. არჩევნების შედეგების თემაზე უამრავი საჩივარი შევა და პირდაპირ ვთქვათ - მომავალი არჩევნების ბედს მარტო ამომრჩეველი კი არა, სასამართლოც გადაწყვეტს. ეს კი კონკრეტულად უგულავას გამოშვება- არგამოშვებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ოპოზიციაც გაცილებით თამამი იქნება, ,,ოცნებისთვის'' სერიოზულ გამოწვევად იქცევა.
არაა გამორიცხული, გარკვეული ცვლილებებით, მაგრამ მაინც ვიხილოთ 2003 წლის სცენარი. კერძოდ, ბევრ საარჩევნო ოლქში, სასამართლოებში შესული საჩივრების ფონზე, დიდი შანსია, განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს, რათა სააკაშვილის მეგობარმა ორგანიზაციებმა არჩევნების შედეგები ლეგიტიმურად გამოაცხადონ. საუბარი სულაც არ მაქვს ნაციონალების გამარჯვებაზე, თუმცა, შესაძლოა, საერთაშორისო ორგანიზაციები და შიდა პოლიტიკური ძალები საერთო ინტერესისთვის გაერთიანდნენ და რაც შეიძლება მეტი შედეგი დადონ არჩევნებზე პროდასავლურმა ძალებმა. ასე რომ, ამ პროცესში სასამართლოს გადამწყვეტი როლი ექნება.
მართალია, ვერ წარმომიდგენია ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე, მაგრამ, შესაძლოა, მისი უშუალო გამოჩენისა და გააქტიურების აუცილებლობა არც კი დადგეს დღის წესრიგში. გააჩნია, რამდენად სუსტი ან ძლიერი იქნება ,,ოცნების'' პოზიციები. დღეს ხელისუფლებას სისტემური რეფორმებისა და ცვლილებების დრო უდგას, თანაც სასწრაფოდ, მასობრივად უნდა მიიზიდონ ახალი სახეები. ,,ოცნება'' დღესაც თუ ვერ ხვდება, რომ მეჭიაურები სახედ კი არ უნდა აქციოს, უნდა გააჩუმოს, მაშინ არ მესმის, ამაზე კრიტიკული დრო როდის უნდა დაუდგეთ - 2016 წლის არჩევნებზე ხმების დათვლის პროცესში?! მაკვირვებს ხელისუფლების არაადეკვატურობა და თუ არჩევანი კიდევ მეჭიაურებზე უნდა შეჩერდეს, მაშინ საქმე ძალიან ლოგიკურად მიდის ამ ხელისუფლების დასრულებისკენ!''
ნაციონალების გამარჯვებას სოსო ცისკარიშვილიც გამორიცხავს, მეტიც, იგი ამ პარტიის ორ ნაწილად დაშლაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასრულებული ოცნებების რაოდენობით, ამ წუთებში, ნაციონალები ,,ოცნებას'' უსწრებენ. კითხვას, რა იცვლება გიგი უგულავას გათავისუფლების შემდეგ, ექსპერტი ასე პასუხობს:
,,უგულავას ციხიდან გამოსვლით ძირეული ცვლილებების მოლოდინი გადაჭარბებულია. ეს ქართული პროკურატურის შეგნებული თუ შეუგნებელი სისუსტეა. მან, ფაქტობრივად, ქართული სახელმწიფოებრიობა შეარცხვინა, რადგან თვეების განმავლობაში დამაჯერებელი ვერაფერი შესთავაზა სასამართლოს და კვლავ რჩება ქვეყანაში კითხვა: ისევ ზურაბ ადეიშვილი აკონტროლებს ქართულ პროკურატურას, თუ ამ თემაზე ნაციონალებსა და ,,ოცნებას'' შორის გარკვეული კოჰაბიტაციაა?! ნებისმიერ შემთხვევაში, სწორედ პროკურატურაა ის სისტემა, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პერსპექტივას ვნებს. ფაქტია, უგულავა პარტიის რიგითი წევრი არ ყოფილა და ამდენთვიანი პატიმრობა მისი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯების წარმატების გარკვეული წინაპირობაც იქნება. ერთიცაა, შესაძლოა, ამ პარტიის ლიდერებს შორის გარკვეული გაუგებრობებიცაა და უფრო რეალური ხდება ამ ძალის სულ ცოტა ორ ნაწილად გაყოფა. თან, ჯერჯერობით უცნობია, თავად უგულავას რეალური განწყობა სხვადასხვა ლიდერის მიმართ. მას საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა საპყრობილეში ამ თემებზე დასაფიქრებლად და არ მგონია, იგივე შეხედულებებით გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება. ამ პარტიას საკუთარ რიგებში რაღაცები მართლაც რომ შეეცვალა, 2016 წელს ხელისუფლებაში მოსვლის რაღაც შანსი ექნებოდათ, მაგრამ ხალხს არც ისე მოკლე მეხსიერება აქვს, რომ მიდგომა რადიკალურად შეცვალოს იმ ძალის მიმართ, რომელიც ცოტა ხნის წინ, დიდი სიხარულით მოიცილა''.
საგარეო ურთიერთობების ექსპერტი და პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, გიგი უგულავას პროცესის შემდეგ მანამდე ,,ოცნების'' არცთუ აქტიურ ლიდერებს ლამის პანიკის შეტევა დაემართათ და მოვლენებს არაადეკვატურად გამოეხმაურნენო. ჯამში, ისიც სააკაშვილის რევანშსა და ,,ვარდების რევოლუციის'' გამეორებას ელის:
,,ოცნების'' მხურვალე მხარდამჭერთა რიგებში ეს ხელისუფლება იმით იყო მაგარი, რომ ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი ციხეში ჩასვა. ახლა, როცა ,,სამართლიანობის აღდგენის'' მითიც თავზე ენგრევათ, ბუნებრივია, ეს მათთვის დიდი შოკია.
,,ოცნებას'' ხალხი მაძღარი, კმაყოფილი და დასაქმებული რომ ჰყოლოდა, ციხეში ერთი უგულავათი მეტი თუ ნაკლები იჯდება, ამაზე მაინცდამაინც ბევრი არ იდარდებდა. თუმცა როცა პოზიციები ისედაც შერყეული აქვთ, რადგან ეკონომიკა თავზე გვენგრევა, მარტო ვიღაცის დაჭერა საქმეს აღარ შველის და ხალხს ადეკვატური კითხვა უჩნდება - უგულავას დაჭერა ვჭამოთ?! ,,ოცნების'' მთავარი პრობლემა ხომ, რეალურად, ეკონომიკური კრიზისია და აქედან მოდის ყველა დანარჩენი.
ახლა, გინდ ასე ატრიალონ, გინდ - ისე, უგულავას ციხიდან გამოსვლა მაინც ,,ოცნების'' დამარცხებაა, რასაც ამ ცირკის არმოწყობით შეარბილებდნენ, თუმცა მაინც მოაწყვეს. ნაციონალებშიც მიდის რაღაც ცვლილებები. გუნდში განხეთქილება რომაა, ეს ჯაფარიძის ოთხეულის წამოსვლითაც გამოიხატა. თუმცა ჯერ კიდევ ჰყოფნით იმდენი პოლიტიკური გამოცდილება და პრაგმატულობა, ეს არ გამოაჩინონ. მით უმეტეს, ყველას საერთო მტერი ჰყავს ივანიშვილის სახით. ამდენად ახლა მათი მთავარი ამოცანაა, ეს მტერი მოიშორონ ან შეასუსტონ მაინც. ასე რომ, მთავარი მიზანი ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა და განხეთქილების დაწყება ვერ იქნება. გიგის გამოსვლა, ამ ეტაპზე, ნაცმოძრაობის მორალურად გამაგრებაა, მეტი არაფერი. არჩევნებამდე წელიწადზე მეტი რჩება. ამ პერიოდში ნამდვილად არ ველოდები ეკონომიკური ვითარების გამოსწორებას. მეტიც, ვხედავ, მთავრობა დაშვებულ შეცდომებს არც აღიარებს. ესაა მთელი უბედურება, რომ ყველაფერი კარგადააო, გაიძახიან და თვითკმაყოფილები დადიან. ცოტა ხანში, სტრასბურგის სასამართლო გაიმართება ვანო მერაბიშვილის საკითხთან დაკავშირებით. ალბათ, სასამართლო საქართველოს მთავრობის მიმართ ძალიან კრიტიკული იქნება და ამით ხელისუფლებას კიდევ ერთი დარტყმა მიადგება. ამ სიტუაციას იმდენად ნაციონალური მოძრაობა არ იგებს, რამდენადაც აგებს ,,ქართული ოცნება''. სავარაუდოდ, ,,ოცნების'' პოზიციები არჩევნებამდე კიდევ უფრო შეირყევა, რაც ავტომატურად ნაციონალების უმრავლესობაში მოსვლას არ ნიშნავს. თუმცა ,,ოცნების'' მერე, ყველაზე დიდი და შეკრული პარტია მაინც ნაციონალური მოძრაობაა. სიმართლე გითხრათ, ორი წლის წინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ამ პარტიას ხელისუფლებაში დაბრუნების რაიმე შანსი ექნებოდა, ახლა კი ვხედავ, მათ თეორიული შანსი უჩნდებათ. დრო ნაციონალების სასარგებლოდ მოქმედებს, რადგან ეკონომიკური ვითარება უარესად მძიმდება და მას ,,ოცნება'' არჩევნებამდე ვერ გამოასწორებს, ამიტომაც ვფიქრობ, ისინი მოთმინებას მოიკრებენ და მშვიდად მივლენ 2016 წლის არჩევნებამდე.
რაც შეეხება სააკაშვილს, არ მჯერა, რომ იგი უკრაინაში ყოფნით დაკმაყოფილდება. მას რევანში უნდა ივანიშვილზე და ამისათვის შესაბამის დროს ელოდება. ეს, რა თქმა უნდა, 2016 წლის პოსტსაარჩევნო პერიოდი იქნება. სააკაშვილი რას ფიქრობს, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ლოგიკური იქნება, გათვალოს, რომ ,,ოცნება'' არჩევნებში ან წააგებს, ან შედეგებს გააყალბებს და ამით ახალ ,,ვარდების რევოლუციას'' გამოიწვევს''.