ახლახანს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ბრალმდებელმა პროკურორმა, ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა, რომ პროკურატურა ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილეობაში ბრალდებულს აშშ-სა და საფრანგეთში ეძებს. პარალელურად, ,,სამართალდამცველთა ლიგის” წევრმა, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი ქადაგიძემ მუქარის შემცველი სატელეფონო შეტყობინება მიიღო, რომლის ტექსტი იური ვაზაგაშვილის სახელს უკავშირდება. რატომ გაჭიანურდა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის დამკვეთებისა და შემსრულებლების გამოაშკარავება, ხომ არ ჩაეწერება ეს საქმეც გამოუძიებელ კრიმინალურ დანაშაულთა სიაში და აქვს თუ არა კავშირი ოქროყანაში მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, პოლიციის გენერალი ლევან გვაზავა დაიჭრა, მისი ნათესავი კი გარდაიცვალა? - ,,ქართული სიტყვა” ვაზაგაშვილების ოჯახის ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ესაუბრა.
- ბატონო გაგი, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის სასამართლო პროცესებზე ისეთი ხომ არაფერი მოხდა, რამაც ,,სამართალდამცველთა ლიგა” ,,შეარყია”? კრიმინალური დეპარტამენტის ყოფილმა დირექტორმა, ირაკლი ქადაგიძემ განაცხადა, რომ მუქარისშემცველ სატელეფონო მესიჯებს იღებს, რომელთა შინაარსიც ასეთია: ,,მალე ვაზაგაშვილის გზას დაადგები”.
- ვფიქრობ, ეს გარკვეული სახის პიარია, თუმცა ქადაგიძისა და ,,სამართალდამცველთა ლიგის” სხვა წევრების მხრიდან ზეწოლა გამორიცხულია. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სოსანაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება.
- ამის თქმის საფუძველს რა გაძლევთ, სამართლიანი სასამართლო?
- საგამოძიებო მასალები.
- ,,სამართალდამცავთა ლიგიდან” მაინცდამაინც ქადაგიძეს რატომ ემუქრებიან?
- ჩემთვის უცნობია, ირაკლი ქადაგიძეს ვინ დაემუქრა, მაგრამ კატეგორიულად გამოვრიცხავ, რომ მის მიმართ მუქარა რამენაირად სოსანაშვილის საქმის განხილვასთან იყოს დაკავშირებული.
- ასე დარწმუნებული რატომ ხართ?
- ჩემი აზრით, ლოგიკაში არ ჯდება... დღეისთვის ქადაგიძისა და ,,ლიგის” სხვა წევრების, ფირცხალავას გარდა, მიმართ მტკიცებულების სტანდარტი, რაც მათ ბრალეულობას გამოკვეთავს, არაა, ანუ მათი დევნის ერთი მიზეზიც არ არსებობს.
ისე, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის მონაწილე შსს-ს მაღალჩინოსნები, ,,სამართალდამცავთა ლიგის” დამფუძნებლები და, ამავე დროს, ,,ნაცმოძრაობის” წევრები არიან. სამართლიანობის აღდგენა იმ ნაწილში, რასაც ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობა ჰქვია, მათთვის კომფორტული არაა.
- ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის აფეთქების მერე, მისმა ქვრივმა, ციალა ვაზაგაშვილმა განაცხადა: ,,ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს: ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა”, ქალბატონი ციალას ამჟამინდელი განმარტებით, ეს განცხადება ცხელ გულზე გააკეთა.
- გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, მაგრამ მტკიცებულებითი სტანდარტი სულ სხვა რამეა. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმესთან კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროსს, ირაკლი ფირცხალავას გარკვეული სახის შემხებლობა ჰქონდეს, მაგრამ ამას მტკიცე და გამოძიების შედეგად გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებები სჭირდება. A
- ქალბატონმა ციალამ უკან დაიხია?
- კიდევ ვიტყვი: ვერსიის დონეზე, ფირცხალავაც რჩება... გია სოსანაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ვერსიები არ განიხილება. არ ვფიქრობ, რომ ქალბატონმა ციალამ უკან დაიხია. საერთოდ, საკითხი ასე არ უნდა დაისვას: გამოძიება გრძელდება და ვერსიების, ინფორმაციების გადამოწმება-დამუშავება მიმდინარეობს. არაა გამორიცხული, რომ უახლოეს პერიოდში ვიღაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მაგრამ ამას მტკიცე სტანდარტი სჭირდება, რაც გამოძიებამ უნდა შექმნას. სოსანაშვილის მიმართ არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო, რომ სასამართლოში მის მიმართ ბრალდების საქმე წარმართულიყო. გამოყოფილ საქმეზე მოკვლევა იმ მიზნით მიმდინარეობს, რომ მკვლელობის თანამონაწილე პირი, ან პირთა წრე, ასევე, შემკვეთები გამოვავლინოთ... საგამოძიებო ქმედებები მიმდინარეობს როგორც საქართველოში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც.
- პირველ რიგში, ალბთ, მკვლელობის მოტივი უნდა დადგინდეს. ამაზე გამოძიებას რა პასუხი აქვს?
- ჯერ ვერ გეტყვით, ვის აწყობდა ამ ადამიანის მოკვლა.
- გამოძიების პროცესში დამკვეთის ვინაობა გამოიკვეთა?
- გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერაფერს გეტყვით. ფაქტია, რომ 2006 წლის 2 მაისიდან მოყოლებული, იური ვაზაგაშვილი სამართალს ეძებდა და ამ ბრძოლას შეეწირა. ჩვენ ზურას სიკვდილის შემდეგ ერთად ვმუშაობდით, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ტენდენციური იყო, დაზარალებული მხარის მოწმეს საშუალება არ მისცეს, საქმეს გასცნობოდა, ხელით აწერინებდნენ ექსპერტიზის დასკვნებს, ამ პირობებში ვაგროვებდით ინფორმაციას, მტკიცებულებებს. ბატონი იური ბრძოლას წუთითაც არ წყვეტდა და ცდილობდა, პასუხი მიეღო შეკითხვაზე: შვილი რატომ მოუკლეს.
- არც მკვლელობის თანამონაწილეების ვინაობა გამოიკვეთა? G
- გავრცელდა ინფორმაცია, შემთხვევის ადგილზე სხვა პირის დნმ-ის კვალი ჩანს. ამიტომ არაა გამორიცხული, სხვა პირის თანამონაწილეობა დადგენილი იყოს, ამ მიმართულებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
- ეს “სხვა პირი” ვინაა?
- Pპირის იდენტიფიცირება არ მომხდარა...
- ითქვა, რომ საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის გარეთაც მიმდინარეობს. ითქვა ისიც, რომ სოსანაშვილს სატელეფონო კავშირი საფრანგეთსა და აშშ-ში მცხოვრებ პირებთან ჰქონდა...
- გამოძიებამ საჭიროდ ჩათვალა, რომ საგამოძიებო მოქმედებები საქართველოსა და ქვეყნის გარეთ ჩატარებულიყო, თუმცა იმაში, თუ რა მიმართულებით ხორციელდება, დაზარალებულის ადვოკატები ჩართულნი არ ვართ. ჩვენ მხოლოდ გამოძიების მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ვეცნობით. დღეის მდგომარეობით, გამოძიება საზღვარგარეთიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე მუშაობს, რომლის გასაჯაროება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს, მიზანშეუწონელია.
- თავიდან მკვლელობის რუსულ კვალზეც საუბრობდნენ...
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მონაცემებით, სოსანაშვილის პასუხისმგებლობის გარდა, იურისტის მხრიდან ამ სიტუაციაში ვერსიების დონეზე საუბარი ჭორაობას დაემსგავსება. იურისტი მხოლოდ მტკიცებულებების სტანდარტებზე საუბრობს. გამორიცხული არაა, თანამონაწილეების არსებობა, მაგრამ დეტალების კონკრეტიზირებას არ ვაპირებ.
- იური ვაზაგაშვილი 2015 წლის იანვარში, საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ქვეყნის პრემიერი გამოძიების მოკლე დროში დასრულებას კატეგორიულად ითხოვდა. შსს მინისტრის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელების ვინაობა უმოკლეს დროში დადგინდებოდა... გამოძიება რა ეტაპზეა?
- თავიდანვე ვაცხადებდით, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა გია სოსანაშვილის ბრალეულობით არ შემოიფარგლებოდა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს კარგად დაგეგმილი ორგანიზებული დანაშაულია. გამოძიებამ სოსანაშვილის მიმართ სწრაფი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა, რამაც დამნაშავის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. თანამონაწილეებისა და მკვლელობის ორგანიზებული ჯგუფის გამოაშკარავება კი ჭიანურდება, თუმცა პროცესში რაიმე შემაფერხებელი გარემოებები არ არის და ბრალს ვერც უმოქმედობაში დავდებთ.
- ბატონო გეგა, სოსანაშვილსა და ვაზაგაშვილს შორის პირადი დაპირისპირება ხომ არ არსებობდა?
- ამ ეტაპზე გია სოსანაშვილი დაკითხული არაა, იკითხებიან ბრალდების მოწმეები, ამიტომ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ეს და სხვა ფაქტები სასამართლოსთვის ცნობილი დაკითხვის მერე გახდება. სოსანაშვილის მიმართ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხრიდან საკმაო მტკიცებულებებია წარდგენილი და, სამართლებრივად სწორი შეფასების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოვიდეს.
- შეიძლება ითქვას, რომ ორი – ზურა და იური ვაზაგაშვილების მკვლელობების საქმე გაერთიანებულია?
- ბატონი იური შვილის იმიჯის დაცვასა და სამართლიანობის აღდგენას შეეწირა. მის მიერ დაარსებული ორგანიზაცია - ,,გადაარჩინე სიცოცხლე” აერთიანებდა შვილმოკლულ მშობლებს, რომლებიც ცდილობდნენ, საზოგადოების ყურადღება მიექციათ და ადამიანები უბედურებისგან ეხსნათ. ბატონი იურის პირდაპირი ხასიათი, მისი პრესკონფერენციები ბევრს არ სიამოვნებდა... ამ ორ საქმეს შორის სამართლებრივი არა, მაგრამ მორალური კავშირი ნამდვილად არის. სასამართლო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.
27 აგვისტოს კი, შვილის საფლავზე ვანდალურად მოკლული იური ვაზაგაშვილის დაბადების დღე იყო - 62 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, სამართლიანობის აღდგენას ვერ მოესწრო, ბრძოლას შეეწირა. ოჯახის ადვოკატებს საგამოძიებო ჯგუფთან კავშირი გვაქვს, ვიმედოვნებთ, რომ სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.