შოკისმომგვრელი ღამის რეპორტაჟი კოჯრის იდუმალი სახლიდან

შოკისმომგვრელი ღამის რეპორტაჟი კოჯრის იდუმალი სახლიდან

ლეგენდის თანახმად, ამ სახლში დიდ ხანია, არავის უცხოვრია, რადგან სხვადასხვა დროს, მცხოვრები სამი ოჯახიდან სამივე დაიღუპა... როგორც ამბობენ, სახლი 1921 წელს დახოცილი იუნკერების საფლავზეა აშენებული. იმასაც ამბობენ, დღისით კიდევ არაფერი, მაგრამ ღამით იქ შესვლა საშიშიაო. ვიღაცები ყვებიან, რომ მოჩვენებები ნახეს. ვიღაცებმა კი, ქალის კივილი და მამაკაცის ღრიალი გაიგეს... არავინ იცის, რა ხდება სინამდვილეში... ზოგს ყველაფერ ამის ჯერა, ზოგს - არა... ქართულმა სიტყვამ კოჯრის მისტიკური სახლის ღამით მონახულება ექსტრასენ ცირა კუპრაშვილთან ერთად გადაწყვიტა. მაშ ასე: მოგზაურობას ვიწყებთ!

ღამეა...                                              

სახლს ტყის მხრიდან ვუახლოვდებით...

ხმის ჩამწერი ჩავრთე...

გამიგია, ხანდახან ფირზე ის რჩება, რასაც ჩვეულებრივი თვალით ვერ ვამჩნევთო. ამიტომ ვიდეოაპარატსაც ვრთავ.

სახლს ნელ-ნელა ვუახლოვდებით...

არ ვიცი, იქ რა დაგვხვდება, მაგრამ ვიცი, ჩემში რა ხდება... ცირა თვალებს ხუჭავს, ღრმად სუნთქავს...

სამარისებული სიჩუმეა.

წვივები მეწვის - ბალახის თითოეულ შეხებასა და შრიალზე რაღაც გრანდიოზულს ველოდები...

- საშინელი აურაა... აქ ტყე-პარკი უნდა გაშენდეს, - ჩურჩულებს ცირა, - მხოლოდ ხეებს შეუძლიათ, აქაურობა გაწმინდონ.

უკან დავიხიე და პირველი ფოტო გადავიღე.

- ჩუ... ნუ ჩქარობ... მე ცდა დიდხანს შემიძლია... კარგია, რომ ღამე მოვედით, - ისევ დაიჩურჩულა ცირამ და სახლს გახედა, - აქ უამრავი მიცვალებულია...

- გამარჯობა, - მესმის უკნიდან და მაშინვე ვტრიალდები. სახლის გვერდით მდებარე მონასტრის მორჩილია... რა ხდებაო, გვეკითხება.

- რეპორტაჟს ვაკეთებთ, მამაო, - ვპასუხობ, თან მიხარია, პარანორმალური მოვლენის მოწმე რომ არ გავხდი და ჩემს წინ ჩვეულებრივი ადამიანი დგას.

- რა რეპორტაჟს?

- როგორ თუ რა რეპორტაჟს? - ვიბნევი.

- რას იღებთ?

- სახლს, მამაო.

- ის გაინტერესებთ, ამ სახლში რა ხდება?

- დაახლოებით.

- იქნებ, თქვენც გვითხრათ ორი სიტყვა, - საუბარში ცირა ერთვება, - უფრო ბევრი გეცოდინებათ...

- რაც მე ვიცი, არავის აწყობს, - ამბობს მორჩილი. ვაპირებ, ვიდეო გადავუღო, მაგრამ მთხოვს, არ გადამიღოო...

- სახლზე მაინც, რა იცით? - მორჩილს უფრო მივუახლოვდი.

- ყველაფერი... თუმცა, ეს თქვენ არ გაწყობთ, რადგან რეპორტაჟისთვის საინტერესო არ იქნება.

- იქნება, - მტკიცედ ვამბობ, - მიამბეთ, გისმენთ...

- ადრე „იმედიდან“ იყვნენ მოსულები. ძალიან ვთხოვე, არ გადაიღოთ-მეთქი და ავუხსენი, მაგრამ არ აინტერესებდათ.

- რატომ არ გინდოდათ, რომ გაშუქებულიყო?

- სახლის დასათვალიერებლად რომ ამოდიან, მონასტერს აწუხებენ... მეტი არაფერი - ხმაურობენ, იგინებიან, ყვირიან, რაღაცებს ამტვრევენ... იმიტომ, რომ ჰგონიათ, ეს სახლი დაწყევლილია და იქ სულები ცხოვრობენ. ასე არაა.

- სახლს რატომ არ ანგრევენ, - დაინტერესდა ცირა.

- კერძო საკუთრებაა, ვინ დაანგრევს?! საჯარო რეესტრში მისვლისას, ყველას შეუძლია ნახოს, თუ ვინაა მფლობელი. რომ ამბობენ, ბანკისააო, არასწორია. სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ეს სახლი კონკრეტულ პიროვნებებს ეკუთვნით. სახლის ინტერესი არავის აქვს, უბრალოდ, დიდი ტერიტორიაა...

- მე ფსიქოლოგი ვარ და ეს სახლი მაინტერესებს, - ამბობს ცირა.

- ღმერთის გწამთ? - კითხულობს მორჩილი.

- რა თქმა უნდაო, - ცირამ.

- არ გჯერათ, რომ ამ სახლში არაფერი ხდება და მონასტრის ტერიტორია დაწყევლილი არ იქნება?

- თავად სახლი არა, მაგრამ ტერიტორია რატომ არ შეიძლება, დაწყევლილი იყოს? ის, ვინც ტაძარში შემოდის, შეიძლება, დაწყევლილი იყოს.

- ადამიანზე არ გეუბნებით, უფლის სახლი ხომ ვერ იქნება დაწყევლილი?!. საერთოდ, ეზო სახლის პატრონს ეკუთვნის...

- რისი თქმა გინდათ?

- აქ ნამონასტრალია და არაფერია დაწყევლილი, არც სულები დადიან, - გვარწმუნებს მორჩილი.

მორჩილის წეღანდელი ნათქვამი მახსენდება, სახლი კერძო პირისა თუ პირების საკუთრებააო. ახლა კი, ამბობს, აქაურობა ნამონასტრალიაო...

- თუ ასეა, მაშინ ყველაფერი ეს რატომ მოიგონეს? - ვინტერესდები, - ხომ იცით, ცეცხლი უკვამლოდ არ ჩნდება...

- ცარიელი სახლი დაინახეს და ერთი ამბავი ატყდა, ცარიელი რატომ არისო...

- ცარიელი სახლი ბევრია... სახლი სასაფლაოზეა აშენებული?

- არა...

- აქ ბევრი მიცვალებულია, - ამბობს ცირა...

ორივე მორჩილს მივაჩერდით.

მორჩილმა ცირას ნათქვამი შეკითხვის ინტონაციით გაიმეორა და დასძინა:

- ადრე, მიცვალებულებს მონასტრის ტერიტორიაზე ასაფლავებდნენ.

- იცით, ამ სახლში ბოლოს ვინ ცხოვრობდა? - ანაფორაში გამოწყობილ ახალგაზრდას თვალს არ ვაცილებ.

- არავინ. საერთოდ, აქ არავის უცხოვრია.

- ერთი თვითმხილველი ამბობს, თუ სახლში, თეთრ კაბაში გამოწყობილი ქალი დაინახა, ბავშვის ყვირილიც გაიგონა... თვითმხილველთა ვიდეოები ინტერნეტითაა გავრცელებული, - ვამბობ ჩემთვის...

- ერთ-ერთი ვიცი, აქაც ხშირად მოდის ხოლმე... მან მერე თქვა, გავიხუმრეო. მეორე ბიჭი აქაური არაა, თქვენსავით, თბილისიდან იყო ამოსული. ყველაფერი მოიგონა.

- სახლში რატომ არ გვიშვებთ?

- არ გიშლით... სურათებს იღებდით და მაინტერესებდა, ვინ იყავით.

- არავის არაფერს ვუშავებთ, შევალთ, დავათვალიერებთ და მშვიდობიანად წავალთ. ღმერთის რომ გვწამს და ადამიანები გვიყვარს, აქ ამიტომაც ვართ.

რამდენიმე წამს ისევ სიჩუმე ჩამოვარდა..

ცირამ ზოგადად, მაგრამ ალბათ, უფრო მონასტრიდან მოსული სტუმრის მისამართით დასვა:

- ამ სახლის პატრონი ვინმეს ემუქრება?

- არავის, - დაბალი ხმით თქვა მორჩილმა და თითქოს უცებ გამოფხიზლდაო, სიცილნარევი ტონით განაგრძო, - არც არავინ მომკვდარა ამ სახლში, უბრალოდ, არავის უცხოვრია და სახლი არასდროს გამოუყენებიათ. იყიდება და სულ ხელიდან ხელში გადადის... ტერიტორიაა, თორემ სახლი ვის აინტერესებს?!

- არც ის აინტერესებთ, რაც სახლის ქვემოთაა? - ვერ მივხვდი, ცირას ეს შეკითხვა რატომ გაუჩნდა, თუმცა თუ ცირას ექსტრასენსულ თუ ფსიქოლოგიურ ნიჭს გავითვალისწინებთ, ეს მოულოდნელი შეკითხვა შეიძლება, იმით ავხსნათ, რომ რაღაც დაინახა. კარგი, ცირა ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტ რამეს ხედავს და ამის გამართლება მარტივია, მაგრამ ყველაზე მეტად იმან გამაკვირვა, ამ არალოგიკურ და, ერთი შეხედვით, გაუგებარ შეკითხვას, რომელზეც, წესით, რა შუაშიაო, უნდა ეპასუხა, მორჩილმა ასეთი პასუხი გასცა:

- სახლის ქვემოთ არაფერია!

ცირასთვის არავის უთქვამს, რას კითხულობო. უბრალოდ, სახლის ქვემოთ არაფერიაო და... მორჩა

- სახლში ნამყოფი ხართ? - არ მოვეშვი მორჩილს.

- ნამყოფი?... მე-2 სართულზე ის პურები, „იმედმა“ რომ გადაიღო, ჩემი დაწყობილია.

- ახლაც ხომ არ შემოგვყვებით?

- ტყუილს არ გეტყვით, მით უმეტეს, საეკლესიო პირი ხართ. სხვათა შორის, ბაბუა ეპისკოპოსი მყავდა და სვეტიცხოველშია დაკრძალული... ერთად გავარკვიოთ, იქნებ, საერთო ინფორმაციამდეც მივიდეთ, რა ხდება... თქვენც ხომ არ გაწყობთ, რომ ამბობენ, დაწყევლილი ადგილიაო. დავეხმაროთ ადამიანებს სიმართლის გარკვევაში. მეც მაქვს რაღაც ინფორმაცია, - ამბობს ცირა..

-- რა ინფორმაცია გაქვთ? - ეკითხება მორჩილი.

- მოდი, შევიდეთ და საუბარი შიგნით გავაგრძელოთ...

- აქ მითხარით!

- რატომ? იქ საშიშია? - მე და ცირა ვიცინით. მორჩილიც...

- საშინელი სუნი დგას, როგორც ბოსელში. ბოსელში შესვლა გსიამოვნებთ?

- არა, მაგრამ ინტერესია, - თავისას არ იშლის ცირა.

- რა ინტერესი?.. რომ გითხრათ, ჩემი საღორე დაწყევლილია-მეთქი, ხომ არ შეხვალთ და იფიქრებთ, სისულელეაო?! ესეც ასეა. მერე, თუ გინდათ, შევიდეთ და დავათვალიეროთ, ოღონდ აქ ვილაპარაკოთ, იქ საშინელი სუნია.

- ერთი სურათი ხომ არ გადაგვეღო-მეთქი, - შევახსენე მორჩილს თავი, მაგრამ ისევ იუარა და ცირას შეკითხვა გაუმეორა, რა ინფორმაცია გაქვთო.

- იმას არ გეტყვი, სულები დადიან-მეთქი, მაგრამ ეს სახლი ისეთ მიწაზე დგას, ტყე-პარკი აუცილებლად უნდა გაშენდეს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ უარყოფითი ენერგია არ იყოს და ბავშვებმა ირბინონ.

- ბავშვები ისედაც დარბიან!

მორჩილისა და ცირას დიალოგს ყურს ვუგდებ...

- შენს კითხვას ვცემ პასუხს, - აგრძელებს ცირა, - ტყე-პარკს არც ბოსლის სუნი ექნება და შემეძლება, შენთან მოვიდე, მხიარულად დაგიძახო და ამ პარკში ერთად გავისეირნოთ.

- აი, რომ ამბობენ, ამ სახლზე არავინ ლაპარაკობს და ხსენებას ყველა გაურბისო, არასწორია. არავის ერიდება ამაზე ლაპარაკი. ეს მისტიკაც ძალით შექმნეს, - ამბობს მორჩილი.

- მისტიკა მისტიკად რჩება...

- მხოლოდ ამოსულებისთვის, თორემ აქაურებისთვის - არა.

- იცით, რა მაინტერესებს? - დიალოგში ჩავერთე, - სხვა სახლთან რომ მივსულიყავით და ფოტოები გადაგვეღო, მაშინაც მოხვიდოდით?

- იქაც მოვიდოდი. შესვლა ხომ არ ამიკრძალავს, უბრალოდ, ვიკითხე, ვინ იყავით.

საუბარი ისევ ტყე-პარკის გაშენებაზე გაგრძელდა. ცირა ამტკიცებდა, ტყე ჟანგბადს გამოჰყოფს და ჟანგბადი სიცოცხლის საწინდარიაო. მორჩილი კი, ტყე აქ ისედაც არის და კერძო საკუთრებას ვერ შეეხებითო, ამბობდა.

- ამ სახლის პატრონის ინტერესებს რატომ იცავთ? - ვიკითხე.

- კი არ ვიცავ, უბრალოდ, ვერაფერს ვუზამთ ადამიანის პირად საკუთრებას.

- შეგიძლია, შემიყვარო და ისე მელაპარაკო? როგორც შენი შვილი, როგორც შენი და, როგორც შენი დედა... შემიყვარე და ისე მელაპარაკე... ახლა არ გიყვარვარ, - ეუბნება ცირა მორჩილს.

- რომ მიყვარხართ, ამიტომ გელაპარაკებით, - პასუხობს მორჩილი.

მოკლედ, ვთანხმდებით, რომ არაფერს ვაშავებთ და მორჩილი გვტოვებს.

სახლის კართან ვდგავართ...

შევდივართ...

სიბნელეა... ჩამსხვრეული ფანჯრებიდან ლამპიონების შუქი შემოდის. მართლაც, საშინელი სუნია... აურა - უარესი...

წვივების წვა მიმატებს...

ეს არაა “აკრძალული ხილის” ინტერესი და არც ის, რომ მისტიკის მჯერა. ეს ისაა, რაც ამ სახლში ხდება.

ვიდეოკამერაში ჩახედვა მზარავს და აღარ მინდა, ის, დავინახო, რის სანახავადაც მოვედი...

ცოტაც და, თითქოს ის ქალი გაივლის, ცოტაც და, იმ ბავშვის ხმასაც გავიგებ...

„აქ უამრავი მიცვალებულია“, - მახსენდება ცირას წეღანდელი ნათქვამი და ვიჯერებ, რომ მართლაც, ასეა...

შესასვლელიდან მარცხნივ პატარა კიბეა, რომელიც დაბლა ჩადის. ფანარს ვანათებ...

არავინაა...

კედლებზე უამრავი წარწერაა და ამ წარწერებში ვიღაც სიტუაციის გამძაფრებას, ვიღაც ცინიკური დამოკიდებულების გამოჩენას ცდილობს. ნელი ნაბიჯებით დავდივართ და ფოტოებს ვიღებთ.

უკანა კარი ღიაა, ან რომც დაკეტო, რაღა აზრი აქვს? - მხოლოდ ხის ჩარჩოებიღაა დარჩენილი.

- რას გრძნობ? - ვეკითხები ცირას.

- ისინი, უბრალოდ, შველას ითხოვენ...

ღამეა...

...ვერავინ დამარწმუნებს, რომ ხმები, რომელიც მესმის, ვთქვათ, ნაბიჯების, ან ფაჩუნის, მეორე სართულიდან არ მოდის.

ჩამონგრეულ ბუხარს ზურგს ვაქცევთ და კიბით მაღლა ავდივართ.

ყველაფერი შემზარავი, რაც კი ოდესმე მინახავს, მახსენდება.

ცირა მშვიდია... დამაჯერებლად მშვიდი და ჩუმი.

მეორე სართულზე, ოთახებში, ყველა კარი ღიაა...

- აი, ის პურებიც, - ვეუბნები ცირას და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ.

მოფრიალებული კარი ოთახიდან აივანზე გადის...

საშიში არაფერია...

ყველა ოთახში შევდივართ და ვათვალიერებთ, წარწერები ყველგანაა. ერთ-ერთ ოთახში კედლების ამომწვარ კუთხეს ფოტოს ვუღებ, მაგრამ მხოლოდ ბოლოს, წამოსვლისას დავინახე ის გამოსახულება, რომელიც გადაღებისას არ შემიმჩნევია. მეგონა, უბრალოდ, დამწვარი კედლის ფოტო შემომრჩებოდა... დაკვირვებაც კი არ სჭირდება, ისე დაინახავთ ორ არსებას... მათი ვინაობა ნამდვილად არ ვიცი...

- ბექა, გეუბნები, აქ, ამ სახლის მაგივრად ბევრი ხე უნდა დაირგას. მიცვალებულებისთვისაც კარგია, ყველაფერს გაწმენდს, მაგრამ... ეს შეიძლება, ვინმეს არ აწყობდეს, თუნდაც ამ სახლის პატრონს. მიწა უნდა გათავისუფლდეს!

- რატომ არ უნდა აწყობდეს?

- ძალიან ბევრ რამეს მალავენ. უნდა გაირკვეს...

- ვთქვათ, სახლი უცებ გაქრა... ამით იმ ვიღაცებს, ვინც, რაღაცას მალავს, რა დაუშავდებათ? კონკრეტულად, რას  მალავენ, ვერ ხვდები?

- მაგას ვერასდროს მიხვდები, - ცირამ მზერა სადღაც, შორს გადაიტანა, - არ მინდა ვიფიქრო... თვითონ სახლი არ არის ცუდი, პირიქით, კარგი სახლია და ლამაზი პროექტია. უბრალოდ, სახლის ქვეშ... მათ მოსვენება უნდათ.

- მიცვალებულებს?

- ჰო, ძალიან ბევრნი არიან... დახოცილები და ჩაყრილები... ასეთ ადგილას დიდხანს არ უნდა გაჩერდე. არადა, რა ლამაზი სახლია... ეს ცოდვილი ადგილია და თავს ცუდად ვგრძნობთ, ჯობია, ისინი დავასვენოთ, წავიდეთ...

- რომ არ დავასვენოთ, რა მოხდება?

- ილუზიებში გადავალთ...

- ხომ შეიძლება, ყველაფერს იმიტომ ვიჯერებთ, რომ გვინდა? ამ განწყობით მოვედით...

- შენ, შეიძლება, იჯერებ, მაგრამ მე - არა, ბექა... მე არც კი მეშინია, იმდენად ვიცი და ვიცნობ ყველაფერ ამას...

ნელ-ნელა გამოვდივართ...

ჩამწერიც კვლავ ჩართულია და ვიდეოაპარატიც.

ვგრძნობ, ცოტაც და წვივების წვა გამივლის...
ვიცი, აქ აღარასდროს მოვალ.

- სახლის ქვეშ, შეიძლება, მნიშვნელოვანი განძია, მე-17 საუკუნის, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, - ამბობს ცირა და ელდანაცემივით ვტრიალდები... თვალებში ვუყურებ...

მონასტერთან მივედით. მორჩილი ისევ შეგვხვდა და ისევ კერძო საკუთრებაზე გველაპარაკა. ერთი ამბავიც მოგვიყვა:

თურმე, ერთი ბიჭი მეგობრებს ამ სახლში ჩაუკეტავთ, შევაშინოთო და იმ დღის მერე, ბიჭს ეგონა, რომ აქ რაღაც იყო. რასაც გინდა, იმას იჯერებო, მორჩილმა

- მე, იცი, რისი მჯერა? - ეუბნება ცირა, - იმის, რომ ადამიანს სიყვარული გადაარჩენს.

- ერთი რაღაც მაინტერესებს: ამ სახლის ტერიტორია ეკლესიის ხომ არ არის? - ვკითხულობ.

- ადრე იყო, მე-17 საუკუნეში, - მპასუხობს.

ცირას სიტყვები მახსენდება, განძთან დაკავშირებით...

- ახლა?

- არა.

- ამბობთ, ამ სახლის მეპატრონის ინტერესებს არ ვიცავო, ტერიტორიაც მონასტრის არ არის... აბა, ვის ინტერესს იცავთ?

- ის ვთქვი, რომ სხვისი ტერიტორიაა და ტყე-პარკს ვერ გავაკეთებთ-მეთქი.

- ეს რა არგუმენტია? აქ ხომ ვიღაცები მოდიან, ყვირიან, რაღაცებს ამტვრევენ, მოკლედ, ისე იქცევიან, როგორც არ უნდა მოიქცნენ... ამის აღკვეთა ხომ შეიძლება?

- კი...

- ეს სახლი ხელიდან ხელში გადადის, მაგრამ ახალი მეპატრონეები არც სახლით სარგებლობენ, არც - ტერიტორიით. ამაზე არ დაფიქრებულხართ? - ვეკითხები მორჩილს.

- თავი დაანებე მაგათ, - დაუძახეს ვიღაცებმა მორჩილს. ჩაილაპარაკა, არაფერი ხდებაო და გაგვშორდა....

თბილისისკენ დავიძარით...

- სადმე, ხეებთან გავაჩეროთ, უნდა გავიწმინდოთო, - ამბობს ცირა, - თუ პარაფსიქოლოგები და საეკლესიო პირები ერთმანეთს არ დავეხმარეთ, სიმართლის გაგება გაგვიჭირდება. დასახმარებლად, უპირველესად, ერთმანეთი ისე უნდა შევიყვაროთ, როგორც - საკუთარი თავი, ეს ჩემი დევიზია.

მანქანა ხეებთან გავაჩერეთ... ცირამ ჩაიმუხლა, ბალახზე პატარა ცეცხლი დაანთო, აქ მოდიო. ცეცხლის კვამლი თავზე გადამატარა და თავადაც ასე მოიქცა. შემდეგ ფეხსაცმელი გაიხადა, ფეხშიშველი მივიდა დიდ ხესთან. მოდი, ხელი მიადეო. მივბაძე და ხეს ხელები შემოვხვიე. არ მახსოვს, როდის, მაგრამ ამაზე რომ დავფიქრდი, „კოჯრის სახლიდან“ გამოყოლილი ცუდი ემოციები გამქრალიყო...