ბიოლოგიური იარაღი თუ კიდევ ერთი გამოწვევა კაცობრიობისთვის

ბიოლოგიური იარაღი თუ კიდევ ერთი გამოწვევა კაცობრიობისთვის

MERS  კორონავირუსი სამხრეთ კორეიდან მსოფლიოს უტევს და მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა მეცნიერებმა განაცხადეს - დაავადება დაძლეულია და მოსახლეობას საფრთხე აღარ ემუქრებაო, მსოფლიო მედიკოსები განგაშის ზარს რეკენ და აღნიშნავენ, რომ MERS მსოფლიო ცივილიზაციის განადგურების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება გახდეს. ამას დაერთო რამდენიმე დღის წინ სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის გადადგომა. მუნ ხენ პხეს მისამართით არაერთი ბრალდება ისმოდა - ჯანდაცვის სისტემა ამ გამოწვევის წინაშე უძლური აღმოჩნდა და ვერც სამინისტრომ გაატარა ეფექტური ზომებიო, მაგრამ მინისტრი სწორედ მაშინ გადადგა, როცა მედიკოსებმა ვირუსის დამარცხების შესახებ განაცხადეს.

ეს ფაქტი კი, რბილად რომ ვთქვათ, არაერთი ეჭვის საფუძველი შეიძლება გახდეს და სხვათა შორის, შეთქმულების თეორიების მოყვარულთ კიდევ დიდხანს ეყოფათ განსახილველად. 
ინგლისური აბრევიატურა MERS - იშიფრება როგორც ახლოაღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი, რომლის მიმართ ანტიბიოტიკები უძლურია და არც ვაქცინა თუ მკურნალობის მეთოდი არსებობს.
სამხრეთ კორეაში კი ვირუსი მამაკაცმა შეიტანა ახლო აღმოსავლეთიდან. იგი დიდხანს დადიოდა საავადმყოფოდან საავადმყოფოში, სანამ ექიმები საბოლოო დიაგნოზის დასმას შეძლებდნენ, ამასობაში კი, ვირუსმა გავრცელება მოასწრო.

მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ის აქლემებისგან გავრცელდა, თუმცა ვირუსოლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ცხოველები ვირუსის პირველადი მატარებლები სულაც არ არიან და ბუნებრივი გადამტანი ღამურაა.

და მაინც, რა არის MERS-ის რეალური გამომწვევი - აქლემი თუ ღამურა?! საქმე ისაა, რომ საუდის არაბეთში ცხოველების 90 პროცენტს აქვს ეს შტამი მაშინ, როცა თავად არ არიან დაავადებულნი და მხოლოდ ვირუსის გადამტანები გახლავთ. რაც შეეხება ღამურებს - მათი ნიმუშები თითქმის იდენტურია დაავადებული ადამიანების სისხლის ნიმუშებისა... მაგრამ ამ შემთხვევაში წყარო ნაკლებად მნიშვნელოვანია - მსოფლიო მეცნიერები განგაშის ზარს რეკენ და ეძებენ ეპიდემიის შეჩერების საშუალებას, რომელიც `მსოფლიო ცივილიზაციას განადგურებით ემუქრება~.
სამხრეთ კორეაში ქუჩები ფაქტობრივად დაცარიელებულია და იქაურობა ტურისტებისა თუ ვიზიტორთა ნაკლებობასაც განიცდის, რაც არცაა გასაკვირი იმ ფონზე, რომ ბევრი საჯარო დაწესებულება დაიხურა და სპეციალისტები მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

შეშფოთების საფუძველი კი მედიკოსებს ნამდვილად აქვთ - MERS-ის შტამი დაახლოებით ექვსი წლის გაჩნდა და ე.წ. ТОРС დაავადებები გამოიწვია, რომელიც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. ისინი სასუნთქი გზების გარდა ფილტვების უჯრედებში შედის, უფრო ღრმად აღწევს ადამიანის ორგანიზმში, აქვს აგრესიული ფორმა და ადვილად უმკლავდება ორგანიზმის თავდაცვით უნარს. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ კორონავირუსი სამხრეთ კორეიდან მსოფლიოს მოედოს, ამიტომ მოუწოდებენ, ზედმიწევნით გამოიკვლიონ სამხრეთ კორეიდან ნებისმიერი ტურისტისა თუ ვიზიტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა. 

ამასობაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ვირუსი მსოფლიოს 23 ქვეყანას შეეხო, მათ შორის იორდანიას, ტუნისს, გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს... 
MERS ბევრ რამეში ჰგავს SARS-ს - `უფროს ძმას~, თუმცა მისგან განსხვავებით მხოლოდ ფილტვებს კი არ აზიანებს, თირკმლის უკმარისობასაც იწვევს. რამდენიმე წლის წინ საუდის არაბეთში 400 შემთხვევა დაფიქსირდა და სწორედ მაშინ საავადმყოფოდან 4 ექიმიც კი გაათავისუფლეს, რადგან დაავადების გადადების მაღალი რისკის გამო, მათ უარი თქვეს ინფიცირებულთა მკურნალობაზე. მაშინ რამდენიმე სპეციალიზებული საავადმყოფოც ააშენეს უშუალოდ ამ ვირუსით ინფიცირებულთ სამკურნალოდ, რადგან ადამიანის ორგანიზმი მის მიმართ ვერ გამოიმუშავებს იმუნიტეტს - გამოჯანმრთელებული შესაძლოა კვლავ დაინფიცირდეს!

ასეთ დროს კი, სპეციალისტები განსაკუთრებული რისკის ზონად საავადმყოფოებს ასახელებენ, რადგან ნებისმიერი ვირუსი დაქვეითებული იმუნიტეტის შემთხვევაში ადვილად ერევა ორგანიზმს და ლეტალური გამოსავალიც დგება. ამ ლოგიკით პრობლემა ამა თუ იმ ვირუსის მითოლოგიური უძლეველობა კი არა, იმუნიტეტია, მაგრამ არსებობს ვირუსის გავრცელების კიდევ ერთი, საკმაოდ შემაშფოთებელი ვერსია და პანიკაც სულ უფრო მასშტაბური ხდება, რასაც ბოლო დროს ჩატარებული გამოკითხვაც ადასტურებს - `MERS მსოფლიო შეთქმულების ბიოლოგიური იარაღია~, - მიიჩნევს გამოკითხულთა უმრავლესობა და მას ქათმის გრიპსა და ებოლას ადარებს ამყარებს რა თავის ვერსიას შემდეგი არგუმენტით - რატომ ჩნდება ამდენი უცნაური დაავადება 21-ე საუკუნეში მაშინ, როცა წლების წინ მათზე წარმოდგენაც კი არავის ჰქონდა... ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ვირუსები ბუნებრივი მოვლენაა და არ ღირს მედიკოსთა შესაძლებლობების აღმატებით ხარისხში განხილვა; რესპოდენტთა მცირე ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს ვირუსები სამეცნიერო მიღწევების შედეგია, რომელიც კონტროლს აღარ ექვემდებარება და ჩვენვე შემოგვიბრუნდა ცუდად, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასე დედამიწა ცდილობს ადამიანებისგან გათავისუფლებას.

და მაინც, რა არის რეალურად ეს - პანდემიის კიდევ ერთი საფრთხე თუ უსაფუძვლო პანიკა? არადა, პანიკა სულ უფრო მასშტაბური ხდება და ამბობენ, ანტივირუსული პრეპარატების გაყიდვით მსოფლიო ფარმაცევტულმა კომპანიებმა უზარმაზარი მოგება ნახესო. ამ თეორიიდან გამომდინარე კი ღირს დაფიქრება - ბუნებაში რომც არ არსებულიყო ეს ვირუსი, მისი გამოგონება ვიღაცებს ნამდვილად უღირდათ ჯერ ერთი იმიტომ, რომ სახელმწიფოსგან კოლოსალური გრანტები მიეღოთ, კაცობრიობის გადასარჩენად ახალი წამლის შესაქმნელად და მეორეც, აქტიურად გაეყიდათ ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატი, როგორც პანაცეა.

გასაკვირი არაა, პრობლემასთან ერთად შეთქმულების თეორიებიც რომ ჩნდება და მათში სიმართლის მარცვალიც უდავოდ არის თუ დავფიქრდებით, 
რამხელა მოგებას ნახულობენ ფარმაცევტული გიგანტები მსგავსი `საფრთხობელის~ შექმნით და შემდეგ ვითომ მკურნალობით, თუმცა ვირუსოლოგთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ არანაირი შეთქმულება არ არსებობს და მსგავსი ინფექციური დაავადებების გამომწვევი - ყველაზე სწრაფად ცვალებადი ბუნებრივი სუბსტანციაა მსოფლიოში, ამიტომ, როცა ქრება ზოგი ვირუსი, მის ნაცვლად ახალი ჩნდება... 

არსებულ ვითარებაში სადაა ზღვარი სიმართლესა და ილუზიას შორის, ამის გარკვევა ადვილი არ არის, მსოფლიო ცივილიზაციას კი მოუწევს კიდევ არაერთ გამოწვევას უპასუხოს მანამ, სანამ წამლის მწარმოებელი გიგანტური კომპანიები ადამიანთა ჯანმრთელობის ხარჯზე საკუთარი ჯიბის გასქელებას არ შეეშვებიან.