„ამბასადორიალი 2015“ - აქცენტი ეკონომიკურ დიპლომატიაზე

„ამბასადორიალი 2015“ - აქცენტი ეკონომიკურ დიპლომატიაზე

2 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ამბასადორიალი 2015“, გაიხსნა. ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერება და ინვესტიციების მოზიდვა, რეგიონალური უსაფრთხოება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფა და სუვერენიტეტის განმტკიცება - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოსა და მის გარეთ მოქმედი დიპლომატიური კორპუსი 2-დან 4 სექტემბრამდე იმსჯელებს.

„ამბასადორიალი 2015“ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა და დიპლომატიურ კორპუსს საგარეო უწყების ახალი ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილიც წარუდგინა. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მთავარი პრიორიტეტი არის და იქნება ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი, დასავლური კურსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა არ გადაუხვევს, თუმცა პარალელურად ეცდება გამოიყენოს ყველა სხვა შესაძლებლობაც, ყველა კონტინენტზე, რომელიც კი საქართველოს წინსვლაში დაეხმარება. 

„ერთია ჩვენი პოლიტიკური კურსი და მეორე - სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალის გამოყენება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ“, - თქვა პრემიერმა. ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს მთავრობასა და უცხოეთში საქართველოს საელჩოების მჭიდრო ურთიერთობის აუცილებლობაზე და ელჩებს ეკონომიკური კავშირების გასაღრმავებლად და ინვესტიციების მოსაზიდად მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

დიპლომატიურ კორპუსს საგარეო უწყების ხელმძღვანელის რანგში პირველად მიმართა ახალმა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც და ამბასადორიალზე შეკრებილ საზოგადოებას ის პრიორიტეტები ჩამოუთვალა, რაც, მისი ხელმძღვანელობით, საქართველოს საგარეო უწყებას და, ზოგადად, დიპლომატიურ კორპუსს ექნება:

„ჩვენს საქმიანობაში უმთავრესი ყურადღება ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას დაეთმობა, ვეცდებით ყველა ძალისხმევა გამოვიყენოთ ჩვენი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის გასაზრდელად, რათა ერთად აღვუდგეთ წინ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართულ უკანონო ქმედებებს“. 

გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან საუბარში მოკლედ განმარტა თავის მიერ 1 სექტემბერს გაკეთებული განცხადებაც, საქართველოსთვის, დასავლეთის გარდა, საინტერესოა ევრაზიის კონტინენტიცო, რასაც მედიაში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. მან თქვა, რომ ვინც ევრაზიულ კავშირს და ევრაზიის კონტინენტს ერთმანეთისგან ვერ არჩევს, ეს მხოლოდ მისი პრობლემაა.

„ამბასადორიალ 2015“-ის შეხვედრა მედიისათვის, ტრადიციულად, დახურული იყო, თუმცა როგორც მთავრობის წევრების, ისე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების კომენტარებიდანაც გამოიკვეთა, რომ წელს აქცენტი ორ ძირითად საკითხზე კეთდება - ეს არის ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერება და საქართველოს საგარეო კურსი. რამდენად აქტიურია დიპლომატიური კორპუსი ქვეყნის გარეთ, როცა საქმე დასავლეთსა და რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებს ეხება? ამ შეკითხვას ელჩები დიპლომატიურად პასუხობენ და აცხადებენ, რომ საქართველო თავის მიერ აღებული კურსის ერთგული რჩება, თუმცა ეცდება არ გაამწვავოს ურთიერთობა რუსეთთან.

„ჩვენ ჯერჯერობით მივდივართ ძალიან ნორმალურად, რაციონალურად. შარშან გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების თვალსაზრისით, მომავალ წელს სავიზო ლიბერალიზაციის კუთხით გვექნება პროგრესი. ამავე დროს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ზედმეტ კონფრონტაციაში არ შევიდეთ რუსეთთან, გავაგრძელოთ დიალოგი და მოვაგვაროთ ის საკითხები, რა საკითხების მოგვარებაც შესაძლებელია“, - განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. 

ქვეყანამ თავისი სტრატეგიული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და მასში არაფერი შეიცვლება, განაცხადა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ გეგეშიძემ. საქართველოს ევროინტეგრაციის კურსის დინამიკის გაზრდაზე ლაპარაკობს ნატალი საბანაძეც, ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი:

„ჩემი მოლოდინია, რომ ევროინტეგრაციის კუთხით ცვლილება არ იქნება. პირიქით, დინამიკა კიდევ გაიზრდება და კიდევ უფრო გაღრმავდება ის კავშირები, რომლებიც უკვე გვაქვს, რადგან ეს არის ქვეყნის სტრატეგიული მიმართულება და, ამას გარდა, ველი, რომ ახალი მინისტრის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდება ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულება“.

რაც შეეხება ეკონომიკის სფეროსა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით გააქტიურებას, მაგალითად, საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საელჩოებს, მართლაც, აქვთ სამუშაო და, შესაძლოა, ამას სპეციალური განყოფილებების შექმნაც დასჭირდეს, რომლებიც ფოკუსირებულად იმუშავებენ ეკონომიკურ პროექტებზე. 

„ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა და ჩვენ ამ მხრივ გერმანიასთან უკვე საკმაოდ ინტენსიურად ვმუშაობთ. მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, მომავალი წლიდან დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანიის ბაზრისთვის, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უნდა შეიქმნას ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობისათვის“, - განაცხადა ლადო ჭანტურიამ.

ამბასადორიალის გახსნას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარმოადგინა მარგველაშვილის მიმართვის ტექსტი, რომლითაც ელჩების წინაშე უნდა გამოსულიყო და რომელშიც ვკითხულობთ, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უშუალოდაა დაკავშირებული მის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან:

"ერთი წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებით. ნატოს უელსის სამიტი, ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესი და ამ შეთანხმების ამოქმედება, მნიშვნელოვანი პროგრესი ვიზა-ლიბერალიზაციის საკითხში - ეს ყოველივე არასრული ჩამონათვალია იმ წინგადადგმული ნაბიჯებისა, რომელმაც ხელი შეუწყო ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გვმართებს ინტეგრაციული პროცესების გასაძლიერებლად და ევროატლანტიკური სივრცის თითოეულ სახელმწიფოსთან ურთიერთობების გასაღრმავებლად".

ევროსაბჭოში ყოფილი ელჩი მამუკა ჟღენტი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ არაფერი ახალი ეკონომიკურ დიპლომატიაში არ არის, ინვესტიციების მოზიდვა კი, მისი თქმით, წლების განმავლობაში იყო ელჩების ერთ-ერთი მთავარი დავალებაც და მიზანიც. მამუკა ჟღენტი მიიჩნევს, რომ ერთდროულად დეოკუპაციის საკითხში წარმატების მიღწევა და თან დიალოგი რუსეთთან ძნელი მისაღწევია. 
„ამბასადორიალი 2015“ 4 სექტემბრამდე გაგრძელდება. ამ სამი დღის განმავლობაში სამუშაო სესიებში, ელჩების გარდა, მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.