საქართველოში მოქმედმა რამდენიმე სომხურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ 9 აპრილს, საქართველოს პარლამენტს, 24 აპრილისთვის “სომხების გენოციდის” აღიარების თხოვნით მიმართა. აღსანიშნავია ისიც, რომ 9 აპრილს დაღუპული ქართველები მათ გაკვრითაც კი არ უხსენებიათ. მიმართვას ხელს აწერენ საქართველოში მოქმედი შემდეგი სომხური ორგანიზაციები: “საქართველოს სომეხთა სათვისტომო”, თანამშრომლობის სომხური ცენტრი, სტუდენტთა სომხური ასოციაცია, ახალგაზრდობის სომხური კავშირი, სომეხთა ახალგაზრდული ასოციაცია, გაერთიანება “ნორ სერუნდი” და თბილისელ სომეხთა ასამბლეა.
“ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი საქართველოს სომხური სათვისტომოს ორგანიზაციები, სამართლიანობისა და დემოკრატიულ ფასეულობათა სახელით მოგიწოდებთ, შეუერთდეთ მსოფლიოს ცივილიზებულ საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტში ოსმანური იმპერიის ტერიტორიაზე სომეხი ხალხის გენოციდის საკითხის განხილვის ინიცირება მოაწყოთ”, - ნათქვამია მასში. ამასთან ერთად, მიმართვის ავტორები, სამ სომეხ დეპუტატს ავალდებულებენ, 24 აპრილს პარლამენტის ტრიბუნა გამოიყენონ იმისათვის, რათა ქართველ კოლეგებს მოუწოდონ, წუთიერი დუმილით პატივი სცენ 1915 წელს დაღუპულ სომეხთა ხსოვნას და დააგმობინონ მათ, როგორც ისინი ამბობენ, “სომეხთან გენოციდის” ფაქტი.
აღსანიშნავია, რომ ამ მიმართვას არ შეუერთდა საქართველოს სომეხთა კავშირი, რომლის ვიცე-პრეზიდენტიც პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველი, ვან ბაიბურთი გახლავთ. ამ ფაქტმა, სომხეთში ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. არადა, ისიც ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს, საქართველოს პარლამენტში ყოფნისას, სწორედ მან მიმართა კოლეგებს, რომ ფეხზე ადგომითა და წუთიერი დუმილით პატივი ეცათ დაღუპულთა ხსოვნისთვის, რის გამოც პარლამენტის შენობაში სომეხ და აზერბაჯანელ დეპუტატებს შორის დიდი გაწევ-გამოწევაც დაიწყო. შემდგომშიც, ამ საკითხის წამოწევის დროს, საქართველოს პარლამენტში სომეხ და აზერბაიჯანელ დეპუტატებს შორის არაერთხელ მომხდარა დაპირისპირება, რაც თითქმის ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მისულა.
ძნელი მისახვედრი არაა, რომ მიმართვის ავტორთა უკან სწორედ ექსტრემისტულად და საქართველოს მიმართ მტრულად განწობილი სომხური ორგანიზაციები და პოლიტიკოსები დგანან. ერთ-ერთი მათგანია ახალციხეში დაბადებული, სომხეთის პარლამენტის წევრი, შირაქ ტოროსიანი, რომელსაც მსგავსი ქმედებების გამო საქართველოში შემოსვლა აეკრძალა.
დიპლომატიური აკადემიის რექტორის, სოსო ცინცაძის თქმით, ამ მიმართვაზე ხელმომწერ ორგანიზაციათა არსებობის შესახებ თვით სომხებმაც კი არაფერი იციან. ეს იდეაც რომ მათ შემთხვევით არ მოსვლიათ, ამაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია და ამას მიზანმიმართულ პროვოკაციად მიიჩნევს. “საქართველოში ამდენი აზერბაიჯანელი ცხოვრობს, თანაც თურქეთი მართლაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ამიტომ ეს არის ხელოვნური მცდელობა იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება მთელ ისლამურ სამყაროს დაუპირისპირდეს”, - დარწმუნებულია იგი. მისივე მოსაზრებით, გენოციდზე საუბარი, საერთოდ, უსაგნო კამათია.
“იყო თუ არა გენოციდი, ამ საკითხის მკვლევარი არა ვარ და ვერაფერს გეტყვით, მაგრამ მსხვერპლი ჩვენ რომ შევიფარეთ, ფაქტია. ჰოდა, იყავი ჩვენი მადლიერი და ნუ გაგვხვევ ამ საქმეში. ამაზე იდავონ ისტორიკოსებმა”, - მიმართვის ხელისმომწერთა გასაგონად აცხადებს სოსო ცინცაძე და, ვარაუდობს, რომ ყოველივე ამის უკან ევროპის სომხური დიასპორა დგას, რომელმაც სარგსიანის მთავრობა გააფრთხილა, თუ ამ საქმეს შეწყვეტთ, ჩვენგან დახმარებას ვერ მიიღებთო.
ვინ შეიძლება იდგეს მიმართვის ხელისმომწერთა უკან? სოსო ცინცაძე იგივე ჩვენს მიერ ზემოთნახსენებ შირაქ ტოროსიანსა და “დაშნაკთა” პარტიას ასახელებს:
“შირაქ ტოროსიანი ცნობილი პიროვნებაა და წარმოშობით ჯავახეთიდანაა. შემდეგ იგი სომხეთში გადასახლდა და არის პარლამენტის წევრი. საქართველოში პერსონა ნონ გრატადაა გამოცხადებული. ყველა მისი წერილი ანტიქართული მიმართულებისაა. ამავე დროს, იგი არის ჯავახეთის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე. კაცს აქ არ უშვებენ და არის სომხური სათვისტომოს თავმჯდომარე, რაც ნონსენსია. ეს პიროვნება არა ჩვენი ოპონენტი, არამედ საქართველოს მოძულეა, მტერია. სომხეთში, სამწუხაროდ, დღესაც ძლიერია დაშნაკური რეციდივები. ისინი სახელისუფლებო კოალიციაში იყვნენ, მაგრამ იმის გამო დატოვეს, რომ სარგსიანისგან მოითხოვეს, ჯავახეთში უფრო აგრესიული პოლიტიკა აწარმოოს. აი, ეს ხალხია ძირითადად, ვინც ამათ უკან დგანან. დუმილით რომ გენოციდს პატივი სცე, არის შემოგდებული პროვოკაცია. ამით შენ ტერმინს ამკვიდრებ და ამ რეგიონში არა მარტო თურქეთს და აზერბაიჯანს უპირისპირდები, არამედ მთელს ისლამურ სამყაროს.
ლევან ალექსიძემ მომცა ქაღალდი, რომლის გამოც იგი პირდაპირ გაცოფებული იყო. აი, რა წერია მოსაწვევ ბარათში:
“პატივცემულო ბატონო ლევან!
საქართველოს სომეხთა სათვისტომო გიწვევთ წიგნის “სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914-1918 წლებში” პრეზენტაციაზე, რომელიც გაიმართება ოთხშაბათს, 20 აპრილს, 17 საათსა და 30 წუთზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ სამეჯლისო დარბაზში. ნაშრომში შესულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული პერიოდიკის განყოფილებაში მოძიებული მასალები სომეხთა გენოციდის შესახებ. გამოცემის ძირითადი მიზანია გააცნოს ქართველ მკითხველს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული საარქივო მასალები კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებით. სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, წიგნი “სომეხთა გენოციდი ქართულ პერიოდიკაში 1914-1918 წლებში” გამოდის პირველწყაროთა კრებულის სახით, სადაც შენარჩუნებულია მე-20 საუკუნის ქართული პრესის მეტყველების კილოც კი. წიგნი გათვალისწინებულია როგორც ვიწრო წრის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ანტროპოლოგების, ჟურნალისტების, კონფლიქტოლოგების, ასევე ფართო საზოგადოების მკითხველზე. წიგნი გამოიცემა EUROPEAN AMERICAN FEDERATION FOND JUSTICE AND DEMOCRATIC-ის (ევროპისა და ამერიკის სამართლისა და დემოკრატიის ფედერაციული ფონდი) საქართველოს ოფისისა და საქართველოს სომეხთა სათვისტომოს მიერ. პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, თან იქონიოთ წინამდებარე მოსაწვევი”.
აღშფოთებულმა ლევან ალექსიძემ ჩემი თანდასწრებით დაურეკა ბიბლიოთეკის დირექტორს და ჰკითხა, ამას რატომ აკეთებო. მან უთხრა, წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდებაო. ხედავთ, როგორ იმაგრებენ სომხები პოზიციებს? თავის დროზე, ქართულმა პრესამ გენოციდად აღიარა და ახლა თქვენც უნდა აღიაროთო. 1914-1918 წლებში შეიძლება რამდენიმე სტატია დაიწერა, რა უბედურება ხდება, სომხებს ხოცავენო, მაგრამ ეს ხომ არ არის აღიარება? აქ უკვე ისინი ნათლავენ ამას გენოციდად. აი, რამხელა შემოტევა აქვთ სომხებს საქართველოზე. ხედავთ, ევროპულ-ამერიკული ფონდიც აქვთ ამაში ჩართული, რომელმაც ეს წიგნი დააფინანსა. ახლა ეს ამბავი თურქეთს ესიამოვნება?”
ევრაზიის თბილისის ინსტიტუტის დირექტორის, გულბაათ რცხილაძის განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ცალკე განცხადება გაუკეთებია რუსეთში არსებულ ჯავახეთის სომხურ დიასპორასაც. ისინი, თურმე, ქართულ ოპოზიციას მოუწოდებენ, “სომეხთა გენოციდის” აღიარებას.
რაც შეეხება პარლამენტისადმი გაგზავნილ მიმართვას, რცხილაძის მოსაზრებით, იგი, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურია, რადგან იმის არცოდნა, რომ 24 აპრილი აღდგომის დღესასწაულია, შეუძლებელია. ესეც რომ არ იყოს, ეს რიცხვი კვირას ემთხვევა და პარლამენტის სხდომა ისედაც არ ჩატარდებოდა.
“გასაგებია, რომ მათ უარი ეთქვათ, მაგრამ ხელისუფლებას ასეთ მოთხოვნებს რომ უყენებენ, იმის მიმანიშნებელია, მათში პოტენციურ მოკავშირეებს ხედავენ. რატომ არ უყენებენ ისინი ასეთ მოთხოვნებს აზერბაიჯანის, ან თუნდაც თურქმენეთის, შუა აზიის რეპუბლიკებს? იმიტომ, რომ მათგან არ ელიან მხარდაჭერას, რადგან ისინი თურქულ სამყაროს წარმოადგენენ. ჩვენი ხელისუფლება მაინც გაურკვეველ მდგომარეობაშია. ერთი მხრივ, სომხური წარმოშობის პრეზიდენტი გვყავს, რომელსაც სომხობაც და ქართველობაც დაკარგული აქვს და ასევე, სხვა მისი თანამოაზრეები და თანამებრძოლები, ახლა გვარებს აღარ ჩამოვთვლი”, - ამბობს იგი.
თუ ვინ დგას ყოველივე ამის უკან, გულბაათ რცხილაძე პასუხობს: “ეს მომდინარეობს არა სომხეთის ხელისუფლებიდან, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, მაგრამ მას თეორიულად კი არა, პრაქტიკულადაც აწყობს, რომ საქართველომ ეს გენოციდი აღიაროს”.
ქართველი პოლიტოლოგი ამ მიმართვაში ერთმანეთთან გადაკიდების ელემენტებსაც ამჩნევს, რომელიც, მისი თქმით, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება.
“სომხები თავისი ინტერესების რეალიზებას ცდილობენ და მათთვის ძალიან დადებითი იქნება, თუკი საქართველო და თურქეთი ერთმანეთს გადაეკიდებიან. ეს გადაკიდება გარანტირებული იქნება იმ შემთხვევაშიც, ხელისუფლება თუ არა, რომელიმე შედარებით მძლავრი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია მაინც თუ განაცხადებს, რომ იგი სომეხი ხალხის მიმართ გენოციდს აღიარებს. ეს საქართველოსა და თურქეთს შორის გადაკიდების პოლიტიკის სერიოზული მცდელობა იქნება, იმისგან დამოუკიდებლად, ხელისუფლება იტყვის ამას თუ არა”, - მიაჩნია მას.
ისევე, როგორც სოსო ცინცაძე, გულბაათ რცხილაძეც მიიჩნევს, რომ გენოციდის საკითხი კონკრეტულად თურქი და სომეხი ისტორიკოსების განხილვის საგანია:
“ჩვენ სომხებს უნდა მოვუწოდოთ, რომ მათ ამ ისტორიაში ჩაციკლვას და მანიპულირებას თავი დაანებონ. ნუ მანიპულირებენ თავიანთი დაღუპული წინაპრების სულებით! ეს არ არის თავად სომხებისთვის მომგებიანი. ისინი ამ მოთხოვნებით თავიანთ თავს აქცევენ იზოლაციაში. მათ თვითონ შექმნეს წინაღობა, რომ თურქეთთან დაალაგონ ურთიერთობები და ამ მითების მსხვერპლნიც თავადვე არიან. ჩვენს სომეხ მეზობლებს და პარტნიორებს მხოლოდ მეგობრულად შეგვიძლია ვუთხრათ, თავი გაანებეთ ამ გენოციდს, რეალურად იმსჯელეთ და თანამედროვე სამყაროში მოიაზრეთ თქვენი თავი”.