“სახელმწიფო, რომელიც ვეტერანებს ასე ექცევა, ომს ვერასოდეს მოიგებს!”

“სახელმწიფო, რომელიც ვეტერანებს ასე ექცევა, ომს ვერასოდეს მოიგებს!”

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 23 წელი გავიდა, ვნებათაღელვა თითქოს დაცხრა, მაგრამ მეომრები დღემდე 23 წლისწინანდელ მოგონებებით ცხოვრობენ... ალბათ, საინტერესო, რომ აფხაზეთის კონფლიქტს გლობალური კი არა, რიგითი ჯარისკაცის თვალით შევხედოთ... „ქართული სიტყვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების ვეტერანს ესაუბრა, რომელმაც ვინაობის გამხელა, გარკვეული მიზეზების გამო, არ ისურვა:

 

- ვინც მაშინ ომში წავიდა, ან ეროვნული მოძრაობის წევრი იყო, ან მისი გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მე ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და მიმაჩნდა, რომ ყველა ადამიანი საკუთარი ქვეყნის ჯარისკაცი უნდა ყოფილიყო და აფხაზეთში მოხალისედ წავედი...

- დღევანდელი გადასახედიდან, თქვენთვის ომი რას ნიშნავს?

- ის, რაც პოლიტიკოსების, ან საზოგადოების მეშვეობით მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს, ხშირად უხეშ ფორმას იღებს. როცა კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდით გადაწყვეტის ყველა რესურსი ამოიწურება, ომი, ალბათ, ბოლო გამოსავალია, რომელიც ადამიანის ფსიქიკაზე მძიმე კვალს ტოვებს.

...აფხაზეთში, ძირითადად, 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდები ვიყავით. ისეთი  შემთხვევებიც იყო, როცა საბრძოლველად 13-14 წლის ბავშვები მოდიოდნენ - მშობლები ვერ აკავებდნენ და იძულებულნი იყვნენ, ფრონტის ხაზზე შვილებთან ერთად ყოფილიყვნენ. ზუსტად არ ვიცი, ბავშვებს ომში წამოსვლა რატომ უნდოდათ, მაგრამ ალბათ, ყველა ადამიანშია რომანტიზმი, რომელსაც ეროვნული მუხტის ზეგავლენა ემატება, რაც საბოლოოდ, ამ ნაბიჯისკენ გიბიძგებს.

- ბავშვები ბრძოლისუნარიანები იყვნენ?

- პატარა ბიჭებს ეროვნული სულისკვეთება გულსა და გონებაში ჰქონდათ. მათი ფიზიკური ძალისხმევა შესაძლოა, ნაკლებად შედეგიანი ყოფილიყო, მაგრამ მთავარი ეს არ იყო. ამ ბიჭებს რომ ვუყურებდით, თავს ჩვენც სხვანაირად ვგრძნობდით - მათთან ყოფნა გვსიამოვნებდა და ისინი ჩვენს შვილებად, ან ძმისშვილებად მიგვაჩნდა. ვცდილობდით, უსაფრთხო დავალებებზე გაგვეშვა და წინა ხაზზე არ ყოფილიყვნენ.

- ყველა, ვინც აფხაზეთში იბრძოდით, სსრკ- ყოფილი მოქალაქეები იყავით. ეროვნული სულისკვეთება ვინ ჩაგინერგათ?

- კულუარებში ყოველთვის ვამბობდით, რომ ცუდ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, მაგრამ თუ ყველაფერი ეს არ ვარგოდა, აბა, კარგი რაღა იყო? - აი, ამ პასუხების მოლოდინსა და ძიებაში ვიყავით, ვუსმენდით რადიო “თავისუფლებას”, ვკითხულობდით საჭირო ლიტერატურას. 1984 წლიდან ეროვნულ მოძრაობაში ვიყავი და ის მუხტი, რამაც შემდეგ ყველაფერი გადაფარა, ეტაპობრივად დამიგროვდა.

- ომის ყოვედღიურობა როგორია?

- ორი ეტაპის გამოყოფა შემიძლია: სამაჩაბლოში თითქმის სულ მოხალისეები ვიყავით, იარაღიც ჩვენით ვიშოვეთ - ძირითადად, რუსი სამხედროებისგან ვყიდულობდით ხოლმე. აფხაზეთის ომის დროს კი, უკვე გვარდიაში ვიყავი და ჩვენს საჯარისო დანაყოფებს მეტ-ნაკლებად ოფიციალური სტრუქტურის სახე დაჰკრავდა. რუტინა ჯარისკაცთა განაწილება, საჭმლის ჭამა, იარაღთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება იყო.

- როდის მიხვდი, რომ დავმარცხდით?

- ეჭვი პირველად მაშინ გამიჩნდა, როცა რუსული ავიაცია გვბობავდა და სარდლობამ თვითმფრინავის ჩამოგდების უფლება არ მომცა - სითბური რაკეტის სასროლი დანადგარი მქონდა და როგორც კი საბრძოლო თვითმფრინავი დაინახეს, მაშინვე გამაფრთხილეს, რეაგირება არ მოახდინო, რადგან ეს რუსული საფრენი აპარატი არააო. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა. ამ ფაქტის მერეც დაიწყეს ჩვენი დაბომბვა, ტელეფონმა დარეკა, უკვე ვიცოდი, რაც უნდოდათ და კავშირზე არ გავედი. საბოლოოდ, ბრძანებას მაინც დავემორჩილე და ის რაკეტები არ გამომიყენებია. თამაში ყოველთვის დამღუპველია, თუ ვიბრძოდით, მაშინ ყველას წინააღმდეგ უნდა გვებრძოლა, წინ რუსეთი კი არა, მთელი მსოფლიოც რომ დაგვდგომოდა! ასეთ შემთხვევაში, ომის გარდა, სხვა გამოსავალი დანებებაა, მაგრამ როცა ჩვენზე ათჯერ ძლიერი სახელმწიფო გვებრძვის, მასთან მოლაპარაკება სასაცილოა. ჩერჩილმა თქვა, რუსეთთან დადებული ხელშეკრულება ზუსტად იმდენი ღირს, რაც ქაღალდი, რომელზეც ისაა დაწერილიო. ამ გამონათქვამის მართებულობას ჩვენი ისტორიაც ადასტურებს... ბოლო დადასტურება, რომ ომი წავაგეთ, გაგრიდან მძიმე ტექნიკის გამოყვანის ბრძანება იყო.

- ყველა, ვინც თავის ქვეყნის დასაცავად იბრძვის, გმირია?

- ალბათ... ომში წასვლა გმირობის ტოლფასია და გმირები მხოლოდ ბრძოლის დროს დაღუპულები არ არიან. ეს პოლიტიკოსებს ახასიათებთ - მათთვის გმირი მხოლოდ გარდაცვლილია იმიტომ, რომ მკვდრისთვის პატივის მიგება უფრო ადვილია, ვიდრე - გადარჩენილების მოვლა-პატრონობა. საშინელებაა, რომ გმირი ბიჭები და ბრძოლები, სააკაშვილამდე და სააკაშვილის პერიოდის მიხედვით დაყვეს. ასეთი მგრძნობიარე საკითხები, ჩემი აზრით, პოლიტიკური მანიპულაციის საგნად არ უნდა იქცეს. ომში სიკვდილის ყველას ეშინია, მაგრამ ადამიანს ამ შიშის გადალახვა უნდა შეეძლოს, რაც გარკვეულ ვაჟკაცობას მოითხოვს. ყველაფერ ამის ახსნა მიჭირს. გმირობა და ის რომ გაიგო, თუ რატომ ეწირებიან ადამიანები თავიანთ ქვეყანას, ალბათ, მებრძოლი უნდა იყო!

ინტენსიური დაბომბვისას ადამიანი შესაძლოა, ფსიქოლოგიურად „გაფუჭდეს“, ტანკშიც რომ იჯდე და მტერი ჟანგიანი ხმლით გიტევდეს, შეიძლება, ვერც ესროლო, მაგრამ გვერდზე მდგომის იმედი გაქვს, ერთიანობის განცდა იქმნება და რაღაც სხვა განზომილებაში ხარ.

ერთი ფაქტი გამახსენდა: მარტის მასშტაბური შემოტევა რომ დასრულდა, ცხედრებისთვის უნდა მიგვეხედა - ძირითადად მოწინააღმდეგის გვამები იყო, თუმცა სროლა თვითონ დაგვიწყეს და ცხედრებიც იქ დარჩა. საშინელი სანახავი იყო, თუ როგორ ჭამდნენ ღორები ჯარისკაცების გვამებს... რთულია, ყველაფერ ამას ფსიქოლოგიური ტრავმის გარეშე გაუმკლავდე.

- როცა ტყვია, რომელიც შესაძლოა, შენ მოგხვედროდა, თანამებრძოლს ხვდება, რა განცდა გეუფლება?

- მტრისთვის სამაგიეროს გადახდის ჟინი გიპყრობს და იმის გარდა, რომ შური უნდა იძიო, ვერაფერს აანალიზებ. ასეთ დროს მებრძოლი ბევრად უფრო სახიფათო და იმპულსური ხდება და, სამხედრო თვალსაზრისით, შეიძლება, შეცდომაც კი დაუშვას.

- ზოგი თვლის, რომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტი ყველას ომი არ იყო...

- ეს საზოგადოების უმწიფრობის ბრალი იყო - გავთითოკაცდით... თუ მთელი ქვეყანა დაიქცა, ვეღარც ქონებას გამოიყენებ და ვერც ნორმალურ რიტმში იცხოვრებ. ამიტომ, ყველას იმის განცდა უნდა გვქონდეს, რომ მტერი თითქოს ჩვენს სახლებს ემუქრება. მარტო ვერ გადარჩები - ყველა ადამიანი ეგოისტია, მაგრამ უბრალოდ ჯანსაღად უნდა აზროვნებდე, რათა შენს დანიშნულებას მიხვდე. ადამიანები თავიანთ პასიურობას იმით ამართლებდნენ, რომ აფხაზეთში თითქოს ჩვენ საშოვარზე, ცხოვრების მოწყობისთვის ვიყავით წასულები. “მოროდიორობა” ყველა ომშია, შეიძლება, ვიღაც, მართლაც, გამდიდრდა. რა, მეორე მსოფლიო ომის დროს, საბჭოთა არმიამ გერმანული თოფები, საკერავი მანქანები და ქარხნები არ გამოზიდა? თუ აფხაზეთში გასამდიდრებლად მიდიოდნენ, მაშინ ისინიც რატომ არ წავიდნენ, ვინც ამას გვაძახებს? თუ ფიზიკურად ვერაფერს აკეთებდნენ, საზოგადოებისგან მორალური მხარდაჭერა მაინც უნდა გვქონოდა. ომს ჯარისკაცები არ აგებენ და არც იგებენ, ომის ბედი საზოგადოებაზეა დამოკიდებული. თუ ჯარს მორალურ-ემოციური მხარდაჭერა არ აქვს, მობილიზებული ვერ იქნება!

- ბრძოლისას ფსიქოლოგიური მდგრადობა როგორ უნდა შეინარჩუნო?

- ომში ბევრი რამე გაძლებინებს. განსაკუთრებით ძლიერი ხარ, როცა იცი, რას აკეთებ, მეტად თავდაჯერებული ხდები და ნაკლებად გეშინია. როცა ბომბდამშენი გადაგიფრენს და ბუჩქებში იმალები, სასაცილოა იმიტომ, რომ მაღალ სისწრაფეზე, შეუძლებელია, თვითმფრინავმა დევნა სათითაო კაცს დაუწყოს. შესაბამისად, როცა იბრძვი და ელემენტარული მობილიზება არ გაქვს, ეს შენთვისაც ცუდია და გარშემო მყოფებისთვისაც. საომარი მოქმედებების დროს დამღუპველი არაკომპეტენტურობაა და ჩვენ, სამწუხაროდ, არათუ 90-იანი წლების კონფლიქტები, არამედ, 2008 წლის აგვისტოს ომიც ვერ  გავაანალიზეთ... რუსეთთან მოლაპარაკება არ შეიძლება. მასთან დიალოგი აშშ-ს, გერმანიასა და საფრანგეთს უჭირთ... 2008 წელსაც, პოპულისტურმა გადაწყვეტილებებმა დაგვღუპეს - მაინცდამაინც ცხინვალში მოინდომეს შესვლა და ვერ გაითვალისწინეს, რომ ქალაქში ბრძოლა ძალიან რთულია.

- აფხაზეთის ომში პერიოდულ წარმატებებს რის ხარჯზე ვაღწევდით?

- ნებისმიერ წარმატებაში ყველაზე დიდ როლს ცალკეული დანაყოფები ან ჯარისკაცები ასრულებდნენ. წარმატება კომპლექსური არ ყოფილა, უბრალოდ, ამ ომში კარგი მეთაურები იყვნენ, თუნდაც ყარყარაშვილი, თევზაძე, ასევე, სხვადასხვა გაერთიანება, მაგალითად, „ავაზა“, რუსთავის გვარდია და ა.შ. განსაკუთრებით არტილერისტებს გამოვყოფ, რომლებმაც მარტის შემოტევისას იდეალურად იმუშავეს და რომ არა ისინი, სოხუმი აფხაზების ხელში მაშინ აღმოჩნდებოდა. ასეთი წარმატებები დიდი იმპულსის მომცემი იყო ხოლმე. რუსებს ბევრად უფრო დიდი სამხედრო პოტენციალი აქვთ, ვიდრე - ჩვენ, მიუხედავად ამისა, ომი ჯარისკაცებს არ წაგვიგია, ომს ყოველთვის სახელმწიფო იგებს, ან აგებს და შედეგიც სახელმწიფოს ყველა შემადგენელი ნაწილის დამსახურებაა.

- აფხაზეთსა და სამაჩაბლოში სამშობლოს თავი ბევრმა შესწირა, თუმცა ვითარება უცვლელია... ეს ვეტერანებზე როგორ მოქმედებს?

- ჩემს მაშინდელ გადაწყვეტილებებს არც ამ გადმოსახედიდან შევცვლი. ბედნიერი ვარ, რომ ღირსეული ხალხის გვერდით ვიდექი - ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პატივია. წლების წინ, გმირთა მოედანზე პოლიციამ ვეტერანების შეკრება დაარბია, ამაზე ხმა არავინ ამოიღო და სწორედ ამიტომაც ვართ უღირსი საზოგადოება, ალბათ, ის პოლიციელები დღესაც მსახურობენ... მარტყოფისა და დიდგორის ბრძოლები გვახსოვს, აფხაზეთში მებრძოლ ბიჭებს კი არბევენ, ცოცხალ გმირებს არ აფასებენ. არ მგონია, იმ ადამიანებს, რომლებიც პატივს ცოცხალ ვეტერანებს არ სცემენ, განსაკუთრებული გრძნობა გარდაცვლილების მიმართ ჰქონდეთ. სახელმწიფო, რომელიც ვეტერანებს ასე ექცევა, ომს ვერასოდეს მოიგებს!