სტალინის ფენომენი და საქართველო (მეხუთე ნაწილი)

სტალინის ფენომენი და საქართველო (მეხუთე ნაწილი)

ლიბერალისტური ელიტა, როგორც წესი, დიდად აფასებს პოლიტიკური მოვლენების შესახებ ამერიკის გავლენიანი პირების გამონათქვამებს. ამიტომ მომყავს 1936-38 წლებში საბჭოთა კავშირში აშშ-ის ელჩის და აქედან გამომდინარე, მაშინდელი პერიოდის შესახებ მაღალი დონის კომპეტენტური პირის  ჯოზეფ დევისის  სსრკ-გერმანიის  ომის დასაწყისში ნათქვამი სიტყვა - „წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ დასული იქნებოდა ნულამდე,  სტალინს და მის თანამებრძოლებს რომ არ მოეშორებინათ მოღალატე ელემენტები“. ხოლო კითხვაზე, რას იტყვით რუსეთში მე-5 კოლონის შესახებო, უპასუხა: „მათ ასეთები არ ჰყავთ, ისინი მათ დახვრიტესო“. 

ვინც დაინტერესებულია იმით, თუ რა მასშტაბური სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნები განახორციელა სტალინმა, ამის შესახებ შესანიშნავ ინფორმაციას მიიღებს, თუ წაიკითხავს ამერიკის ელჩის  ჩანაწერებს: ”მისია მოსკოვში” - http://igpr.ru/articles/dzhozef_e_devis_missija_v_moskve_zametki_posla_ssha_v_1937_1938_gg

მოვიყვან მხოლოდ ერთ შემოკლებულ ამონარიდს ჯოზეფ დევისის აღნიშნული დღიურიდან, რომელიც დარწმუნებული ვარ პირკატასავით ეცემათ დღევანდელ ვაიდემოკრატ ინტელექტუალებს, რომლებიც ნაციზმსა და კომუნიზმს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ: ”ჩემმა მეგობარმა ლინდბერგმა ძალიან გამაოცა განაცხადით, რომ ნაციზმს ამჯობინებს კომუნიზმს. საერთოდ, ამგვარი არჩევანის გაკეთება განწირული საქმეა, თუმცა ამ ორ საგანს შორის სხვაობა მეტად დიდია. გერმანიაც და რუსეთიც ტოტალიტარული სახელმწიფოებია. ორივე იყენებს მკაცრ და დაუნდობელ მეთოდებს, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც შეიძლება წარმოვადგინოთ შემდეგი სახით. მარქსი, ლენინი და სტალინი რომ ყოფილიყვნენ მორწმუნე ქრისტიანები და რომ ვეცადოთ მოვათავსოთ რუსეთში განხორციელებული კომუნისტური ექსპერიმენტი კათოლიკური ან პროტესტანტული ეკლესიის დოგმების ფორმაში, მაშინ მიღებული შედეგები გამოცხადდებოდა  ქრისტიანობის უდიდეს მიღწევად კაცობრიობის ისტორიაში კაცთმოყვარეობისკენ მისი სწრაფვით  და საზოგადოების ცხოვრებაში ქრისტიანული მცნებების ხორცშესხმით ... ქრისტიანული იდეოლოგიის პრინციპები შეუძლებელია მოერგოს ნაცისტურ ფილოსოფიას”.

ამ კონკრეტულ  თემაზე საბოლოო დასკვნით შეიძლება ითქვას - სტალინის მოღვაწეობის უდიდესი ნაკლი და სისუსტე სწორედ ის არის, რომ მან ვერ შეძლო პარტოკრატიულ-ბიუროკრატიული რეგრესული ძალების წინააღმდეგობის დაძლევა და დემოკრატიული მმართველობითი სისტემის დამკვიდრება, რომლის აუცილებლობაც თავადვე სტალინს ყველაზე მეტად ესმოდა, ამის შესახებ ბევრსაც საუბრობდა და ამ ამოცანის განუხორციელებლობამ პარტოკრატიას შეუნარჩუნა აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც განსაკუთრებით 1937-38 წლებში მის  მიერ გამოყენებული იქნა პოტენციური პოლიტიკური მოწინააღმდეგეების მიმართ და ამავე დროს ძალაუფლებისათვის ერთმანეთთთან ბრძოლაში მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების მოსაწყობად.

უფრო მეტიც, საბჭოთა სახელმწიფოში დემოკრატიული სისტემის შემოღების  საქმის დამარცხებამ თვით სტალინი და ბერია იმსხვერპლა და მათი  სიკვდილის შემდგომ საბოლოო ჯამში გამოიწვია საბჭოური ბიუროკრატიის მთელი იერარქიის სრული გახრწნა და მსოფლმხედველობრივი გადაგვარება, რაც  ჯერ სოციალისტურ სახელმწიფოთა ბანაკის, შემდგომ კი საბჭოთა კავშირის  დაშლის მთავარი მიზეზი გახდა.

აღნიშნულ თემაზე დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობ წაიკითხოს მეტად საინტერესო, დიდი ინფორმაციის მომცველი ანალიტიკური მასალა. იხილეთ: http://kob.su/news/gosudarstvennyi-perevorot-1953-goda-i-ego-prikrytie-na-xx-sezde-chast1 -Государственный переворот 1953 года и его прикрытие на XX съезде (часть1)

http://kob.su/news/gosudarstvennyi-perevorot-1953-goda-chast-2-oni -Государственный переворот 1953 года (часть 2) — «Они»

http://kob.su/news/gosudarstvennyi-perevorot-1953-goda-chast-3-fashizatsiya-sssrГосударственный переворот 1953 года (часть 3) — Фашизация СССР

ისმის კითხვა, ერთი შეხედვით განუზომელი ავტორიტეტისა და ძალაუფლების მქონე სტალინმა რატომ ვერ შეძლო რეფორმების განსახორცილებლად პარტოკრატიის წინააღმდეგობის დაძლევა, მაშინ როცა   ჩინეთის ასევე ავტორიტეტულმა პოლიტიკურმა მოღვაწემ დენ სიაო პინმა ეს მოახერხა ჩინეთში.  საქმე იმაშია, რომ დენ სიაოპინს სტალინის მსგავსად კომპარტიისთვის ხელისუფლების შეზღუდვის საკითხი არ დაუყენებია, თუმცა პარტიის შიგნით გარკვეული ინსტიტუციონალური რეფორმა გაატარა, რაც პარტოკრატიის პერიოდულ ცვლილებებს უზრუნველყოფს. ამავე დროს, ჩინეთისგან განსხვავებით  საბჭოთა კავშირი სტალინის ეპოქაში პოლიტიკურ-ეკონომიკურად წარმატებით ვითარდებოდა, რასაც პარტიული ბიუროკრატია თავის დამსახურებად თვლიდა და ამიტომ ხელისუფლების შენარჩუნებისათვის უფრო დიდი შემართებით იბრძოდა.

იმის კიჟინი, რომ სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის შენარჩუნების რესურსი არ არსებობდა, მიმაჩნია რომ  სიმართლისგან ძალიან შორს არის. სტალინის ნებით შექმნილ დიდ გეოპოლიტიკურ წარმონაქმნს ჭირდებოდა შესაბამისი პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმები, რომლის მაგალითებიც არსებობდა ჩინეთისა და ევროკავშირის სახით, მაგრამ გორბაჩოვ-შევარდნაძის უსახურმა და დასავლეთის ჰეგემონიზმის წინაშე მორჩილების მოღალატურმა  ორიენტაციამ  მსოფლიოს მოუსპო ძლიერი გეოპოლიტიკური პოლუსი, რომელიც აწონასწორებდა და სტაბილურს ხდიდა საერთაშორისო ურთიერთობების სისტემას.

საერთაშორისო ურთიერთობების ერთპოლუსიანმა კონსტრუქციამ რა კატაკლიზმებიც მოუტანა მსოფლიოს ეს სახეზეა, რომლის გამოც საქართველომაც კატასტროფული  დარტყმები და დანაკარგები განიცადა. როგორც ვხედავთ, ერთპოლუსიანი სისტემა არაკანონზომიერია და მისი ხანგრძლივი არსებობა შეუძლებელია, რადგან რაც არ უნდა ძლიერი  იყოს ერთი სახელმწიფო, მსოფლიოში იმდენი დიდი სახელმწიფო არსებობს, რომ მათი ერთი ცენტრის ქვეშ გაერთიანება უტოპიურია და ამჟამად ჩინეთისა და რუსეთის სახით მიმდინარეობს რეგიონალური ჰეგემონური ცენტრების შქმნის პროცესი.

 

ამიტომაც აზრს მოკლებული არ არის ის შეხედულებაც, რომ საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების განვითარებას რადგან მაინც მულტიპოლარული მსოფლიოსკენ მივყავართ, მაშინ სჯობდა ის ძველი მსოფლიო სისტემა შენარჩუნებულიყო საბჭოთა ჰეგემონური ცენტრის სიცოცხლისუნარიანი დემოკრატიული ტრანსფორმაციით, რის შედეგადაც უამრავი ტრაგიკული ისტორიული ფურცელი არ დაიწერებოდა.

მითუმეტეს,  სტალინს საბჭოთა კავშირის, როგორც მსოფლიოს ფინანსურ-ეკონომიკური ერთ-ერთი ანაგარიშგასაწევი  ცენტრის წინამძღვრებიც უკვე შექმნილი ჰქონდა, რაც დოლარის მიერ მსოფლიო ექსპანსიისა და  მესამე სამყაროს ჩამორჩენილი ქვეყნების ეკონომიკური კოლონიზაციისა და გაღატაკების  წინაღმდეგ  ქმედით იარაღად იქნებოდა გამოყენებული.

მოგეხსენებათ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულს  1944 წელს ამერიკაში ბრეტონ ვუდსის შეხვედრაზე აშშ-ის დოლარი მსოფლიოს სარეზერვო ვალუტად იქნა აღიარებული და  მის საფუძველზე შექმნეს  მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი. იმ დროს ამერიკის სახელმწიფოს მიერ დოლარის ექვივალენტურ ოქროში გაცვლის ვალდებულებაც იქნა აღებული, მაგრამ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე ჯერ კიდევ 1971 წელს პრეზიდენტმა ნიქსონმა უარი განაცხადა და ამჟამად  მის სიმყარეს მთელი მსოფლიოს ეკონომიკა ემსახურება, თუმცა დოლარის თითქმის უკონტროლო ბეჭდვა მის მასშტაბურ ინფლაციას იწვევს, რაც კიდევ უფრო აღარიბებს დოლარზე დამოკიდებულ ქვეყნებს.

სტალინი თავდაპირველად დაეთანხმა დოლარის მსოფლიო სარეზერვო და საანგარიშგებო ვალუტად გამოცხადებას,  მაგრამ სწრაფადვე მიხვდა რომ ეს საბჭოთა ეკონომიკას ამერიკის დაქვემდებარებასა და კონტროლის ქვეშ მოაქცევდა, რაც მის სუვერენიტეტსაც დაასუსტებდა და მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ამ განზრახულობაზე უარი განაცხადა.

სამაგიეროდ, ომით დანგრეულის აღდგენისა და ახალი გრანდიოზული აღშენებლობის პერიოდში  საბჭოთა ეკონომიკის მომძლავრების შემდგომ სტალინმა სამყაროს შესთავაზა საბჭოთა მანეთი, როგორც ახალი მსოფლიო სარეზერვო ვალუტა. ამ მიზნით 1950 წლის 28 თებერვალს სსრკ მინისტრთა საბჭოს დადგენილებით მანეთი მუდმივად დაეფუძნა ოქროს ექვივალენტს და ის უდრიდა 0, 222168 გრამ სუფთა ოქროს, ხოლო იმავე წლის 1 მარტს დადგინდა მანეთით ოქროს შემსყიდველი ფასი: 1გრ. სუფთა ოქრო 4 მანეთი და 45 კაპიკი.  იხილეთ: http://www.артюшенкоолег.рф/index.php/razoblachaem-lozh-o-staline/stalinskaya_reforma-1947-goda/

თავად სტალინი აღნიშნავდა, რომ ამით სსრკ დაცული იქნა დოლარის ზემოქმედებისგან. სტალინის ამ გადაწყვეტილების შესახებ  გაეროს ეკონომიკური საბჭო 1952-1954 წლებში აღნიშნავდა, რომ ამან საბჭოთა ექსპორტის ეფექტურობა ორჯერ გაზარდა, რადგან იმპორტიორები განთავისუფლდენენ დოლარის ფასებისგან, რაც  საბჭოთა ექსპორტის ფასებს ხელოვნურად ამცირებდა და წამგებიანს ხდიდა.   ამავე დროს, ამით ამერიკული ტექნოლოგიების საბჭოთა ტექნოლოგიებით ჩანაცვლება ბევრად გაიზარდა, რამაც საბჭოთა კავშირში რიგ სამრეწველო დარგებში წარმოების აღმავლობა გამოიწვია.

შეიქმნა საბჭოთა მანეთზე ორიენტირებული საერთაშორისო ფინანსურ-ეკონომიკური ბლოკიც და უკვე 1952 წელს მოსკოვში ჩატარდა საკმაოდ მასშტაბური საერთაშორისო ეკონომიკური თათბირი, სადაც საბჭოთა კავშირის მხრიდან შეთავაზებული იქნა შექმნილიყო საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალდაბანდების საერთო ბაზარი, რომელიც დოლარზე არ იქნებოდა დამოკიდებული და მისი ექსპანსიის ალტერნატივას წარმოადგენდა.

ამ იდეას მხარი დაუჭირეს სოციალიტური ბანაკის ქვეყნების გარდა განვითარებადმა ქვეყნებმა: ავღანეთმა. ირანმა, ინდოეთმა. ინდონეზიამ, იემენმა, სირიამ, იუგოსლავიამ და ურუგვაიმ. საინტერესოა რომ მოცემულ წინადადება მიიღო ზოგიერთმა დასავლურმა სახელმწიფომაც: შვეციამ, ფინეთმა, ირლანდიამ, ისლანდიამ და ავსტრიამ. სულ მოსკოვის შეხვედრაზე 49 ქვეყანა მონაწილეობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, სსრკ-ის გარშემო იქმნებოდა საერთო ბაზრის მქონე საერთაშორისო ეკონომიკური ბლოკი, რომელიც მომავალში მძლავრი პოლიტიკური  ბლოკის შექმნასაც განაპირობებდა, რომელიც იქნებოდა მსოფლიოში მშვიდობიანი პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის გარანტი. 

სტალინის სიკვდილის შემდგომ საბჭოთა კავშირის უსახურმა სახელისუფლო ელიტამ უარი თქვა  აღნიშნულ პროექტზე. განახორციელეს სტალინის ოქროს მანეთის ათმაგი დევალვაცია, ხოლო ამ უგუნურობას 70-იან წლებში საბჭოთა მანეთის ოქროს შემადგენლის ფაქტობრივი ლიკვიდაცია მოაყოლეს.  ამით საგარეო ვაჭრობა ისევ დოლარზე იქნა გადაყვანილი, ამით საბჭოთა ეკონომიკის დასავლეთის მრეწველობის ნედლეულის დანამატად ჩამოქვეითების პროცესი დაიწყო, რამაც საბჭოთა კავშირი სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გაკოტრებამდე მიიყვანა,  ხოლო  პოსტსაბჭოური სივრცე ამერიკის ფედერალური რეზერვის სისტემის ეკონომიკური კოლონიის შემადგენელ ნაწილად აქცია, რომლის კანონზომიერი შედეგია ამჟამინდელი დეინდუსტრიალიზაცია, უმუშევრობა და სიღატაკე.

(გაგრძელება იქნება)