მასობრივი დაჭერები იწყება?!

მასობრივი დაჭერები იწყება?!

საქართველოში მასიური პოლიციური ტერორი დაიწყო - რამდენიმე კვირაასისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პოტენციურ კრიმინალად გამოცხადდა. ცვლილებების მიხედვით, სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა დანაშაულად ითვლება და ჯარიმით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. სანადირო თოფის კრიმინალიზაციას არ ეთანხმება ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი და ამას სახელმწიფოს მიერ საკუთარი მოსახლეობის ტერორს უწოდებს.

ცირა ჯავახიშვილი, ადვოკატი: - ყველა ძველმა ადვოკატმა იცის, რომ 236-ე მუხლი ასეთი ფრაზით იწყებოდა: “ცეცხლსასროლი იარაღი...” და ასე შემდეგ. ახლა კი, ასე იწყება: “სანადირო თოფის, ან ცეცხლსასროლი იარაღის” და შემდეგ მოდის მუხლის დისპოზიცია. გადაჭრილი სანადირო თოფის უკანონოდ ფლობა ყოველთვის ისჯებოდა, მაგრამ აქამდე სანადირო თოფის ქონა დასჯადი არ ყოფილა. კომუნისტების პერიოდშიც იყო მცდელობა, რომ სანადირო თოფის კრიმინალიზაცია მოეხდინათ, მაგრამ არ გამოუვიდათ იმიტომ, რომ სანადირო თოფი სოფლის მოსახლეობას, ძირითადად, თავდაცვის მიზნით ესაჭიროება. სანადირო თოფები აქვთ რაიონებში. თბილისსა და სხვა ქალაქებში შეიძლება, მონადირეს ჰქონდეს, თან - აუცილებლად რეგისტრირებული. რაიონებში, სადაც სოფლებში მთიდან გარეული ცხოველები ხშირად ჩადიან და პირუტყვს იტაცებენ, ხალხს თავდაცვის უფლება აქვს და თავდაცვის  ერთ-ერთი სახე სწორედ სანადირო თოფია.

- თუ აქამდე სანადირო თოფი გაფორმებული არ იყო, მაინც თავდაცვის იარაღად ითვლებოდა?

- ეს ადმინისტრაციული გადაცდომა იყო და ამაზე ადამიანს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ მოსთხოვდნენ. ასეთი კატეგორიის ადამიანს დამნაშავე არ ერქვა. ახლა კი, დამნაშავე ჰქვია. როცა ქმედების კრიმინალიზაცია ხდება, აუცილებლად უნდა გავრცელდეს მედიით, რათა მოსახლეობა მომზადებული იყოს. ასევე, აუცილებელია იმის აღწერაც, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის, ვისაც შინ სანადირო თოფი აქვს.

- გაფორმებული თოფის შემთხვევაში რა ხდება?

- თოფი აყვანილია აღრიცხვაზე, ბალისტიკურად შემოწმებულია და მფლობელსაც სათანადო ნებართვა აქვს. როცა ადამიანი ყიდულობს, იარაღის გაფორმების სპეციალური რეჟიმი არსებობს და ასეთ დროს თოფი ლეგალიზებულია, მაგრამ როცა სანადირო თოფს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მემკვიდრეობით იღებს და ეს მემკვიდრეობა რამდენიმე თაობას ეხება, საქმე რთულდება. ყველაზე გულდასაწყვეტი კი ისაა, რომ სამოქალაქო კოდექსით სამკვიდროს მიღება ნოტარიუსის საშუალებით ხდება. ეს ისეთ ადამიანებსაც ეხება, რომლებიც გარდაცვლილთან ერთად არ ცხოვრობდნენ და არც კონკრეტულ მისამართზე არიან ჩაწერილნი. გარდა ამისა, არსებობს “ფაქტობრივი მფლობელობის მიღების” მცნება, ანუ როცა საქართველოს მოქალაქეს სამკვიდრო ფაქტობრივი მფლობელობით აქვს მიღებული. ამ შემთხვევაში, სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემა და როცა უნდა, ქონებას მაშინ მიიღებს. ახლა კი, მოძრავი ქონების ჩამონათვალში სანადირო თოფიც შედის და საქმე უკვე ადმინისტრაციულ გადაცდომასთან გვაქვს.

- კანონში შეტანილი ცვლილება როდიდან ამოქმედდა?

- 25 ივლისიდან.

მტერი და არაკეთილისმოსურნე ყველა ადამიანს ჰყავს. რაიონებში თითქმის ყველა ოჯახში ინახება თოფი. აქედან, დარწმუნებული ვარ, ორი მესამედი გაფორმებული არაა და მემკვიდრეობით აქვთ მიღებული. ნებისმიერი განაცხადის შემთხვევაში, ამ ადამიანებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოუწევთ: ცვლილებების მიხედვით, თოფის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე პატიმრობას.

- მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძალაში ახლახან შევიდა, “ქართულმა სიტყვამრამდენიმე შემთხვევის შესახებ შეიტყო. კერძოდ, სოფლებში იმ ადამიანების მასობრივი დევნა დაიწყო, რომლებიც სანადირო თოფებს ფლობენ. ქალბატონო ცირა, კონკრეტული ფაქტის შესახებ თქვენც ხომ არ იცით?

- მაქვს სისხლის სამართლის საქმე: არაკეთილისმოსურნე პირმა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სერიოზული ზიანი მიაყენა.

- როგორ?

- მოგეხსენებათ, სოფლებში სახლებს არ კეტავენ. ამ ადამიანს სანადირო თოფი მოპარა, გადაჭრა და უკან დააბრუნა. შემდეგ კი, თავზე პოლიცია დააყენა. ეს პიროვნება ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მძიმე ავადმყოფი მამა ჰყავს და ციხეში წასვლა არ უნდა. ამიტომ “დანაშაული აღიარა”. დიდი იმედი ჰქონდა, რომ საპროცესო შეთანხმებას მიაღწევდა, მაგრამ პროკურატურამ, ვიდრე ბრალდებულმა წინასასამართლო სხდომაზე არ განაცხადა, რომ სადავოდ ერთ მტკიცებულებასაც არ ხდიდა, მოატყუა...

- ამ გადაჭრილი თოფით დანაშაულია ჩადენილი?

- არა. მიუხედავად ამისა, ამ დანაშაულისთვის, პასუხისმგებლობა ექვსიდან ცხრა წლამდეა. ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა, კოალიცია “ოცნება” აცხადებდა, რომ სისხლის სამართლის მუხლები ერთმანეთთან შესაბამისობაში არაა...

- ახლაც ასეა?

- მაშინ, როცა გაუფრთხილებელი მკვლელობისთვის ხუთი წელი პატიმრობაა გათვალისწინებული, უბრალოდ, გადაჭრილი თოფის სახლში დებისთვის, ცხრაწლიანი პატიმრობა რატომ უნდა იყოს?

- თქვენმა კლიენტმა მტკიცებულებები სადავო რატომ არ გახადა?

- მიუხედავად იმისა, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თოფი ახალი გადაჭრილი იყო, ჩემს კლიენტს ეგონა, რომ საპროცესო გარიგებას მიაღწევდა, არადა, საპროცესო კოდექსში არის მუხლები, რომელთა მიხედვითაც, თუკი მტკიცებულებები სადავოდ არ გახადე, ეს იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი შეკვეცილი წარმოებით გამოაქვს. სად არის კონსტიტუციის 42-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც დანაშაული აუცილებლად უნდა დგინდებოდეს გონივრული მტკიცებულებებით?

ჩვენც ასეთივე ამბავი გველის.

- რას გულისხმობთ?

- რას და, - ძირითადად ასეთი თოფები იქნება ამოღებული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუნდაც ჯარიმის სახით, დადგება. გლეხი ერთ ცხვარს, ან ძროხას გაყიდის და ჯარიმას გადაიხდის, მაგრამ ეს ნორმალური არაა. ეს მოსახლეობის ტერორია. გამოდის, რომ საქართველოში ყოველი მეორე მოქალაქე კრიმინალია!

- ქალბატონო ცირა, თქვენი აზრით, კოდექსში ასეთი ჩანაწერის გაკეთება აუცილებელი რატომ გახდა? ამის მიზეზი სანადირო თოფით ჩადენილი დანაშაულის გაზრდილი სტატისტიკა ხომ არაა?

- შესაძლოა... ყველა სახელმწიფოსთვის სასურველია, რომ სანადირო თოფი აღრიცხვაზე იყოს, მისი ბალისტიკური მონაცემები არსებობდეს და ძალიან კარგია, თუკი ასეთი სისტემატიზაცია დაიწყება, მაგრამ ასე უცებ მოსახლეობა ფაქტის წინაშე დააყენო, კრიმინალად გამოაცხადო, შინ შეუვარდე და სტრესი მიაღებინო, ნორმალურად არ მიმაჩნია. უნდა ჩავთვალოთ, რომ ყველა ოჯახში პოტენციური პატიმარია. არაკეთილისმსურველი რომც არ იყოს, პოლიციამ ხომ იცის, რომ თითქმის ყველა ოჯახში იარაღია? ამით საშუალება ექნება, შევიდეს და სამართალწარმოება დაიწყოს. ბიუჯეტიც შეივსება და კანონიც აღსრულდება.

- მოსახლეობამ ისიც კი არ იცის, რომ სახელმწიფომ ის პოტენციურ დამნაშავედ გამოაცხადა. მათ, ვისაც შინ სანადირო თოფები აქვთ, რა უნდა გააკეთონ?

- პირველი, რა პრობლემის წინაშეც შეიძლება, გლეხი დადგეს, ისაა, რომ იარაღის წარმომავლობა უნდა დაამტკიცოს. იმEშემთხვევაში, თუკი მემკვიდრეობით მიიღო, მოუწევს ნოტარიუსისგან სამემკვიდრეო მოწმობის აღება. გლეხმა უნდა მოიცალოს, აიღოს ე.წ. ფსიქო, იარაღი ექსპერტიზაზე გაატაროს, ასევე, აიყვანოს ბალისტიკურ აღრიცხვაზე. ყველაფერი ეს დროსა და დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ამის გაკეთება ხშირად გლეხის შესაძლებლობებს აღემატება. დრო კი, გლეხების წინააღმდეგ მუშაობს. - ისინი კანონმა უკვე პოტენციურ დამნაშავეებად გამოაცხადა და ვიდრე საბუთებს მოაწესრიგებენ, ვალდებული არიან, მივიდნენ და იარაღი ჩააბარონ. მერე, როცა მის წარმომავლობას დაადასტურებენ და სამკვიდრო მოწმობას მიიღებენ, შეუძლიათ, პოლიციას მიაკითხონ და იარაღი დაიბრუნონ.

- პოლიცია ჩაბარებულ იარაღს დააბრუნებს?

- არ ვიცი... გლეხს იარაღის შეძენა, ალბათ, ხელახლა მოუწევს.

- როგორც გავარკვიე, რეგიონში ასეთი კანონი არსადაა. ცვლილება ბიუჯეტის შევსების მიზნით ხომ განხორციელდა?

- ალბათ... კანონი ძალაში რამდენიმე კვირაა, შევიდა და რაიონებში პოლიციამ შეიძლება, ხალხის მასიური აყვანა დაიწყოს, რადგან კანონის აღსრულებას ვერ აუკრძალავ.

- მოსახლეობამ კი, კანონის შესახებ არაფერი იცის...

- კანონში არ წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია, მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე იფიქროს, მაგრამ თუ სახელმწიფო ხარ და შენი მოსახლეობის ინტერესებს იცავ, ეს უნდა გააკეთო. როცა გარკვეულ ქმედებას, რომელიც დანაშაულს არ წარმოადგენს, კრიმინალად აცხადებ და იცი, რომ ამას მასიური ხასიათი ექნება, ეს ყველა საინფორმაციო საშუალებით უნდა გადასცე - კანონპროექტის მიღებიდან დაწყებული, მის ძალაში შესვლამდე, მოსახლეობას რეკომენდაციები აუცილებლად უნდა მიაწოდო. სანადირო თოფების სისტემატიზაცია და ისიც კარგია, რომ კანონი საერთაშორისო მოთხოვნებთან იყოს შესაბამისობაში, მაგრამ ამ გზით სიარული არ შეიძლება - ამას საკუთარი მოსახლეობის ტერორი ჰქვია. ხალხმა არ იცის და ამიტომ იარაღის მასიური ჩაბარება არ დაწყებულა. სამაგიეროდ, ეს ამბავი იცის პოლიციამ და შეუძლია, სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდოს, ყველა ოჯახში “გადაუდებელი აუცილებლობის” საბაბით შევიდეს, იარაღი ამოიღოს, მეპატრონე კი, პასუხისგებაში მისცეს.