ისევ სადავოა პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი გაეროში

ისევ სადავოა პრეზიდენტ მარგველაშვილის ვიზიტი გაეროში

შარშანდელი უხერხული ისტორია წელსაც მეორდება: გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ესესიამდე რამდენიმე კვირით ადრე საქართველოში ისევ გაჩნდა შეკითხვა – უნდა გაემგზავროს თუ არა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნიუ–იორკში, სესიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე, მაშინ როცა გენერალურ დებატებზე სიტყვით ისევ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა? ექსპერტები უმწიფრობასა და კონსტიტუციის ბუნდოვან მოთხოვნებზე ლაპარაკობენ.

თუკი სახელმწიფოს სახელზე მოსული მიპატიჟება პრემიერ-მინისტრს უპრობლემოდ ხვდა წილად და, შარშანდელის მსგავსად, წელსაც,სექტემბრის ბოლოს, სწორედ ის წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე, პრეზიდენტის წასვლა-არწასვლის საკითხი ისევ პრობლემად იქცა. საქმე ის არის, რომ, ლიტვის პრეზიდენტის მიპატიჟებით, გიორგი მარგველაშვილს ნიუ-იორკში ელოდებიან დისკუსიაზე „აღმოსავლეთ ევროპის მომავალი – ქალთა როლის გაძლიერება“, რომელიც ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის 70–ე სესიის ფარგლებშია დაგეგმილი. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, ზოგადი კომენტარის თანახმად კი, ადმინისტრაცია ამ და სხვა საკითხებზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

თუკი პრეზიდენტი ნიუ-იორკში მეორე დელეგაციით გაემგზავრება, ეს, ბევრის აზრით, გაუმართლებელი იქნება. ჯერ ერთი, ღარიბი ქვეყანა თავს არ უნდა აძლევდეს ამდენი ფულის დახარჯვის უფლებას და, მეორე, ასეთი გაორება სახელმწიფოსთვის საზიანო უხერხულობას შექმნის საერთაშორისო სარბიელზე. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ვოლსკი თვლის, რომ ხალხიც შეწუხდება:

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ მიიღოს მონაწილეობა იმ ღონისძიებაში, რომელიც ამავე პერიოდში ტარდება ნიუ-იორკში, არ არის საპროტოკოლო უხერხულობა... უხერხულობა არის ის, რაც ჩვენს სინამდვილეში ხდება და სამწუხარო ის არის, რომ საზოგადოებაც, ვფიქრობ, არ უნდა შევაწუხოთ ასეთი ორდელეგაციანობით“.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან განსხვავებით, პრეზიდენტის ყოფილ მრჩეველს, ვანო მაჭავარიანს, ეჭვიც კი არ ეპარება, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, უპირველეს ყოვლისა, გიორგი მარგველაშვილი უნდა ჩადიოდეს და სიტყვითაც სწორედ ის უნდა გამოდიოდეს, როგორც სახელმწიფოს მეთაური. მაგრამ თუკი ეს ასე არ მოხდება, მაშინ ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას:

„თუ მთავრობა არ აპირებს, რომ ეს დელეგირება, როგორც კონსტიტუციის მიხედვით აქვს მინიჭებული პრეზიდენტს, მისცეს პრეზიდენტს, ყოველ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს მოლაპარაკებების საგანი და როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია სიურპრიზების რეჟიმში არ უნდა გვესაუბრებოდეს. თუ ვერ მოილაპარაკეს, უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ ვერ შეთანხმდა მთავრობა პრეზიდენტთან და პრეზიდენტს, უბრალოდ, არ აძლევენ იმის საშუალებას, რომ მიმართოს გენერალურ ასამბლეას და კონსტიტუციით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულოს“.

კონსტიტუციაში ცალსახად არ არის განსაზღვრული და გამიჯნული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის როლები, ეუბნება რადიო თავისუფლებას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე. მისი განმარტებით, მართალია, ერთი მხრივ, სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია და ის ასევე ასრულებს საგარეო ურთიერთობებში ხელისუფლების წარმომადგენლის ფუნქციას, მაგრამ, მეორე მხრივ, საგარეო ასპარეზზე იგივე უფლებები, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უფროსს, აქვს პრემიერ-მინისტრსაც და გაუგებრობებსაც სწორედ როლების გადაფარვა იწვევს:

„ცალსახად განსაზღვრული, ვინ უნდა წავიდეს და როგორ უნდა წავიდეს, კონსტიტუციით, რა თქმა უნდა, ზუსტად ჩამოყალიბებული არ არის. სწორედ ამიტომაც მეორდება მუდმივად ერთი და იგივე სიტუაცია... რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა შევიტანოთ კორექტივები კონსტიტუციაში. პირველ რიგში, ახალ ხელისუფლებას სწორედ ამით უნდა დაეწყო თავისი საქმიანობა. სამწუხაროდ, ეს გადაიდო გაურკვეველი ვადით და არა მგონია, რომ ამ პარლამენტმა რაიმე შედეგს მიაღწიოს“.

კონსტიტუციის ბუნდოვანი მოთხოვნები პრობლემად მიაჩნია პოლიტოლოგ გია ნოდიასაც, თუმცა, მისი აზრით, დემოკრატიული მიდგომების პირობებში, საკითხის მოგვარება ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე იქნებოდა შესაძლებელი:

„ზოგადად ამაში ვხედავ უმწიფრობას, რადგანაც პიროვნული პრობლემები, რომლებიც არსებობს ხელისუფლების უმაღლეს პირთა შორის, ვერ გვარდება და ამას, ერთი მხრივ, ეწირება ქვეყნის იმიჯი, იმიტომ რომ საკმაოდ სასაცილო ჩანს ეს ყველაფერი და, რა თქმა უნდა, ასევე ხდება პრეზიდენტის ინსტიტუტის, როგორც ასეთის, შევიწროება. პრეზიდენტი, საქართველოს კონსტიტუციით, არ არის წმინდად ცერემონიული ფიგურა, მას აქვს სერიოზული უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის დარგში და, პრაქტიკულად, მას არ აძლევენ საშუალებას, რომ ეს უფლებამოსილება შეასრულოს“.

ქვეყანა არ დაიქცევა, თუკი პრემიერი გაეროს გენასამბლეის სესიაზე ოფიციალურად ჩავა, ხოლო პრეზიდენტი, ასე ვთქვათ, ნახევრად ოფიციალურად, მაგრამ, როგორც გია ნოდია ეუბნება რადიო თავისუფლებას, ეს აუცილებლად იქცევა სახუმარო თემად საერთაშორისო დონეზე.

ხან ჩუმი და ხანაც ხმაურიანი დაპირისპირება პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებათა გადანაწილების გარშემო არცთუ იშვიათად იჩენს თავს. გავიხსენოთ, რომ შარშან პრეზიდენტი მარგველაშვილი მიპატიჟებული იყო გაეროს გენასამბლეის სესიის ერთ-ერთ პარალელურ ღონისძიებაზე – კლიმატის ცვლილებების სამიტზე, თუმცა, საბოლოოდ, პრეზიდენტი აღარ გაემგზავრა და ამ სამიტშიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო მონაწილეობა. უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნა, მაგალითად, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასა თუ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნასთან დაკავშირებითაც.