რაკი არც ჟურნალისტების ინტერპრეტაციისათვისდაუბრალებიათ და არც არასწორი თარგმანისათვის, სარწმუნოა, რომ ამერიკელმა გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა, ევროპაში განლაგებული ამერიკის სამხედრო ძალების სარდალმა, სწორედ ის თქვა, რაც კიდევ ერთხელ საშინლად გააღიზიანებს რუსეთს და, პირიქით, გაამხნევებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც პრობლემებით სავსე დასავლეთისაგან ბოლო ხანს სულ უფრო მეტად გრძნობს თავს მიტოვებულად. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტერმინი „წუწუნიც“ კი იხმარა თბილისის ამ მდგომარეობის დასახასიათებლად.
მოკლედ, ვიდრე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდოდა, საქართველოს ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, „ოქროს საწმისის“ ორდენის კავალერი ამერიკელი გენერალი პირისპირ შეხვდასაქართველოს თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობას. რადგან გენერალი ჰოჯესი და მისი სარდლობა აშშ-ის შეიარაღებული ძალების იმ ქვედანაყოფს წარმოადგენენ, რომელიც უშუალოდაა პასუხისმგებელი საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სწავლებების ჩატარებაზე, საუბარი მომავალი წლისათვის დაგეგმილ სამხედრო სწავლებებზე, მათ შორის „Noble Partner“-ზეც ("სულგრძელი პარტნიორი") ჩამოვარდნილა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაო დრო რჩება, ამერიკელ გენერალს მომავალ ერთობლივ მანევრებში უფრო მეტი ამერიკელი ჯარისკაცისა და შესაბამისი სამხედრო ტექნიკის გამოგზავნის პირობა დაუდია, თანაც საკმაოდ საინტერესო კონტექსტში.
„ამავე დროს, როდესაც ის საუბრობდა საქართველოში მომავალ წელს დაგეგმილ ქართულ-ამერიკულ სწავლებებზე, ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო. ჩვენ დილით გვქონდა შეხვედრა და ვილაპარაკეთ დეტალებზე. არ ველოდი, რომ ის აქაც გაიმეორებდა იმას, რაც ჩვენთან შეხვედრაზე თქვა. კერძოდ, ერთ-ერთი ამოცანა ამ ტრენინგისა იქნება ის, რომ ვნახოთ, რამდენად სწრაფად ჩამოვლენ ამერიკული სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები საქართველოს მიწაზე, გამომგზავრების ადგილიდან", - განაცხადა თინა ხიდაშელმა კონფერენციაზესახელწოდებით „ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი ფრონტისპირა ქვეყნებში“ (ეკონომიის მიზნით სახელწოდებას ვამოკლებ - კ.ლ.). საქართველოს თავდაცვის მინისტრმა არცთუ უსაფუძვლოდ აღიქვა „ძალიან მრავლისმთქმელად და მრავლისმეტყველად“ ამერიკელი გენერლის სიტყვები: "ჩვენ უნდა გამოვცადოთ, რამდენად სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას აგრესიის შემთხვევაში“.
და მართლაც, ამერიკელი გენერლის ფრაზას არანაირი ზედმეტი ინტერპრეტაცია და კომენტარი არ სჭირდება. ევროპაში აშშ-ის ძალების სარდლობის მთავარი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ ნატოელ მოკავშირეებთან ერთად თვალყური ადევნოს მთავარი გეოპოლიტიკური მეტოქის, რუსეთის არმიის მოქმედებებს, განსაზღვროს მოწინააღმდეგის განზრახვა და მზად იყოს ევროპელი მოკავშირეების მიმართ რუსეთის სავარაუდო სამხედრო აგრესიის აღსაკვეთად.
სწორედ ამ მიზნით ამოქმედდა ბოლო ხანს ნატოს ექვსი ახალი სამეთაურო ცენტრი ალიანსის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფლანგზე, რასაცრუსეთმა „კონფრონტაციული ნაბიჯი“ უწოდა.
მართალია, ნატოს სამეთაურო ცენტრი არ გახსნილა, მაგრამ ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრით, ალიანსის პოტენციური წევრი და ავღანეთში მოქმედ საერთაშორისო კოალიციაში სიდიდით მეორე სამხედრო კონტინგენტის მქონე საქართველო, აშშ-ის ყველაზე ერთგული პარტნიორია ვაშინგტონისათვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ხოლო ჯარისკაცების და სამხედრო ტექნიკის გადასროლის სისწრაფის შემოწმება, რაზეც გენერალი ჰოჯესი თბილისში „სამხედროებისთვის დამახასიათებელი პირდაპირობით“ ლაპარაკობდა, სხვა არაფერია, თუ არა იმ სამხედრო სტრატეგიის ნაწილი, რაც ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ალიანსის სამხედრო ძალების ბრძოლისუნარიანობისა და ოპერატიული თავსებადობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
მთავარია, რამდენად მზად არიან საქართველოს „სულგრძელი პარტნიორები“, რომ არა მხოლოდ სწრაფად შემოვიდნენ, არამედ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალით დიდი ხნით დარჩნენ და დახვდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ღრმად შემოჭრილ და ნატოში გაწევრიანების სურვილის გამო მეზობლების კიდევ ერთხელ დასჯის მსურველ რუსეთის ჯარებს.