საქართველოს კონსტიტუცია 20 წლისაა. მართალია, ეს ისტორიისთვის თვალის დახამხამებაა, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, როგორც ჩემმა ერთმა ნაცნობმა იხუმრა, ქვეყნის მთავარი კანონი სამასჯერ მაინც გააუპატიურეს. რატომ უჩნდებათ ხელისუფალთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის სურვილი? - “ქართული სიტყვა” კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა:
-Mმე-20 საუკუნეში საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა იყო, რომელსაც საკმაოდ ჩამოყალიბებული, გამართული კონსტიტუცია ჰქონდა, ვგულისხმობ, 1921 წლის 21 თებერვლის დემოკრატიული საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ნურავის დაავიწყდება, რომ საქართველოს აქვს კონსტიტუციური, ან კონსტიტუციის მსგავსი სამართლებრივი ისტორია.
- მხედველობაში რა გაქვთ?
- 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტის სახით, სახეზე გვქონდა ქართველი ერის ჩამოყალიბებული სამართლებრივი ისტორია და მიუხედავად იმისა, რომ ორასი წლის განმავლობაში დამოუკიდებლობა დაკარგული ჰქონდა, მასში ერის სამართლებრივი ცნობიერება ჩანს.
- ქართულ კონსტიტუციონალიზმს უფრო ღრმა ფესვები აქვს...
- დიახ, ჯერ კიდევ მეფე თამარის დროს იყო მცდელობა, ისეთი მოწინავე მოძღვრება დამკვიდრებულიყო, რასაც ხელისუფლების დანაწილება ჰქვია. ეს გახლდათ მეფის უფლებების შემზღუდავი ,,დარბაზი”. ასევე, ,,ისნის კარავი”, რომელიც ფეოდალთა უფლებების შეკვეცას ემსახურებოდა. ჩვენი კონსტიტუციური ისტორია ამით არ შემოიფარგლება. გავიხსენოთ ვახტანგ მეექვსის მიერ შედგენილი ქართული სახელმწიფო სამართლის წიგნი ,,დასტურლამალი”. საოცარია, მაგრამ დღეს რომ ამ წიგნს გადახედო, იფიქრებ, დღევანდელი პარლამენტის რეგლამენტიაო. სამართლის წიგნი მეფესთან მიღების, მიმართვის, ურთიერთობის წესს ამკვიდრებდა. ამას მოჰყვა ბექას და აღბუღას სამართალი - ,,წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე”.
ასე რომ, ქართული კონსტიტუცია ცარიელ ადგილზე არ აღმოცენებულა. ახალ ისტორიაშიც იყვნენ ბრწყინვალე ფორმალურად კონსტიტუციონალისტები - ილია ჭავჭავაძე; მიხაკო წერეთელი, რომელიც 1921 წლის კონსტიტუციის შემუშავებაში აქტიურად მონაწილეობდა; ნიკო ნიკოლაძე... ყველა მათგანს ევროპული განათლება ჰქონდა მიღებული. ისინი თარგმნიდნენ უცხოურ ლიტერატურას, ქმნიდნენ ნაშრომებს ადამიანის უფლებებზე, ხელისუფლების დანაწილებაზე. 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი ერთგვერდიანი დოკუმენტია, მაგრამ მასში მე, როგორც კონსტიტუციონალისტი, კონსტიტუციის ყველა პრინციპს ვხედავ.
- მაინც რა პრინციპებს?
- სახელმწიფო მმართველობის ფორმა - სახალხო არჩევნების შედეგად არჩეული მთავრობა; მმართველობის ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკა, ქვეყანა უნიტარული, ერთიანი, ამავდროულად, დეცენტრალიზებულია. ზოგიერთ რეგიონში ავტონომიური მმართველობაა, მაგრამ 1921 წლის კონსტიტუციის ძირითადი ღირსება ის გახლდათ, რომ ადამიანის უფლებების დაცვაზე იყო ორიენტირებული, კერძოდ, თოთხმეტი მუხლიდან - შვიდი.
სამწუხაროდ, 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციამ რეალურად ამოქმედება მხოლოდ სამი დღით მოახერხა, მეოთხე დღეს კი, საქართველოში რუსეთის მე-11 არმია შემოვიდა და ყველაფერი დასრულდა - საქართველო საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა, თუმცა 1921 წლის კონსტიტუცია შემოგვრჩა. ზვიად გამსახურდიას 90-იან წლებში მოსთხოვეს ამ კონსტიტუციის აღდგენა და მისი რეგულაციებით ცხოვრება, მაგრამ ამის გაკეთება ვერ მოასწრო - 1991 წელს 6 იანვარს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში ტრიუმვირატი მოვიდა.
- ამ პერიოდისთვის საბჭოთა კონსტიტუცია აღარ მოქმედებდა, არა?
- 1978 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის გადასინჯვაში ვმონაწილეობდი და მასში საბჭოური, პრაქტიკულად, აღარაფერი იყო. ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა, რომელსაც ახალი საკონსტიტუციო კანონის შემუშავება დაევალა. სამწუხაროდ, კომისია მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა, ვინაიდან პარტია ,,მრგვალი მაგიდა-ერთიანი საქართველოს” რიგებში ამ თემაზე ერთსულოვნება ვერ ჩამოყალიბდა. ამით მეორე ფრთამ ისარგებლა და, სამხედრო გადატრიალებით, ქვეყნის სათავეში მოვიდა.
- “მრგვალი მაგიდის” რიგებში რატომ ვერ შეთანხმდნენ?
- პოლიტიკური ბრძოლა მიდიოდა... მერეც, სამხედრო საბჭო პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტებას ცდილობდა - საერთოდ არ უნდოდა, რომ კონსტიტუციაში საპრეზიდენტო მმართველობა დაკანონებულიყო. 1921 წლის კონსტიტუციაში სახელმწიფო მეთაური პრეზიდენტია, მონარქი არ არსებობს, მმართველობას ახორცილებს ხალხის წინაშე ვალდებული მის მიერვე არჩეული პარლამენტი, მთავრობა. ასეთ სისტემას ითხოვდა ხალხი. ზვიად გამსახურდია უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გახდა, მერე, პირდაპირი არჩევნების გზით, ხალხმა ზვიად გამსახურდია პრეზიდენტად საკმაოდ მაღალი უფლებებით აირჩია. მეორე მხარეს ეს მისი დიდი უფლებები არ მოსწონდა. ამას ხელისუფლებისა და გავლენისთვის ბრძოლა ახლდა. გადატრიალების მერე, სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს კონსტიტუცია აღადგინა, რომელმაც წინამორბედის მსგავსად სამი დღე იცოცხლა - ვერ ამოქმედდა.
მალე შევარდნაძე ჩამოდის და საქართველოში ახალი ეპოქა იწყება.
1993 წელს, ედუარდ შევარდნაძის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, მასში მონაწილეობდნენ გივი ინწკირველი, ვახტანგ ხმალაძე, მე კომისიის მდივანი გახლდით. კომისიას 1921 წლის კონსტიტუციის აღდგენა დაევალა. მუშაობის პროცესში აღმოჩნდა, რომ ძველი რედაქციის საფუძველზე ახლის აღდგენა ძალიან ძნელი იქნებოდა. ამიტომ პრეამბულაში იმით შემოვიფარგლეთ, რომ კონსტიტუცია ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის პრინციპებს. ეს კონსტიტუცია, რა თქმა უნდა, რომანტიკული გახლდათ და სტრუქტურით, გნებავთ, თანამედროვე ინსტიტუტებით განებივრებული არ იყო. საუკუნის ბოლოს მსოფლიო უკვე სხვა რეალობის წინაშე იდგა. გამოჩნდნენ კონსტიტუციური კონტროლის ორგანოებიც. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში კონსტიტუციის ცამეტი პროექტი შევიდა, ეს ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში ძალიან დატვირთული შემოქმედებითი პერიოდი იყო. ვახტანგ ხმალაძის, ნოდარ ნათაძის, ,,რესპუბლიკური პარტიის”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” პროექტები ერთი მეორეზე საინტერესო იყო, მაგრამ უპირატესობა სამდივნოს, ანუ უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ შევარდნაძის პროექტს მიენიჭა.
-,,სამდივნოს”, ანუ შევარდნაძის კონსტიტუციის პროექტი რას ითვალისწინებდა?
- შერეული მმართველობის ფორმა პარლამენტმა არ მიიღო. მძიმე სიტუაცია შეიქმნა. ისე გამოვიდა, რომ კომისიამ ტყუილად იმუშავა, რაშიც ლომის წვლილი ,,რესპუბლიკელებსა” და ,,ეროვნულ დემოკრატებს”, ირინა სარიშვილის მეთაურობით ეკუთვნით. პარლამენტმა არ დაამტკიცა ორი უმნიშვნელოვანესი მომენტი - ორპალატიანი პარლამენტი და ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის საფუძვლად ფედერალიზმის პრინციპი. ეს საქართველოს კონსტიტუციის ,,თეთრი ლაქაა”, ვაკუუმი, რომელიც უნდა შეივსოს.
მერე, გარიგება შედგა და უცებ, პარლამენტის სხდომაზე ,,რეფორმატორთა კავშირის” თავმჯდომარე ბაკურ გულუამ განაცხადა, რომ მხარს არ დაუჭერენ საპრეზიდენტო მმართველობას. გარიგებით კმაყოფილი ბევრი არ იყო, მაგრამ კონსტიტუცია მაინც დამტკიცდა. ასე მივიღეთ 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია.
- ბატონო ავთანდილ, მოდით, მათზეც ვისაუბროთ, ვინც ამ კონსტიტუციაზე მუშაობდა.
- კომისია 118-კაციანი იყო, აქედან რეალურად 10-15 მუშაობდა, დანარჩენები კი, სხდომებზე ხელის აწევით შემოიფარგლებოდნენ. მთავარი შემოქმედი შევარდნაძე იყო, მერე - ჯაბა იოსელიანი, რომელიც ყველანაირად ცდილობდა, პრეზიდენტის უფლებამოსილება შეემცირებინა, არც ბევრი სხვა ინსტიტუტის განვითარება აინტერესებდა, მათ შორის, არც - საკონსტიტუციო სასამართლოს შექმნა. უნდოდა, კონსტიტუციაში სამხედრო ძალების მაგივრად ,,სახალხო ლაშქარი” ჩაწერილიყო და ა.შ.
ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მიღებისას გადამწყვეტი სუბიექტები ვენეციის კომისია და უცხოელი ექსპერტები იყვნენ, რომლებიც ჯორჯ სოროსმა დააფინანსა - აშშ-დან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, შვეიცარიიდან მოწვეულ ექსპერტებში თითქმის მილიონი დოლარი დაიხარჯა. ვენეციის კომისიასთან ურთიერთობები მქონდა, დროდადრო ჩავდიოდი და აქტიურად ვმონაწილეობდი კომისიის მუშაობაში. ერთ ანეგდოტურ სიტუაციას გავიხსენებ: ედუარდ შევარდნაძის იუმორი ყველასთვის ცნობილია. ვენეციიდან დაბრუნებულმა შეკრებილებს ანგარიში წარვუდგინე და აღვნიშნე, რომ ვენეციის კომისიამ ჩვენი კონსტიტუციის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთ დემოკრატიულად მიიჩნია. შევარდნაძე რაღაცას წერდა, ჩაილაპარაკა, ეს კარგია თუ ცუდიო?!
- ჯაბა იოსელიანს რა მიზანი ჰქონდა?
- ეს პოლიტიკური ბრძოლა იყო - საპრეზიდენტო ინსტიტუტის გაძლიერება არ უნდოდა, რადგან კარგად იცოდა, რომ შევარდნაძეს აირჩევდნენ. მას ძლიერი სახელმწიფოს მეთაური, დიდი უფლებამოსილებებით, არ აწყობდა.
- 1995 წლის 29 აგვისტოს “იმელის” შენობაში შევარდაძის აფეთქებას სწორედ კონსტიტუციის თემას უკავშირებენ...
- რა თქმა უნდა, ეს სპეციალურად გაკეთდა, ვინაიდან ლეგალური გზით შევარდნაძის შეჩერება ვერ მოახერხეს, ეს საკითხი მკვლელობით მარტივად გადაწყდებოდა - კონსტიტუცია ვერ ამოქმედდებოდა, მერე სამხედრო გადატრიალებას, ან სხვა რამეს მოაწყობდნენ. ტერაქტის გამო ჯაბა იოსელიანი დააპატიმრეს, იგორ გიორგაძე კი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებთან იყო გაიგივებული, ქვეყნიდან გაიქცა. რუსეთს დემოკრატიული საქართველო დემოკრატიული კონსტიტუციით არ აწყობდა!Y
- მოდით, 1978 წლის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის საკონსტიტუციო ცვლილებებსაც შევეხოთ, რამაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
- როგორ იღებდნენ კონსტიტუციას საბჭოთა ეპოქაში?! - პროექტი მოსკოვში დაიწერებოდა, უზენაესი საბჭო მიიღებდა, ამ ტექსტს ჩვენთან გადათარგმნიდნენ, შეიცვლებოდა ტოპონიმები და ჩვენი სამართალშემოქმედება ამით იფარგლებოდა. 1922 წლიდან მოყოლებული, ყველა საბჭოთა კონსტიტუციაში ეწერა, რომ საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ენა ქართულია, მაგრამ 1978 წლის საკონსტიტუციო პროექტში ეწერა, რომ რუსული ენა საერთო სახალხო ენაა, რომელზეც “პეტიტით” მიბმული იყო, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა. ქართული საზოგადოება ამ ცვლილებამ, რა თქმა უნდა, არ დააკმაყოფილა. დაიწყო რეალური ბრძოლა, საყოველთაო გამოსვლამ მოსკოვი აიძულა, უკან დაეხია. ამას ის პუნქტიც დაემატა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისთვის აფხაზური ენაც სახელმწიფო ენაა.
- ...საკონსტიტუციო სასამართლო როდის შეიქმნა?
- ეს საინტერესო ამბავია: კონსტიტუციაში პირდაპირ მითითებული იყო თარიღი, როცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 1996 წლის 1 თებერვლამდე უნდა შექმნილიყო, მაგრამ იმდენად ვჩქარობდით და იმდენად გვინდოდა, რომ ერთი დღით დავასწარით და უწყება 1996 წლის 31 იანვარს შეიქმნა. ამაზე არასდროს მისაუბრია, როცა ბატონმა შევარდნაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებთან დაკავშირებით თავისთან მიხმო, გივი ინწკირველის, ჯონი ხეცურიანისა და ლადო ალექსიძის კანდიდატურები ვურჩიე, მაგრამ მითხრა, დაწერე კონსტიტუცია? - დაიცავიო.
- ბატონო ავთანდილ, ყველა მთავრობა ცდილობს, ქვეყნის უპირველესი კანონი ჩოხა-ახალუხივით მოირგოს...
- ვერ წარმომიდგენია ხელისუფლება, რომელიც კონსტიტუციას თავის საწინააღმდეგოდ აამოქმედებს. ყველა ადამიანი საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, ხელისუფლებაც ადამიანებისგან შედგება და შეეცდება, კანონი თავის თავზე მოირგოს, რასაც ვენეციის კომისია, საერთაშორისო თანამეგობრობა და სამოქალაქო საზოგადოება უნდა დავუპირისპიროთ. გარდა ამისა, იმაზეც ბევრია დამოკიდებული, ქვეყანას როგორი პარლამენტი ჰყავს. 1995 წლის პარლამენტი 14 პარტიისა და დამოუკიდებელი დეპუტატებისგან შედგებოდა. ამიტომაც გაუჭირდა შევარდნაძეს თავისი პროექტის გატანა.
ერთსაც მოვიგონებ: 2009-2010 წლებში, საკონსტიტუციო რეფორმებს ვხელმძღვანელობდი, მმართველმა გუნდმა, ზურაბ ადეიშვილის მოთხოვნით, საკითხი დააყენა, რომ მოსამართლე სამი წლის გამოსაცდელი ვადით დაინიშნებოდა. ამის წინააღმდეგ წავიდა ვენეციის კომისია, ევროსაბჭო, მაშინდელი ოპოზიცია თეა წულუკიანის მეთაურობით. ახლა სიტუაცია შეიცვალა: კოტე კუბლაშვილი წინააღმდეგია, თეა წულუკიანი კი ამბობს, რომ ვადა უნდა დაწესდეს. პოლიტიკური კონიუნქტურა ზოგჯერ ასეთ რაღაცებს ითვალისწინებს.
- ჩვენი კონსტიტუცია სრულყოფილია?
- მსოფლიოში სრულყოფილი კონსტიტუცია არ არსებობს. თვით აშშ-ის კონსტიტუციაშიც, რომელიც ორას წელს ითვლის, ოცდაშვიდი შესწორება შევიდა. 50 ათასი წინადადება შეიტანეს კონგრესში, რათა ეს ცვლილება განხორციელებულიყო. საფრანგეთის კონსტიტუციაში 120 მუხლიდან 75 გადაისინჯა, რაც, პრაქტიკულად, ახალ კონსტიტუციას ნიშნავს. დღეს ვერავინ იტყვის, როგორი სახელმწიფოა საქართველო - ფედერალური თუ უნიტარული. კონსტიტუციაში ამაზე არაფერი წერია. არის მხოლოდ მითითებები, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი ავტონომიაა - აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები, მაგრამ კონსტიტუციაში არ წერია, მათ რა უფლებები აქვთ.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ცალკე კონსტიტუცია გააჩნია, სამაგიეროდ, არ აქვთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს.
- საზოგადოება ხშირად ქვეყნის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ღია და ფარული დაპირისპირების მოწმეა. მათი უფლებები კონსტიტუციურადაა გაწერილი?
- ამას კონკლაობას არ დავარქმევ. ხელისუფლება დანაწილების პრინციპზეა აგებული - საკანონმდებლო, აღმასრულებელი ორგანოები და სახელმწიფოს მეთაური. წინა ხელისუფლების დროს, აღმასრულებელ ხელისუფლებას რეალურად სახელმწიფოს მეთაური წარმართავდა... საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პრეზიდენტი ამოვაგდეთ და მთავრობას, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებას, უმაღლესი ორგანოს სტატუსი მივეცით.
- პრეზიდენტმა მაინც რა უნდა აკეთოს?
- პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში, ასევე, საკანონმდებლო და, მით უმეტეს, სასამართლოს საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს, მაგრამ როგორც სახელმწიფოს მეთაური, როგორც არბიტრი და როგორც სამხედრო ძალების მთავარსარდალი, ქვეყნის საგარეო ურთიერთობებზე გავლენა კონკრეტული საქმიანობით კი არა, საკუთარი პოზიციებით უნდა მოახდინოს. პრეზიდენტის რეალური უფლებამოსილება მაშინ იწყება, როცა საომარი მდგომარეობა გამოცხადდება...
- ხშირად პრეზიდენტის ვეტო მთავრობისთვის გამაღიზიანებელია...
- ეს მისი უფლებაა, საკანონმდებლო ორგანოში გაასაჩივროს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მოითხოვოს გარკვეული საკითხების განხილვა მთავრობის სხდომაზე. კონსტიტუციაში, ფუნქციების გადანაწილებაში, რა თქმა უნდა, რაღაც დოზით ბუნდოვანებაა. თუ პრეზიდენტი იმ გუნდის წარმომადგენელია, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, თავად ქმნის მთავრობას და არ შეიძლება, მათ შორის წინააღმდეგობა იყოს. თუ პრეზიდენტს არ ჰყავს უმრავლესობა, მაშინ სუსტია.
აღმოჩნდა, რომ ამ ურთიერთობაში სხვა ფაქტორებიც მოქმედებს: პერსონა როგორია, რა სიტუაციაში გახდა მეთაური. დამეთანხმებით, რომ გიორგი მარგველაშვილის მსოფლმხედველობა,,ქართული ოცნების” ხედვებისგან განსხვავებული იყო, თუმცა მისი და ,,რესპუბლიკელების” აზროვნება იდენტურია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან უსუფაშვილს, ხიდაშელს, ბოკერიას და სხვებს ერთ პერიოდში აქვთ დამთავრებული ცენტრალური ევროპის სოროსის უნივერსიტეტი. აქედან გამომდინარე ახლოს არიან, დანარჩენ სუბიექტებთან კი, - დაშორებულნი.
არსებობს კიდევ ერთი სუბიექტური ფაქტორი, რაც მარგველაშვილის ქცევებს განაპირობებს - ბიძინა ივანიშვილთან, რომელსაც სახელმწიფო სტრუქტურებზე დიდი გავლენა აქვს, მის კონფლიქტს, პიროვნულ დაპირისპირებას ვგულისხმობ. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი, ზოგ შემთხვევაში, თავის უფლებამოსილებას აჭარბებს. მაგალითად, ვერ დავეთანხმები მის ქმედებას საზაფხულო ოლიმპიადის გახსნაზე გამოსვლასთან დაკავშირებით. ოლიმპიადის ორგანიზება ირაკლი ღარიბაშვილმა იკისრა, მოამზადა და უპრიანიც იყო, რომ გახსნაზე სულ რამდენიმე წინადადება წარმოთქვა. ის, რომ პრეზიდენტი ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას არ ესწრებოდა, გარკვეულწილად, ქვეყნის ღირსებას ლახავს.
არც პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძის ბოლო გამოსვლა მომეწონა, სადაც თქვა, პრეზიდენტს დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში დიდი ავტორიტეტი აქვს და გაერო-ს ასამბლეაზე მისი წასვლა კარგი იქნებოდაო. არ მგონია, რომ გიორგი მარგველაშვილმა, ორი წლის განმავლობაში, ასეთი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
- თქვენი აზრით, რა საკონსტიტუციო ცვლილებებია განსახორციელებელი?
- ოცი წელია ვაცხადებ, რომ აუცილებელია ორპალატიანი პარლამენტი. დღეს შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვერ მუშაობს, რადგან კოალიცია ,,ქართულ ოცნებაში” კონსტიტუციის გადასინჯვის თაობაზე ერთიანი პოზიცია არაა ჩამოყალიბებული. ამისათვის საჭირო სამი მეოთხედი ერთ პოლიტიკურ პარტიასაც არ გააჩნია, მათ შორის, არც კოალიციას.
აუცილებლად უნდა დაიხვეწოს უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რათა მთავრობაზე კონტროლის მექანიზმი გაძლიერდეს. აგრეთვე, აუცილებლად მიმაჩნია, ზოგ საკითხებში პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის როლიც გაიზარდოს, ამას მიებას ტერიტორიული მოწყობის პრობლემაც.
- ორპალატიანი პარლამენტი რას მოგვცემს?
- ორპალატიანი პარლამენტი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კერძოდ, აფხაზებსა და ოსებთან დიალოგის საფუძველი გახდება, ვინაიდან სენატში აჭარას, აფხაზებს, ოსებს განსაკუთრებული ადგილი ექნებათ. მათი წარმომადგენლებისგან სენატის თავმჯდომარეც შეიძლება აირჩიონ, ასეთ პირობებში, არ გამოვრიცხავ, რომ სენატის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, პრეზიდენტის უფლებამონაცვლეც გახდეს. მანამდე კი, საქართველო ეკონომიკურად მიმზიდველი უნდა გახდეს.
მისასალმებელია ბოლოდროინდელი მოვლენები - აფხაზები და ოსები სამკურნალოდ ჩამოდიან, საზაფხულო ოლიმპიადასაც დაესწრნენ. ყველაფერი ეს ორივე მხარისთვის მოლაპარაკებების საფუძველი გახდება.
კიდევ ერთი თემა: საინფორმაციო სივრცე ტერმინებმა - ,,კახეთის გუბერნატორი”, ,,გურიის გუბერნატორი” და ასე შემდეგ წალეკა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ კონსტიტუციაში ,,გუბერნია” - ასეთი ტერიტორიული ერთეული არ არსებობს. 2009-2010 წლებში ვაპროტესტებდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ, ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩემი ინიციატივა დაბლოკა. დღესაც იგივე სიტუაციაა.
- ბატონო ავთანდილ, აღნიშნულ საჯარო მოხელეებს, აბა, რა უნდა ვუწოდთ?
- კონსტიტუციის თანახმად, - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი. დადგენილებაში მითითებულია, რომელ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებზე ვრცელდება კონკრეტული პიროვნების იურისდიქცია. ვიმეორებ: კონსტიტუციურად, კახეთის გუბერნატორს ვერავის უწოდებ, რადგან არ არსებობს კახეთი, როგორც რეგიონალური ერთეული. შესაძლოა, ,,რეგიონი” გამოიყენება, როგორც ეკონომიკური ერთეული, ან ხატოვანი სიტყვა-თქმა. თუ სიტყვა ,,რეგიონს” ვიყენებთ, მაშინ უნდა განისაზღვროს რეგიონს რა უფლებები აქვს. როცა საქართველოს პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს იღებდა, შემოღებულიყო ტერმინი ,,მხარე”, მაგრამ დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, ეს ტერმინი ვერ დამკვიდრდა. არადა, ევროპის ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა კარგა ხანია, დამკვიდრებულია. მაგალითად, ესპანეთში რეგიონებია, იტალიაში - პროვინციები.
ჩვენმა კონსტიტუციამ ევროპაში დიდი შეფასება მიიღო, საკონსტიტუციო სასამართლო მხოლოდ პოსტსაბჭოთა კი არა, პოსტსოციალისტურ სივრცეშიც ერთ-ერთი მოწინავე იყო. ჩვენთან ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს, სარჩელი შეიტანოს საკონსტიტუციო სასამართლოში. 2008 წელს, აზერბაიჯანიდან ჩამოსულმა კოლეგებმა ჩვენი გამოცდილება გაიზიარეს, ასევე მოიქცნენ სომხებიც.
სხვათა შორის, 24 აგვისტოს, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კონსტიტუციის 20 წლისთავთან დაკავშირებით, საზეიმო მიღება გამართა, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მინისტრები, დეპუტატები, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.