როგორც კი ქიბარ ხალვაშმა, ერთ დროს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ მფლობელმა სასამართლოს მიმართა იმის დასამტკიცებლად, რომ ტელეკომპანია უკანონოდ ჩამოერთვა, სასამართლომ კი ტელეკომპანიის ქონება დააყადაღა (როგორც ამას, არც მეტი, არც ნაკლები, კანონი ითვალისწინებს), „რუსთავი 2-ის“ ამჟამინდელმა გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ პროცესი თავისუფალ სიტყვაზე ჯვაროსნულ ლაშქრობად შეაფასა (თუმცა თავად უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ტელეკომპანია „იმედის“ დარბევა-დახურვაში). მეორე მხრივ, ტელეკომპანია „მაესტროს“ დღემდე ყადაღა ადევს („ნაციონალური“ პერიოდისდროინდელი), ოღონდ ეს არასდროს გამხდარა მსჯელობის თემა და არც თავისუფალ მედიაზე შეტევად შეფასებულა.
„რუსთავი 2-ს“ მფლობელიდან მფლობელის ხელში გადასვლა-გადმოსვლის პროცესი უფრო ადრე დაიწყო, ვარდების რევოლუციის აისზევე, როდესაც მისი მფლობელები ჯარჯი აქიმიძე და დავით დვალი იყვნენ, რომლებსაც, როგორც თავად ამტკიცებენ, „რუსთავი 2“ უბრალოდ წაართვეს. აქვთ თუ არა კავშირი ქიბარ ხალვაშის სარჩელთან „რუსთავი 2-ს“ თავდაპირველ მფლობელებს, თავად თუ აპირებენ წართმეული ტელეკომპანიის დაბრუნებას და რატომ არ მიმართეს დღემდე სასამართლოს ამ საკითხის გადასაწყვეტად? – ამ კითხვებზე ჯარჯი აქიმიძე გვიპასუხებს.
„რუსთავი 2–ს“ გენდირექტორი გვარამია აცხადებს, რომ ხალვაშის სარჩელთან უშუალო კავშირი გაქვთ თქვენ და გია დვალს. მართალია?
– ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. წარმოდგენაც არ მაქვს, რა წერია იმ სარჩელში, იმიტომ რომ არც მხარე ვარ და, ამ მიზეზით, ვერც კი გამოვითხოვდი სარჩელს. დიდი ხნის განმავლობაში თავს ვიკავებდით საჯარო გამოსვლებისგან, მაგრამ იმდენად მოსაბეზრებელი გახდა სატელეფონო ზარები, მივხვდით, რომ თავს ვეღარ დავაღწევდით და იმიტომაც გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება მე და დავით დვალმა. თუმცა სტრატეგიულად ჩვენთვის უკეთესი იქნებოდა, თუ ხმას არ ამოვიღებდით, იმიტომ რომ ამ სარჩელთან არაფერ შუაში ვართ.
თქვენ რატომ არ მიმართეთ სასამართლოს იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც მიმართა ხალვაშმა?
– იმიტომ რომ, როდესაც იურისტებთან გავიარეთ კონსულტაცია, მათ გვითხრეს, რომ შესაძლოა, სასამართლოს ჩვენი სარჩელი არ დაეკმაყოფილებინა. იურისტებმა გვირჩიეს, რომ ერთადერთი გამოსავალი იყო პროკურატურაში განცხადების შეტანა, რომ მათ გამოეძიებინათ ეს საქმე. მართლაც, დავწერეთ განცხადება, შევიტანეთ პროკურატურაში. დაიწყო მოკვლევა, დაგვკითხეს, სხვებიც დაჰკითხეს. პერიოდულად მოვიკითხავდით ხოლმე და გვპასუხობდნენ, რომ ძიება გრძელდებოდა. და ეს ძიება გრძელდება აგერ უკვე სამი წელია. თუმცა ჩვენ მაინც ველოდებით, იმიტომ რომ სხვა გზა არ გვაქვს.
რატომ დაედო ქიბარ ხალვაშის სარჩელს პოლიტიკური სარჩული?
– წლების განმავლობაში „რუსთავი 2“-ის უკან არანაირი პოლიტიკური ძალა არ იდგა და აბსოლუტურად თავისუფალი მედია იყო, შესაძლოა, ტენდენციური, მაგრამ მთავარია – თავისუფალი. ჩვენი დამფუძნებლობის პერიოდში ორჯერ დაგვხურეს, ყადაღა კი არ დაგვადეს სასამართლოს გადაწყვეტილებით, არამედ „რუბილნიკიდან“ გამოგვრთეს, იმიტომ რომ არ ვასრულებდით ხელისუფლების დავალებებსა და მითითებებს. დღეს სულ სხვა სიტუაციაა: „რუსთავი 2“ არის პარტიული მედია, „ნაცმოძრაობის“ მედია-საშუალება, რომელიც თავის დროზე წაგვართვეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავკაცებმა და ამ პროცესში მონაწილეობას იღებდნენ არა ჭანჭიკები, არამედ პირველი პირები.
თქვენ, ანუ თქვენი პერიოდის „რუსთავი 2“ ხომ უჭერდა მხარს ვარდების რევოლუციას და საკმაოდ აქტიურად?
– ჩვენ მხარს ვუჭერდით ცვლილებებს. მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ცვლილებები და ვარდების რევოლუცია ყველამ სხვადასხვანაირად გავიგეთ და განსხვავებული დასკვნებიც გავაკეთეთ. თუმცა ეს ცალკე ამბავია. აჭარის რევოლუციის შემდეგ ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს ვანო მებარიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა. ეროსი კიწმარიშვილსაც სთავაზობდნენ, ჩარეულიყო ამ პროცესში, მაგრამ მან უარი თქვა, იმიტომ რომ ჩვენ იმ პერიოდში სერიოზული კონფლიქტი გვქონდა ერთმანეთთან. შეგვხვდნენ ადეიშვილი და მერაბიშვილი და პირდაპირ გვითხრეს, რომ, მინიმუმ, ორი ვადით აპირებდნენ მოსვლას, კარგად იცოდნენ ტელევიზიის მნიშვნელობა და უნდოდათ ტელევიზია იმისთვის, რომ ემართათ სიტუაცია. მათ უნდოდათ, შეეძინათ ტელევიზია.
რა თანხა შემოგთავაზეს?
– არ მისულა საუბარი ფულამდე, იმიტომ რომ ჩვენ გაგვეცინა მათ შემოთავაზებაზე, უარი ვუთხარით და დავემშვიდობეთ.
ვერ წარმოიდგინეთ, მოვლენების შემდგომი განვითარების სცენარი?
– არა, ამის წარმოდგენა იმ ცვლილებების ფონზე შეუძლებელი იყო. არც კი გვიფიქრია, რომ ასეთ სადამსჯელო ოპერაციას ჩაატარებდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ ისევ შემოგვითვალეს, რომ ისევ უნდა გაგვეგრძელებინა ამაზე საუბარი. ჩვენ ისევ უარი ვუთხარით, ამასობაში კი ეროსი გამოვიდა ტელევიზიით და გამოაცხადა, რომ „რუსთავი 2“ გაკოტრების რეჟიმში იყო.
ამის შემდეგ დაიწყო თვალთვალი და ჩვენი ტელეფონებიც ისმინებოდა. ამას არც მალავდნენ, პირიქით, როდესაც ვიკითხეთ, თუ რა ხდებოდა, გვიპასუხეს, აბა, რა გეგონათ, უარს რომ ამბობდითო. შევხვდით ადეიშვილს, რომ გაგვეგო, რით დავიმსახურეთ ასეთი მოქცევა. პასუხად მივიღეთ, რომ ეს ყველაფერი დასრულდებოდა იმავე წამში, როგორც კი გავაგრძელებდით მოლაპარაკებას. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ჩვენმა კრედიტორმა საერთშორისო ორგანიზაციამ, როდესაც გაიგო, რომ ტელევიზია გაკოტრების რეჟიმში იყო, მოითხოვა კრედიტის სრულად დაფარვა. კრედიტის გარანტორი კი იყო „ჯორჯია ონლაინი“, რომლის დამფუძნებლებიც მე და გია დვალი ვიყავით და ჩვენი პირადი ქონება. ბოლოს, გვითხრეს, თუ არ წამოხვალთ მოლაპარაკებაზე, დაგტოვებთ საცვლების ამარაო და მართლაც ასე მოხდებოდა. მილიონ ორასი ათასიანი კრედიტის დაფარვის შედეგად „ჯორჯია ონლაინიც“ და ჩვენი ქონებაც უნდა გაყიდულიყო. მხოლოდ ამის შემდეგ ვიკითხეთ, რა ფასს გვთავაზობდნენ „რუსთავი 2–ში“ისეთი თანხა დაგვისახელეს, დავიხოცეთ სიცილით, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა.
და რამდენი იყო ის სასაცილო თანხა?
– ეს წერია იმ განცხადებაში, რომლითაც მივმართეთ პროკურატურას და როდესაც ისინი გადაწყვეტენ, რომ თქვან, მაშინ გამჟღავნდება.
ვინ გადმოგცათ ფული, ვისთან გააფორმეთ „რუსთავი 2–ის“ ყიდვა-გაყიდვის დოკუმენტი?
– ბათუმში მცხოვრები პაატა კარსანიძე მოვიდა, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის იყო მოსული, იცოდა, რომ რაღაცაზე უნდა მოეწერა ხელი, მოაწერა და წავიდა.
ფულის პატრონს არ ჰგავდა?
– არ ჰგავდა და ვერც გავიგეთ, ვისი იყო ის ფული. რომ მივედით, ფული დაგვხვდა ოთახში. შემდეგ პაატა მოვიდა, ხელი მოაწერა, წავიდა.
ანუ პაატა კარსანიძემ იყიდა თქვენგან „რუსთავი 2“?
– დიახ, „შლოპანცებში“ გამოწყობილმა პაატა კარსანიძემ.
ითქვა ისიც, რომ თითქოს თქვენც თავის დროზე უკანონოდ მიიღეთ „რუსთავი 2-ს“ სიხშირე. და ისიც ცნობილია, რომ ფიქრია ჩიხრაძის განცხადების საფუძველზე ფრიდონ ინჯიამ, მაშინ კავშირგაბმულობის მინისტრმა, შეუწყვიტა „რუსთავი 2-ს“ მაუწყებლობა.
– ეს ყველაფერი უკვე გარკვეულია და ამიტომ ამაზე თავიდან საუბარი უაზრობად მიმაჩნია. თუ ვიღაცას უნდა, რომ გაიხსენოს, გაიხსენოს, მისი ნებაა.
ქიბარ ხალვაში როდის გამოჩნდა თუ ტელევიზია „შლოპანცებიანმა“ პაატა კარსანიძემ იყიდა?
– აქ კიდევ ერთი ნიუანსია: „რუსთავი 2“ დავთმეთ იმის გამოც, რომ შეგვენარჩუნებინა „ჯორჯია ონლანი“ და მოვითხოვეთ, რომ სანაცვლოდ „რუსთავი 2-ს“ ჩამოშორებოდა „ჯორჯია ონლაინის“ გარანტორობა. შუმავლების მეშვეობით მივიღეთ გარანტია, რომ „რუსთავი 2-სგან“ ჩაიხსნებოდა „ჯორჯია ონლაინი“. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უნდა მივსულიყავით ნოტარიუსთან, სადაც ეს სიტყვიერი გარანტია დოკუმენტურად გაფორმდებოდა და იქ ვნახეთ პირველად ქიბარ ხალვაში.
თუ ქიბარ ხალვაშმა მოიგო სასამართლო, თქვენ მაინც გამორიცხავთ ამ გზას?
- თუ ხალვაში მოიგებს პროცესს, უამრავი ვარიანტია მოვლენების განვითარების: ვიდავოთ, შევრიგდეთ ან დაგვიბრუნოს. ჯერ არ ვიცი, მაგრამ ეს მოხდება მას შემდეგ, თუ დემოკრატიული და დამოუკიდებელი სასამართლო იტყვის, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ედავება ხალვაში, არაკეთილსინდისიერი მყიდველები არიან. ამ შემთხვევაში გაცილებით მარტივდება საქმე და შეგვეძლება ჩვენი პრეტენზიების წაყენება.