მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩვენს ქვეყანას კიდევ ერთი ჭრილობა მიაყენა, შვიდი წელი გავიდა, თუმცა ეს ომი შვიდი კი არა, 200 წლის წინ დაიწყო... რა კითხვის ნიშნები არსებობს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით და რითი განსხვავდება თანამედროვე ოკუპაცია თუნდაც 90-იანი წლების ე.წ. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებისგან? - „ქართული სიტყვა“ უსაფრთხოების ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ესაუბრა:
- აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტი ერთმანეთისგან არსობრივად განსხვავდება. პირველი სეპარატისტული ფესვების მატარებელია, მეორე კი, ირედენტისტულია. ჩრდილოეთ და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ადამიანები ერთ ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და სწორედ აქედან გამომდინარე, მათი ქმედებები ირედენტისტულია.
1921 წლის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი უკვე ფიგურირებს, როგორც ეთნო -კულტურული ავტონომია, ბოლშევიკებმა კი, ეს ფაქტი უცვლელად დატოვეს. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა. ისიც საგულისხმოა, რომ არსებობდა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაცია, რომელშიც სამი სუბიექტი - საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იყო გაერთიანებული: ამ სამ ქვეყანას, შემდგომში, 1925 წელს, აფხაზეთი დაემატა, როგორც ფედერაციაში შემავალი დამოუკიდებელი სუბიექტი. საბოლოოდ, ეს ფედერაცია, რა თქმა უნდა, დაიშალა და ზემოხსენებული სუბიექტები სსრკ-ს შემადგენლობაში დამოუკიდებელ სოციალისტურ რესპუბლიკებად მოიაზრებოდნენ. სწორედ სტალინმა დაუბრუნა აფხაზეთს ის სტატუსი, რაც ჯერ კიდევ 1921 წლის კონსტიტუციაში ჰქონდა. როცა ბოლშევიკები ჩვენს გასაწითლებლად შემოიჭრნენ, მაშინდელი მხედრობა, კვინიკაძისა და შემდგომში, მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით, ყველა საკითხს აფხაზეთის ადგილობრივ მმართველს, შერვაშიძეს უთანხმებდა.
- ესე იგი, ტერიტორიული ნაღმები მაინცდამაინც ბოლშევიკებს არ უნდა მივაწეროთ?
- ბოლშევიკებმა სტატუს-კვო შეინარჩუნეს, თუმცა საკმაოდ დიდი ტერიტორიები თურქეთსა და აზერბაიჯანს გადასცეს. 1992 წელს, ქართულმა მხარემ, თურქეთის პრეზიდენტ დემირელთან ერთად, ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთზე უფლებამოსილებას თურქულ მხარეს გადასცემდა.
სხვათა შორის, საბჭოთა კავშირმა ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც საკმაოდ სახიფათო ტერიტორიული ნაღმები დაუტოვა, თუმცა იქაურმა საზოგადოებამ და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ამ პრობლემებს, ჩვენგან განსხვავებით, გვერდი საკმაოდ მარტივად აუარა. ჩვენმა ეროვნულ-გამათავისუფლებელმა მოძრაობამ კი, 1988-1989 წლებში, ცხინვალში ვითარება დაძაბა, თორემ ვფიქრობ, სავსებით შესაძლებელი იყო, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, თავიდან აგვეცილებინა ოსურ-აფხაზური ტრაგედია. საბჭოთა პერიოდშიც, აფხაზ და ქართველ კომუნისტებს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა არსებობდა. სიტუაცია ხრუშჩოვის ეპოქაში გამწვავდა - ეს უკანასკნელი აფხაზებს ქართველების წინააღმდეგ აქეზებდა, რასაც, რა თქმა უნდა, თავისი მიზეზი ჰქონდა: სტალინის მიმართ პიროვნული ზიზღი ქართველების შევიწროებაში გადაიზარდა და ამას, ალბათ, 1956 წლის დემონსტრაციის სისხლიანი დარბევაც მოწმობს.
აფხაზებში ქართველების მიმართ სიძულვილის ჩანერგვა ორმა ქართველთმოძულემ - ხრუშჩოვმა და სუსლოვმა დაიწყო. აფხაზებმა საბჭოთა სოციალისტურ რუსეთთან შეერთების მოთხოვნით, გამოსვლები დაიწყეს. მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, აფხაზეთის მმართველი წრეები გამოდიოდნენ ჩვენს წინააღმდეგ და ეს დაძაბულობა 80-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა, შემდეგ, კონფლიქტი თითქოს დაცხრა, მაგრამ გორბაჩოვის პერიოდში დაპირისპირებამ ახალი სახე მიიღო და შედეგს დღესაც ვხედავთ.
1989 წელს, სოფელ ლიხში, დიდი აფხაზური სახალხო კრება მომზადდა და სეპარატისტული გეგმები სწორედ ამ თავყრილობაზე გასაჯაროვდა.
დავუბრუნდეთ 1989 წლის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ნოემბრის მარშს ცხინვალში. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელმაც მარგინალი ჩოჩიევი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეროვნულ გმირად აქცია. ვითომ ამ ბორის ჩოჩიევმა შეაჩერა ქართველები ცხინვალში, პრაქტიკულად, ეს იყო ხაფანგი, რომელმაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ისტორიის მსვლელობაში.
- ბატონო ვახტანგ, ასე მოვედით აგვისტოს ომამდე... 5-დღიან ბრძოლებზე რა კითხვის ნიშნებს სვამთ?
- ვიდრე 2008 წლამდე მივალთ, არ შემიძლია, არ ვახსენო 2004-2005 წლების შეტაკებები, რომლებიც ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სააკაშვილის ხელისუფლებამ, ასე ვთქვათ, ითავა. 2004 წლის ზაფხულში, საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის მაშინდელ მინისტრთან, ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად, სამაჩაბლოში ჯარი შეიყვანა, რომელმაც ცხინვალის გარშემო დაიკავა სიმაღლეები. სხვათა შორის, ამ კონფლიქტს, დაახლოებით, 60 ქართველი სამხედრო პირი შეეწირა და საბოლოოდ, ეს ავანტიურა პირადად ზურაბ ჟვანიამ შეაჩერა. სწორედ მაშინ გაჩნდა ხელახალი ბზარი ქართულ-ოსურ ურთიერთობებში.
- ხსენებულ სამხედრო დაპირისპირებაში რუსები რატომ არ ჩაერთვნენ?
- რა თქმა უნდა, ჩაერთვნენ - გამოგზავნეს კაზაკი მოხალისეები და რომ არა ჟვანია, 2008 წლის ვითარებას ბევრად უფრო ადრე მივიღებდით. შეცდომა იყო ერგნეთის ბაზრის გაუქმებაც, რომელმაც, პრაქტიკულად, უნდობლობის ელემენტები შემოიტანა ქართულ-ოსურ ურთიერთობებში.
მე, როგორც შევარდნაძის ყოფილი მრჩეველი, ვიტყვი, რომ 1998-2005 წლები ყველაზე სტაბილური პერიოდი გახლდათ - კონფლიქტის ზონაში საკმაოდ ხშირად ჩავდიოდი და დღევანდელთან შედარებით, ბევრად უკეთესი სიტუაცია მხვდებოდა. ერგნეთის ბაზრობა კი, ნდობის აღდგენის ერთადერთი საშუალება იყო, რომელიც მიშას ხუშტურების გამო, ხელის ერთი მოსმით მოსპეს. ამიტომ ნათელია, თუ ვინ გაამწვავა არსებული ტერიტორიული დაპირისპირება.
- კი, მაგრამ, როცა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ოკუპანტი დგას, იმაზე საუბარი, თუ ვინ დაიწყო ომი, უხერხული არაა?
- 2005 წელს, რუსეთმა თავისი სამხედრო ბაზები, ჟვანიასა და სალომე ზურაბიშვილის შემწეობით, საქართველოდან გაიყვანა, კონფლიქტის ზონაში კი, მხოლოდ რუსი „სამშვიდობოები“ რჩებოდნენ. სხვათა შორის, 1992 წლის სოჭის ხელშეკრულებით, სამაჩაბლოში ქართული სამხედრო შენაერთებიც უნდა ყოფილიყვნენ. იმ თეზისს, რომ ომი თითქოს საქართველომ დაიწყო, რა თქმა უნდა, არ ვემხრობი, თუმცა ტალიავინის დასკვნაში წერია, რომ 2008 წლის აგვისტოში, პირველად სწორედ ქართულმა მხარემ გაისროლა. ამავე დასკვნაში წერია, რომ ომისთვის რუსები დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ, მაგრამ დაპირისპირების საბაბი (და არა მიზეზი) 7 აგვისტოს დაბომბვა გახდა. ოსური მხრიდან იყო სროლა, ჩვენ ვუპასუხეთ, შეტევაზეც გადავედით და შეცდომაც სწორედ ეს გახლდათ.
- სხვა გზა დაგვიტოვეს?
- კარგად გვახსოვს ხელისუფლების წარმომადგენლების რიტორიკა - მათ სურდათ, იურისდიქცია სამხედრო გზით აღედგინათ.
- ეს საპასუხო ნაბიჯი იყო...
- შეგვეძლო წერტილოვანი დარტყმების მიყენება, შეტევაზე არ უნდა გადავსულიყავით. 7-ში ცხინვალის დაკავებაც ვერ მოვახერხეთ და 8-ში უკვე პოზიციურ ბრძოლაზე გადავედით. ჩვენ ვერც მოწინააღმდეგე შევაფასეთ და რუსების შემოსვლამდეც შევფერხდით. კოკოითი ისეთივე კურდღელი აღმოჩნდა, როგორიც სააკაშვილი იყო - ის ჯავაში გაიქცა და ცხინვალზე კონტროლი ბარანკევიჩმა აიღო, რომელიც პროფესიონალი სამხედროა.
სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით, ჩვენმა ჯარმა პირველი მისია ვერ შეასრულა - ცხინვალის დაკავება ვერ შევძელით. ვერ დავიკავეთ ლენინის მოედანი, პარლამენტისა და უნივერსიტეტის შენობა. ჩვენი შეტევები იყო „სოლისებური“, აგრეთვე, არ გვქონდა კოორდინაცია და არც ქალაქში მძიმე ტექნიკის შეყვანა იყო გამართლებული.
ვერ გავითვალისწინეთ ის შეცდომა, რაც რუსებმა ჩეჩნეთის ომში დაუშვეს. ოსებმა ჩაჩეხეს ჩვენი სატანკო ნაწილი და ცენტრალური რაიონების შენარჩუნება შეძლეს - მაშინ 8 ტანკი დავკარგეთ.
ჩვენი არმია მოქმედებაში იმიტომ ჩაერთო, რომ მერაბიშვილის სპეციალიზირებულმა ჯგუფმა დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა და ალყაში მოექცა. ჯარმა კი, პირველი ზღუდე გაარღვია და მეორე თავდაცვითი ბარიერის გადალახვა დაიწყო, თუმცა ქალაქის სექტორული პრინციპით დაკავების ნაცვლად, როგორც ვთქვი, „სოლისებური შეტევა” წამოვიწყეთ და პირველი შოკი მივიღეთ. შეტევის ტემპი შენელდა, სატანკო ნაწილი შეაჩერეს და ოსები კონტრშეტევაზე გადმოვიდნენ. ყველაფერი ეს იმის ბრალი იყო, რომ ოპერაციას არაკომპეტენტური ადამიანები გეგმავდნენ და ტაქტიკურ მონახაზებში სამოქალაქო პირები ერეოდნენ.
- ცხინვალში შეჭრის ოპერაცია ვინ დაგეგმა?
- არ ვიცი... გორში რაღაც შტაბი შეიქმნა და შეტევებს იქიდან გეგმავდნენ, თუმცა სრული ინფორმაცია ამ შტაბს არ ჰქონია. სააკაშვილის მთავარი მიზანი ცხინვალის დაკავება, იქ სამხედრო აღლუმისა და სამოქალაქო მიტინგის ჩატარება იყო.
მიშა არც როკის გვირაბზე ფიქრობდა, არც - ზნაურსა და ჯავაზე. მოკლედ, ცხინვალისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დაკავების გეგმა არ არსებობდა. ამ საკითხს ხელისუფლების წარმომადგენლები მეორეხარისხოვნად უყურებდნენ და ეგონათ, რომ ცხინვალში, უბრალოდ, გავისეირნებდით. ბერლინის აღებას ჟუკოვიც ასეთი ილუზიით აპირებდა და საბოლოოდ, მის გაუაზრებელ მოქმედებებს ერთი მილიონი საბჭოთა ჯარისკაცი შეეწირა.
მექმნება შთაბეჭდილება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი სამ ავტორიტარულ რეჟიმს შორის დაპირისპირება იყო... პუტინი ელოდებოდა ხელსაყრელ მომენტს, რომელიც ხელიდან არ გაუშვა - კარგად შეარჩია.
- ამ ომში ამერიკელების როლზე რას იტყვით?
- აშშ-ც და ნატო-ც ცხინვალში შეჭრის კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ. კონდოლიზა რაისმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნშიც აღნიშნა, რომ სააკაშვილს ჯერ კიდევ ივლისში, თითების ქნევით აფრთხილებდა, რომ პროვოკაციას არ აყოლოდა.
- აბა, ჩვენს ხელისუფლებას ვისი იმედი ჰქონდა?
- არ ვიცი... ალბათ, ეგონა, რომ რუსებს დაჟანგებული ტანკები და ავტომატები აქვთ. ის ფაქტი, რომ კულახმეტოვს 300 000 დოლარად გაურიგდნენ, გარანტიას არ გვაძლევდა. კულახმეტოვმა ფული ხრულოვს გადასცა და ეს უკანასკნელი ალყაში ამიტომაც მოექცა, თორემ ვის გაუგია, მეთაური ფრონტზე პირველი შემორბოდეს? ამ კაცმა ელემენტარული სამხედრო წესდება დაარღვია. დღესაც კი, კორუფციის მუხლით, ხრულოვსა და კულახმეტოვზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რუსეთის ხელისუფლებამ ეს პირები მარგინალებად აქცია. ხრულოვს, თავისი საეჭვო ქმედებების გამო, სამხედრო პენსიასაც კი არ აძლევენ.
ამ გარიგებაზე რუსეთის დაზვერვამ ყველაფერი იცოდა. ჩვენ კი, ისიც ვერ გავიგეთ, რომ „გე-რე-უ-”ს გენერალიტეტი 3 აგვისტოს კოკოითთან მოლაპარაკებებს მართავდა და ცხინვალის ბრძოლისას, ბარანკევიჩის მხარდამხარ, სწორედ ამ უწყების მებრძოლები მოქმედებდნენ.
რაც უნდა იყოს, რომ არა რუსეთის რეგულარული არმია, ჩვენ ნებისმიერ ოსურ ბარიერს გადავლახავდით, გადავეწყობოდით და პირველადი შოკიდან გამოვიდოდით. სხვათა შორის, ამ სიტუაციამ სტალინგრადის ეპოპეა გამახსენა, როცა „ვერმახტმა“ საკმაოდ კარგად გადალახა რამდენიმე თავდაცვითი ზღუდე, შემდეგ, შეყოვნდა და კონტრიერიშზე საბჭოელები გადავიდნენ. ამოსასუნთქად, მაქსიმუმ, ერთი დღე გვჭირდებოდა, თუმცა რუსებმა ამის საშუალება არ მოგვცეს.
ყველაფერს დაერთო რუსული ავიაცია - საჰაერო სივრცეს ვერ ვაკონტროლებდით და ამან ფატალური შედეგი მოგვიტანა. „გე-რე-უმ“ რუსებს შეატყობინა, ქართველები გადაჯგუფდებიან და ვეღარ გავძლებთო, ამიტომაც დაიწყო საჰაერო იერიში. კარგი საზენიტო სისტემის შემთხვევაში, შეგვეძლო, რომ მტრისთვის ბევრად ეფექტური წინააღმდეგობა გაგვეწია.
- ბატონო ვახტანგ, სამხედრო თვალსაზრისით, რა უნდა შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ?
- არ ვიცი, ალასანიას მინისტრობისას რა ცვლილებები მოხდა. ვერც იმას ვხვდები, ომის საქმის გამოძიება რატომ გაასაიდუმლოეს. ეჭვი მეპარება, რომ დღევანდელი ხელისუფლება რამე ნორმალურ შედეგს დადებს. ვითარება უკვე ისეა მიშვებული, რომ კონფლიქტის დარეგულირების მიზერული შანსი გვრჩება. ჩვენს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მიზანმიმართული პოლიტიკა არ აქვს.
როგორც აღვნიშნე, ამ მხრივ ყველაზე სტაბილური სიტუაცია შევარდნაძის პერიოდში იყო: ბატონმა ედუარდმა მშვიდობიანი კავკასიის კონცეფცია შეიმუშავა და ამ ინიციატივამ რაღაც შედეგი გამოიღო. იმ პერიოდში სამოქალაქო სექტორიც საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში. შევარდნაძის შემდეგ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ჟვანია იყო, ეს ვითარება შენარჩუნებული იყო, მაგრამ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ, ყველაფერი აირია.
- თქვენი აზრით, ზურაბ ჟვანია მოკლულია?
- ეჭვიც არ მეპარება. ზურას რეფერენტი ვიყავი - უსაფრთხოების საკითხებზე ანალიტიკურ დოკუმენტებს ვუმზადებდი, ასევე, გარკვეულ რეკომენდაციებს ვაძლევდი. მოკლედ, კარგად ვიცნობდი და მისი ჩვეულებებიდან შემიძლია, რამდენიმე დეტალი გამოვყო:
ზურა ძალიან სპეციფიკურ სიგარეტს - მწვანე „მალბოროს“ეწეოდა. ვერ იტანდა დახუთულ სივრცეს. ამაზე ერთი ფაქტი მახსენდება: 2005 წლის იანვარში, კაბინეტში ვესტუმრე და გაუსაძლისი სიცივის მიუხედავად, ყველა ფანჯარა ღია იყო - ჩახუთულ სივრცეში ყოფნა არ შეეძლო.
გარდა ამისა, ზურას კვების რაციონიც საკმაოდ უცნაური ჰქონდა - პარლამენტის საკმაოდ მაღალი სტანდარტების სასადილოშიც კი არ მიირთმევდა. აგრეთვე, ვეგეტარიანელი გახლდათ.
ამ სამი დეტალითაც კი ნეიტრალდება არგუმენტი იმის შესახებ, რომ ზურა. კონსპირაციულ ბინაში, გაზით გაიგუდა, სადაც მიირთმევდა სოსისს, სვამდა კონიაკს და ეწეოდა წითელ „მალბოროს“. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ოთახს აუცილებლად გაანიავებდა. ოქრუაშვილმაც დაადასტურა, რომ ჟვანიას ცხედარი იმ სახლში მიიტანეს და გაზით არ გაგუდულა.
- თუ ამ ვერსიას გავყვებით, პრემიერის მოკვლის მოტივი რა უნდა ყოფილიყო?
- ერთ-ერთი მოტივი ფოთის პორტი იყო. სააკაშვილს არაბი ინვესტორების მოყვანა უნდოდა, რომლებიც ამ საქმეში 300 მილიონს ჩადებდნენ. ზურა ამას ეწინააღმდეგებოდა - ბევრად უფრო მსხვილი ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა. თანაც ზურამ იცოდა, თუ რა ძალა იდგა ამ არაბების უკან.
უსუპოვი ჟვანიას გუნდის წევრი იყო, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ ეს ინვესტიცია კარგს არაფერს მოგვიტანდა. მოკლედ, მიშა არაბებს ლობირებდა, ზურა სხვა, უფრო ტრანსფარანტულ კომპანიას. მათი ინტერესები ერთმანეთს შეეჯახა და სააკაშვილმა ზურას მოშორების გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც კი პრემიერი მოკლეს, ფოთის პორტი ხსენებულ არაბებს გადაეცათ. ინვესტორთა უკან იდგა საკმაოდ ოდიოზური პიროვნება - ადნან ხაშოკი, რომელიც ყველაფერზე იყო წამსვლელი. მე, რა თქმა უნდა, ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად ვის რა წვლილი მიუძღვის ზურას მკვლელობაში, თუმცა მისი ლიკვიდაციის სამი ვერსია არსებობს.
ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ პრემიერი წყნეთის გზაზე თავისი დაცვის წევრებმა მოკლეს. მეორე ვარიანტით, გაგუდეს, ხოლო თუ მესამე ვერსიას დავუჯერებთ, პირადად მიშას შემოაკვდა.
სხვათა შორის, ზურას არც კონსპირაციული ბინები ჰქონდა - შეხვედრებს ყოველთვის დედის სახლში მართავდა, მისი კაბინეტიც საკმაოდ მოხერხებული იყო.
გამოვყოფ კიდევ ერთ გარემოებას: 2005 წლის ზამთარში, ზურა მიშას მიერ შეწყალებულ ზვიადისტ საველე მეთაურ ჯელი ძარიას შეხვდა, რომელსაც სთხოვა, რომ სამეგრელოში პარტიული შტაბის შექმნაში დახმარებოდა. ჟვანია უკვე ოპოზიციაში გადადიოდა... აპირებდა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოეთხოვა - ესეც კიდევ ერთი მოტივი.
ჯელი ძარია მიშამ ისევ ციხეში შეაბრუნა, შემდეგ კი, ქარდავა-ახალაიას დუეტმა აწამა, რათა ჟვანიასთან შეხვედრის დეტალები ეთქვა. ეს ფაქტი თვითონ ძარიამ დამიდასტურა...