ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავთ, შეიძლება, ჩათვალოთ, რომ სამყაროს გასაღები აღმოაჩინეთ. პრინციპში, ასეცაა, რამეთუ ნანა ჩარკვიანი “ცხოვრების ყურებით დაჭერის” საიდუმლოს გაგანდობთ. იკითხავთ, ნანა ჩარკვიანი ვინააო? ვინაა და, - ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე სპეციალისტი. ახლა, ის გაინტერესებთ, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება რაღაა? ამასაც გეტყვით: ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება, ანუ ნლპ ტვინის ნეირონებზე სიტყვიერი ზემოქმედებაა, ანუ უფრო მარტივად აგიხსნით: წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ტვინი კომპიუტერია, სადაც სასურველ პროგრამას “აინსტალირებთ”. ერთი სიტყვით, ნლპ სიტყვების მაგიაა და თუკი ამ მაგიას ეკოლოგიურად გამოიყენებთ, მაშინ ჩათვალეთ, რომ შეუძლებელს შეძლებთ. ჰო, კიდევ ერთი: ნანა ამბობს, რომ თავისუფალი, ლაღი და წარმატებული ადამიანები ხისტები და აგრესიულები არასოდეს არიან. ასე რომ, იყავით ლაღები, სიტყვები სწორად შეარჩიეთ და წარმატებასაც მიაღწევთ!
ნანა ჩარკვიანი, ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი: - ნლპ დასავლეთში იშვა და მისი მამამთავრები მათემატიკოსი რიჩარდ ბენდლერი და ლინგვისტი ჯონ გრინდერი არიან. ისინი ერთმანეთს სტუდენტობისას შეხვდნენ და გადაწყვიტეს, თავიანთი ცოდნით ისეთი სისტემა შეექმნათ, რომლითაც, უხეშად რომ ვთქვა, ადამიანებით მანიპულირებას შეძლებდნენ, თუმცა ნლპ ვიწრო “სპეციალობის” მანიპულაცია არაა, რადგან სპეცსამსახურები მხოლოდ ადამიანების გადაბირების დროს კი არ იყენებენ, არამედ, ფსიქოთერაპიასა და ურთიერთობის ხელოვნებაშიც გამოიყენება და სპორტშიც.
- სპორტს ხაზს რატომ უსვამ?
- მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში, როცა ნლპ იქმნებოდა, იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებს სიტყვა ტვინზე, ერთ-ერთი ექსპერიმენტი კალათბურთელებზე ჩაატარეს: ისინი ორ ჯგუფად გაყვეს. ერთ ჯგუფი ფიზიკურად, მოედანზე ვარჯიშობდა. მეორე კი, - ოთახში, წარმოსახვით. რეალური თამაშისას, მეორე ჯგუფმა, ანუ იმან, რომელიც წარმოსახვით ვარჯიშობდა, 3-ჯერ უკეთესი შედეგი აჩვენა. მოკლედ, მნიშვნელობა არ აქვს, ადამიანი ქმედებას ფიზიკურად ანხორციელებს თუ წარმოსახვით. ვანო, არ გქონია მომენტი, დილით რომ იღვიძებ, ადგომა გეზარება და ფიქრობ, უნდა ავდგე, პირი დავიბანო. ტვინი ფიქრს ისე აღიქვამს, როგორც ქმედებას. ამიტომ, ვიდრე რეალურად ადგები და პირს დაიბან, უკვე დაღლილი ხარ...
- ნლპ-ს მხოლოდ დასავლური სპეცსამსახურები იყენებენ თუ საბჭოური “კა-გე-ბე”-ს მემკვიდრეებიც?
- ვფიქრობ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც იყენებენ...
მას შემდეგ, რაც ბენდლერი და გრინდერი გაიყვნენ, ნლპ-ს რამდენიმე სკოლა ჩამოყალიბდა. სხვათა შორის, ბენდლერი “ცე-რე-უ”-მ წაიყვანა. ისე, გრინდერი უპირატესობას უფრო კეთილშობილურ საქმიანობას ანიჭებს.
- მაშასადამე, ნლპ შეიძლება, არაკეთილშობილური მიზნისთვის გამოიყენო და ადამიანი დააზიანო?
- დიახ და სწორედ ამიტომ ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში ეკოლოგიის ცნება არსებობს - თრენინგების დროს, პირველ რიგში, სურვილების და ტექნიკის ეკოლოგიას ასწავლიან...
- ნანა, დღეს ყველაფრის ფსიქოლოგიურ ჭრილში განხილვა ერთობ მოდურია. ბოლო დროს ქვეყანა სექსუალურმა ძალადობამ წალეკა - კვირა არ გავა, მოზარდი არ გააუპატიურონ. ამ უბედურებაზე, როგორც ნლპ-ს სპეციალისტი, რას ფიქრობ?
- თუკი მოძალადეს, შესაბამისი შეკითხვებით, სიღრმეებში ჩავყვებით, მის ბავშვობამდე მივალთ, ანუ ძალადობის პირველი მიზეზი ბავშვობაშია. ეს ვინმეს შეიძლება, ფროიდისტულად მოეჩვენოს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ყველა მოძალადე ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო.
- ანუ, ადამიანები, რომლებიც 5-6 წლის ბავშვებს აუპატიურებენ, ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ?
- აუცილებელი არაა, რომ გაეუპატიურებინათ, მაგრამ მათ ცხოვრებაში ძალადობას ადგილი უდავოდ ჰქონდა.
- ფიზიკურ ძალადობას გულისხმობ?
- არა, ფსიქოლოგიურსაც. საერთოდ, მშობლების უმეტესობა ვერ ხვდება, რომ შვილზე ძალადობს. მაგალითად, ბავშვს შეიძლება, წითელი წინდის ჩაცმა უნდა, დედა კი აიძულებს, რომ მწვანე ჩაიცვას და ეს უკვე ძალადობაა.
სხვათა შორის, იაპონიაში 5 წლამდე ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ - შეუძლია, კედლები მოხატოს, ან შიშველმა ირბინოს. ხუთი წლის შემდეგ კი, მისთვის გარკვეული ფორმულირებების მიცემა, ანუ ეტიკეტის სწავლა იწყება. ვანო, არ გაინტერესებს, იაპონიაში ბავშვს როგორ სჯიან?
- როგორ?
- ეუბნებიან, რომ ოჯახურ სადილს ვერ დაესწრება. ჩვენთან კი, უმეტესად, თვლიან, რომ რახან მისი შვილია, ესე იგი, მისი საკუთრებაა და როგორც უნდა, ისე მოექცევა. ასეთი მიდგომა დიდი შეცდომაა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი საფუძველი დადებითი ინტენცია და მოტივაციაა.
- იმის თქმა გინდა, რომ მოძალადე დადებითი მოტივაციით ძალადობს?
- დიახ.
- კარგი, რა, ნანა! ზრდასრული მამაკაცი 5 წლის გოგონას ან ბიჭს რომ აუპატიურებს, აქ რა დადებით მოტივაციაზეა ლაპარაკი?
- ამ შემთხვევაში, მოძალადის დადებითი ინტენციის საფუძველი ბავშვობაშია საძებნი.
- ანუ?
- მოძალადეს ბავშვობაში სიყვარული აკლდა - სიყვარულის ნაცვლად, ძალადობა მისცეს და ამიტომ, ემპათია, თანაგრძნობა და იმის გაგება სჭირდება, ასე რატომ იქცევა.
- საზოგადოებამ უნდა გაუგოს?
- მოძალადე ასე გაუცნობიერებლად იქცევა და იმ მექანიზმებს, რომლებიც მოცემულ შემთხვევაში მართავენ, არ იცნობს. მან, უბრალოდ, იცის, რომ გაუპატიურებით სიამოვნება მიიღო, თუმცა სინამდვილეში, ყველაფერი ემპათიის მიღებას ემსახურება და ბავშვებსაც სწორედ ამიტომ აუპატიურებენ - ბავშვი ყველაზე ემპათიურია. ვანო, ვთქვათ, ავად ხარ, ამას ყველაზე კარგად, ერთი გამოთქმისა არ იყოს, ბავშვი და ცხოველი გრძნობს... მოძალადეს ბავშვობაში შეიძლება, მშობელმა ისეთი რამ უთხრა, რაც ვერც ერთმა დაიმახსოვრა და ვერც - მეორემ.
- მშობელმა შვილს მაინც, “ისეთი რა” უნდა უთხრას, რაც მომავალში ძალადობის საბაბი გახდება?
- მაგალითად, როგორი ბინძური ხარ, შენ არავინ შეგიყვარებს და შენ აუცილებლად ციხეში მოხვდებიო. ეს უკვე პროგრამაა - თუკი ადამიანმა ბავშვობიდან იცის, რომ ბინძურია, არასოდეს არავინ შეიყვარებს და აუცილებლად ციხეში მოხვდება, გაუცნობიერებლად, ამ პროგრამას მიჰყვება.
- ესე იგი, ყველა კრიმინალის ბედი ბავშვობაში “დაინსტალირებული პროგრამის”, ასე ვთქვათ, შედეგია?
- დიახ, ასეა... ამ პროგრამების გარდა, სიყვარულის ნაკლებობაც “მუშაობს”. დედამიწის ზურგზე ყველა ადამიანს უნდა, რომ უყვარდეთ, პატივს სცემდნენ და მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
- სიყვარულის დეფიციტი აშკარაა, მაგრამ ამის გამო, არ მესმის, ნარკომანი, ან “წამლის ბარიგა” რატომ უნდა გავხდე?
- ნარკომანობა რეალობისგან გაქცევის გზაა. “ბარიგა” კი, ფულს სხვის უბედურებაზე აკეთებს - ბავშვობაში, შეიძლება, სიდუხჭირეში ცხოვრობდა და გადაწყვიტა, რომ ფული უნდა იშოვოს. საერთოდ, ადამიანი ისე იქცევა, როგორი ღირებულებების სისტემაც აქვს. თუ ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატიოსნებაა, მაშინ ყველა არჩევანს პატიოსნების კონტექსტში გააკეთებს...
- საქართველოში ოჯახური ძალადობაც გახშირებულია - გასულ წელს, თუ არ ვცდები, 20-მდე ქალი ქმრის ანაწერა გახდა. ნლპ ამას როგორ ხსნის? ისე, ჩვენთან დედის კულტია - ქართლის დედა თბილისის და, საერთოდ, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა!
- ოჯახში ქალებზე ძალადობა, უმეტესად, დედაზე შურისძიებაა, ანუ აქაც პრობლემა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ - მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს ერთად უნდა ეძინოთ, ბიჭი ძალიან ბრაზდება, როცა დედის გვერდით ადგილს მამა, ესე იგი, სხვა მამაკაცი იკავებს.
- ეს გაბრაზება გაცნობიერებულია?
- არა, გაუცნობიერებელი. ამ დროს ბავშვი ავად ხდება, დედის მთელი მზრუნველობა მასზეა გადართული და მამა მარტო რჩება. ყველაფერი ეს იქამდე გრძელდება, ვიდრე ბავშვი დედასთან ჭიპლარითაა დაკავშირებული.
- ჭიპლარით გადაბმულ დედა-შვილს ხომ ჯერ კიდევ სამშობიაროში “ანცალკავებენ”?
- ვანო, უხილავ ჭიპლარზე ვლაპარაკობ...
- დედა-შვილის უხილავი ჭიპლარით განცალკევება როდის ხდება?
- საქართველოში, მგონი, არასოდეს!
- ამ შემთხვევაში, ქვეყანას რა მნიშვნელობა აქვს?
- აღზრდის მეთოდი და ოჯახის წევრებს შორის დამოკიდებულება ყველა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. რამდენი გვინახავს 40 წლის მამაკაცი, რომელიც ისევ დედას გაიძახის? ისეთი ფაქტებიც ვიცი, როცა მამაკაცი საცოლედ ისეთ ქალს ეძებს, რომელიც დედამისს თუნდაც ბლინების გამოცხობაში ემსგავსება.
- უხილავი ჭიპლარის გადაჭრა როგორ შეიძლება?
- ვანო, ისეთი შეკითხვა დამისვი, რომელზეც ყველაზე ჭკვიანი ადამიანები მუშაობენ...
- ნანა, შენს ვაჟთან უხილავი ჭიპლარი გადაჭრილი გაქვს?
- დიახ.
- როგორ გადაჭერი?
- ბიჭი რომ მეყოლა, 34 წლის, ანუ იმ ასაკში ვიყავი, როცა დედობრივი ინსტინქტი, შეცდომებიდან გამომდინარე, მკაფიოდ მქონდა ჩამოყალიბებული. საერთოდ, არ ვთვლი, რომ ადამიანმა შეცდომა არ უნდა დაუშვას. თუ შეცდომას არ დაუშვებ, ვერ ისწავლი. მოკლედ, ვიცოდი, ბიჭთან მიმართებაში რა შეცდომა არ უნდა დამეშვა და მინდოდა, თავისუფალ და ლაღ ადამიანად გამეზარდა, რომელსაც თავისი ცხოვრება აქვს. ამიტომ, მისი მეგობარი გავხდი და შევეცადე, მისთვის ქალის ხატება არ გავმხდარიყავი. მაშინაც კი, ვიდრე საუბარს დაიწყებდა, ვეუბნებოდი, რომ ყველაზე ჭკვიანია და ყველაფერს მიაღწევს, რომ ის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანია და არჩევანიც თვითონ უნდა გააკეთოს.
- ესე იგი, აპროგრამებდი?
- ასე გამოდის და ამას მაშინ ვაკეთებდი, როცა ჩემი ვაჟი სამი წლის იყო. ნიკოლოზს შეუძლია, თავისი პრობლემა გამიზიაროს, მაგრამ ამ პრობლემას მე კი არ გადავჭრი, არამედ, პრობლემის მოგვარების გზის მოძებნაში დავეხმარები. სხვათა შორის, სიტყვა “პრობლემა”-ს კი არა, “ამოცანა”-ს ვიყენებ, რადგან თუკი რაღაცას პრობლემას დაარქმევ, ის აუცილებლად პრობლემად იქცევა. ამოცანას კი, უბრალოდ, უნდა ამოხსნა, თან პრობლემას, თუ მისგან დისტანცირებას არ მოახდენ, რასაც ნლპ-ში დისლოცირება ჰქვია, ვერასოდეს მოაგვარებ. ქართული გამონათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ასეცაა.
- სიტყვამ მოიტანა და, ქართული ანდაზები თუ ზღაპრები, მგონი, ნლპ-ს კლასიკური ნიმუშებია. ავიღოთ, მაგალითად, “რწყილი და ჭიანჭველა” - ბავშვობიდან კორუფციაზე გვაპროგრამებენ...
- თუ ასე გავყვებით, მაშინ ყველა ნაწარმოებში რაღაც პროგრამა დევს...
- ერთი სიტყვით, თუკი დავიჯერებთ, რომ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება მუშაობს, შეგვიძლია, ყველა მოვლენა ამ ჭრილში განვიხილოთ, არა?
- ნლპ-ს თავი რომ დავანებოთ, ყველაფერი მანიპულაციის საშუალებაა.
- პოლიტიკოსები ნლპ-ს მასების სამართავად იყენებენ?
- დიახ, იყენებენ, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ყველა პოლიტიკოსმა ნლპ კარგად იცის. ზოგი სპეციალისტებს ქირაობს... ისე, რასაც გარედან ვხედავ, ამჟამინდელი ხელისუფლების პრობლემა სწორედ ისაა, რომ არ იცის, რა და როგორ ილაპარაკოს. შეიძლება, მრჩევლები ჰყავს, მაგრამ, სავარაუდოდ, საკმარისად კვალიფიციურნი არ არიან... სხვათა შორის, ასეთი მრჩეველი ყველა დიდ პოლიტიკოსს ჰყავდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ჰიტლერთან ძმები ლაუტენზაკები მუშაობდნენ, რომლებიც, შეიძლება ითქვას, მაგები იყვნენ დ რომლებმაც ჰიტლერი ხელისუფლებაში მოიყვანეს. საერთოდ, ყველა მეთოდიკა, რომელიც მასებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენება, მანიპულაციაა.
- ესე იგი, ნლპ სიტყვების მაგიაა?
- დიახ, ასეა... ნლპ-ს ყველა სფეროში გამოყენება წარმატებით შეიძლება.
- ოდესმე ხელისუფლებისთვის გიმუშავია?
- არა...
- ვთქვათ, სამსახური სპეცსამსახურებმა შემოგთავაზეს, დასთანხმდები?
- სიამოვნებით, რატომაც არა?!
- ერთი სიტყვით, ნანა, შეგიძლია, ხალხს ამოცანები ამოუხსნა?
- დიახ, შემიძლია, თუმცა უფრო ზუსტი ფორმულირებით: შემიძლია ვასწავლო, როგორ ისწავლოს ამოცანის ამოხსნა. ზოგიერთი ამოცანა ისეთია, რომლის ამოხსნაც ჩემზე ძლიერ სპეციალისტებსაც უჭირთ და ამისთვის სპეციალისტების ერთობლიობაა საჭირო.
- შეიძლება, ითქვას, რომ ყველაფერი დადებითი და უარყოფითი, რაც მსოფლიომ მე-20 საუკუნის 70-80-იანი წლებიდან გადაიტანა და დღესაც გადააქვს, ნლპ-ს “დამსახურებაა”?
- გამორიცხული არაფერია...
- მოდი, ახლა, ნლპ-ს ჭრილში პოლიტიკური ლოზუნგები განვიხილოთ...
- ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება მხოლოდ პოლიტიკურ ლოზუნგებში კი არა, რეკლამებშიც გამოიყენება.
- ეს ხომ ზომბირებაა?
- დიახ... ვანო, ნლპ, იცი, როგორაა? - ადამიანს მიზიდულობის კანონის შეიძლება, არ სჯეროდეს, ან მის შესახებ გაგონილიც არ ჰქონდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუკი მეხუთე სართულიდან გადმოხტება, მიწაზე არ დაეხეთქება.
- წეღან თქვი, რომ ნლპ მედიცინაშიც გამოიყენება...
- რა თქმა უნდა...
- ადამიანის რომელი დაავადებისგან განკურნება შეგიძლია?
- მაგალითად, ფობიისგან...
- ნლპ სიმსივნეს ვერ კურნავს?
- სიმსივნე, უხეშად რომ ვთქვათ, ორგანული დარღვევაა და წმინდა სამედიცინო ჩარევას საჭიროებს. თუ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების სპეციალისტი იტყვის, რომ სიმსივნეს კურნავს, ესე იგი, შარლატანია! როცა განკურნებაზეა ლაპარაკი, ნლპ-ს სპეციალისტები, პირველ რიგში, იმას ადგენენ, დაავადება ორგანულია თუ არაორგანული. ადამიანს შეიძლება, ეჩვენებოდეს, რომ გული აწუხებს, მაგრამ ეს, სინამდვილეში, ნევროზია, რომლისგან განკურნებაც, ცხადია, შემიძლია...
- დეპრესიასაც შველი?
- აქაც საკითხავია, სახეზე დეპრესიაა, როგორც დაავადება თუ, უბრალოდ, ცუდი გუნება-განწყობა, რომელიც დიდხანს გრძელდება. დეპრესიისგან განკურნება მხოლოდ ნლპ-ს სპეციალისტს კი არა, ფსიქიატრს, ფსიქოთერაპევტს, ფსიქოანალიტიკოსსა და გეშტალტ-თერაპიასაც შეუძლია.
- ერთი სიტყვით, სიტყვა ყველაფრის სალბუნია, არა?
- ბიბლიაც ასე იწყება: პირველად იყო სიტყვა...
- მთავარია, სიტყვა სწორად შევარჩოთ...
- აუცილებლად... მთავარია, ამოცანას იცნობდე, რომ შესაბამისი სიტყვები შეარჩიო...
- ადამიანებს, ვინც შენ მოგმართავენ, პაციენტებს ეძახი?
- არა, რადგან იარლიყის მიწებებას ვერიდები. ვთქვათ, ადამიანი ამბობს, უბედური ვარო, ამით იარლიყს იწებებს...
- თან, “უბედურების პროგრამას” რთავს...
- რა თქმა უნდა...
- ნეირო-ლინგვისტური პროგრამირებით განკურნება რამდენ ხანშია შესაძლებელი?
- მაგალითად, ფობიისგან განკურნება 20 წუთში შეიძლება...
- ნლპ ძვირი სიამოვნებაა?
- საზღვარგარეთ ძვირია, ჩვენთან კი, ჯერ პოპულარული არაა და თრენინგები, როგორც წესი, დროის მენეჯმენტზე ტარდება. ასევე, პოპულარულია თრენინგი “როგორ გავხდეთ მომხიბვლელი”, ან “როგორ დავიკლოთ წონაში”... ისე, მე თუ მკითხავთ, ნლპ-ს თრენინგები, პირველ რიგში, 112-ის თანამშრომლებმა უნდა გაიარონ, რადგან ისინი ძალიან დიდ დატვირთვას იღებენ. ამიტომ, აბსოლუტურად ჯანსაღნი უნდა იყვნენ, რათა სხვების დახმარება შეძლონ, ანუ მეტაფორულად რომ ვთქვა, თუ ავად ვარ, სხვას გამოჯანმრთელებაში ვერ დავეხმარები...
წეღან ვთქვი, ფობიის მოხსნისთვის 20 წუთი საკმარისია-მეთქი, თუმცა ეს არაცნობიერ დონეზე. გაცნობიერებას კი, გარკვეული დრო სჭირდება, თან იმასაც გააჩნია, ადამიანში “დაინსტალირებული” პროგრამა რამდენად სწრაფად ამუშავდება, პროგრამის ამუშავებას, საშუალოდ, სამი კვირა სჭირდება.
- არსებობს შანსი, რომ “პროგრამამ” “გაჭედოს”?
- თუ პროგრამა სწორადაა “დაინსტალირებული” და სპეციალისტიც მაღალი დონისაა, “გაჭედვა” გამორიცხულია! საერთოდ, ყველაფერი კონკრეტული ადამიანის სააზროვნო სტრატეგიაზეა დამოკიდებული. ყველა ადამიანი ყველაფერს, რასაც აღიქვამს, გარკვეულ ფილტრებში ატარებს. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, სადილი სადილია და არა - მენიუ. არსებობს ქალაქი და არსებობს ამ ქალაქის რუკა, მაგრამ ქალაქი და რუკა ერთი და გივე არაა. ყველა ადამიანს სამყაროს თავისებური რუკა აქვს, რომელიც იმას არ ნიშნავს, რომ სამყაროა, ანუ ყველას სამყაროზე თავისი წარმოდგენა აქვს, თუმცა სამყარო ერთია...
- ნანა, სასიყვარულო, ან კონფლიქტური ურთიერთობების მოგვარება შეგიძლია?
- კი, შესაძლებელია. საამისოდ “აქტიური მოსმენის ტექნიკა” არსებობს. საერთოდ, შემიძლია, ადამიანი ამოცანის ამოხსნამდე მივიყვანო, თორემ სხვის ნაცვლად ამოცანას ვერ ამოვხსნი, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს არაეკოლოგიურია. მეორეც, უმთავრესია “არ ავნო” და, მესამეც, ადამიანმა თავის სურვილებსა და შედეგზე პასუხისმგებლობა თვითონ უნდა აიღოს. შესაბამისად, მე ადამიანს ვასწავლი, როგორ ისწავლოს ამა თუ იმ საკითხის გადაჭრა.
- შენთვის გადაუჭრელი საკითხები არსებობს?
- რა თქმა უნდა. მე ადამიანი ვარ!
- კი ბატონო, მაგრამ ხომ იცი, ტვინი როგორ უნდა დაიმორჩილო?
- არავის მოვატყუებ, რომ უგუნებოდ არასოდეს ვყოფილვარ. ყველა ფსიქოლოგი ფსიქოლოგთან დადის და იმიტომ კი არა, რომ ვთქვათ, უგუნებობისგან თავის დაღწევის მექანიზმები არ იცის. სწორედ იმიტომ, რომ იცის, რა როგორ მუშაობს, რაღაც სხვა სჭირდება. მაგალითად, სიამოვნებით ვივლიდი გეშტალტ-ფსიქოლოგთან, რადგან მგონია, რომ იმ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც მინდა, გეშტალტ-თერაპია უკეთესად შეძლებს - მე კინესტეტიკი ვარ, ანუ სამყაროს გრძნობებით აღვიქვამ...
საერთოდ არ შეიძლება, ადამიანმა ასე იმეტყველოს: “წავეთრევი”, “მოვეთრევი”... თუ გინდა, რომ კარგად იყო, საკუთარ თავს ძალიან ეკოლოგიურად უნდა ელაპარაკო. ვანო, იცი, ბავშვს, ვთქვათ, ჭიქა რატომ უტყდება? - იმიტომ, რომ დედა სიტყვას ადევნებს, ეგ ჭიქა არ გატეხოო. არაცნობიერს “არ”, ანუ უარყოფითი ნაწილაკი არ ესმის და... ბავშვმაც ჭიქა გატეხა. დედას რომ ეთქვა, ჭიქა ფრთხილად წაიღეო, ეს სწორი ფორმულირება იქნებოდა.
- მოკლედ, ჩვენი ბედნიერების გასაღები სწორ მეტყველებაშია?
- დიახ და ისიც უნდა ვიცოდეთ, კონკრეტული სიტყვა ადამიანის ტვინზე როგორ მოქმედებს. სხვათა შორის, ადამიანით მანიპულირების საუკეთესო საშუალება დანაშაულის შეგრძნების გაჩენაა. დანაშაულის შეგრძნება, როგორც წესი, ბავშვობიდან ჩნდება.
- ეს გასაგებია, მაგრამ, მაგალითად, დანაშაულის შეგრძნება როგორ უნდა გაგიჩინო?
- ვთქვათ, რაღაც რომ მთხოვო და ვერ გაგიკეთო, დანაშაულის შეგრძნება მექნება და თუკი მეორედ რამეს ისევ მთხოვ, აუცილებლად გაგიკეთებ. ამ მეთოდის გამოყენება იმ შემთხვევაშიც შეიძლება, როცა ადამიანს ხელფასის გაზრდა უნდა.
- ეს როგორ?
- იმ მომენტს არჩევ, როცა უფროსი კარგ გუნებაზეა და ეუბნები, რომ ძალიან ბევრ საქმეს წარმატებით აკეთებ. უფროსი გეთანხმება. ამის შემდეგ, ხელფასის მომატებას იმაზე მეტი თანხით სთხოვ, ვიდრე გინდა და უარს რომ მიიღებ, ეტყვი, კარგი, მაშინ ხელფასი ორი-მესამედით გამიზარდეო. უფროსი შვებით ამოისუნთქებს და ჯამაგირს გაგიზრდის.
რაც შეეხება ლოზუნგებს, რაზეც წეღან ვლაპარაკობდით, ნებისმიერი პარტიის მიერ წამოყენებული ლოზუნგი ნომინალიზაცია, ანუ უძრავი, ჰაერში გაშეშებული სიტყვაა. კომუნისტებს ჰქონდათ ასეთი ლოზუნგი: “ძმობა, ერთობა, თავისუფლება!” ასეთ სტატიკურ სიტყვებში ადამიანი თავის გამოცდილებას დებს - ძმობა ყველასთვის სხვადახვა რამეა. თავისუფლებაც ასეა და ერთობაც. ნებისმიერი ასეთი ლოზუნგი ადამიანებზე ამიტომაც მოქმედებს. ავიღოთ, თუნდაც გამოთქმა: “ყველაფერი კარგად იქნება!” ეს ბუნდოვანი და, ამავდროულად, კონკრეტული დაპირებაცაა.
- რატომ?
- როცა პენსიონერს ესმის, ყველაფერი კარგად იქნებაო, ფიქრობს, პენსია მომემატება და კომუნალური გადასახადები შემიმცირდებაო. ბიზნესმენი კი თვლის, ჩემს ბიზნესს აღარაფერი დაემუქრება და უფრო ბევრ ფულს ვიშოვიო. როცა ავადმყოფს ეუბნებიან, ყველაფერი კარგად იქნებაო, ის ამ ფრაზას თავის აღქმის ფილტრში ატარებს და ფიქრობს, რომ მალე გამოჯანმრთელდება...