ბოლო დროს ბევრი დაიწერა და ითქვა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ მიუსაფარ ბავშვთა სახლებში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ. მდგომარეობა, მართლაც, საგანგაშოა. ამის პარალელურად, საქართველოს მთავრობის 101-ე დადგენილებაში შეტანილია დანართი 1.4, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა საოჯახო ტიპის მომსახურებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა ბავშვთა სახლებში და რამდენად შეუწყობს ხელს პირობების გაუმჯობესებას საოჯახო ტიპის დაწესებულებები, ამას დრო გვიჩვენებს.
დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ აღნიშნული პროგრამის მიზანია მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ პირობებში აღზრდა, მათი მიმღებ ოჯახებში განთავსება (მინდობითი აღზრდა). სამიზნე ჯგუფებია მინდობით აღზრდაში განთავსებას დაქვემდებარებული პირები და ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში მცხოვრები, ან ჩასარიცხი 6-დან 18 წლამდე ასაკის მზრუნველობამოკლებული ბავშვები, რომელთა ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება, ან შვილად აყვანა ვერ ხერხდება. ასევე, პროგრამა ითვალისწინებს არაერთ ღონისძიებას, როგორიცაა საოჯახო ტიპის სახლში 24-საათიანი მომსახურება. ამ ტიპის მომსახურებისთვის წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად, მინიმუმ, სამჯერადი კვება, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი, ყოველდღიური ყოფითი უნარების სწავლება, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება, თავისუფალი დროის მიზნობრივი გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიური მომსახურება და სხვა. რატომ გადაწყვიტა სახელმწიფომ ბავშვთა სახლების გაუქმება და ამ სისტემაზე გადასვლა, რითი სჯობია იგი არსებულს, ამის გასარკვევად “ვერსია” საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსს, ეთერ ცხაკაიას ესაუბრა.
ეთერ ცხაკაია: ,,ბავშვზე ზრუნვისას სახელმწიფოს პრიორიტეტი არის ბავშვების მაქსიმალურად გამოყვანა ბავშვთა სახლებიდან და დაბრუნება ბიოლოგიურ ოჯახში. თუ ეს ვერ ხერხდება, სახელმწიფო სთავაზობს ბავშვს ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ მომსახურებას, როგორიცაა _ მცირე საოჯახო ტიპის სახლი და მინდობით აღზრდა. ყველაზე ჰარმონიულად და სრულყოფილად ბავშვი ოჯახურ და მასთან მიახლოებულ გარემოში იზრდება, სადაც გათვალისწინებულია ბავშვის მაქსიმალური უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ და მისი ინდივიდუალიზმი. ბავშვების დიდი რაოდენობის გამო, ბავშვთა სახლის აღმზრდელები ვერ ახერხებენ თითოეულ ბავშვთან ინდივიდუალურ მიდგომას. საოჯახო ტიპის დაწესებულებაში აღზრდილ ბავშვებს მომავალში საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალიზაცია ბევრად გაუადვილდებათ. ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზმის პროცესი. თუ ადრე 5 000-მდე ბავშვი იყო ბავშვთა სახლებში, ახლა ათასამდეა დარჩენილი. ზოგი ოჯახს დაუბრუნდა, ზოგი _ მცირე საოჯახო ტიპის სახლებშია გადაყვანილი. დღეისათვის, 17 მცირე საოჯახო ტიპის სახლი ფუნქციონირებს და ემსახურება 130 ბავშვს. მომავალში ასეთი სახლების რაოდენობა გაიზრდება. ამ საქმეში დიდ დახმარებას გვიწევენ არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, ძალიან კარგია მინდობითი აღზრდა, სადაც ბავშვს ეყოლება დედობილი და მამობილი, რომლებიც მასზე იზრუნებენ. ასეთ ოჯახში, მაქსიმუმ, რვა ბავშვი განთავსდება. ეს ცვლილებები განაპირობებს იმ დარღვევების შემცირებას, რომელიც ასახულია ბავშვთა სახლების შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშში“.
ბუნებრივია, მცირე საოჯახო ტიპის სახლის წარმომადგენელთა მოსაზრებითაც დავინტერესდით.
ნონა ციხელაშვილი, დუშეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლის მენეჯერი: ,,მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირება დადებითი მოვლენაა, ამაზე მუშაობენ ექსპერტებიც და მთელი მსოფლიო მიდის იმ აზრისკენ, რომ უნდა გაუქმდეს დიდი ბავშვთა სახლები. ჩვენ ამ ეტაპზე ვთანამშრომლობთ ორ საოჯახო ტიპის სახლთან და მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ამ სახლებში არსებული მდგომარეობა ოჯახთან მიახლოებულია და ბავშვებზე ისევე ზრუნავენ, როგორც ჩვეულებრივ ოჯახებში“.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული შეხედულებები აქვთ სოციალურ მუშაკებს.
ქეთი ვანიშვილი: ,,თავისთავად, ბავშვთა სახლების დახურვა კარგია, მაგრამ ძალიან დაჩქარებულია პროცესი. ორ წელიწადზეა გაწერილი საკმაოდ დიდი ბავშვთა სახლების გაუქმება, რამაც შეიძლება, პრობლემები შექმნას. მაგალითად, ვერ მოხერხდეს სათანადო კადრის არჩევა მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვის, ვერ მოესწროს მიმღები მშობლების სათანადო შეფასება და მომზადება. ამას დრო სჭირდება. სიჩქარის გამო, უარს ვერ ეტყვიან მიმღებ ოჯახს, რადგან ბავშვი დარჩება ჰაერში. როცა ბავშვთა სახლი იხურება, გინდა თუ არა, ის ოჯახი უნდა დაამტკიცო, რომელიც გყავს. თან ბავშვებისთვისაც ძალიან რთულია ეს პროცესი. ზოგიერთი ბავშვი იყო სკოლა-პანსიონში, რომელიც დაიხურა და ისინი გადავიდნენ ბავშვთა სახლში. ეს იყო 2010 წლის ოქტომბერში. ბავშვმა ადაპტაცია უკვე გაიარა, შეეჩვია გარემოს და ახლა ხელახლა მოუწევს ამ ეტაპის გავლა. ეს, ძირითადად, უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკურ მდგომარეობაზე“.
ეთერ ჩუბინიძე: ,,ბავშვთა დაცვის კონვენციიდან გამომდინარე, ერთ-ერთი უპირველესი უფლებაა, იგი ოჯახურ გარემოში იზრდებოდეს და ნორმალური თავშესაფარი ჰქონდეს. შესაბამისად, ბავშვის ინსტიტუციიდან გამოყვანა და მისთვის ოჯახური გარემოს შეთავაზება, ძალიან კარგია. თუ ბავშვი ვერ ბრუნდება ოჯახში, სახელმწიფო სთავაზობს ოჯახის ალტერნატიურ ფორმას, ესაა მიმღები ოჯახი. ბავშვები იზრდებიან ჩვეულებრივ გარემოში, სანამ ბიოლოგიურ ოჯახში არ დაბრუნდებიან. თუ ვერ მოხერხდა მიმღებ ოჯახში ბავშვის განთავსება, ასეთ შემთხვევაში, იხსნება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, ძირითადად, უფრო დიდი ასაკის ბავშვებისთვის. ეს პროცესი არც ისე დაჩქარებულია, რომ ბავშვებს ადაპტაცია გაუჭირდეთ. როდესაც სოციალური მუშაკი მუშაობს ბავშვთან, ის წერს ინდივიდუალურ გეგმას და აძლევს რეკომენდაციას, რამდენ თვეში არის შესაძლებელი ამ ბავშვისთვის გარემოს შეცვლა. ამაში ჩართულია რამდენიმე ორგანიზაცია და ათეულობით სოციალური მუშაკი, ინტენსიურად მიმდინარეობს მიმღები ოჯახების მოძიება და ვერ პოვნა, პრაქტიკულად, გამორიცხულია. სულ ლაპარაკია 18 ბავშვთა სახლის გაუქმებაზე, სადაც 1500-მდე ბავშვია“.
აღნიშნული პროცესი ორ წელიწადში უნდა დასრულდეს. რა შედეგები მოჰყვება და როგორ იმოქმედებს აღზრდის ახალი სტილი ბავშვებზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.