საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში, 2000 წლის 30 აპრილს, კლარა ჰელტერმა „მშვიდობის კედელი“ ააგო და მასზე სიტყვა „მშვიდობა“ მსოფლიოს 49 ენაზე დაწერა. მან, ვისაც ამ კედლის შესახებ სმენია, შესაძლოა, ბესიკ ადამიაც გაეგოს, მაგრამ თუ არ გაგიგიათ, მაშინ ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ დაგამახსოვრდებათ... 2013 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატი ყოფილა... ამ საკითხზე, უფრო სწორად, იმ ციხე-გემზე, რომელსაც „ლაზიკა“ უნდა დარქმეოდა და რომელშიც ბატონ ბესიკს, თუკი პრეზიდენტი გახდებოდა, „უმსგავსო“ ადამიანები უნდა „შეეყარა“, ქვემოთ თავად რესპონდენტი ისაუბრებს... საქართველოში ვერა, მაგრამ საკუთარი „მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის“ პრეზიდენტი გახდა, ოღონდ - 2008 წელს. კლუბის სლოგანი ასეთია: “ლანდ (ქვეყანა), ლიფე (სიცოცხლე), ლოვე (სიყვარული)”. პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მოითხოვს, რომ პარიზის „მშვიდობის კედელზე“ ჯადოსნური სიტყვა “მშვიდობა” ქართულადაც დაიწეროს. ამბობს, ყოველთვის მინდოდა, ისეთი რამ გამეკეთებინა, რითიც ჩემი ქვეყნის გამთლიანებასა და, საერთოდ, მშვიდობის დამყარებაში პატარა წვლილს შევიტანდი. ამიტომ ჩემს პატარა ავტომობილზე სიტყვა „მშვიდობა“ მსოფლიოს 22 ენაზე დავაწერეო...
- ავტომანქანაზე “მშვიდობა” ფრანგულადაც დააწერეთ?
- რა თქმა უნდა!
...ევროპაში, თან მაინც და მაინც, პარიზში პირველად 2004 წელს მოვხვდი. ეს ვიზიტი შეიძლება, როგორც ჩემს სასიკეთოდ, ასევე საუბედუროდაც შეფასდეს. სასიკეთოდ იმიტომ, რომ წილად მხვდა პატივი, მენახა ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი - პარიზი, საუბედუროდ კი იმიტომ, რომ პარიზის „მშვიდობის კედელზე“ ქართული წარწერა ვერ ვნახე... მაშინ სააკაშვილის პერიოდი იყო და მის სახელზე უამრავი წერილი გავგზავნე, ყველა ავაწრიალე, „მშვიდობის კედელზე“ ქართული წარწერა არაა და გვერდით დამიდექით-მეთქი.
- მერე, აწრიალდნენ?
- არა... რამდენიმე სამინისტრომ მომწერა, ვერ დაგაფინანსებთო. ერთი სიტყვით, შედეგი არ მოჰყვა... 2008 წლის 28 იანვარს, ჩემი და ჩემი მეგობრის დაბადების დღეს, ჩამოვაყალიბე „მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბი“. ომი რომ დაიწყო, ქუთაისიდან ჩემი ავტომობილით წამოვედი და ალმოდებული გორი გამოვიარე, ვიფიქრე, მშვიდობის წარწერებით რუსულ ტანკებს შევასკდები, ან წინ აღვუდგები-მეთქი...
- პატრიოტული იდეაა, მაგრამ მის განხორციელებაში ხელი ვინმემ შეგიშალათ?
- არ მითქვამს, უეჭველად გავაკეთებ-მეთქი... პოპულისტურად არ უნდა ისაუბრო და საქმე უნდა გააკეთო, მაგრამ რაღაცნაირად მინდოდა... სატელევიზიო კადრებში მოვხვდი და ტელეკომპანია „რიონიდან“ დამირეკეს, ხომ მშვიდობა გაქვსო. გორში გზა გადაკეტილი იყო და, რა თქმა უნდა, არ შემიშვეს.
მოკლედ, ჩემი მანქანით დავდიოდით, ხალხს ვხვდებოდით და მშვიდობის ერთგვარი ნიშა დავიკავეთ. 2011 წელს, როცა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი, სარკოზი საქართველოში ჩამოვიდა, კვლავ მივწერე სააკაშვილს და შევეხვეწე, შემახვედრე-მეთქი, მაგრამ ვინ მიმიშვებდა... ამავე წელს, შემოდგომაზე, კეთილი ადამიანების დახმარებით, იტალიის ვიზა გავაკეთე და წავედი... 19 ოქტომბერს ვიზა მეხსნებოდა, 21-ში ნობელის დაბადების დღე იყო. ჰოდა, წავიღე ნახატები თბილისის ხედებით, ყანწები, ნობელის მუზეუმში შევედი და იქ მყოფთ ნობელის დაბადების დღე მივულოცე. პრესსამსახური მოვიდა, წიგნები და შოკოლადი მაჩუქა, საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გამაკეთებინა. იქიდან, როგორც იქნა, პარიზში ჩავედი. იქ ჩემმა მეზობელმა ქართველების ოჯახმა მიმიღო. 29 ოქტომბერს, „მშვიდობის კედელთან“ გავედი და საფრანგეთის მთავრობას ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენაზე მივმართე, რომ ზემოთხსენებულ მონუმენტზე სიტყვა „მშვიდობა“ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაეწერა. ყველაფერი ეს გადაღებულია და “ფეისბუქზეც” მაქვს ატვირთული. შემდეგ, სურათები დავბეჭდე და პარიზის მერიაში დავტოვე, მაგრამ მერიიდან არაფერი ისმოდა... ფანატიკურად ვიყავი განწყობილი და გადაწყვეტილი მქონდა, „მშვიდობის კედელთან“ ყოველდღე მივსულიყავი. მეორედ მისვლისას ვიღაც სომეხი რუსულად გამომელაპარაკა და მითხრა, ჩვენთვის ნუ იბრძვი, ჩვენს ენაზე წარწერა უკვე გაკეთებულიაო.
- დარწმუნებული ხართ, რომ “მშვიდობა” ქართულად არ წერია?
- რას ჰქვია... მილიარდი პროცენტით!
- ყველა წარწერა ნახეთ?
- აბა, რა?! საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საელჩომაც აღიარა, რომ არ წერია. სხვათა შორის, სააკაშვილისდროინდელმა ინტეგრაციის თუ რომელიღაც სამინისტრომ „მშვიდობის კედელთან“ გადაღებული ჩემი ფოტოები საკუთარ ვებგვერდზე ატვირთა. 2012 წელს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროპული დეპარტამენტის ხელმძღვანელ ნინო ბარათაშვილს შევხვდი და ყველაფერი ვუთხარი.
- ბატონო ბესიკ, პარიზის “მშვიდობის კედელზე” ქართული წარწერის გაკეთებას რატომ ითხოვთ?
- ცოტა მეუხერხულება, მაგრამ, არ გეწყინოთ, ქართველი კაცისგან ამ შეკითხვას არ ველოდი...
- ქართველობა რა შუაშია? - ეს მონუმენტი სახელმწიფოსი ხომ არ არის; კერძო პირმა ააშენა და წარწერებიც თავისი სურვილით გააკეთა, ანუ შექმნა ისეთი, როგორიც უნდოდა. კი ბატონო, თქვენი სურვილი, კედელზე „მშვიდობა“ ქართულადაც ეწეროს, მშვენიერია და მივესალმები, მაგრამ კერძო მესაკუთრის, რომელსაც ამ შემთხვევაში, მონუმენტის სახე აქვს, გადაკეთებას რა უფლებით ითხოვთ?
- ჩვენი ისტორია დაბადებიდან ქადაგებს, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენი კეთილდღეობისთვის სისხლს ღვრიდნენ. ეს მშვიდობისთვის ბრძოლა იყო! ჰოდა, როცა ვნახე, რომ „მშვიდობის კედელზე“ ქართული წარწერა არ იყო, პროტესტის გრძნობა გამიჩნდა და გადავწყვიტე, მიზნის მისაღწევად მებრძოლა. დაწერილს არ ვკითხულობ და ეს ჩემი გულიდან წამოსული სიტყვებია.
მშობლების საფლავს გეფიცებით, ამ საქმისთვის ბევრი რამ გავყიდე და დღემდე ჩემი რესურსებით მოვდივარ. „მშვიდობის კედელთან“ რომ ვიდექი, ერთი ქართველის თვალებში ცრემლი დავინახე, რომელმაც თქვა, რამდენჯერაც აქ გავივლი, გული მისკდება, მშვიდობა რატომ ჩვენს ენაზე არ წერია, ერთ დღესაც ავდგები და ამოვფხაჭნიო... აი, ეს თქვა საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველმა არალეგალმა. ესე იგი, ქართული წარწერა ყველა ქართველისთვის სიამაყე იქნება. ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ცოტა „ამოგვაგდო“, მაგრამ კაცობა და ადამიანობა არ დაგვიკარგავს.
პრეზიდენტობის კანდიდატიც გახლდით, კახი კალაძესაც შევხვდი ამ თემასთან დაკავშირებით და, საერთოდ, ბევრი ვიმუშავე. ბატონ კახის შევთავაზე, ქუთაისში, „ტორპედოს“ სტადიონთან “მშვიდობის ბურთი” დავდგათ, ისრაელიდან, პალესტინიდან, სომხეთიდან, აფხაზეთიდან, ოსეთიდან ბავშვთა ნაკრებები მოვიწვიოთ... და მშვიდობის საფეხბურთო ჩემპიონატი ჩავატაროთ-მეთქი...
- გრანდიოზული იდეაა, ბატონო ბესიკ...
- დიახ... სპორტის როლი მშვიდობის საკითხში, თან ქვეყნის პიარიც იქნება-მეთქი... ესე იგი, ყველგან ვიბრძვი. ქადაგიძეს, ეროვნული ბანკის მმართველს შევთავაზე, ვერცხლის სამახსოვრო მონეტები გამოვუშვათ და ტურისტებზე გავყიდოთ-მეთქი... ისიც მინდოდა, საქართველოს ყველა საზღვართან სამშვიდობო მონუმენტები დაგვედგა, შემომსვლელს საქართველო მშვიდობასთან რომ გაეიგივებინა, მაგრამ ესეც არ გამოვიდა...
ახლა იდეა მაქვს, პარიზის კედლის რეკორდი მოვხსნათ და თბილისში, „მშვიდობის ხიდზე“ მსოფლიოს მრავალ ენაზე დავაწეროთ „მშვიდობა“. მე ვარ ადამიანი, რომელსაც მშვიდობიანი მისია აკისრია. ყველგან მქონდა სასიკეთო იდეები, მაგრამ ყველგან დაბლოკეს.
- გებრძვიან?
- არ ვიცი... როცა წერილებს ვაგზავნი, კი ვწერ, „მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის“ პრეზიდენტი, პუბლიცისტი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი-მეთქი, მაგრამ როგორ ვთქვა, რომ ჩემი ეშინიათ?! საქართველოს ქუთაისური „ჯიგარის“ პრეზიდენტი, რკინის ხელი სჭირდება, მე პატიოსან ოჯახში გავიზარდე... ვიქნებოდი უკომპრომისო და ბოროტებას, უკანონობას თავს შევწირავდი! ავაშენებდი ციხე-გემ „ლაზიკას“, სადაც უმსგავსო ხალხს შევყრიდი, ციხე-გემს ფოთის პორტთან ახლოს დავაყენებდი, ხელისუფლებაში პატიოსან ადამიანებს მოვიყვანდი, ქვეყანას ავაღორძინებდი, პატიმრებს კი, როცა დაშოშმინდებოდნენ, საქართველოში მერე შემოვუშვებდი.
შარშან, ფრანსუა ორლანდის ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, ავდგებოდი და ალაფურშეტისას ქუთაისურად „შევუსრულებდი“. ვეტყოდი, ფრანსუა, ძმურად, პარიზის „მშვიდობის კედლის“ ავტორი მოვძებნოთ და ოფიციალური თანხმობა მოვაცემინოთ-მეთქი.
- იმ კედელზე „მშვიდობა“ რუსულადაც წერია, არა?
- რუსულად ორჯერ წერია... ერთ დაფაზე წვრილი შრიფტით წერია, მეორეზე - მსხვილი. არ მინდა, ვინმეს დავაბრალო და არც ის მინდა, რომ რუსებს პირდაპირ „დავეჯახო“, მაგრამ ეჭვის დონეზე ვფიქრობ, რომ ქართული ენის უკუგდებაში ადგილი, შესაძლოა, დიდძალ კორუფციულ გარიგებას ჰქონდეს. ჩვენ დაგვჩაგრეს და საქმეს ჩამოგვაცილეს.
- ვინ ვის გაურიგდა, ან ვის რაში აწყობდა?
- ჩვენს არაკეთილმოსურნე რუსეთს აწყობდა, რომ იქ „მშვიდობა“ ქართულად დაწერილიყო? წარწერა სიმბოლურია, მაგრამ მის უკან დიდი პოლიტიკა იმალება! დაგვამცირეს და ჩვენს ენაზე არ დაწერეს.
- ისე, კედელზე რუსულად დაწერილ „მშვიდობას“, თვალებში ნაცრის შეყრის გარდა, რა დატვირთვა აქვს? - ხომ ვხედავთ, რუსეთი რასაც აკეთებს...
- იცით, რა?! - ეს მონუმენტი ვიღაცის კერძო საკუთრება თუა, მაშინ სახლში უნდა ედგას, მაგრამ როცა ისეთ ადგილზეა, სადაც მილიონობით ადამიანი მოძრაობს, უკვე გარკვეული მესიჯია, თუ ვის მშვიდობას სცემს საფრანგეთი პატივს.
- არ მიგაჩნიათ, რომ რუსული „მშვიდობის“ გვერდით ქართული „მშვიდობა“ მხოლოდ ილუზიაა?
- არა... რატომ რუსულის გვერდით? - იქ წარწერა 49 ენაზეა.
მოკლედ, 2013 წელს, პარიზში ისევ წავედი, ისევ ვატარებდი აქციებს და დავდიოდი კულტურის სამინისტროში. შემდეგ, ჩასვლა 2014 წელს, ბასტილიის დღეს მომიხდა, მაგრამ ფრანგებს პატივი ვეცი და მათ ეროვნულ დღესასწაულზე სამშვიდობო აქცია არ ჩავატარე.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა მომწერა, „მშვიდობის კედელი“ არალეგალურადაა დადგმული და პარიზის მერია უჩივისო. რამდენი ხანია ასეა, მაგრამ ის მონუმენტი ისევ იქ დგას... შეიძლება, სასამართლო პროცესი, მართლაც, მიმდინარეობს, მაგრამ იმდენი ენერგია დავხარჯე, რომ პარიზში, ალბათ, ისევ წავალ, იმ კედელს მივებმები და ვიტყვი, ვიდრე სასამართლო არ დასრულდება და „მშვიდობას“ ჩემს ენაზეც არ დააწერთ, მანამდე აქ დავრჩები-მეთქი.
- იქნებ, ძეგლის ავტორია წინააღმდეგი?
- კედლის უკან 16 ბოძი დგას და წარწერები იქაცაა. ვამბობ, რომ აზერბაიჯანული და ქართული წარწერების გაკეთება მხოლოდ კავკასიური ენების კი არა, რელიგიის დაფასებაც იქნება. თუ ადგილი არ არის, აღვმართოთ ახალი მილი კავკასიის პატივსაცემად და “მშვიდობა” ყველა კავკასიურ ენაზე დავწეროთ.
- ბატონო ბესიკ, ძეგლის ავტორზე გკითხეთ...
- ის უკვე მიხვდებოდა, რომ ვიბრძვი და შეიძლება, ნანობს კიდეც, ნეტავ, თავის დროზე დამეწერაო, მაგრამ არ უნდა, შეცდომა აღიაროს. ამიტომ წავალ საფრანგეთში, სასამართლოს ძალით დავუწყებ ბრძოლას, ვეტყვი, რომ ნერვიულობის ნიადაგზე, ფსიქოზი და უძილობა დამემართა.
ბოლოს, მინდა, სალომე ზურაბიშვილსა და გიორგი ფოფხაძეს, როგორც საფრანგეთში ცნობილ ქართველებს მივმართო, რომ ამ საქმეში ჩაერთონ და დამეხმარონ.
და ბოლოს, მშვიდობა მსოფლიოს!