,,კანონიერ ქურდ' ბადრი კოღუაშვილს ,,ქათამი' მიუგზავნეს..
ცნობილი ქართველი ,,კანონიერი ქურდი' ბადრი კოღუაშვილი სასჯელს რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში იხდის და მისჯილი 7 წლიდან ნახევარზე მეტი მოხდილი აქვს. მისი გათავისუფლებით პირადად შაქრო კალაშოვია დაინტერესებული და როგორც ამბობენ, კნიაზიჩი თანახმაა, ძმაკაცის თავისუფლების სანაცვლოდ, ასტრონომიული თანხა გადაიხადოს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი კოღუაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობა უნდა გახდეს. სწორედ იმ მიზნით, რომ ექიმებმა შესაბამისი დასკვნა დაწერონ, კოღუაშვილი ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ იქ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა.
როგორც წესი, კოღუაშვილი ქურდების პალატაში უნდა შეეყვანათ, მაგრამ ცალკე პალატაში შეიყვანეს. იმავე პალატაში მალე მეორე პატიმარიც შეიყვანეს და გაირკვა, რომ ის მეორე ე.წ. საქათმის ბინადარი იყო. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ერთი საათიც საკმარისი იქნებოდა, რათა კოღუაშვილი ქურდის სახელსაც დამშვიდობებოდა და საავადმყოფოდან ,,საქათმეში' გადაბარგებულიყო. მან ჯერ ბადრაგს სთხოვა პატიმრის გაყვანა და როცა არ მოუსმინეს, ,,ქათამს' ისე სცემა, ლამის სასიკვდილოდ გაიმეტა. ეს ამბავი ერთი კვირის წინ მოხდა და ახლა კოღუაშვილს ახალი სასამართლო ელის. სასამართლოზე არასამთავრობო ორგანიზაციები და ლგბტ პირთა დამცველები სერიოზული აქციების გამართვას გეგმავენ და კოღუაშვილის სამაგალითოდ დასჯა სურთ. რაღა თქმა უნდა, ეს კალაშოვის ჩანაფიქრს თავდაყირა აყენებს. გახმაურებული პროცესიდან კანონიერი ქურდის ,,გამოძრომა' მასაც კი გაუჭირდება, არასამთავრობოებთან მოლაპარაკება კი როგორი საქმეა, თავად ხვდებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ციხის ადმინისტრაცია ქურდისა თუ უბრალოდ, ქურდული ტრადიციების მიმდევრის გაფუჭებას ,,საქათმის' ბინადრით ცდილობს. ამას ადრეც აკეთებდა, ახლაც აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს.
რუსთავის #17 დაწესებულებაში აღნიშნული პრაქტიკა მიღებული არ იყო, მაგრამ როცა სჭირდებოდა, ადმინისტრაცია სამინისტროს მითითებით, ე.წ. კაიბიჭების გაფუჭებას ამ გზით ცდილობდა.
კახა კს ქურდობა უნდოდა და შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობდა, ციხეში თავი ისე წარმოეჩინა, ქურდებთან კარგი რეკომენდაცია მისულიყო. რეალურად, ზონაზე ,,საბლატაოც' ბევრი არაფერი იყო, მაგრამ კახა ერთერთ უკონტროლო პატიმრად ითვლებოდა და ღიად აფიქსირებდა, ,,სროკიც რომ დამიმატონ, მაინც ვიტყვი, რომ შავი სამყაროს წარმომადგენელი ვარო. ეს კი, ნაციონალების რეჟიმის დროს, ყველაზე დიდი თუ არა, ერთერთი დიდი დარღვევა იყო. კახასთვის რამე უნდა მოეხერხებინათ და მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს - ბიჭს 10 წელი ჰქონდა მისჯილი და ერთი წლით ,,კრიტში' გამოკეტეს. ერთი წლის შემდეგ, კახა ისევ რუსთავის #17 დაწესებულებაში დაბრუნდა.
,,მაგარი იყო, იმდენი რამე ვისწავლე, აქ რომ ვერ ვისწავლიდი. კრიტში მართლა გამორჩეული პრისტუპნიკები სხედან და კარგია, იქ რომ გამიშვეს', - სიხარულით ყვებოდა კახა და სულ არ ანაღვლებდა, რომ კრიტს თავის კვალი დაემჩნია - გამხდარი და ქაღალდივით თეთრი იყო. ერთ თვეში კახა ფერზე მოვიდა და კორპუსის მაყურებელიც გახდა. მაქსიმალურად ცდილობდა, ყველასთან სამართლიანი ყოფილიყო და პატიმრებსაც ეს პატარა ბიჭი აშკარად უყვარდათ. უსამართლოდ ვინმეს არც თავად ჩაგრავდა და არც არავის აჩაგვრინებდა. ყველა ამბობდა, აქედან რომ გავა, საზღვარგარეთის ვიზა და ქურდობა ზედ აქვსო. რა თქმა უნდა, ეს ხმა ადმინისტრაციაშიც მიდიოდა და ნერვები ყველაზე მეტად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ლაშა ბრეგვაძეს ეშლებოდა, რადგან მისი ზონა მომავალ ქურდს ,,ზრდიდა'.
,,ფრთხილად იყავი, კახა, ძალიან ჩანხარ და არ გაპატიებენ, კრიტი კიდევ არაფერი, მართლა სროკი არ დაგიმატონ. მაგ ათ წელზე კიდევ ექვსი თუ დაგიმატეს და ბოლომდე მოგახდევინეს, ქურდობასაც დაემშვიდობე, 40 წლის ასაკში მონათლული ქურდი გაგიგია შენ? იშვიათი გამონაკლისების გარდა, ასე არ ხდება და იქნები თუ არა შენ ეს იშვიათი გამონაკლისი, კაცმა არ იცის', - ეს სიტყვები კახას ძველმა პატიმარმა, ფრიდონმა უთხრა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, საერთო ჯამში, 27ე წელს ითვლიდა და მის სიტყვას ფასი აშკარად ჰქონდა. მით უმეტეს, რომ ქურდების დროს ქუთაისის ციხესა და კრიტსაც კი უყურებდა. ეს კი პატარა საქმე არ იყო. სავარაუდოდ, სწორედ ამ დამსახურებების გამო, 60 წელს მიტანებულ ფრიდონას ყველა დიდ პატივს სცემდა.
ზონის ერთფეროვანი ცხოვრება ჩვეულად მიდიოდა, როცა ერთ საღამოს კახას ადმინისტრაციაში დაუძახეს. კახამ, ყურადღებით იყავით, არავის ველოდები, მით უმეტეს ზონის დაკეტვის წინო და ადმინისტრაციაში გადავიდა. ზონა უკვე იკეტებოდა, როცა ერთერთმა ბალანდიორმა თქვა, კახა უგონო მდგომარეობაში საკაცით ჩაატარეს, მაგრამ ნაცემი რომ არის, არ ეტყობოდა, ნაჩალნიკის კაბინეტის წინ ვიყავი, ხმა არ გამოსულა, შევიდა და ხუთ წუთში საკაცით გამოიტანესო. მაყურებლებმა ერთმანეთს გადახედეს, ვერაფერს მიხვდნენ და ოფიცერს ჰკითხეს, გაგვაგებინე, რა მოხდაო. რა და, კახა შეუძლოდ გახდა და ბალნიჩკაზეაო.
მეორე დილით ისევ ის ბალანდიორი მოვიდა, შეშლილი სახე ჰქონდა და ზონის პალაჟენეცი იკითხა. პალაჟენეცი მოვიდა, ამრეზით შეხედა ბალანდიორს და მიახალა: ,,რა ჩემი სირი გინდა?!'
ყველასთვის გასაოცრად, ბალანდიორმა ყურთან მიუტანა ტუჩები და რაღაც ჩასჩურჩულა. პალაჟენეცს ფერი დაეკარგა, დანარჩენებს გადახედა და სხადნიაკი, სასწრაფოდო, დაიძახა. მაყურებლების კამერაში ბლატატას ტევა არ იყო.
,,კახა გაუთიშიათ, ჩუმად აუყვანიათ და ქათმების საკანში დაუწვენიათ. იქ არის ახლაც და შტირს ითხოვს. რა ვქნათ?!' - იკითხა პალაჟენეცმა.
,,თავის მოკვლა უნდა, ალბათ, მივაწოდოთ', - თქვა ერთერთმა, რომელსაც კახა არასოდეს მოსწონდა, მაგრამ რადგან სხვა იდეა არ იყო, ბალანდიორს შტირი გაატანეს. ზუსტად ათ წუთში, ქათმების კორპუსზე წივილკივილი ატყდა. პატიმრები იმ მხარეს გაიქცნენ და დაინახეს, რომ ეზოში ,,ქათამი პატიმრები' გამორბოდნენ. სისხლი ყველას სდიოდა, ზოგი კისერზე იკიდებდა ხელს, ზოგიც - მუცელზე. ეზოში სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა და გათიშული კახა უკვე მეორედ ჩაატარეს პატიმრების წინ. ამჯერად მისი გათიშვა დუბინკების ,,დამსახურება' იყო.
როგორც მერე გაირკვა, კახამ, ჯამში, რვა პატიმარი დაჭრა და ხელისუფლებამ 20 წელი დაუმატა ანუ მთლიანობაში 30 გამოუვიდა. რუსთავის ზონაზე კახა ამის მერე აღარ მოუყვანიათ და ამბობდნენ, ისევ გაკრიტესო. ,,კაი ბიჭების' აზრიც გაიყო, ნაწილი ამბობდა, მაგის ქურდობა დამთავრებულიაო, ნაწილი კი იძახდა, მეორე დღეს რომ დაჭრა ქათმები, მაგის გამო აპატიებენო.
,,არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ჩემს დროს ეგ უპატიებელი შეცდომა იყო - ციხის ნაჩალნიკთან წვენი მოუსვია და მაგით გათიშულა. პატარა ბიჭი იყო და არ იცოდა, რომ როცა ადმინისტრაციაში მარტოა, არაფერი არც უნდა შეჭამოს და არც დალიოს. ძველი ქურდები არ აპატიებდნენ, ახლები რას იზამენ, აბა, მე რა ვიცი? ბევრი მათგანი ქურდი კი არა, კაცი არაა და ეს ყველამ იცის. გაფუჭდა ცხოვრება, გაფუჭდა', - თქვა ფრიდონამ.
პატიმარი #0578