საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველის სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება - 23 წლის გუგა ქუმსიკაშვილის ოჯახს გადმოსვენების ხარჯები არ აქვს და ამიტომ დახმარება საფრანგეთში საქართველოს საელჩოს სთხოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ 2013 წლიდან, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, აღნიშნულ პროცედურას ვერ უზრუნველყოფს. “ქართული სიტყვა” დაინტერესდა, თუ როგორ ხდება უცხოეთიდან გარდაცვლილი არალეგალების გადმოსვენება... „წელს საკმაოდ ბევრი გარდაცვლილი იყო... 2-3 თვის წინ, საბერძნეთის საავადმყოფოდან ოჯახს ერთ ქუთაისელ ბიჭს არ ატანდნენ და საელჩო ჩავრიეთ. საბუთები წესრიგში იყო, მაგრამ სხვა დიაგნოზი დაუდგინეს, არადა, სხვა რაღაც ჭირდა... 37 წლის ადამიანი დაღუპეს... 50-მდე ბიჭი შევარდა საავადმყოფოში, მისი ნაცნობები, ყველაფერს დავლეწავთო. პოლიციამაც ამ ბიჭების მხარე დაიკავა და საავადმყოფოს უფროსი გაიპარა... ასე, ნახევრად მკვდარი, სასწრაფოთი ჩამოიყვანეს თბილისში... მაშინ, საქართველოს საელჩომ კარგად იმუშავა, მაგრამ 2 კვირაში ის ბიჭი გარდაიცვალა, - უყვება „ქართულ სიტყვას“ საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, - ლეგალურად თუ ცხოვრობს, პრობლემა არაა, მაგრამ არალეგალი რომ იღუპება, საბუთები უნდა გაუკეთონ. ამასთან, ნათესავმა უნდა ამოიცნოს, რომ მართლა ისაა, უნდა დადგინდეს, რით გარდაიცვალა, რადგან მკვლელობაც ხშირია... „ნარკოტიკში გაპარულებიც“ არიან... მოკლედ, სახლაფორთო საქმეა. ავადმყოფებს თვითმფრინავში არ უშვებენ და ელოდებიან, როდის გარდაიცვლება, რომ გადმოასვენონ. ერთმა სიმსივნიან დედას ჩამოაკითხა, გარდაცვალებას დაელოდა, მაგრამ თვითმფრინავში არ აუშვეს და... ცხედარი დიდ ჩანთაში ჩაასვენა, თითქოს ბარგი იყო და ავტობუსით ჩამოიტანა... დედის გვამთან ერთად, ეს 28 წლის ბიჭი საქართველოში მთლად გაჭაღარავებული ჩავიდა. გადმოსვენების ფული არ ჰქონდა და მძღოლებმა გადმოაპარებინეს...“ საქართველოდან საზღვარგარეთ უამრავი ადამიანი მიდის. ზოგი - ლეგალურად, ზოგიც - არალეგალურად. ხშირად საზღვარგარეთ წასულებს ჯანმრთელობის პრობლემები უჩნდებათ და... იღუპებიან. ზოგი, როცა ატყობს, რომ ბოლო დღეებს ითვლის, ცდილობს, საკუთარ მიწაზე დაბრუნდეს... რა პროცედურაა საჭირო დაღუპული არალეგალის საქართველოში ჩამოსასვენებლად, რატომ იმარხებიან ჩვენი არალეგალები უცხოეთში და რა როლი აქვს ყველაფერ ამაში საელჩოებსა თუ საგარეო საქმეთა სამინისტროს? „ქართული სიტყვა“ პოლონეთში ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ეკა ლოლაძეს ესაუბრა:
- 24 წელია, პოლონეთში ვცხოვრობ. არალეგალის გარდაცვალებასთან შეხება პირველად 18 წლის წინ მქონდა - გარდაცვლილს არავინ ჰყავდა და, შესაბამისად, არც პატრონი გამოუჩნდა. ვინაიდან სხვა სახელითა და გვარით იყო ჩაბარებული, მისი ვინაობის დადგენა ვერ მოვახერხეთ და გარდაცვლილის პოლონეთში დამარხვა მოგვიხდა.
- ასეთ შემთხვევაში, ხარჯებს ვინ იღებს?
- ფული ჩვენ, ქართველებმა შევაგროვეთ. ის ადამიანი, ალბათ, 2 თვე იყო მორგში, დაგვირეკეს და გვითხრეს, ან მიხედეთ, ან “პროსტინაში” გავახვევთ და, როგორც ხდება, სადღაც ჩავაგდებთო... პოლონეთი იმდენად მდიდარი ქვეყანა არაა, რომ ვინმეს ზედ გადაყვეს და ფული უხადოს, მით უმეტეს, 18 წლის წინ...
- ამ დროს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს რა ფუნქცია აქვთ?
- მაშინ პოლონეთში საქართველოს საელჩო არც იყო...
რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, საქართველოს საელჩო გვეხმარება...
39 წლის ბიჭი დაიღუპა, როგორც იტყვიან, „კაიფში გაიპარა“. ცოლი ესპანეთში ჰყავდა და თვითონ პოლონეთში ცხოვრობდა. მორგში გადაასვენეს და პატრონს ელოდებოდნენ. საელჩო დოკუმენტაციის მოგვარებაში გვეხმარება და პრობლემას ნამდვილად არ გვიქმნის, მაგრამ ეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. პოლონეთიდან საქართველოში ადამიანის გადმოსვენება, დაახლოებით, 4 500 ევრო ჯდება.
- თანხის გაღების ვალდებულება არავის აქვს?
- არა... როცა ოჯახს საშუალება აქვს, პრობლემა არაა, შემიძლია, 3-4 დღეში ყველაფერი გავუკეთო - ადგილობრივი დამკრძალავი ბიურო, მორგიდან დაწყებული, ყველაფერს აგვარებს. თუკი ვინმეს მიცვალებულისთვის პარაკლისის გადახდა, ან მასთან დამშვიდობება უნდა, ესეც შესაძლებელია, ოღონდ ფინანსებია საჭირო. სინამდვილეში, ერთადერთი პრობლემა ფინანსებია. ამიტომ, ასეთ დროს ფულს ქართველები ვაგროვებთ, მაგრამ რამდენი უნდა შევაგროვოთ?
- ცხედარი რითი მოაქვთ?
- თვითმფრინავით... ამ ხარჯებს საქართველოს საელჩო, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე ვერ იღებს. არალეგალს კი, ფული, რასაკვირველია, არ აქვს, მით უმეტეს, პოლონეთში არალეგალების ის კატეგორია უფრო მეტია, რომელიც „წამალზეა შემჯდარი“, ან ტრანზიტულადაა ჩამოსული.
2 წლის წინ, როცა ქართველი ფიზიკოსი, პოლიტიკოსი ვიქტორ დომუხოვსკი გარდაიცვალა, რამდენიმე საათის განმავლობაში, ვიდრე თანხის ამბავი გაირკვეოდა, სასწრაფოს მანქანაში ესვენა - საავადმყოფო არ იღებდა, რადგან უკვე გარდაცვლილი იყო. მორგში კი, იმიტომ არ “მიიღეს”, რომ არ იცოდნენ, ხარჯებს ვინ დაფარავდა. ასე რომ, დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში, ვიდრე ოჯახმა ჩვენ არ გაგვაგებინა, არ ჩავერიეთ და საელჩომ ხარჯები თავის თავზე არ აიღო, ცხედარი სასწრაფოს მანქანაში ესვენა.
- დაღუპული არალეგალის სამშობლოში გადმოსასვენებლად ამდენი ფული რა საჭიროა?
- საელჩოში განაცხადი უნდა შევიდეს და დაადასტუროს, რომ ეს პიროვნება საქართველოს მოქალაქეა. ასევე, საჭიროა, გარდაცვლილის ნათესავის ნებართვა, რომ მიცვალებული გადმოასვენონ. განაცხადი უნდა გაკეთდეს დამკრძალავ ბიუროშიც, რომელსაც აეროპორტებთან ოფიციალური ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. საქართველოში არის საბაჟო მომსახურება, რომელსაც „კარგო“ ჰქვია და სწორედ იქ ასვენებენ ცხედრებს.
- ასე ვთქვათ, გაპრობლემებული შემთხვევა ბევრია?
- იყო ასეთიც... პოლონეთში, შვილთან ერთად, “ჩაბარებული” ასაკიანი ქალი იყო, რომელსაც მოუვიდა დოკუმენტი, რომ ლტოლვილის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა ვერ წაიკითხა, რა ეწერა და სხვას სთხოვა, წამიკითხეო. მანაც, თავის მხრივ, რადგან ენა არ იცოდა და ვერ გაიგო, უთხრა, უარი მოგივიდაო. ამ ქალს გული გაუსკდა და გარდაიცვალა... მის შვილს არც საბუთი ჰქონდა და არც - კარგი ფინანსური მდგომარეობა. საელჩოს თხოვნებით მივმართეთ, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა და სიტუაცია აუხსნა... გარდაცვლილის შვილს ბავშვებიც ჰყავდა და უნდოდა, დედა ჩამოესვენებინა და თავად დაბრუნებულიყო, მაგრამ ვეღარ დაბრუნდებოდა, რადგან ისიც ლტოლვილთა ბანაკში იყო ჩაბარებული და პასუხს ელოდა. მოკლედ, შვილიც რომ წამოსულიყო, საბუთები გაუფუჭდებოდა, ამიტომ საელჩომ მიმართა პოლონეთის მხარეს, საბუთების საქმე დროებით შეეჩერებინა და ამ ადამიანისთვის საქართველოში წამოსვლის, შემდეგ კი, უკან დაბრუნების ნება მიეცა. იქ დაბადებულ ბავშვებს უკან დასაბრუნებული მოწმობები უპრობლემოდ გაუკეთეს, მაგრამ უკვე ფინანსური პრობლემა შეიქმნა... შვილმა თქვა, გადასვენების ფული არ მაქვსო. პოლონეთის მხარე, რა თქმა უნდა, ხმას არ იღებდა, ამიტომ 2 თვის განმავლობაში, მიცვალებული მორგში იყო. შვილი გვირეკავდა, მლანძღავდა, ვეუბნებოდი, რატომ მლანძღავთ, ფული არც ჩვენ გვაქვს-მეთქი. საქართველოს საელჩოში მივარდა, დროშა ჩამოხია...
ყოფილა შემთხვევა, როცა ფული ელჩსა და კონსულსაც დაუდვიათ... მოკლედ, თუ ფინანსები არის, გადმოსვენება პრობლემა არაა.
- ვთქვათ, ადამიანი სიკვდილის პირასაა და უნდა, სამშობლოში დაბრუნება მოასწროს, ამ დროს რა ხდება?
- ჩემს მაგალითზე გეტყვით: დედაჩემს კიბო ჰქონდა და... საქართველოში ჩამოვიყვანეთ, მაგრამ ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგ, როგორც კი გამოკეთდა, ისევ პოლონეთში წავედით. იქ გაირკვა, რომ საქმე დაავადების რთულ სტადიასთან გვქონდა. დედა საქართველოში უნდა წამოგვეყვანა... ექიმებმა თქვეს, ვერტმფრენით თუ გადააფრენთ, თორემ თვითმფრინავით ძნელი იქნებაო, მაგრამ იმხელა თანხაზე იყო ლაპარაკი, ვუთხარით, მაგის საშუალება არ გვაქვს და ჩვენ მივხედავთო...
აეროპორტში რომ მივედით, დედა ეტლში იჯდა... გვითხრეს, რეგისტრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავატარებთ, თუ მფრინავები დაგვთანხმდებიანო. ეკიპაჟის წევრებს კი, დედაჩემის წამოყვანა არ უნდოდათ.
- რატომ?
- ცუდად არის, შეიძლება, დაიღუპოსო და საკუთარ თავზე არ იღებდნენ... ეს ხომ თვითმფრინავში აჟიოტაჟს და მგზავრების დისკომფორტს გამოიწვევდა?! მომზადებულები ვიყავით წამლებით, ჟანგბადის ბალიშებით, ექიმიც მოგვყვებოდა, მაგრამ ამის ასახსნელად და დასათანხმებლად საათნახევარი დაგვჭირდა.
„ქართული სიტყვა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, მარი ნარჩემაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ გარდაცვლილი, ან მისი ოჯახის წევრები სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან, მაშინ, კანონმდებლობით, სახელმწიფო გადმოსვენებას საკუთარ თავზე იღებს. სხვა შემთხვევაში, ეს საკითხი მთავრობის მიერ ინდივიდუალურად განიხილება და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება. ყოფილა შემთხვევა, როცა სახელმწიფო, კანონმდებლობით, ვალდებული არაა, მაგრამ განხილვის შემდეგ, გარდაცვლილის ჩამოსვენების ხარჯები მაინც თავად გაუწევია და ოჯახს დახმარებია. ამის ერთ-ერთ მაგალითად მარი ნარჩემაშვილმა დაღუპული მეომრების ჩამოსვენება მოიტანა.