მაშ, ასე: რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი თითქმის 4 თეთრით გაძვირდა. გაძვირება, სავარაუდოდ, თბილისელებსაც შეეხებათ, რამეთუ სემეკ-ს, ტარიფის გაზრდის მოთხოვნით, “თელას”-მაც მიმართა. ენერგოკომპანიები დენის გაძვირებას ლარის კურსის დაცემით ხსნიან, თუმცა გამოცდილი ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე “ქართულ სიტყვასთან” საუბრისას აქცენტს ენერგომაფიაზე აკეთებს და ამ კონტექსტში ყოფილ პრემიერს, ზურაბ ნოღაიდელს, ენერგეტიკის ექსმინისტრ ალეკო ხეთაგურსა და ამჟამად პატიმრობაში მყოფ, “ნაციონალების” ხერხემლად სახელდებულ ვანო მერაბიშვილს ახსენებს. ამასთან, ჭიჭინაძე, ვერსიის დონეზე, იმასაც უშვებს, რომ სემეკ-ს, ეროვნული ბანკისა არ იყოს, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები მართავენ და იმას აკეთებინებენ, რაც უნდათ. მოკლედ, თუკი თემურ ჭიჭინაძის ვარაუდებს გავყვებით, მივალთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ დენის გაძვირება ვიღაცას სოციალური ჯანყის მოსაწყობად უნდა. ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ ენერგეტიკა დიდი პოლიტიკაა... რაც შეეხება ზურაბ ნოღაიდელს, ისე ჩანს, რომ რუხი კარდინალია, რომელიც ქვეყანაში ენერგოსიტუაციას მართავს. ნოღაიდელის ენერგოინტერესები დიდი ხანია, ცნობილია: ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციამდე”, როცა ფინანსთა მინისტრობიდან წავიდა, “საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო კომპანიის” კონსულტანტი გახდა, რომელიც ამავე დროს, ნოღაიდელის მეუღლესთან ასოცირებული კომპანიის მომსახურებით სარგებლობდა. ბოლოს, ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ენერგოდისტრიბუცია გააკოტრდა - 750 მილიონი ჩამოაწერეს. თემურ ჭიჭინაძის მოსაზრებით, ეს იმიტომ გაკეთდა, რომ “ენერგო პრო” “სუფთა ადგილზე” შემოსულიყო. მოკლედ, რა კავშირი აქვს დენის 4-თეთრამდე გაზრდას ნოღაიდელ-მერაბიშვილთან და როგორია ქართული ენერგეტიკული მაფიის ანატომია? - “ქართული სიტყვა” ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს ესაუბრა, რომელმაც ამ თემებზე წიგნი - “ქართული ეკონომიკის მკვლელები” გამოსცა და რომლიდანაც ამონარიდებს “ქართული სიტყვა” შემდეგი ნომრიდან შემოგთავაზებთ.
- ბატონო თემურ, დენის ტარიფის გაზრდას ობიექტური მიზეზები ჰქონდა თუ სემეკ-ის გადაწყვეტილება გარკვეული ე.წ. ფინანსური ავანტიურაა, რომელიც “ფულის კეთებას” უკავშირდება?
- მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ტარიფის გაზრდის აუცილებლობა არ არსებობდა. საერთოდ, არ შეიძლება, რომ ტარიფი მხოლოდ ლარის კურსის მოკლევადიანი ვარდნის გამო გაიზარდოს, მით უმეტეს, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი მოსახლეობას დააწვება.
- “ლარის კურსის მოკლევადიან გაზრდაში” რას გულისხმობთ?
- რას და, - მაგალითად, ნოემბერში ლარის კურსი შეიძლება, დაეცეს. ამიტომ, დაკვირვება წლის ბოლომდე უნდა გაგრძელებულიყო და მონაცემები ენახათ, “ენერგო პრო” მოგებაზე მუშაობს თუ წაგებაზე. ისე, ათი წელია, ეს კომპანია ზეგეგმიურ მოგებასა და უკანონო შემოსავლებზე მუშაობს და ოთხი თვე პრობლემებს ნამდვილად არ შეუქმნიდა. ესეც რომ არა, სემეკ-მა საკითხი დაჩქარებული წესით განიხილა - სემეკ-ს ტარიფის განსაზღვრისთვის 150-დღიანი ვადა აქვს, თუმცა ტარიფის გაზრდაზე კომპანიების მოთხოვნა სამ თვეში დააკმაყოფილა. სხდომაზე ვიკითხე, ტარიფის გაზრდას მაინც აპირებთ, რატომ ჩქარობთ და სექტემბერში გაგეზარდათ, მოსახლეობა შვებას ორი თვე მაინც იგრძნობდა-მეთქი, მაგრამ პასუხი არ გამცეს.
- ბატონო თემურ, წეღან თქვით, ათი წელია, “ენერგო პრო” ზემოგებასა და უკანონო შემოსავლებზე მუშაობსო...
- თავიდანვე, როცა საქართველოში შემოვიდა, ამ კომპანიას სასათბურე პირობები შეუქმნეს - საქართველოს ენერგეტიკისა და გენერაციის 70 პროცენტი 130 მილიონად იყიდა. გარდა ამისა, “თელასისხელა” ტარიფი - 16 თეთრი ისე მისცეს, რომ ინვესტიცია განხორციელებული არ ჰქონდა.
- როგორც მახსოვს, ამ სასათბურე პირობების შექმნაში ნოღაიდელს ამხელთ...
- თავისთავად - მაშინ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი იყო და ეს 16-თეთრიანი ტარიფი მემორანდუმით მისცა, რისი უფლებაც არ ჰქონდა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სახელმწიფოს ტარიფის წარმოქმნაში ჩარევის უფლება არ აქვს, ეს ორი სუბიექტის - მომხმარებლისა და მარეგულირებელი კომისიის საქმეა. “ენერგო პროს” შემოსვლამდე, “საქართველოს სადისტრიბუციო კომპანია” არსებობდა, რომელსაც ტარიფი 6 მთელი და რამდენიმე მეათედი ჰქონდა, “ენერგო პროს” შემოსვლის მეორე დღესვე კი, ტარიფი 16 თეთრი გახდა, თუმცა არავინ იცის, რის ხარჯზე.
- ნოღაიდელის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი, რითიც ტარიფი 16 თეთრამდე გაიზარდა, სისხლის სამართლის დანაშაულია?
- ამ კვალიფიკაციას ვერ მივცემ... სხვათა შორის, “ენერგო პრო” 330 მილიონს იხდიდა, მაგრამ თქვეს, მოდი, ამდენი არ გადავახდევინოთ და 130-ად მივყიდოთო, ანუ 200 მილიონი უცებ დაიკარგა.
- დაიკარგა თუ ეს ფული ვინმეს ჯიბეში წავიდა?
- ეს არ ვიცი, მაგრამ ინვესტორი 330 მილიონს იხდის, შენ კი, გამყიდველი ეუბნები, სამასი არ მინდა და 130 მილიონი მომეციო. ჭკუათმყოფელი ხარ? ესე იგი, სახელმწიფოს 200 მილიონს აკარგვინებ!
- თქვენი აზრით, ნოღაიდელმა სახელმწიფოს 200 მილიონი რატომ დააკარგვინა?
- ალბათ, პირადი ინტერესი ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, ლოგიკა აქეთ მიდის. თავის დროზე თქვეს, ამ 200 მილიონს “ენერგო პრო” ინვესტიციის სახით განახორციელებსო, მაგრამ ხომ არ შეიძლება, რომ ის თანხა, რაც ობიექტში უნდა გადაიხადო, ინვესტიციაში ჩადო?
- “ენერგო პრომ” დაკლებული 200 მილიონი ინვესტიციაში რეალურად ჩადო?
- ყველა ინვესტიცია ჭარბი ტარიფის ხარჯზე განახორციელა, ანუ ფული თვითონ არ შემოუტანია და ამ ინვესტიციის თანამონაწილე მოსახლეობაცაა.
- ესე იგი, თუკი ლაპარაკი სამართლიანობის აღდგენაზეა, მაშინ ზურაბ ნოღაიდელის პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს, არა?
- ვანო, შემიძლია, დარწმუნებით ვთქვა, რომ ტარიფებს და, საერთოდ, ყველაფერ ამას ნოღაიდელი ლობირებს და “კამანდრობს”!
- ეს როგორ? - ჯერ ერთი, ნოღაიდელი ხელისუფლებაში არაა და, მეორეც, დენის ტარიფი სემეკ-მა გაზარდა...
- ხელისუფლებაში არაა, მაგრამ ნოღაიდელს ინტერესი “ენერგო პრო”-ში აქვს. გარდა ამისა, მისი ბიზნესპარტნიორები კიდევ სადღაც-სადღაც არიან.
- სად “სადღაც-სადღაც”?
- დღესაც ყველაფერს ალეკო ხეთაგური განკარგავს...
- რა ყველაფერს?
- თუნდაც, სემეკ-ს, თუმცა ეს ვერსიაა...
- ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა “ენერგო პრო”-მ მოითხოვა და, ბატონო თემურ, როგორც კერძო საუბრისას მითხარით, ხელისუფლება დააშანტაჟა, თუ ტარიფი არ გაიზრდება, ნოემბერ-დეკემბერში მოსახლეობას დენი გრაფიკით ექნებაო...
- დიახ, ასეა...
- ხელისუფლება ამ შანტაჟზე რატომ წამოეგო?
- საინტერესოა, კომპანია ხელისუფლებას რატომ აშანტაჟებს? ხალხს რომ ეუბნები, დენს არ მოგცემო, ეს მუქარაა. მუქარა კი, თუ არ ვცდები, სისხლის სამართლის დანაშაულია...
თუკი სემეკ-ს ჩავუღრმავდებით, ვნახავთ, იქ რა შემადგენლობაა, თუნდაც კომისიის ხელმძღვანელი, ირინა მილორავა, რომელიც ნოღაიდელთან ფინანსთა, მიშასთან კი, იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა...
- სხვათა შორის, მარიამ ვალიშვილიც “ნაციონალებისდროინდელი” კადრია...
- სერიოზული ენერგეტიკული მაფიაა და არაფერი შეცვლილა - ყველაფერი იგივე სქემით მიდის, რომელი სქემითაც 2012 წლამდე მიდიოდა...
ვანო, თუ გახსოვს, რამდენიმე თვის წინ, ხეთაგურს მილიონი დოლარი დაუჭირეს, საქმეც აღიძრა, მაგრამ რამდენიმე დღე იჯდა და გამოვიდა. ეს მილიონი დოლარი, ალბათ, იმ “ლუფტიდანაა”, რაც ტარიფშია ასახული. იმაზე ლაპარაკი აღარ მინდა, ვისი მამა სადაა და რომელი მინისტრის ცოლი სად მუშაობს...
- დღევანდელ მინისტრებზე ამბობთ?
- დღეს ისევ ძველი სქემა მუშაობს!
რატომღაც მგონია, რომ ხალხს ელექტროენერგიის გაძვირებას დიდი ხანია, აგუებდნენ. ყოველ შემთხვევაში, “ენერგო პრო”-მ ტარიფის გაზრდაზე განაცხადი შარშან, ამ დროსაც შეიტანა...
- მაშინ ლარი შერყეული ჯერ კიდევ არ იყო...
- დიახ, არ იყო. ამიტომ, მაშინ ერთი ამბავი ატყდა, ამის ერთ-ერთი შემოქმედი მეც ვიყავი და ყველაფერი გაჩერდა. მარეგულირებელზე ზეგავლენა არ მოუხდენია, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილმაც სერიოზული როლი ითამაშა. წელს კი, იგივე გაიმეორეს და ლარის კურსს დაეყრდნენ...
საქმე ისაა, რომ “ენერგო პრო”-ს ობიექტების გაყიდვა და გასვლა უნდა.
- გასვლა საქართველოდან უნდა?
- დიახ.
- რატომ?
- იმიტომ, რომ ძალიან დიდი ფული აქვს ნაშოვნი, ბევრი ვალდებულება კი არ შეასრულა. ბოლოს და ბოლოს, სემეკ-ში ისეთი ვინმე მოვა, ვინც ამას ჩასწვდება...
საერთოდ, ხელშეკრულება ორმხრივი ვალდებულებაა...
- ბატონო თემურ, როგორც თქვენგან ვიცი, ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია...
- დიახ და, ალბათ, იმიტომ მალავენ, რომ ვალდებულებები არაა შესრულებული... არც შენ უნდა შელახო ინვესტორის უფლებები და არც ინვესტორმა - შენი. ამიტომ, უფლება გვაქვს, ინვესტორს მოვთხოვოთ...
- მაპატიეთ, არ ვიცით, ხელშეკრულებაში რა წერია და რა უნდა მოვთხოვოთ?
- ხომ ვიცით, რა ვალდებულებაც აქვს? ისიც ვიცით, რომ ტარიფი თავიდანვე ზედმეტი ჰქონდა. გარდა ამისა, 100-მეგავატიანი ჰესი უნდა აეშენებინა, მაგრამ სადაა? ასი მილიონი ხაზებში უნდა ჩაედო, 85 კი - ჰესების რეაბილიტაციაში, მაგრამ ერთი, რაც ამ ხნის განმავლობაში გააკეთა, მხოლოდ ისაა, რომ 150 მილიონი დისტრიბუციასა და გადაცემის ხაზებში ჩადო, თუმცა აქედანაც ძირითადი თანხა ჭარბი ტარიფიდანაა შესული, ანუ ეს ფული “ენერგო პრო”-მ კი არ შემოიტანა, არამედ, ჩვენს მიერ გადახდილი ინვესტიციაა.
- გასაგებია, რომ გასაიდუმლოებულია, მაგრამ “ოცნების” ხელისუფლებას ხელშეკრულების, უხეშად რომ ვთქვათ, ნახვა ხომ შეუძლია?
- როგორ არ შეუძლია! სემეკ-ის თავმჯდომარეს ვუთხარი, ხელშეკრულება გვანახე-მეთქი, მაგრამ მიპასუხა, ჩემს მიერ არაა ხელმოწერილი და არ შემიძლია, გაჩვენოთო... ტელეკომპანია “იმედთან” დადებულ ხელშეკრულებასაც გრიფი “საიდუმლო” ედო, მაგრამ “გახსნეს” და თუკი ის “გახსნეს”, რატომ არ შეიძლება, რომ ესეც “გახსნან”, ან ვის გაუგია, რომ სახელმწიფოს კერძო კომპანიასთან საიდუმლო ხელშეკრულება ჰქონდეს გაფორმებული?!
- ეს კანონდარღვევაა?
- თავისთავად... საიდუმლო მხოლოდ სტრატეგიულ ობიექტებზე გაფორმებული ხელშეკრულება უნდა იყოს.
მოკლედ, სერიოზული, ძლიერი მაფიური ჯგუფი მუშაობს, რომელიც ყველაფერს განკარგავს... სემეკ-ში სამი ადამიანი ზის და ეს ზუსტად ისაა, 37 წელს “ტროიკა” რომ იყო და გადაწყვეტილების მიღებისას სამივე ხელს ერთდროულად წევს. სემეკ-ის იმ სხდომაზე, როცა ტარიფს ზრდიდნენ, ვთქვი, გადაწყვეტილება, რაც უნდა მიიღოთ, ჩემთვის ცნობილია-მეთქი და სხდომა დავტოვე.
- ბატონო თემურ, სემეკ-ს ტარიფი რომ არ გაეზარდა, რა მოხდებოდა?
- არაფერი. ვთქვათ, ლარი გასწორდა, რა, ტარიფს ძველ ნიშნულზე დააბრუნებენ? იცით, ტარიფი კიდევ რატომ არ უნდა გაეზარდათ? - ჩემი გათვლებით, “ენერგო პროს”, ათი წლის განმავლობაში, მილიარდამდე თანხა აქვს მითვისებული. სემეკ-ის მეთოდი ასეთია: კარგი, მაღალ ტარიფს მოგცემ, მაგრამ სამაგიეროდ, ინვესტიცია განახორციელე, მაგრამ თუ არ განახორციელებ, ეს თანხა დააბრუნეო. თანხის დაბრუნება კი, მოსახლეობისთვის ტარიფის კლებაში გამოიხატება, მაგრამ ამას ვერ ვხედავთ.
- ერთი სიტყვით, აცხადებთ, რომ სემეკ-ის მიერ გაზრდილი ტარიფი უკანონოა?
- თუ დავუშვებთ, რომ “ენერგო პრო”-ს საბაზისო, 16-თეთრიანი ტარიფი ეკუთვნოდა, მაშინ ახლა გაზრდილი ტარიფი უკანონო არ გამოვა, მაგრამ 16 თეთრი, როგორც გითხარით, თავიდანვე უკანონო იყო...
- ბატონო თემურ, არ შეიძლება, სემეკ-ის ბოლო გადაწყვეტილება გასაჩივრდეს?
- კი, შეიძლება, მაგრამ საჩივარს მე ვერ შევიტან, რადგან “ენერგო პრო”-სთან შეხება პირდაპირ არ მაქვს, ანუ მისი აბონენტი არ ვარ - “ენერგო პრო” თბილისში არაა.
- თბილისში “თელასია”, რომელმაც სემეკ-ს ტარიფის გაზრდის მოთხოვნით უკვე მიმართა...
- სხვათა შორის, “თელას”-მა, ერთის გარდა, ვალდებულებები განახორციელა.
- ეს ერთი, არგანხორციელებული ვალდებულება რომელია?
- მოსახლეობასთან ხელშეკრულებები არ გააფორმა... 2007 წელს, “თელასის” ტარიფი კლებაზე უნდა წასულიყო, რადგან საინვესტიციო პროგრამა დაამთავრა, მაგრამ ამ დროს სცენაზე ისევ ზურაბ ნოღაიდელი გამოჩნდა, რომელმაც “თელასის” ხელმძღვანელობასთან ახალი მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ტარიფი გრძელვადიანი, ანუ 2015 წლამდე გადაუხედავი გახდა. სანაცვლოდ, “თელასს” ასმეგავატიანი ჰესი უნდა აეშენებინა, მაგრამ არ ააშენა.
- ამ შემთხვევაშიც, საქმე დანაშაულამდე მიდის?
- დიახ...
- ყველაფერ ამაზე ენერგოომბუდსმენი რას ამბობს?
- სემეკ-ის სხდომაზე ენერგოომბუდსმენს ვკითხე, არჩეული ხართ თუ დანიშნული-მეთქი. პარლამენტის დარგობრივმა კომისიამ ამირჩიაო, მაგრამ დარგობრივმა კომისიამ ომბუდსმენი როგორ უნდა აირჩიოს? - ესე იგი, დანიშნულია, სემეკ-ში ზის და მას ექვემდებარება.
- მაშასადამე, ენერგოომბუდსმენი ხალხის ინტერესებს ვერ დაიცავს?
- გამორიცხულია...
ადრე კარგი ენერგოომბუდსმენი გვყავდა - დათო ებრალიძე, სერიოზულად მუშაობდა, მაგრამ თუ ენერგოომბუდსმენი დამოუკიდებელია, სემეკ-ს, რომელიც, ასევე, დამოუკიდებელი ორგანოა, არ უნდა ექვემდებარებოდეს...
- ბატონო თემურ, სემეკ-ში ორი წევრის ადგილი ვაკანტურია... კერძო საუბრისას ისიც თქვით, მოსწრებაზე არიანო...
- 3 ოქტომბერს სემეკ-ის ერთ-ერთ წევრს ვადა უმთავრდება და უკვე სამი ვაკანსია იქნება... არ ვიცი, ვინ შევა...
- სემეკ-ის წევრებს ვინ ან სად წარადგენს?
- კანდიდატურებს პრეზიდენტი, მთავრობასთან ერთად, პარლამენტს წარუდგენს და საკანონმდებლო ორგანო ამტკიცებს... სხვათა შორის, სემეკ-ის წევრობის ერთ-ერთი მაძიებელი ვარ - საბუთები შეტანილი მაქვს. აქამდე ამის ინტერესი არ მქონია... მარეგულირებელში ახალი ხალხი რომ შევა, დავალებებს აღარ შეასრულებს. ამიტომ, მაფია ამუშავებულია და ყველანაირად ცდილობს, რომ ისინი, ვისი განწყობაც ცნობილია, დაბლოკონ.
- ე.წ. “ნაციონალურ” მაფიაზე ლაპარაკობთ?
- “ნაციონალურია” თუ სოციალური, ეს ენერგომაფიაა! ისე, სემეკ-ის წევრობის უკვე 30 მაძიებელია, აქედან ერთ-ერთი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ვალიშვილია... გეუბნებით, მაფია სერიოზულად მუშაობს-მეთქი!
- მაფიას დენის გადასახადის გაზრდა ხელს რატომ აძლევს? - ყველაფერ ამას ხომ შეიძლება, სოციალური ბუნტი მოჰყვეს?
- მერე, რა?! ქვეყანაზე შესტკივათ გული თუ რა? ამ გაზრდილ თანხას, სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაიხდის, ანუ ისევ ხალხის გადასახადია.
- ბიუჯეტიდან სუბსიდირება ბიუჯეტს უარესად დაანგრევს. ხელისუფლება ამაზე რატომ მიდის?
- იმიტომ, რომ ხალხის უკმაყოფილება როგორმე გადაიფაროს...
- ენერგოტარიფის გაძვირებას სხვა პროდუქტების გაძვირებაც მოჰყვება, არა?
- დიახ, პური, წყალი... ყველაფერი გაძვირდება.
- გაზიც?
- ალბათ, გაძვირდება... ისე, გაზთანაც დახურული თემებია...
- “ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება დენის ტარიფის გაიაფება იყო...
- მგონია, რომ გარკვეულმა ჯგუფმა ბიძინა ივანიშვილი შეცდომაში შეიყვანა, ტარიფი რომ შევამციროთ, ენერგეტიკა დაგვენგრევაო.
- რომელ ჯგუფს გულისხმობთ?
- “ოცნება”, ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ექსპერტების ჯგუფი შექმნა, რომელიც მერე დაშალეს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ კლანისთვის ეს ჯგუფი საჭირო არ იყო. ბიძინა ივანიშვილს ტარიფის შემცირება გულწრფელად უნდოდა, მაგრამ დაარწმუნეს, რომ არ შეიძლება.
- ბატონო თემურ, შეიძლება, შეთქმულების თეორიაა, მაგრამ გამორიცხულია, ლარის კურსის დაცემის უკან ენერგომაფია მდგარიყო?
- ამ აზრს არსებობის უფლება აქვს... ისე, ლარის კურსის დაცემით ბანკებმაც უდიდესი მოგება ნახეს... ხომ ვიცით, ეროვნულ ბანკს და სემეკ-ს რომელი ჯგუფიც მართავს?.. საარჩევნოდ სიტუაცია საკმაოდ ამღვრეულია.
- “ენერგო პრო”-ში ფარული რუსული ინტერესებია?
- თავიდან ასეთი აზრი არსებობდა, მაგრამ, როგორც ვიცი, უფრო ქართულია... ამ ქართულ ინტერესებს კი, ნოღაიდელი და მერაბიშვილი ლობირებდნენ...
- მაშასადამე, დღეს “მუსიკას” ისევ ვანო მერაბიშვილი “უკვეთავს”?
- ყოველ შემთხვევაში, ციხეში შემოსავალს იღებს... ეს ისეთი ბერკეტია, რომლითაც შეუძლიათ, სოციალური ჯანყი ნებისმიერ დროს მოაწყონ. სემეკ-ს ხელი პულსზე უდევს...
თემურ ჭიჭინაძის თქმით, ყველაფერი მაშინ დალაგდება, როცა სემეკ-ი გამჭვირვალე გახდება, მისი წევრები პარტიული ნიშნით არ დაინიშნებიან და კომპანიების კი არა, ხალხის, ანუ მომხმარებლის ინტერესებს გაატარებს...