”ოქრუაშვილის ულტიმატუმი ჩვენთვის მიუღებელია”

”ოქრუაშვილის ულტიმატუმი ჩვენთვის მიუღებელია”

ინტერვიუ სახალხო კრების ერთ-ერთ ლიდერ ნონა გაფრინდაშვილთან

 

ქალბატონო ნონა, რაც ახლოვდება აქციების დათქმული ვადა, მით უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ რომ აუცილებელია ოპოზიციის იმ ნაწილის გაერთიანება, ვინც აქციების შესახებ საუბრობს. როგორია თქვენი პოზიცია, როგორც სახალხო კრების

ერთ-ერთი ლიდერის?

- იცით რა, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ ვისაც აქვს სურვილი და

ვისაც უნდა ნამდვილად ამ რეჟიმის მოცილება, ჩვენთან მოსასვლელი გზა მათთვის ყოველთვის ღია იყო. ეს დღესაც ღიად რჩება, უბრალოდ დღეს ჩვენ არ გვცალია არც მოლაპარაკებებისთვის და არც სპეციალური მოწვევისთვის, ვისაც უნდა, ჩვენ ძალიან მალე გამოვაცხადებთ და ვისაც აქვს ეს სურვილი, მოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა, ამის მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი.

 

ქართული პარტიის ლიდერებისგან მოვისმინე განცხადებები, რომ ისინი მზად არიან, ითანამშრომლონ სახალხო კრებასთან, ოღონდ ირაკლი ოქრუაშვილმა დაამატა ნინო ბურჯანაძის გარეშეო...

- სიმართლე გითხრათ, ამ ხალხის გამკვირვებია, უნდათ ითანამშრომლონ და თან პირობებს სვამენ. ჯერ ერთი, ჩვენ პირველივე დღიდან ქალბატონ ნინოსთან ერთად ვაკეთებდით ამ სახალხო კრებას, ის აქტიურად იყო ჩართული და როგორ ახლა, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც იქიდან უთვლის რაღაცებს, ხან გვლანძღავს, ხან თანამშრომლობა უნდა და ამავე დროს პირობებს აყენებს, ეს პირობები არავისთვის მისაღები არ არის. კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ მზათა ვართ, ვემზადებით სერიოზული დაუმორჩილებლობისათვის და თუ ვინმეს აქვს სურვილი, მოვიდეს და ჩაერთოს აქციებში. მე მეტი სხვა ვერაფერს ვერ ვიტყვი.

 

მიუღებელია თქვენთვის ქართული პარტიის ულტიმატუმი?

- არანაირი პირობა, ჯერ ერთი, რატომ, რის საფუძველზე?! ჩვენთვის რა აქვს

გაკეთებული ოქრუაშვილს, რომ პირობები დაგვიყენოს, თან დაგვიყენოს პირობები, აი, ასეთნაირი. ქალბატონი ნინოსადმი რწმენა არის უდიდესი, ჩვენ ვიცით, რომ ის უკან არ დაიხევს არავითარ შემთხვევაში. პირადად ჩემთვის ადამიანური თვალსაზრისით ასეთი ულტიმატუმი ყველანაირად გაუგებარია.


ირაკლი ოქრუაშვილი საკმაოდ მკვახე განცხადებებს აკეთებს პარიზიდან სახალხო კრების და ზოგადად ოპოზიციის მისამართით...

- იცით რა, ჯერ თვითონ ვერ მორიგებულან, ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს ამბობს, მესამე კი მესამეს. მე ვიძახი, უნდათ ამ რეჟიმის მოცილება? ჩვენ რომ გამოვაცხადებთ დაუმორჩილებლობას და დავიწყებთ მოქმედებებს, მოვიდნენ და ჩაერთონ. სხვა მე ვერაფერს ვერ ვიტყვი და ვერ დავამატებ ამას.

 

ქალბატონო ნონა, საკმაოდ ბევრს საუბრობენ ნინო ბურჯანაძის დაპატიმრების შესახებ, შესაძლოა ეს სულაც ჭორია, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ ამის თაობაზე?

- კარგით რა, მოდით, ჭორებს ნუ ავყვებით, მე ჭორებზე კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ.

 

ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლებას სჭირდება?

- ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ჭორის

დონეზე.

 

ასევე მინდა რვიანის საქმიანობის შესახებაც გკითხოთ, ისინი თვლიან, რომ სწორედ მათი გზაა სწორი...

- იცით რა, მე ახლა არავის არ ვეხები, მე ვამბობ ერთ რაღაცას, ჩვენ ნელ-ნელა, მაგრამ მყარად მივიწევთ წინ, ვემზადებით სერიოზული დაუმორჩილებლობისათვის და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ ვინმეს მართლა უნდა ამ ხელისუფლების გაშვება, ვისაც უნდა გაერთიანება, როგორც თვითონ აცხადებენ, მოვიდნენ და ჩაერთონ ამ პროცესებში. ჩვენ ჩვენს საქმეს მაინც გავაკეთებთ. ამ ეტაპზე მე შეფასებებს არავის საქმიანობას არ ვაძლევ.

 

ქალბატონო ნონა, ამ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა დასავლეთი, ამერიკის ხელისუფლება საკმაოდ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებს ჩვენი ხელისუფლების მისამართით, თქვენ როგორ აფასებთ მათ ნაბიჯებს, აღარ დაუჭერს დასავლეთი მხარს ჩვენს ხელისუფლებას?

- ნდობის ფაქტორი ამ ხელისუფლებას უკვე აღარა აქვს, ეს ფაქტია. გამორიცხულია, რომ სააკაშვილმა მათი მხარდაჭერით ისარგებლოს. რომელ მხარდაჭერაზე შეიძლება ლაპარაკი. ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი დოკუმენტი გამოქვეყნდა, სადაც არადემოკრატიულად არის შეფასებული ეს მმართველობა. ფაქტიურად ეს არის ის, რომ როგორც იქნა, სიმართლე ითქვა.

 

თუმცა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამას არანაირი რეაგირება არ მოყოლია, ბევრი ფიქრობდა, რომ რამდენიმე მინისტრს მაინც მოხსნიდა სააკაშვილი, მათ შორის კალმახელიძეს, თუმცა ამაოდ...

- აბა რა გითხრათ, ამ კითხვით მათ უნდა მიმართოთ. დღეს პრეზიდენტი რასაც იტყვის, ყველა მირბის იმის შესასრულებლად. ყველაფერი დამოკიდებულია, პრეზიდენტის ხასიათზე, მის ემოციაზე, ის როგორც იტყვის ისე იქნება.

 

თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი არც ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუწევს ანგარიშს?

- ის არავის არ უწევს ანგარიშს. ამერიკას არ უთქვამს ის, რომ მე მხარს

გიჭერ და შენ არადემოკრატიულად მოიქეციო. ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი დემოკრატიული ნაბიჯი ამათი მხრიდან. მიტაცებები, უსამართლობები, მკვლელობები, განადგურება ამ ყველაფრის, ეს არის დემოკრატია? სასამართლო არსებობს? არ არსებობს. პარლამენტი არსებობს? არ არსებობს. ყველაფერი არის ერთი კაცის გუნება განწყობილებაზე აწყობილი, რასაც ამბობს ერთი კაცი, ანუ სააკაშვილი, იმის საწინააღმდეგო აზრი თუ ვინმემ გამოთქვა, მაშინვე გააფუჭებენ. ფაქტიურად საწინააღმდეგო აზრი მოგისმენიათ, არ მოგისმენიათ. ერთი საკითხი მაინც თუნდაც ახლა მოლაპარაკებები რომ მიდის, გადაწყვეტილი ან წინ წაწეული გინახავთ? არ გინახიათ. ესენი წელავენ დროს და აკეთებენ იმას, რაც თვითონ უნდათ.

 

რვიანთან საკუთარი თამაშის წესებით თამაშობსო...

- ის ყველასთან თამაშობს საკუთარი თამაშის წესებით. არის ბრძოლა წესების გარეშე, ან თამაში წესების გარეშე. ამათ ქცევას სიტყვა არ მოეძებნება და არ შეესაბამება. მათ უბრალოდ იზოლირება აქვთ გაკეთებული ყველა და ყველაფრის.

 

ქალბატონო ნონა, რა განცხადებებიც არ უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან, რომ დააპატიმრებენ ოპოზიციონერ ლიდერებს და არ მისცემენ აქციების ჩატარების უფლებას, 2 მაისს გადაწყვეტილია, რომ ეს ბრძოლა დაიწყება?

- იცით რა, 2 მაისს ჩვენ გამოვაცხადებთ ჩვენს გეგმას, დავასახელებთ რიცხვს თუ როდის ვიწყებთ. დაველოდოთ 2 მაისს. მუქარებს თავი დაანებონ და პირველ რიგში ის გაიხსენონ თვითონ როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლას არ ვაპირებთ. ჩვენ გვინდა ეს რეჟიმი მოვაცილოთ აქაურობას და მერე მივაღწიოთ იმას, რომ სახელმწიფო სტრუქტურების რესურსების და მათი ჩარევის გარეშე ნორმალური არჩევნები ჩატარდეს და ხალხმა აირჩიოს ღირსეული.

 

იმედი გაქვთ, რომ ოპოზიციონერი პარტიები დადგებიან თქვენ გვერდით?

- მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ იმათ დაინახეს სერიოზული მუხტი, ზოგიერთი მათგანი მაინც შემოუერთდება ამ მოძრაობას. ვნახოთ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არავისთან საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება თუ ისინი მიიღებენ აქციებს მონაწილეობას.

 

რამდენიმე დღის წინ აჭარაში იყო სახალხო კრების წარმომადგენლობა, დადიხართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, რა განწყობაა ხალხში, როგორია მუხტი?

- საერთოდ, ხალხში რომ დიდი მუხტია, ფაქტია, მაგრამ ამავე დროს არის საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლებშიც სერიოზულად არის შიში ჩანერგილი და კიდევ არის ერთი პრობლემა.

 

რას გულისხმობთ? რა პრობლემაზე საუბრობთ?

- სინამდვილეში ხდება, ბევრმა არ იცის. ამიტომ ვცდილობთ, ჩვენ ეს ვაკუუმი შევავსოთ და ვნახოთ, რა გამოგვივა.