მამა პეტრე: “საზოგადოების ნაწილი ჭაობშია!” ინტერვიუ, რომლის წაკითხვაც უნდა გაბედოთ

მამა პეტრე: “საზოგადოების ნაწილი ჭაობშია!” ინტერვიუ, რომლის წაკითხვაც უნდა გაბედოთ

ამ ინტერვიუს არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვება: ზოგი ქვას ესვრის და ზოგიც ჩემს რესპონდენტს თანადგომას გამოუცხადებს... საერთოდ, პირველი შემთხვევა არაა, როცა მამა პეტრე (კვარაცხელია) სკანდალში ეხვევა. ამჯერად, აჟიოტაჟის საბაბიფეისბუქიგახდა - სასულიერო პირმა სოციალურ ქსელში საკუთარი 13 წლის ქალიშვილის, მარიამის მდინარეში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც მიაწერა: “აი, ფოტო... აი, ქალი...” ერთი შეხედვით, ყველაფერი ეს საზოგადოების პროვოცირებას ჰგავს და ვუთხარი კიდეც, მაგრამ არ დამეთანხმა და მომიგო, მშვენიერებას ვაღმერთებო...

 

- მამა პეტრე, გაჩნდა ინიციატივა, რომ პატრიარქის შეურაცხყოფა კანონით დასჯადი გახდეს...

- ეს ინიციატივა არ მომწონს.

- რატომ?

- საერთოდ, პიროვნების შეურაცხყოფა არ მომწონს, მაგრამ რა დააშავა რიგითმა ადამიანმა, თუნდაც მღვდელმა? კანონით, ყველა ადამიანის უფლება ისედაც დაცულია. შეიძლება, ამ ინიციატივის სიღრმეებს ვერ ვიგებ და ვერც იმას ვწვდები, ყველაფერი ეს საითკენ მიდის, მაგრამ ამ კანონის მიღება არასწორია. ვისაც ადამიანის შეურაცხყოფა უნდა, საჯაროდ არა, მაგრამ გულში მაინც შეურაცხყოფს. გულის კუნჭულებს კი ვერ გავაკონტროლებთ. პრობლემა ისაა, რომ საზოგადოება ავტორიტეტების შეურაცხყოფას მიეჩვია. ნებისმიერმა ჩვენგანმა პატრიარქის მეოთხედი გავაკეთოთ და პატრიარქი მერე გავაკრიტიკოთ. საერთოდ, თავისუფლება იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენოთ. შეიძლება, გავაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი კრიტიკა არ არსებობს და პირდაპირ შეურაცხყოფაზე გადადიან. როცა შეურაცხყოფაზე გადადიხარ, ყოველგვარ ობიექტურობას მოკლებული ხარ და ამით საკუთარი აგრესიის რეალიზებას ახდენ...

- მამა პეტრე, ამბობთ, რომ ზემოხსენებული ინიციატივის მომხრე არ ხართ. ეს განცხადება შენზე ახალი თავდასხმის საბაბი გახდება...

- არ მაინტერესებს. ყოველთვის იმაზე ვარ ორიენტირებული, რომ სიმართლე ვთქვა! ეს ქვეყანა, დემოკრატიის გარდა, ყველაფერია, თუმცა რაკი ვამბობთ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, მაშინ მეც მაქვს უფლება, ის ვთქვა, რასაც ვფიქრობ. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ იმას, რასაც ვფიქრობ, სწორად გადმოვცემ. თუკი ადამიანის უფლებებს ვიცავთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ინიციატივებით ადამიანებს უფრო მეტად გავაღიზიანებთ, რადგან ნებსით თუ უნებლიეთ, პიროვნების კულტისკენ მოვუწოდებთ!

- მართლმადიდებლურ ქვეყანაში, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი არსებობს, რატომ არ უნდა არსებობდეს კანონი, რომელიც მართლმადიდებელ პატრიარქს - ერის სულიერ მამას დაიცავს?

- მთელი სინოდი უნდა დავიცვათ და მღვდელმთავრებზეც ცუდი არავინ უნდა თქვას! პატრიარქისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის - ჩემთვის მხოლოდ პატრიარქი კი არა, გემოვნების მეტრი და ის ავტორიტეტია, რომელსაც ვენდობი და ვუსმენ, მაგრამ ასეთი მიდგომა პატრიარქს რამდენად მოეწონება?

ისტორიას პარალელები უყვარს. საერთოდ, ისტორიას ჩვენ ვქმნით და, ვანო, ჩვენი საუბარიც უკვე წარსულია.

- ბუნებრივია...

- ისტორიიდან ერთ ფაქტს გავიხსენებ: თამარ მეფის გარდაცვალების შემდეგ, მისი კარის ისტორიკოსს მოუნდა, რომ თამარი წმინდა სამების მეოთხე წევრად შეერაცხათ. ეს ღვთის ძალიან დიდი გმობა და მარაზმში გადასული ხოტბა იყო. ამით თამარს შარავანდედი კი არ შეემატებოდა, პირიქით, ადამიანებს მისადმი კრძალვა გაუქრებოდათ და მაშინდელმა პროგრესულმა ადამიანებმა დაგმეს, როგორ შეიძლება, თამარი, როგორი წმინდანიც უნდა იყოს, სამების წევრად ვაღიაროთო. ამით პატრიარქის პიროვნებას კი არ შევურაცხყოფ, არამედ, მეშინია, რომ ამგვარი ინიციატივებით პატრიარქის პიროვნება არ იყოს შეურაცხყოფილი!

- ისე, მამა პეტრე, ამბობენ, რომ ზოგიერთი სასულიერო პირი პატრიარქის სახელით სარგებლობს...

- არ მგონია, სიმართლე იყოს და მის უწმინდესობას ვინმემ ეს გაუბედოს... ჩემი სუბიექტური მიდგომიდან გამომდინრე, პატრიარქი ქართულ სამოციქულო ეკლესიაში ერთადერთია, ვისაც ვენდობი, ვისიც მჯერა და მწამს არა მხოლოდ სულიერ სფეროში, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეც! პატრიარქს უფრო მეტ ყურადღებას რომ ვუთმობდეთ და უფრო მეტად ვუჯერებდეთ, ქვეყანა ამ მდგომარეობაში არ იქნებოდა. პატრიარქის ქადაგებასა და სწავლებას სამღვდელოების ნაწილიც რომ ითვალისწინებდეს, ასეთი არეული სიტუაცია არ იქნებოდა!

- პატრიარქის სწავლებას სამღვდელოების რომელი ნაწილი არ ითვალისწინებს?

- რომელი და, - რომელიც რაღაც საკითხებისადმი ფანატიკურადაა განწყობილი. მაგალითად, ბევრი სასულიერო პირისგან მსმენია, რომ ცეკვა, სიმღერა, ლექსის წერა და კონცერტების ჩატარება უნდა დაიგმოს. ამას სამღვდელოების ის ნაწილი ამბობს, რომელიც პატრიარქს ეთაყვანება, მაგრამ “ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს”.

- ეს ანდაზა რა შუაშია?

- მოდი, ასე ვთქვათ: საქართველოში, პატრიარქის გარეშე, ერთი ღირებული კონცერტიც არ ჩატარებულა. დამისახელეთ კლასიკური ტიპის შემოქმედებითი ღონისძიება, გნებავთ, კონსერვატორიაში, გნებავთ - ფილარმონიაში, რომელიც პატრიარქის გარეშე ჩატარებულა!

- სასულიერო პირების გარკვეული ნაწილი ლექსის წერასა და ცეკვა-სიმღერას რატომ ეწინააღმდეგება?

- იმიტომ, რომ სიბნელის სჯერა, თუმცა არ თვლის, რომ ეს სიბნელეა. ამას იმიტომ კი არ ამბობენ, რომ პოზირებენ, არამედ, გულწრფელები არიან - მათი შვილები არც ცეკვას სწავლობენ, არც - სიმღერას და არც - მხატვრულ კითხვას. არადა, ქრისტიანობასთან მიმართებაში ეს ისეთი უმნიშვნელო საკითხებია, რომ აქცენტის გაკეთება არც უნდა ხდებოდეს. ჩემს შვილს შინ ვასწავლი, თუ რა არის მართლმადიდებლობა და, საერთოდ, ქრისტიანობა, რა არის სიკეთე, სიბნელე, სინათლე, გაუნათლებლობა და განათლებულობა, მაგრამ როცა სკოლაში იგივე მოძღვრისგან განსხვავებულ აზრს აწყდება, ბუნებრივია, პროტესტი უჩნდება.

- პროტესტი მამის მიმართ უჩნდება?

- არა, იმ სასულიერო პირის მიმართ, რომელიც ეუბნება, რომ ზღვაზე საცურაო კოსტიუმის ჩაცმა დიდი ბოროტებაა. 13 წლის ბავშვი ვერ გაიგებს, თუ რატომაა ზღვაზე საცურაო კოსტიუმის ჩაცმა ბოროტება.

- მამა პეტრე, სიტყვამ მოიტანა და, პირდაპირ გკითხავ: თუ 13 წლის ბავშვი რაღაცას ვერ გაიგებს, “ფეისბუქზეშენი ქალიშვილის ის ფოტოები რატომ გამოაქვეყნე, რომელთაც დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა? ეს ხომ საზოგადოების ნაწილის გარკვეული პროვოცირება იყო

- ეს პროვოცირება კი არა, ბავშვის თავისუფალი ნება იყო - მისი სურვილი იყო, რომ ფოტოები გადამეღო და ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, თან “ფეისბუქის” ჩემს კედელზე გამოვაქვეყნე, რომელიც ჩემი პრივატული, ინტიმური სამყაროა და არავის აქვს უფლება, მითხრას, რა დავდო და რა - არა...

- კი ბატონო, მაგრამ ერთია გასათვალისწინებელი: პეტრე კოლხი მოძღვარია!

- მოძღვარი რომ ვარ, დიახ, სწორედ ამიტომ გავაკეთე!

- ზოგმა ფოტოს მიაწერა, ეს როგორი სასულიერო პირი და მამაა, რომ თავისი ქალიშვილის ფოტოებს ასაჯაროებსო...

- მე სილამაზეს ვაფასებ! მშვენიერების აღქმას ადამიანი ბავშვობიდან უნდა მიაჩვიო და დაანახო, რა კარგია და რა - ცუდი, რა მშვენიერია და რა - არა. სამყარო ესთეტიკამ შექმნა!

- მშვენიერებას მავანნი გარყვნილად აღიქვამენ. ამაზე არ გიფიქრია?

- ეს მათი პრობლემაა. თუ ჩვენი ქვეყანა პედოფილებით გაივსო და ამას სხვას აბრალებენ, მაპატიე და, ეს მათი დამახინჯებული სულიერი მდგომარეობის ბრალია და არა - იმისა, რომ 13 წლის ბავშვი მდინარეში მკლავიანი მაისურით ჩავიდა.

- ამ აჟიოტაჟზე მარიამს როგორი რეაქცია ჰქონდა?

- როგორი და, - ჩემგან რადიკალურად განსხვავებული.

- ანუ?

- მე გულისწყრომა და გულისტკივილი მქონდა იმიტომ კი არა, რომ რაღაცები ილაპარაკეს, არამედ, სად ვცხოვრობთ და რა მდგომარეობაში ვიმყოფებით?! მარიამმა კი თქვა, ეს ჩემთვის მაგალითი და შემართებაა, რომ ისე ვიცხოვრო, როგორც მსურს და ასეთ ადამიანებს ყურადღება არ მივაქციოო.

დღე არ გავა, ბავშვმა წიგნი არ წაიკითხოს. შეიძლება, 400-გვერდიანი იყოს, მაგრამ ღამეს თეთრად გაათევს და დაასრულებს. შუაღამისას მესიჯი მომდის, მა, ახლა რომელ წიგნს მირჩევო. სწორედ იმიტომ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო და მისი ფსიქიკა სხვა მიმართულებით არ წარმართულიყო, ნეტარი ავგუსტინე ვურჩიე, მაგრამ მითხრა, ნეტარები და სასულიერო პირები არ მიხსენოო. არ იცოდა, ნეტარი ავგუსტინე ვინ იყო, ავუხსენი და ეს რეაქცია გაუქრა, მაგრამ იმ ფონის გამო, რაც მის გარშემო ეკლესიის წიაღში “გამოზრდილი” ადამიანების მხრიდან შეიქმნა, მრევლობაც აღარ მოუნდა.

- გარკვეული აგრესია შენს, როგორც სასულიერო პირის მიმართაც ხომ არ გაუჩნდა?

- პირიქით, უფრო დიდი კრძალვა გაუჩნდა და მითხრა, ნამდვილი სასულიერო პირი ასეთი უნდა იყოს და მეცოდები, რომ ამ სიბნელეში ერთი ხარო.

- მამა პეტრე, ვფიქრობ, ამ სკანდალის პროვოცირება მაშინაც მოახდინე, როცა მარიამისადმი ერეკლე დეისაძის მიწერილი ბარათი გაასაჯაროვე. ეს ის დეისაძეა, რომელიც რამდენიმე წლის წინ, საზოგადოების ნაწილმა ლამის ჩაქოლა...

- ჯერ ერთი, ერეკლე დეისაძემ რამდენჯერმე განაცხადა, რომ ყველაფერი ეპატაჟურობისა და სკანდალურობისთვის გააკეთა. დეისაძის “საიდუმლო სირობა” შეიძლება, არ მომწონს, მაგრამ მისი რამდენიმე ლექსი რომ წავიკითხე, ჩემთან ისე ახლოს მოვიდა, გულწრფელად ვიტყვი, ერთი კვირა დაფიქრებული დავდიოდი!

მეორეც, მიუხედავად იმისა, რომ მარიამი ჩემი ბიოლოგიური შვილია, ის პიროვნება, დამოუკიდებელი სუბიექტია და არ მაქვს უფლება, რომ მუსიკალური გემოვნება ავუკრძალო და, უნდა თუ არა, საგალობლები მოვასმენინო. მას ერეკლე დეისაძის შემოქმედება ძალიან მოსწონს და მისი ერთი კონცერტიც არ გაუცდენია.

- არადა, ითვლება, რომ დეისაძის შემოქმედება სატანურია. ამ მხრივ განსაკუთრებით თვალშისაცემი მამაზე დაწერილი სიმღერა და კლიპია...

- ის ასე არ თვლის... ამშვიდებს და ჩემთვის მთავარია, ჩემი შვილი ბედნიერი იყოს... როცა ერეკლე დეისაძემ ამ ფოტოების გარშემო ატეხილი სკანდალი და უბედურება ნახა, სურვილი გაუჩნდა, მარიამისთვის წერილი გამოეგზავნა და ძალიან გამიხარდა, რომ ერეკლემ კონტურები კიდევ ერთხელ გამოკვეთა. მარიამი მღვდლის შვილია, ვერ გავიგე და ვერასოდეს გავიგებ, ამით რას აშავებს და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დებოში ატყდა, უკან არც ერეკლემ დაიხია, რომელმაც იცოდა, ამას რა მოყვებოდა და არც - მე: მისი წერილი ჩემს კედელზე დავდე, რადგან ერეკლეს თავი უხერხულად და ზედმეტად არ ეგრძნო... არ ვთვლი, რომ ეს ტრაგედიაა. პირიქით, ასეთი ადამიანების მიმართ ეკლესია უფრო შემწყნარებლური რომ იყოს, ისინი სასულიერო პირებსა და ეკლესიას ქვების სროლას არ დაუწყებდნენ. საერთოდ, ეკლესია ყველა ადამიანზე უნდა ფიქრობდეს - განათლებულია თუ გაუნათლებელი, წიგნიერია თუ უწიგნური, ბნელია თუ ნათელი და ერეკლე დეისაძეც ამ წიაღშია. ზოგიერთი სასულიერო პირისთვის ერეკლე დეისაძე ბნელია, მაგრამ, აბა, ერთი ერეკლეს კითხონ, მისთვის ის სასულიერო პირი როგორი ბნელია... მოვლენებს ცალმხრივად ნუ ვუყურებთ. ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა არც მარიამის ფოტოებია და არც - ერეკლეს მიდგომები. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საზოგადოების უმეტესი ნაწილი საკუთარ შვილს - მის მიდგომებს, დამოკიდებულებებს, სწრაფვას არ იცნობს და ყველაფერს უკრძალავს. თუ შვილები ამას ემორჩილებიან, მშობლებს ჰგონიათ, რომ იღებენ, მაგრამ სინამდვილეში, შინაგანი წინააღმდეგობები მიდის და როდის იფეთქებს, როდის ამოვა ლავა და გარშემო ყველაფერს გადაწვავს, ეს, უბრალოდ, დროის ფაქტორია.

სხვათა შორის, სულიერ შვილებს სასულიერო პირების უმეტესი ნაწილიც არ იცნობს - ეჩხუბებიან, რაღაცებს უკრძალავენ. ისინი ამას ითმენენ, მაგრამ, ვანო, არ იცი, რამდენი მესიჯი მომდის, ამას ჩემს მოძღვარს ვერ ვეტყვი, მომკლავს, გამაგდებს, მეშინია, ვერ გავიხსნები და იქნებ, თქვენ გითხრათო. ამიტომ, როგორც მე ვიცნობ ჩემს შვილს - მისი სწორი თუ არასწორი მისწრაფებები და დამოკიდებულებები ვიცი, ყველა მშობელმა თავისი შვილი ასე უნდა გაიცნოს და ასეთი ბოროტება აღარ იქნება! მერე რა, რომ მარიამი მღვდლის შვილია?! - მას თავისი და თავისუფალი ცხოვრების უფლება აქვს!

- მართლმადიდებლობა თავისუფლებაა?

- დიახ, ქრისტე, თავიდან ბოლომდე, აბსოლუტური თავისუფლება და გონია! ბავშვი, რომელიც პირველ კლასში “ნატვრის ხეს” წაიკითხავს, წიგნს დახურავს და იტყვის, დღეიდან მარიტა ვარო, ეს ბედნიერება კი არა, ტრაგიზმია, თუმცა ძალიან ბევრ მშობელს, ალბათ, გაუხარდება...

- ესე იგი, 21- საუკუნეში საზოგადოების ნაწილი ისევ ციციკორეს მსგავსად აზროვნებს. ამაში დამნაშავე, ვთქვათ, განათლების სისტემაა თუ ეკლესია?

- როგორც სასულიერო პირი, რაღაც კუთხით, პასუხისმგებლობას არ ვიხსნი - როგორც სასულიერო პირს, მგონია, რომ ეს ჩემი ბრალი, დამსახურებაცაა. ის, რაც ღვთისგან დაშვებულია და არ იკრძალება, ერთმანეთს არ უნდა ავუკრძალოთ! ბევრჯერ მინახავს, მრევლი ამბობს ხოლმე, რა გაცინებს, მარხვა დაიწყოო...

- სხვათა შორის, დღეს მარიამობის მარხვა დაიწყო...

- ამაზე ქრისტე ამბობს, არავინ უნდა იცოდეს, რომ მარხულობ; თავზე ზეთი დაისხი, გარეგნულად იმხიარულე, შინაგანად კი, ღმერთთან ისაუბრეო.

- მამა პეტრე, ალბათ, დასამალი არაა, რომ მავანნი მოდის გამო მარხულობენ - სამარხვო ძეხვს, ყველსა და შაურმას მიირთმევენ...

- ვინმეს ცხოვრებას არც განვიკითხავ, არც მოდას ვყვები და ყველაფერ ამას არც იმიტომ ვაკეთებ, რომ სკანდალი და აჟიოტაჟი გამოვიწვიო. იმას ვემსახურები, რისიც მჯერა და მწამს! ხალხის ნაწილი ელესიაში გაუცნობიერებლად დადის, ვერც იმას აცნობიერებს, რატომ მარხულობს და რატომ უნდა ეზიაროს, მაგრამ იმიტომ ეზიარება, რომ ვიღაც ეუბნება...

- სულიერ შვილს მოძღვრის უნდა ეშინოდეს?

- მათ შორის კრძალვა უნდა იყოს. ადამიანები არ უნდა დავბლოკოთ და შანსი ბოლომდე მივცეთ, რომ გაიხსნან...

- სოციალურ ქსელში ერთობ პოპულარულია ფოტო, რომელიც პლაჟზეა გადაღებული - საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი ქალბატონი ლოცვებს კითხულობს...

- ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ და, უბრალოდ, ვიკითხავ: რომელი ჯობია - ეს თუ ჩემი შვილის ფოტოები?

- ვფიქრობ, მეორე... რატომაა სიბნელე?

- სიბნელე იმიტომ არის, რომ სინათლე არაა!

- როგორ უნდა განათდეს?.. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა მეორე ეკლესიაში დადის, პედოფილია და სხვა მანკიერებანი მომრავლებულია...

- არასწორი სულიერი ცხოვრებით ვვითარდებით...

- ზოგი ამბობს, ყველაფერი ტელევიზიის ბრალიაო...

- ტელევიზია რა შუაშია? ძალიან ბევრი ვიცი, ტელევიზია კი არა, “გარტყმაში” არაა, 21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე რა ხდება და უარესებს აკეთებს. ყველაფერი ეს შინაგანი მდგომარეობაა. ერთმანეთს ნურაფერს დავაბრალებთ!

- ეკლესიამ ამ პრობლემაზე ღიად უნდა ილაპარაკოს?

- ეკლესიამ მხოლოდ ამ კი არა, ყველა პრობლემაზე ღიად უნდა ილაპარაკოს, რადგან პრობლემის დამალვა პრობლემის მოგვარებას არ ნიშნავს! თუ ჩემს შვილს რაღაც აწუხებს და მეტყვის, ამის თქმა არ უნდა ავუკრძალო...

ჩემს მრევლშიც არიან ადამიანები, რომელთაც არ უნდათ, რომ “აი-დი” ბარათი აიღონ, ცეკვა, სიმღერა ისწავლონ და ამერიკული ლიტერატურა წაიკითხონ, რადგან ეს ტრაგედია ჰგონიათ, მაგრამ არ ვაძალებ, რომ გინდა თუ არა, წაიკითხოს. ვეუბნები, ეს შენი მიდგომაა-მეთქი, თუმცა არ მგონია, რომ სწორი ვარ... ყველაზე მთავარი გახსნილობაა!

- მამა პეტრე, ნელ-ნელა პოლიტიკას შევეხეთ. საქართველოში, ყოველ შემთხვევაში, გარკვეულ ფენებში, რუსეთიერთმორწმუნე ძმადითვლება, რომელსაც ყველაფერი უნდა ვაპატიოთ... ყველა პრობლემა, რაზეც ვლაპარაკობთ, 200-წლოვანი რუსული პოლიტიკის შედეგი ხომ არაა?

- ეს პოლიტიკა დღესაც გრძელდება... მხოლოდ იმის ძახილი, რუსეთი ჩემი მეგობარიაო, პრობლემას არ მოაგვარებს. მეგობრობა ორმხრივია და საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობების დამყარება და აღდგენა რუსეთსაც უნდა მოუნდეს. რუსეთს მხოლოდ საქართველოს კი არა, გარშემო მყოფი სახელმწიფოების მიმართ ყოველთვის იმპერიალისტური მიდგომა ჰქონდა და დღეს უკრაინაშიც იგივე ხდება...

მოდი, ასე ვთქვათ: თუ მე ვარ მართლმადიდებელი ქვეყანა, რუსეთიც ხომ მართლმადიდებელია და თავის დროზე ერეკლე მეორემ სწორედ ამ ნიშნით გამოარჩია - გეორგიევსკის საბედისწერო ტრაქტატი გააფორმა, მაგრამ აფხაზეთში ქართული ფრესკები  და წარწერები თეთრად რატომ შეღებეს? სარწმუნოება ერთმანეთისგან ხომ არ გვრიყავს? პირიქით, სარწმუნოებამ გაგვაერთიანა და, გვინდა-არგვინდა, საშვილიშვილოდ შეგვაკავშირა და მაშინ, აფხაზეთში იმ ქართულმა წარწერებმა და ფრესკებმა რა დააშავეს, რომლებიც რუსეთმა პირისაგან მიწისა აღგავა? სად მთავრდება ზღვარი რელიგიასა და ტერორიზმს შორის? - ყველაფერი ეს ხომ იქითკენაა მიმართული, რომ რუსეთმა, რელიგიის სარჩულით, აგრესია მხოლოდ ტერიტორიაზე კი არა, იდეოლოგიაზეც განახორციელოს!

- სამწუხაროდ, მამა პეტრე, თითო-ოროლა თვლის, ჯობია, მოძალადე ერთმორწმუნე იყოსო...

- მართლმადიდებლობა ძალადობას გმობს, მაგრამ ვერ გავიგეთ, მართლმადიდებლობა რა არის. დამერწმუნეთ, მართლმადიდებლობა მხოლოდ ნათლისღება არაა. თავის დროზე ნათელი რაჟდენ პირველმოწამეს არ უღია, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში პირველმოწამე გახდა და ეს ხომ მინიშნებაა, რომ ღვთის წინაშე გამორჩეული მხოლოდ ქართველი ერი არაა - რაჟდენი სპარსი იყო, რომელიც სარწმუნოებისთვის ეწამა. ნუ გვგონია, რომ მართლმადიდებლობა მხოლოდ ეროვნული ფასეულობაა. მართლმადიდებლობა ქართული წარმონაქმნი არაა და თუ ვინმეს ამის დანახვა არ უნდა, ძალიან ვთხოვ, ქვებს ნუ მესვრის, რადგან ეს ქვები, ბუმერანგივით, ისევ უკან დაუბრუნდება და გაანადგურებს. ქვებს უმისამართოდ და უსამართლოდ ისვრიან! შუშანიკი, რომელიც სარწმუნოებისთვის ეწამა, სომეხი იყო, აბო - არაბი, ევსტატე მცხეთელი კი, - სპარსი. ხალხო, მართლმადიდებლობა ეროვნულობაზე მაღლა დგას და ქართველობა და მართლმადიდებლობა ერთმანეთისგან გავმიჯნოთ! მართლმადიდებლობა ყველას აერთიანებს, განურჩევლად ეროვნებისა, სქესისა, ასაკისა და კანის ფერისა. აბო თბილელი შავი იყო - არაბი, მაგრამ ქრისტეს წინაშე წარსდგა!

- მამა პეტრე, როგორ ფიქრობ, აშშ ეროვნულობას და სარწმუნოებას გვართმევს?

- ადამიანი სარწმუნოებასა და ეროვნულობას საკუთარ თავს დამახინჯებული სწავლებებით ართმევს! როგორ შეიძლება, ის, რაც ჩემთვის ღირებული და მთავარია, ვინმემ წამართვას?! ადამიანები ერთმანეთს ყველაზე მთავარსა და ღირებულს - თავისუფალ ნებას ვართმევთ და ამას ქრისტეს სახელით ვაკეთებთ, რაც ყველაზე დიდი ტრაგედიაა!

- იქნებ, ილია გვჭირდება, რომელმაც თავის დროზე წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება შექმნა?

- აინშტაინს საოცარი ნათქვამი აქვს, რა მაგარია, როცა არაფერი იცი და ყველაფერი იციო. ჩვენი ქვეყანა ყველაფრისმცოდნეებით გაივსო! ვთვლი, რომ სახარების სწორი აღქმა, გაგება უნდა მოხდეს და იმდენი რელიგია არ იქმნებოდეს, რამდენი ადამიანი და სასულიერო პირიცაა! თუ, ვთქვათ, პატრიარქი ლექსის წერისკენ მომიწოდებს, რომელიმე სასულიერო პირი რატომ უნდა მიკრძალავდეს? რა გამოდის, - სხვა ღმერთს ემსახურება?

- სხვათა შორის, ამას წინათ, ჩემმა სტუდენტებმა მითხრეს, მამაო გვეუბნება, ზიარების წინ კბილების გამოხეხვა არ შეიძლებაო...

- შეიძლება, ამაზე კომენტარი გავაკეთო?.. ისინი, ვინც ამას ამბობენ, ძალიან გულწრფელები არიან, სწამთ და სჯერათ, რომ თუ კბილს გამოიხეხავს, დააშავებს.

- არადა, მახსოვს, პატრიარქმა ჰიგიენაზეც იქადაგა...

- დიახ, არაერთხელ... როცა კბილის გახეხვაზე ვლაპარაკობთ, ვანო, წარმოიდგინე, სულიერად სად ვიმყოფებით და ჩვენს ქვეყანაში მასობრივი სიბნელე ამიტომაცაა!

ვიმეორებ: ჩემი შვილის მომავალს შევეწირები!

- უცხოეთში ხომ არ გაუშვებ?

- კი, წავა თუნდაც იმიტომ, რომ მისი აზროვნებით სხვები არ “დაბრკოლდნენ”. საერთოდ, ვთვლი, რომ ეკლესიამ ძალიან პროგრესული ფრთა დაკარგა, რომელიც დღეს ეკლესიაში არ დადის და ქვებს ისვრის... ასეთი მიდგომებით, დავფიქრდები...

- ანუ, შესაძლოა, სასულიერო პირობაზე უარი თქვა?

- არა, არავითარ შემთხვევაში! ამას ჩემი ნებით არასოდეს გავაკეთებ!

- რომ განგკვეთონ?

- მადლობა უფალს!

- ამის შანსი არსებობს?

- მოდი, ასე ვთქვათ: ჩემი ქვეყანა, ეკლესია, პატრიარქი, ხალხი და ოჯახი მიყვარს. სწორედ ამას ვემსახურები!

- ხალხის ნაწილს რომ არ უყვარხარ?

- ხალხის ნაწილს ქრისტე უყვარს?

- ყოველ შემთხვევაში, მოსახლეობის 90 პროცენტი ეკლესიურად ცხოვრობს...

- ეკლესიურად ცხოვრება რას ნიშნავს? ჩემი შვილის სურათს ვიღაც ქალმა მიაწერა, თმით გითრევდიო და ეს ქალი ეკლესიური და აღმსარებელია!.. ვანო, ყველაფერი იცი, რაც ხდება და რაღაცების პროვოცირება საჭირო არაა!.. უბრალოდ, საზოგადოება ამ პრობლემებზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს...

- მგონი, მთავარი პრობლემაც სწორედ ხმამაღლა არლაპარაკია... საქართველოში რომელი საუკუნეა?

- საქართველოში ის საუკუნეა, როცა რუსეთმა დაგვიპყრო, სამწუხაროდ, გონებაც დაიპყრო, სულს ბორკილები დაადო და, სამწუხაროდ, გავიყინეთ! სხვათა შორის, რუს წმინდანებს უდიდეს პატივს ვცემ, თუნდაც სერაფიმ საროველს, რომელიც ამბობდა, ვინც საქართველოს უხეშად შეეხება, ვერ გაიხარებსო. მსოფლიო ცივილიზაცია რუსული ლიტერატურის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ჩემს შვილებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში, დოსტოევსკი, პუშკინი და ტოლსტოი წაიკითხონ.

- აუცილებლად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ რუს ეგზარქოსებს ქართველი ერი არაერთხელ დაუწყევლიათ!

- კი ბატონო, მაგრამ ის, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით, დამერწმუნე, ამის ბრალი არაა. საერთოდ, წყევლის არ მჯერა. სასულიერო პირი, რომელსაც შეუძლია, ერი და ქვეყანა დაწყევლოს, თვითონაა დაწყევლილი! ისიც ტრაგედია მგონია, როცა ერისკაცი ერისკაცს წყევლის.

- აკი, წყევლის არ მჯერაო?

- არ მჯერა, რომ წყევლით ვინმეს რამე ტრაგედია შეემთხვევა, მაგრამ გაუგებარია, ერთმანეთს ცუდი რატომ უნდა ვუსურვოთ? არავის დავუწყევლივარ, მაგრამ რაც ჩემზე წავიკითხე და მოვისმინე, წყევლაზე უარესია, ოღონდ ჩემთვის კი არა, მათთვის, ვინც ამას აკეთებს!

- ყველაფერმა ამან, მამა პეტრე, ხომ არ დაგასუსტა?

- პირიქით. იცი, როგორი ბედნიერი ვარ?! ვიცით, თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ “კაცია-ადამიანი?!” რატომ დაწერა. მარიამის “შიშველმა” ფოტოებმა ხალხის სახე გააშიშვლა და ცხადად დავინახე, თუ სად ვიმყოფებით! იმ ფოტოებზე ჩემი შვილი კამკამა წყალში დგას, საზოგადოების ნაწილი კი, - ჭაობში!

- მამა პეტრე, რა ამის პასუხია და, ეკლესიის დანახვისას პირჯვრის გადაწერა აუცილებელია?

- ეს მენტალობაა და ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, არც კარგია. პირჯვრის გამოსახვა ზედმეტი არასოდესაა, მაგრამ პირჯვარს რწმენით რომ ვიწერდეთ, გვეშველებოდა!

- მამა პეტრე, უწმინდესი ბოლოს როდის ნახე?

- ერთი კვირის წინ - ჩამეხუტა, მომეფერა...

- .. ფოტოების სკანდალი უკვე მომხდარი იყო?

- არა, მაგრამ არ მგონია, პატრიარქს ამაზე აგრესია ჰქონდეს. პირიქით, გაიღიმებს და ყველას დალოცავს - ჩემს შვილს და იმ ხალხსაც, ვინც ჩემი შვილი მარიტად გამოიყვანა და ქვების სროლა დაუწყო!

- ბედნიერი ხარ?

- საოცრად!

- როგორ გავხდეთ ბედნიერები?

- გინდა ბედნიერი იყო? - იყავი! “ჟამი ჩემია და ჟამისა მე ვარ იმედი!”

სხვათა შორის, ზემოხსენებულ აჟიოტაჟსფეისბუქითმამა გიორგი (ცქიტიშვილი) გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა: “უკიდურესად დამიმძიმდა სული. ხშირად ვფიქრობ, რომ ყველაფერი ეს სიზმარია და მინდა, მალე გავიღვიძო. ეკლესიის ისტორიას მრავალი დაპირისპირება და განხეთქილება ახსოვს, ისიც ახსოვს, ვინ საით ცდილობდა წაეყვანა ქრისტეს სამწყსო... იმასაც კი ცდილობდნენ, ახალი აღთქმის ეკლესია ძველი აღთქმის  წესჩვეულებებით გაეჯერებინათ, რის წინააღმდეგაც დაწერა პავლე მოციქულმა გალატელთა მიმართ ეპისტოლე, სადაც ამბობს: “არა განმართლდების კაცი საქმეთაგან რჯულისა, გარნა სარწმუნოებითა იესუ ქრისტესითა... რამეთუ საქმეთაგან რჯულისა არა განმართლდეს ყოველი ხორციელი”. როგორც ჩანს, ეს პრობლემა კვლავაც აქტუალურია ჩვენს ეკლესიაში, დღესაც ცდილობენ ქრისტეს მისტიური სხეული ძველ აღთქმაში გადახიზნონ და იქიდან ესროლონ ქვები, თუკი ვინმეს ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის სიხარული შენიშნეს. ასეთი არაერთი ნასროლი ქვა მოგვხვედრია, სიმართლე გითხრათ, შევეჩვიეთ კიდეც, მაგრამ ამბიონიდან ნასროლი ლოდები ბევრად მტკივნეული აღმოჩნდა. როდესაც 13 წლის ბავშვის ფოტოებს უყურებ და გონებაში ასოცირებას თუნდაც ფიქრით მრუშობაზე აკეთებ, ეს სიგნალი უნდა იყოს შენთვის, რომ შენში პედოფილი ცოცხლობს და თუ ვინმე საშიშია მრევლთან, ეს, პირველ რიგში, შენ ხარ. იმის წარმოდგენაც კი არ მსურს, რის ასოცირებებს აკეთებ, როცა 13 წლის ბავშვი თავისი ასაკის შესაბამის პრობლემებზე გესაუბრება აღსარებაში, როცა სურათზეც კი გონება სხვაგან მიგილტვის. არც ერეკლე დეისაძის მიმართ ნასროლი ქვა იყო მსუბუქი საზოგადოებისთვის, თუნდაც ეს პიროვნება ეკლესიის წიაღს გარეთ იდგეს. ამაზრზენია მას ისეთ რამეში სდებდე ბრალს, როგორიც საკუთარი დედის სურვილია, თან ისე, რომ არც მას იცნობდე და არც მის შემოქმედებას. როდესაც სახარებაზე ვსაუბრობთ, ის მაინც გავიხსენოთ, რომ სახარება ასე გეუბნება: “ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი” (მათე 18. 15). თუ სახარებას ისე ვიყენებთ, როგორც თქვენ გაწყობთ? ეძიებთ რჯულის კანონის დაცვას, მაგრამ მთავარი გავიწყდებათ, რომ აღმასრულებელი რჯულისა სიყვარულია.

მონღოლებმა, მრავალგზის შემოსევების შედეგად, არაერთი ეკლესია-მონასტერი დაანგრიეს, მაგრამ იდეა უცვლელი დარჩა... დღეს კი, ამ იდეას ისევ სასულიერო პირები ებრძვიან, მაგრამ იმედია, ვერ მოერევიან... მავანის თქმით, საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა ამბიონიდან. ოღონდ იგივე მავანი, რამდენად გულწრფელი იქნება, 13 წლის ბავშვის შეკითხვების წინაშე?! მისმა ე. წ. ქადაგებამ გული რომ მოუკლა... არის მზად, აგოს პასუხი, გულმოკლული ბავშვის წინაშე?! ილოცოს, მხურვალედ ილოცოს, ბავშვის ფსიქიკას საფრთხე არ დაემუქროს... თავი შეაძულა, მაგრამ ილოცოს, მკერდიდან მოწყვეტილი ჯვარი მაინც დაიბრუნოს... რუსეთმა ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, ზოგიერთები კი, ქრისტეს სახელით, თავისუფალი სულების ოკუპირებას აგრძელებენ...”