26 მაისიდან თბილისში “მარშრუტკით” მგზავრობა 80 თეთრი ეღირება

26 მაისიდან თბილისში “მარშრუტკით” მგზავრობა 80 თეთრი ეღირება

სამარშრუტო ტაქსების მგზავრობა მაინც გაძვირდება და ის 50 თეთრის ნაცვლად, 80 თეთრი გახდება. როგორც მძღოლები ”რეზონანსთან” პირად საუბარში აცხადებენ, ახალი ტარიფი ძალაში ხაზების ახალი “მარშუტკებით” დაკომპლექტებისთანავე, სავარაუდოდ 26 მაისიდან შევა. მათივე თქმით, ამის შემდეგ “მარშუტკებისთვის” ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირებიც გაიხსნება.

მგზავრობის საფასურის გაზრდას ჯერჯერობით გამორიცხავს ”თბილლაინის” წარმომადგენელი დავით ასანიძე, თუმცა ამბობს, რომ ”საბოლოოდ ეს მაინც საწვავის ფასზე იქნება დამოკიდებული”.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის გაყვლეფას არ ვაპირებთ, ტარიფი იქიდან გამომდინარე დადგინდება, თუ რა ეღირება საწვავი და რამდენი დაჯდება მანქანის შენახვა”, - ამბობს ასანიძე.

რაც შეეხება ჭავჭავაძესა და რუსთაველის გამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აღდგენას, ესეც გაურკვეველია. მერიაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ “საკითხი ჯერჯერობით დამუშავების სტადიაშია და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული”.

სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მძღოლებმა ე.წ. ბრიგადირებისგან მიიღეს.

“ბრიგადირები, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვთ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან და რომლებსაც ყოველდღიურად გამოაქვთ საგზურები, ამბობენ, რომ მგზავრობა აუცილებლად გაძვირდება. ვიცით, რომ მგზავრობა 80 თეთრი 26 მაისიდან გახდება, რადგან იმ დროისთვის კომპანია “თბილლაინი” რამდენიმე ასეული ახალი ”მარშუტკის” შემოყვანას გეგმავს. ისიც გვითხრეს, რომ პირველ რიგში ვაკე-საბურთალოს ხაზი დაკომპლექტდება და გაძვირებაც მაშინ დაიწყება. ახალი “მარშუტკით” მგზავრობა 50 თეთრი აღარ ეღირება, ბრიგადირებმა ცალსახად გვითხრეს, რომ ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია”, - უთხრა “რეზონანსს” თბილისში მოძრავი რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა (მათ ვინაობას მათივე თხოვნით არ ვასახელებთ. რედ.).

იმას, რომ მაისის ბოლოსთვის თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდება, არც “თბილლაინის” წარმომადგენელი დავით ასანიძე უარყოფს. თუმცა ამბობს, რომ ეს მაინც მომწოდებელზეა დამოკიდებული.

“არ ვიცი, ზუსტად, თუ როდის ჩამოვა თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსების პირველი პარტია. ეს მაისი ბოლოს იგეგმება, თუმცა ყველაფერი მაინც მომწოდებელზეა დამოკიდებული. ვფიქრობ, რომ ხაზზე მათი გაშვება უფრო ივნისის დასაწყისში მოხდება. ახალი ”მარშუტკები” კი როგორც ვაკე-საბურთალოს, ასევ ეგლდანი-ნაძალადევის რაიონში გადანაწილდება.

“რაც შეეხება ტარიფს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არავის გაყვლეფას არ ვაპირებთ, ტარიფი იქიდან გამომდინარე დადგინდება, თუ რა ეღირება საწვავი და რამდენი დაჯდება მანქანის შენახვა. ჯერჯერობით მგზავრობა ღირს 50 თეთრი და ის ასე იქნება, თუმცა მომავალში არაფერს არ გამოვრიცხავ”, - განუცხადა “რეზონანსს” ასანიძემ.

მგზავრობის საფასურის გაძვირებას არც სატრანსპორტო პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანია გამორიცხავს და ისიც ამის მიზეზად საწვავის გაძვირებას ასახელებს.

“ჯერჯერობით დანამდვილებით არ ვიცი, თუ რა ეღირება”მარშუტკით” მგზავრობა. თუ მოიმატა ფასმა, ის მართალია, მგზავრების კისერზე გადავა, მაგრამ მძღოლებმაც რა უნდა გააკეთონ, საწვავი ხომ გაძვირდა?! ამის გამო ალბათ, ტარიფი გაიზრდება, მაგრამ როდის, ნამდვილად არ ვიცი”, - ამბობს ალანია.

მიკროავტობუსებით მგზავრობის საფასურის 80 თეთრამდე გაზრდას გარდაუვლად მიიჩნევს საკრებულოს წევრი თინა ხიდაშელი.

“სრულიად მოსალოდნელია, რომ “მარშუტკით” მგზავრობა 80 თეთრი გახდეს - ეს ის ტარიფია, რაზეც ტენდერის დასრულებიდან ვსაუბრობდით. დღეს თბილისში ერთ ადამიანს ავტობუსით მგზავრობა საშუალოდ 80 თეთრი უჯდება, რადგან ერთი ტრანსპორტი თითქმის არავის აწყობს. შესაბამისად, სამარშრუტო ტაქსი, რომელიც უფრო კომფორტულია, უფრო სწრაფია და დანიშნულების ადგილამდე მიგიყვანს, გასაკვირი არ იქნება, რომ მასზე ფასი გაზარდო.

რაც შეეხება ბენზინის გაძვირებაზე გაკეთებულ განცხადებას, ეს არარეალური და არაარგუმენტირებულია. საქართველოში ბენზინი ხან ძვირდება და ხან იაფდება, მაგრამ ამის მიხედვით ფასი არ თამაშობს. მითუმეტეს, როდესაც მთელს ქალაქში პრაქტიკულად ერთი კომპანია ოპერირებს და მას შეუძლია უბრალოდ ტენდერი გამოაცხადოს და ყველა “მარშუტკისთვის” ისე შეიძინოს ბენზინი, რომ ის გაცილებით უფრო იაფი დაუჯდეს, ვიდრე ინდივიდუალური შესყიდვის დროს.

თუმცა პრობლემის თავი და თავი ისევ ის ტენდერია, რაც ჩატარდა. არ იყო აუცილებელი ამ სფეროს მონოპოლიზება, მაგრამ ეს მოხდა და მის შედეგებს მალე დავინახავთ. მოსახლეობა მიიღებს გაძვირებულ ტარიფებს, რადგან ახალი მონოპოლისტი, რომელსაც კონკურენტო არ ჰყავს, ფასებს ისე დააწესებს, როგორც მას სურს.

ასევე მივიღებთ ულუკმაპუროდ დარჩენილ რამდენიმე ათას მიკროავტობუსის მფლობელს და ხაზის ყოფილ მეპატრონეს. საბოლოო ჯამში კი ამის შედეგი სამზარეულოში მოწუწუნე მოსახლეობა იქნება. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენს ამ შედეგს მალე დავინახავთ”, - დასძინა ხიდაშელმა.

რაც შეეხება კიდევ ერთ სიახლეს, რაც ჭავჭავაძე-რუსთაველისგამზირზე სამარშრუტო ტაქსების მოძრაობის აღდგენას ეხება, ეს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. მერიაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ საკითხის დამუშავება მიმდინარეობს.

ასევე ჯერჯერობით უცნობია, მოხდება თუ არა შინაგანაწესში იმ ცვლილების შეტანა, რომელიც მძღოლს მანქანის გაჩერებას მხოლოდ ავტობუსის გაჩერებაზე დაავალდებულებს. მერიაში ამბობენ, რომ მუშაობა ამ საკითხზეც მიმდინარეობს და თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ეს მხოლოდ ცენტრალურ გამზირებზე იქნება სავალდებულო.


“სამარშრუტო ტაქსი არის სწრაფმავალი ტრანსპორტის სახეობა, ამიტომ ის წესი, რომ “მარშუტკა” მხოლოდ გაჩერებებზე უნდა გაჩერდეს, აბსურდული მეჩვენება. მიკროავტობუსზე ეს წესი არ უნდა გავრცელდეს, რადგან ეს პირველ რიგში მგზავრს დააზარალებს”, - მიაჩნია ლავრენტი ალანიას.