უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც წელიწადზე მეტია, “ქართულ სიტყვას” სკანდალურ ექსკლუზივებს აწვდის, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსს, ვახტანგ კაპანაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართავს. მართალია, ქართველი სპეცსამსახურელი განმარტავს, რომ მბრალდებელი არაა და, შესაბამისად, ბრალდებას არავის უყენებს, მაგრამ აქვე, მიანიშნებს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მისი შეკითხვები უპასუხოდ დარჩება, ამით გარკვეული ეჭვი დადასტურდება. ამასთან, კონსტანტინე ფორჩხიძე მზადაა, რომ გენშტაბის უფროსს ღია სატელევიზიო დებატებში “ეპაექროს”... “ქართული სიტყვის” შეკითხვას, კაპანაძეს პირადი ინტერესების გამო ხომ არ უპირისპირდება, ფორჩხიძე პასუხობს, რომ პირადი კი არა, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს... ისე, კონსტიტუციით, ეჭვის გამოთქმის უფლება საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს... მოკლედ, შეკითხვები დასმულია, ახლა პასუხებია მთავარი!
- რუსეთმა იმ ქვეყნების სიაში არ შეგვიყვანა, რომლებიც მის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდნენ და ამის გამო კრემლმა “დასაჯა”. ეს რას ნიშნავს, ბატონო კოტე?
- არაფერს. ეს ჩვეულებრივი თამაში და დიპლომატიური სვლაა. ვანო, წინა ინტერვიუებშიც ვთქვი, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენს ხელისუფლებას საგარეო ორიენტაციის შეცვლა აიძულოს, ანუ ევროატლანტიკურ ინტერესებზე უარი ათქმევინოს. მოკლედ, მითქვამს და ვიმეორებ, რუსეთი მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკით მოქმედებს - ჯერ მათრახი გადაგვცხო, ახლა თაფლაკვერი შემოგვთავაზა... სხვათა შორის, აფხაზეთის რკინიგზის გაწმენდა შემთხვევით არ ხდება - ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, რკინიგზა, ნებისმიერი აგრესიის დაგეგმვის დროს, ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი სატრანსპორტო კომუნიკაციაა, მით უმეტეს, ისეთი ლანდშაპტის პირობებში, როგორიც საქართველოს აქვს.
- სხვათა შორის, ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა რუსეთის მიერ საქართველოს “შავ სიაში” არშეყვანა, ასე თუ ისე, დადებითად შეაფასა...
- რუსეთი სანქციებს საკუთარ თავს ხომ არ დაუწესებს?
- ეს რა შუაშია?
- იმ შუაშია, რომ საქართველოში არაერთი მსხვილი რუსული სახელმწიფო კომპანია მოღვაწეობს. თავისი ლოგიკა აგრესიულ იმპერიალიზმსაც აქვს - კრემლი ყოველთვის შესაბამისი სიტუაციიდან გამომდინარე მოქმედებს ხოლმე.
- სიტყვამ მოიტანა და, თინა ხიდაშელმა, როგორც “რესპუბლიკელმა”, ე.წ. “კაბელების საქმის” ფიგურანტების სამსახურში აღდგენით, დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში ხომ არ დაიწყო?
- ამას ვერ ვიტყვი, რადგან არსებობს კანონი, რომელსაც აღსრულება სჭირდება.
- მაშასადამე, ბატონო კოტე, ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ნაბიჯად არ თვლით?
- პოლიტიკურ თამაშად არა, თორემ პოლიტიკურ ნაბიჯად როგორ არ ვთვლი, მით უმეტეს, რომ თავდაცვის მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა, რომელმაც ამით ხაზი ხელისუფლების, კერძოდ, პროკურატურის შეცდომას გაუსვა...
ისე, მე თუ მკითხავთ, თავდაცვის სამინისტროში ამ აღდგენაზე მნიშვნელოვანი, უფრო სწორად, საინტერესო ამბები ხდება.
- სახელდობრ?
- ვანო, თუ გახსოვთ, ადრე იმ კომისიის მოკვლევის შედეგების გამოქვეყნება მოვითხოვე, რომელიც უწყებაში 2008 წლის აგვისტოს ომის შესასწავლად შეიქმნა. ამ კომისიას გენშტაბის უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ხელმძღვანელობდა და საზოგადოებას იმედი ჰქონდა, რომ ამ მოვლენების არასაიდუმლო ნაწილი გასაჯაროვდებოდა, მაგრამ რა მივიღეთ?
- რა?
- რა და, - რამდენიმე დღის წინ, კერძოდ, 8 აგვისტოს გენშტაბის უფროსი ტელევიზიით გამოვიდა, თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა და შემდეგ, განაცხადა, 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების შესახებ თავდაცვის სამინისტრომ დაასკვნა, რომ ადგილი ოპერატიული, ტაქტიკური და კომუნიკაციის სახის შეცდომებს ჰქონდაო. აქ ახალი რა არის? - ეს ხომ ისედაც ვიცოდით!
გარდა ამისა, გენშტაბის უფროსმა აღნიშნა, ცალკეული მეთაურების საკითხი კომისიას არ განუხილავსო. აბა, რისთვის შეიქმნა? რა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოქმედებაში დანაშაულის შემცველი მომენტები არ არსებობს თუ რაშია საქმე? კარგი, იმაზე ლაპარაკს თავი რომ დავანებოთ,
ომი ვინ და როგორ დაიწყო...
- მაპატიეთ, ბატონო კოტე, მაგრამ ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო!
- დიახ, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტისკენ ნაბიჯი, რომელმაც რუსეთს საფუძველი მისცა, ომი დაეწყო, ანუ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი აგრესია განეხორციელებინა, მიხეილ სააკაშვილმა გადადგა.
- ომი შეიარაღებული კონფლიქტისგან რითი განსხვავდება?
- შეიარაღებული კონფლიქტი, შეიძლება, ლოკალური იყოს, ომი კი, გლობალურია. 2008 წლის აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილი, ნებით თუ უნებლიეთ, რუსეთის სასარგებლოდ მოქმედებდა: ამ ომიდან ყველაზე დიდი სარგებელი კრემლმა ნახა - გავიხსენოთ, რა იყო რუსეთი აგვისტოს ომამდე და რა არის ომის შემდეგ.
- კოტე ბატონო, ამ თემაზე სხვა დროსაც გვილაპარაკია... ის მითხარით, გენშტაბის უფროსს რას ედავებით?
- გეტყვით: ჟურნალისტმა გაუსროლელად ჩაბარებულ კოდორზე ჰკითხა და იცით, გენშტაბის უფროსმა რა უპასუხა?
- რა?
- რა და, - კოდორზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთიანი სარდლობა არ იყო და კონკრეტული დამნაშავე პირები არ იკვეთებიანო. ეს განცხადება ტიპური პასკვილია და მეტი არაფერი! თუ საზოგადოებისთვისაა ცნობილი, კოდორი ვინ ჩააბარა და შს თუ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან ხელმძღვანელები ვინ იყვნენ, დავიჯერო, ამის შესახებ გენშტაბის უფროსმა არ იცის? მით უმეტეს, რომ ეს ადამიანები დღესაც თანამდებობის პირები არიან.
- ვის გულისხმობთ?
- მაგალითად, ზურაბ აგლაძეს, რომელიც კოდორის ხეობაში თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დანაყოფს ხელმძღვანელობდა. დღეს კი, კრიზისების მართვის სამსახურშია.
ავიღოთ იგივე სოსო ქარჩაიძე, რომელიც ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ გამოიყენეს და რომელმაც კოდორი გაუსროლელად ჩააბარა. არადა, კოდორში უამრავი ტყვია-წამალი იყო და ყველაფერი რუსების ხელში აღმოჩნდა.
- ბატონო კოტე, ადამიანებზე ეჭვს კი არ გამოთქვამთ, არამედ, ამტკიცებთ, რომ კოდორი ჩააბარეს. ასე როგორ შეიძლება? ფაქტები გაქვთ?
- დიახ, მტკიცებით ფორმაში ვამბობ, რომ კოდორი ჩააბარეს!
მზად ვარ, გენშტაბის უფროსს დებატებში, როგორც იტყვიან, დავუჯდე და ღია ეთერში დაველაპარაკო. ერთი, მაინტერესებს, რას მიპასუხებს! თუ სურვილი აქვს, იმ შეკითხვებს, რომლებსაც ახლა დავსვამ, უპასუხოს და თუ არ უპასუხებს, მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება.
ვეკითხები გენერალ კაპანაძეს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ბრძოლის ველის თვითნებურად მიტოვება დანაშაულია თუ არა?
- არის?
- დიახ, არის... კოდორის ხეობა ბრძოლის ველი იყო...
- ეგებ, თვითნებურად არავის მიუტოვებია და შესაბამისი ბრძანება უმაღლესმა სარდლობამ გასცა?
- გაარკვიონ, თვითნებურად მიატოვეს თუ ვინმემ უბრძანა!
- თუ აღმოჩნდება, რომ თვითნებურად არ მიუტოვებიათ, მაშინ საქმე მაინც დანაშაულთან გვექნება?
- რა თქმა უნდა, ოღონდ ამ შემთხვევაში, ზემდგომთა პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, თუმცა უკანონო ბრძანების შესრულებაც დანაშაულია და სამხედრო დანაყოფების ხელმძღვანელებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს!
მეორე შეკითხვა გენშტაბის უფროსს: სამხედრო ნაწილის თვითნებურად მიტოვება და 39 ერთეული ტანკის ბოქსებში დატოვება არის თუ არა დანაშაული?
- ამ ფაქტს ადგილი სად ჰქონდა?
- პირველ ბრიგადაში, რომელსაც შენგელია მეთაურობდა და რომელიც, სხვათა შორის, დღესაც მეთაურია. მოკლედ, რატომ არ არკვევენ, ყველაფერი ეს მოწინააღმდეგისთვის საბრძოლო შეიარაღების შეგნებულად გადაცემა ხომ არ იყო?
- პირველი ბრიგადაც კოდორში იყო დისლოცირებული?
- არა, გორში...
შეკითხვა მესამე: არის თუ არა სენაკის აეროპორტის დაბომბვისას 7 ჯარისკაცის დაღუპვა და 157-ის დაჭრა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული, მით უმეტეს, რომ გაგანია დაბომბვის დროს, შუაღამისას, ჯარისკაცები აეროპორტის ტერიტორიაზე მიიყვანეს? ეს საკითხი გაარკვია? ისე, როგორ უნდა გაერკვია, როცა ამ დანაყოფის ერთ-ერთი მეთაური, კიკნაძე კაპანაძეს თავის დროზე სარდლად ჰყავდა.
- ანუ?
- აგვისტოს ომის დრო სარეზერვო ბატალიონი კიკნაძის დაქვემდებარებაში იყო, შემდეგ კი, როცა კაპანაძე გენშტაბის უფროსი გახდა, კიკნაძე აღმოსავლეთის მიმართულების სარდლად დანიშნა.
- დღესაც ამ თანამდებობაზეა?
- არა...
შეკითხვა მეოთხე: გენშტაბის უფროსი მართვის პრობლემებზე საუბრობს, მაგრამ მაინტერესებს, 7-8 აგვისტოს გაცემული ბრძანებები შეისწავლა? თუ არ შეუსწავლია, ვეტყვი, რომ შეიარაღებული ძალები სამხედრო ნაწილების ტერიტორიებიდან უკანონოდ გამოვიდნენ, ანუ საქართველოს კონსტიტუციის მე-100 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანება არ არსებობდა. ასევე, არ არსებობდა პარლამენტის თანხმობა. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტია. ვეკითხები გენშტაბის უფროსს: ეს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია თუ არა და ამის გამო, მთავარსარდლის გარდა, პასუხისმგებლობა თავდაცვის მაშინდელ მინისტრსა და გენშტაბის უფროსსაც ხომ არ ეკისრებათ?
- ომის დროს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო, გენშტაბის უფროსი კი, მგონი, - ზაზა გოგავა, არა?
- დიახ...
შეკითხვა მეხუთე: გენშტაბის უფროსმა შეისწავლა თუ არა, რატომ არ გამოცხადდა საომარი მდგომარეობა და შეიარაღებული ძალები საბრძოლო მოქმედებებს რის საფუძველზე ახორციელებდნენ? ეს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით, ნამდვილად, დანაშაულია!
ცნობილია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ აგრესიის დროს, 7 აგვისტოს, სენაკის მეორე ბრიგადა მოიხსნა. ვეკითხები გენშტაბის უფროსს: სენაკის მეორე ბრიგადას და მის მეთაურს, ლაშა ბერიძეს ჭიათურის ტყეში რა უნდოდათ?
- “მოხსნა” რას ნიშნავს?
- 7 აგვისტოს ბრძანება მიიღეს, შეიარაღებულმა ძალებმა სამხედრო ნაწილი დატოვა და ჭიათურის ტყეში წავიდა.
- რატომ?
- მეც ეს მაინტერესებს: რატომ? არადა, მთელი დასავლეთი მიმართულების თავდაცვა მთლიანად სენაკის ბაზაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მოიხსნა და სადღაც წავიდა. გაარკვიეს, ეს შეგნებული ქმედება იყო თუ არა?
ასევე, მაინტერესებს, რატომაა დათო ნაირაშვილი დიდ ბრიტანეთში საქართველოს სამხედრო ატაშე?
- რატომ არ უნდა იყოს?
- ეს ის ნაირაშვილია, რომელიც მერაბიშვილზე გავრცელებული ე.წ. ორი გვამის კადრების მთავარი “გმირია” - თუ გახსოვთ, ამ ჩანაწერში დავალებებს რუსული აქცენტით მოლაპარაკე გენერალი იძლევა, ასე უნდა წახვიდეთ და ჯაჭვი ასე უნდა შეკრათო.
- ნაირაშვილი დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშედ კაპანაძემ დანიშნა?
- დიახ, მის დაქვემდებარებაშია...
ვანო, წინა ინტერვიუებში ვთქვი, მოვა დრო და იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც “კაბელების საქმეში” მონაწილეობდნენ-მეთქი. ყველაფერს თუ გავაანალიზებთ, მართლაც, ასეა. არასოდეს დამიმალავს, რომ ნუგზარ კაიშაურის გენშტაბის კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსად დანიშვნის წინააღმდეგი ვიყავი. შესაბამისად, ვსვამ შეკითხვას: კაპანაძემ რეკომენდაცია რატომ გაუწია?
- რატომ არ უნდა გაეწია?
- ოქროყანიდან ბიძინა ივანიშვილის სახლის ფარული კონტროლი სწორედ გენშტაბის დაქვემდებარებაში არსებული კავშირგაბმულობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ხორციელდებოდა.
ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც, გენშტაბის უფროსი ვალდებულია, პასუხები გასცეს. შენი სამხედრო ნაწილიდან ოპერატიული უკანონო მოსმენა მიმდინარეობს და ეს, რა, სისხლის სამართლის დანაშაული არაა? ასევე მაინტერესებს, ამაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია თუ არა? - შეიძლება, აღძრულია, მაგრამ ამის თაობაზე საზოგადოებამ არაფერი იცის. ჩვენ მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ოქროყანიდან უკანონო მოსასმენი აპარატურა ამოიღეს. ამოიღეს და ამოიღეს, მერე, რა?! - როგორც იტყვიან, კრება დარჩა მხიარული.
თუკი საქმე აღიძრა, მაშინ ის ადამიანები, ვინც ამას ახორციელებდნენ დაპატიმრებულნი რატომ არ არიან? ვეკითხები კაპანაძეს: ყველაფერი ეს მისი მხრიდან სუკ-ის სამართალმემკვიდრე “ეფ-ეს-ბე”-ს კადრების მფარველობის მცდელობას ხომ არ ნიშნავს?
- ესე იგი, საქართველოს გენშტაბის უფროსს ბრალს სდებთ, რომ...
- (სიტყვას მაწყვეტინებს) ბრალს კაპანაძეს კი არა, არავის ვდებ. უბრალოდ, ვსვამ შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი გენშტაბის უფროსმა უნდა გასცეს!
პატივცემული კაპანაძე გენშტაბის უფროსის სავარძელში რომ ჩაბრძანდა, სამხედრო ტექნიკისა და ინვენტარის ინვენტარიზაცია რატომ არ ჩაატარა?
- იქნებ, ჩაატარა?
- არ ჩაუტარებია!
- თქვენ რა იცით?
- ვიცი!.. წინამორბედისგან, გიგი კალანდაძისგან თანამდებობა რის საფუძველზე გადაიბარა? ეს შეიარაღებულ ძალებში არსებული კორუფციული ფაქტების მიჩქმალვის მცდელობა ხომ არაა?
სამხედრო დანაყოფებში გეგმიური საბრძოლო-საწრთვნელი მეცადინეობები რატომ არ ტარდება?
- ბატონო კოტე, რა იცით, რომ არ ტარდება?
- ინფორმაცია გამოდის - ბოლოს და ბოლოს, ამდენი წელი სამხედრო კონტრდაზვერვაში ვმუშაობდი და შეიარაღებულ ძალებში ნახევარზე მეტი ჩემი მეგობარია. სხვათა შორის, მხოლოდ ნატო-ს წრთვნები ტარდება.
გენშტაბის უფროსი რატომ არაა დაინტერესებული 2008 წლის აგვისტოს ომამდე და ომის შემდეგ იარაღის შეძენის საკითხებით და, საერთოდ, სადაა საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის, 2009 წელს შეძენილი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი “ეს-200”, რომლის შესახებაც ბონდარჩუკმა მაშინ განაცხადა, როცა მიშამ საქართველოში ჩამოიყვანა და მედალი ჩამოჰკიდა?
- ბონდარჩუკი ვინაა?
- “უკსპეცექსპორტის” გენერალური დირექტორი. ისიც მაინტერესებს, რატომაა ამ საკითხზე პასუხისმგებელი პირი, ზურაბ ფოჩხუა, რომელიც მაშინ სარდალი იყო, დღეს უკრაინაში სამხედრო ატაშე?
- ფოჩხუაც სამხედრო ატაშედ კაპანაძემ დანიშნა?
- დიახ... სხვათა შორის, იარაღის ბიზნესის იმ შავ-ბნელ სქემებში, რომლებზეც ადრე ვისაუბრეთ, ფოჩხუას სანათესაოც იყო გარეული...
ყველა ეს ქმედება “ნაციონალური” ხელისუფლების მიმართ გარკვეული ხარკის გადახდა ხომ არაა?
- “ნაცმოძრაობა” რაღა შუაშია?
- ერთხანობას, კაპანაძე სააკაშვილის მრჩეველი იყო, ასევე, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, ცოტა ხანს გენშტაბსაც ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი, წლების განმავლობაში, დაზვერვის სამსახურში მაღალი თანამდებობა ეკავა.
- კაპანაძე გენშტაბს “ცოტა ხნით” როდის ხელმძღვანელობდა?
- “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, გია ბარამიძის, ან გელა ბეჟუაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს. სხვათა შორის, მაშინ გენშტაბის უფროსი ადმირალი ზურა ირემაძე უნდა გამხდარიყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ეს თანამდებობა კაპანაძემ დაიკავა.
ახლა კი, ყველაზე საინტერესო შეკითხვა: სად იმყოფებოდა კაპანაძე აგვისტოს ომის დროს?
- ალბათ, იბრძოდა...
- არა... ცნობილია, რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა... მიპასუხოს: ოფიციალური ვიზიტით იყო თუ არაოფიციალურით? ვინ გააგზავნა და როდის დაბრუნდა? ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ომის დაწყების თარიღი იცოდა?.. მისი მეუღლე “ნაცმოძრაობის” მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი იყო თუ არა?
- რომც ყოფილიყო, მერე, რა?
- არაფერი...
რატომ არ ინტერესდება საცეცხლე წერტილებზე გახარჯული საბიუჯეტო თანხებით, მით უმეტეს, არსებობს ინფორმაცია, რომ ამ საცეცხლე წერტილების კომბინაციით, “ნაცმოძრაობამ” ბიუჯეტიდან 300 მილიონამდე მიითვისა?!
რატომ და რა დამსახურებისთვის დასეირნობს მისი ქალიშვილი აშშ-ში?
- თანამდებობის პირის შვილს უცხოეთში გამგზავრების უფლება არ აქვს?
- რა თქმა უნდა, აქვს, მაგრამ მე რომ გენშტაბის უფროსად დავინიშნო, ჩემი შვილი იმავე უწყებაში რატომ უნდა მუშაობდეს? - კაპანაძის ქალიშვილს, თუ არ ვცდები, ვეტერანთა რეაბილიტაციის საკითხები აბარია.
- ანუ, კაპანაძის ქალიშვილმა თავდაცვაში მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამისი გენშტაბის უფროსი გახდა?
- დიახ...
სხვათა შორის, კარგი იქნება, თუკი კაპანაძე მიპასუხებს, იცნობს თუ არა “გე-რე-უ”-ს მაღალჩინოსანს, რომელიც 1992-93 წლებში შავნაბადას ერთ-ერთი ინსტრუქტორი იყო, მერე კი, - “გე-რე-ვე-ზე”-ს, ანუ კავკასიაში “გე-რე-უ”-ს უფროსის, მარუსინის მოადგილე და რომელსაც “ბორისიჩის” სახელით იცნობდნენ. მოკლედ, ლაპარაკი ალექსანდრე ალექსანდრეს ძე კლაჩკოვზეა... საინტერესოა, კაპანაძეს მასთან კონტაქტი აფხაზეთის ომის შემდეგ ჰქონდა თუ არა და თუ ჰქონდა, რა ვითარებაში?..
საქართველოს გენშტაბის უფროსი ენდობა თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნას? თუ იტყვის რომ ენდობა, მაშინ ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, გამოსაძიებელი ყოფილა - ამ დასკვნით სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.
ეს შეკითხვები მხოლოდ მე კი არა, ქუჩაში გამოყრილი სამხედროების უმეტესობას აქვს, თუმცა მისი სიტყვებით, ამ ათ წელიწადში, ჩვენ კომპეტენცია დავკარგეთ.
- ეს სად თქვა?
- პირად საუბარში... მოკლედ, ყოველივე აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ 8 აგვიტოს გენშტაბის უფროსის სატელევიზო გამოსვლა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურებოდა.
- სახელდობრ?
- აგვიტოს ომის დროს მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის დაფარვას.
- ერთი სიტყვით, კოტე ბატონო, გენშტაბის უფროსს “ნაციონალებთან” ფარულ კავშირში ამხელთ?
- დიახ...
- გენშტაბის უფროსს ვინ ნიშნავს?
- პრეზიდენტი...
- კაპანაძე მარგველაშვილმა დანიშნა?
- არა, სააკაშვილმა...
სხვათა შორის, ამ ყველაფრის შესახებ გენშტაბის დაქვემდებარებაში მყოფ სამხედრო პოლიციის შეფს ველაპარაკე, რომელთანაც ერთად მუშაობის ბეგრაუნდი მაქვს. მას იარაღის უკანონო ბიზნესზეც ვესაუბრე, მაგრამ როცა გენშტაბის უფროსი ასეთ განცხადებებს აკეთებს, მის ქვემდგომებს ამ საქმის გამოძიების სურვილიც არ ექნებათ, რადგან ნაირაშვილები, ბერიძეები და სხვები უნდა დაიჭირონ.
- გამოძიება გენშტაბის უფროსმა კი არა, შესაბამისმა საგამოძიებო უწყებამ უნდა აწარმოოს...
- გენშტაბის უფროსი იძლევა დავალებას, რომ თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულმა სამსახურებმა ამა თუ იმ თემაზე მოკვლევა დაიწყონ...
- ზოგმა, შეიძლება, ჩათვალოს, რომ კაპანაძე მიზანში პირადი განაწყენების გამო ამოიღეთ...
- როგორ გეკადრებათ?! პირადი განაწყენება რა შუაშია?! სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეზე ვლაპარაკობ და მაინტერესებს, ბიუჯეტიდან მილიარდები სად წავიდა? ამ ფულით ხომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უნდა შეძენილიყო. სადაა დღეს ეს სისტემები - ჩამოწერეს, რუსებმა წაიღეს, პეტრემ თუ პავლემ?
- ბატონო კოტე, ამდენი ბრალდების ფონზე, ადრეც მიკითხავს, პროკურატურას რატომ არ მიმართავთ?
- ბრალს არავის ვდებ - ბრალმდებელი არ ვარ! უბრალოდ, შეკითხვებს ვსვამ!..
რაც შეეხება პროკურატურას, რატომ უნდა მივმართო?
- იმიტომ, რომ გამოძიება დაიწყოს...
- წინასწარი გამოძიება იმ უწყებამ უნდა ჩაატაროს, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება... ამდენ საჯარო განცხადებას ვაკეთებ, დაინტერესდეს პროკურატურა, შევიდეს თავდაცვის სამინისტროში და დოკუმენტები ამოიღოს...
სხვათა შორის, ამ თემაზე თავის დროზე მინდია ჯანელიძეს და ირაკლი სესიაშვილსაც შევხვდი. შეხვედრა თინა ხიდაშელთანაც ვითხოვე, მაგრამ არ გამოვიდა... როცა ოთხი-ხუთი თანამდებობის პირი საქმის კურსშია და არსაიდან ხმა და ძახილი არაა, რა გგონიათ, მეექვსეს, რომც მივმართო, რამე შეიცვლება?
- ესე იგი, პოლიტიკური ნება არ არსებობს?
- რა თქმა უნდა...
- გამორიცხავთ, რომ თქვენს განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამდნენ?
- არასერიოზულად თავიანთი განცხადებები აღიქვან. ჯერ თავიანთ ბეგრაუნდს შეხედონ, მერე - ჩემსას და ნახავენ, ქვეყნისთვის რა მაქვს გაკეთებული, მთელი დოკუმენტაცია უშიშროებაში დევს...
- ბატონო კოტე, 9 წლის განმავლობაში, მაშინდელი ოპოზიცია “ნაციონალებს” ლამის კაციჭამიაობაში ამხელდა და იარაღის უკანონო ბიზნესით თქვენს მეტი რატომ არავინ დაინტერესდა?
- იმიტომ, რომ დახურული თემა იყო.
- და ამ “დახურულ თემაზე” ხელი როგორ მიგიწვდათ?
- ამ თემაზე ლაპარაკი პირველად იულია ტიმოშენკომ დაიწყო და დოკუმენტაციამაც მაშინ “ამოყვინთა”. ესეც რომ არა, რა, ბრმები ვიყავით და ვერ ვხედავდით, რომ აგვისტოს ომის დროს საჰაერო ძალები საერთოდ არ გვყავდა?! ომის შემდეგ კი, ის ბიჭები, ვინც ნამდვილად იბრძოდნენ, დაიჭირეს, მაგალითად, რეზო სახვაძე, რომელიც საჰაერო სითბურ რაკეტებს არემონტებდა.
- რა მოტივით დაიჭირეს?
- რაღაც მოუგონეს და პროფესიონალმა, რომელმაც მწყობრიდან გამოსული სითბური რაკეტების აღდგენა მოახერხა, ოთხი წელი ციხეში გაატარა.
- ახლა სადაა?
- ქუჩაში.
- ციხიდან როდის გამოვიდა?
- ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ცნობილი ამნისტიით... რეზო და სხვა პროფესიონალებიც დღეს ქუჩაში არიან, რადგან კაპანაძეს და მისნაირებს არ სურთ, რომ ეს ხალხი სამსახურში დაბრუნდეს. თუ “კაბელების საქმეზე” გათავისუფლებული ადამიანების აღდგენა შეიძლება, მათი რატომ არ შეიძლება, ვინც “ნაციონალებმა” თავის დროზე ასეთ მდგომარეობაში ჩაყარეს?! ამ ადამიანებმა, თავმოყვარეობიდან გამომდინარე, შეიძლება, ხვეწნა არ დაიწყონ, მაგრამ შენ რომ სტრუქტურა ხარ, ერთხელ მაინც დაუძახე და შესთავაზე, მოდით, ბიჭებო, გვერდით დაგვიდექით და შეიარაღებული ძალები ერთად ავაშენოთო?! არავის არაფერი შეუთავაზებია, რადგან ისევ ის მაფიაა, რომელიც “ნაცმოძრაობის” დროს იყო!
მოკლედ, რატომ არ ინტერესდება კაპანაძე, თუ რა მიზნით ირიცხებოდა თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები ოფშორულ კომპანიებში?!
- ამაზე გენშტაბის მოქმედი უფროსი პასუხს ვერ გასცემს...
- როგორ ვერ გასცემს - სამართალმემკვიდრეა და, როცა თანამდებობაზე ნიშნავდნენ, ხელი ე.წ. გადაბარების აქტს მოაწერა. შესაბამისად, იმ თემებზე, რომლებიც ადრე ხდებოდა, პასუხისმგებელია...
- თქვენი ვერსიით, არგამოძიების საბაბი რა არის?
- ჩემი აზრით, “ნაცმოძრაობის” საქმიანობის გამომზეურება არ სურს, რადგან გენშტაბის ყოფილ ხელმძღვანელობასთან გარკვეული ურთიერთობა აკავშირებს და ანგარიშს, მაგალითად, დევი ჭანკოტაძეს უწევს, რომელსაც გვარდიიდან იცნობს. საერთოდ, თუ “ნაცმოძრაობისთვის” მიუღებელი იყავი, ჯერ გენშტაბის უფროსად, შემდეგ - პრეზიდენტის სამხედრო მრჩევლად არავინ დაგნიშნავდა და არც საგარეო დაზვერვას განდობდა. ამიტომ, ვკითხულობ, კაპანაძე “ნაცმოძრაობას” ხარკს ხომ არ უხდის-მეთქი.
სხვათა შორის, ამ თემებზე ლაპარაკი თავდაპირველად სწორედ კაპანაძესთან დავიწყეთ - მასალები მის თანაშემწეს, შალვას გადავეცით. აუდიო-ვიდეო ჩანაწერიც მივაწოდეთ, თუ რა ხდებოდა სენაკის ბრიგადაში, მაგრამ... პასუხი არ მიგვიღია და შეკითხვებიც მაშინ გაჩნდა. ასეთი საკითხები რომ არსებობს, გენშტაბის უფროსი როგორ ისვენებ და არ არკვევ?
- ბატონო კოტე, როგორ ფიქრობთ, გენშტაბის უფროსი გამოგეხმაურებათ?
- არ ვიცი. მე შეკითხვები დავსვი და ახლა, როგორც უნდა, ისე მოიქცეს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პასუხი მხოლოდ ერთ შეკითხვაზე გამცეს: რატომ არის დათო ნაირაშვილი სამხედრო ატაშე, რომლის რუსული კავშირებიც ცნობილია?
სხვათა შორის, ყველაზე კარგად რუსებმა იციან, რომ თუკი საქართველოში იარაღით ვაჭრობაზე გამოძიება დაიწყება, საბოლოო ჯამში, კვალი მათთან მივა, რადგან ყველაფერი მათი ორგანიზებული იყო და სწორედ ამის გამოჩენა არ უნდათ. გენშტაბის უფროსი აშშ-ში დაფრინავს ხოლმე. ჰოდა, კეთილი ინებოს, ახლაც ჩავიდეს და ფედერალურ ბიუროს დოკუმენტაცია მოსთხოვოს, სადაც დანიელ ალვირესზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ყველაფერს გაარკვევს და მაშინ გამოჩნდება, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი, თუმცა ამისთვის პოლიტიკური ნებაა საჭირო!