2015 წლის 14 ივლისს, გლდანში, მეექვსე მიკრორაიონის მეორე საცხოვრებელ კორპუსში, გაზის აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა... ,,ქართული სიტყვა” დამოუკიდებელ ექსპერტს, ორგანიზაცია ,,ალტერნატივას” წევრ გიორგი ნიკოლაიშვილს ესაუბრა:
- ყოვლად შემზარავი ამბავი მოხდა - გაზის აფეთქების შედეგად ადამიანები დაიღუპნენ. აფეთქების ეპიცენტრი კორპუსის მეოთხე სართული იყო, სადაც ბურდულების ოჯახის ორი წევრი გარდაიცვალა.
- თქვენი ვარაუდით, აფეთქების მიზეზი რა გახდა?
- აფეთქების სამი ვარიანტია შესაძლებელი: მილზე მექანიკური ზემოქმედება, დაზიანება; ე.წ. ჩობალების გაცვეთა-გაშვება და მოსახლეობის დაუდევრობა.
- სხვათა შორის, ხალხში მითქმა-მოთქმა იყო, რომ მეხუთე სართულზე მცხოვრებთ გაზი მოშვებული დარჩათ, შენობაში დიდი რაოდენობით აირი დაგროვდა და აფეთებაც სწორედ ამან გამოიწვია.
- აფეთქების ადგილზე მაშინვე მივედი და, როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ახლოს მისვლა ვცადე, მაგრამ სამართალდამცავებმა უფლება არ მომცეს. გარე დათვალიერებით კი, კარგად ჩანს სადარბაზოდან სადარბაზოში “შლანგით” გადაყვანილი გაზი, რაც შეიძლება, გაჟონვის მიზეზი გახდეს, მაგრამ მაინც შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ბინაში ისეთი რაოდენობის გაზი დაგროვდეს, რომელიც ასეთი სიმძლავრის აფეთქებას გამოიწვევს. ასეთი რაოდენობის გაზის დაგროვება მოსახლეობას შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, გაზი კი, ძალიან დიდი რაოდენობითაა დაგროვილი, რამაც ასეთი სიმძლავრის აფეთქება განაპირობა. ზაფხულია, ხალხს ფანჯრები და კარი ღია აქვს, აფეთქების ტალღა ამანაც გაფანტა. კიდევ კარგი, დღე იყო, თორემ ღამის საათებში შეიძლება, უარესი მომხდარიყო. ჩემი აზრით, აქ ე.წ. სტაიაკის პრობლემა იყო, თორემ კორპუსში შემავალი 14-მილიმეტრიანი წვრილი მილი ასეთ პრობლემას ვერ შექმნიდა. გაზი ისეთი ნივთიერებაა, ადვილად შეუძლია სინკარებში, სართულებს შორის ხვრელებში გაძვრეს. გაზი ერთადერთია, რომელიც მინარევებს არ შეირევს და მისი შერევა მხოლოდ წყალთან ხდება.
- ვთქვათ, გაზმა სინკარებში გაჟონა. აფეთქება რამ გამოიწვია?
- ასეთ შემთხვევაში, აფეთქება ტერიტორიაზე სანთებელის ანთებამაც შეიძლება გამოიწვიოს.
- ამბობთ, რომ გაზის “შლანგები” შენიშნეთ, რომლებიც სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების გვერდის ავლითაა დამონტაჟებული. როგორც მშენებელი და დამოუკიდებელი ექსპერტი, კონკრეტულ შემთხვევაში, კიდევ რა სახის დარღვევებს აფიქსირებთ?
- სახეზეა სამშენებლო ნორმების დარღვევის ფაქტები და ამავე დროს, გაზგამყვანი კომპანიის მხრიდან უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. კომპანიას ოფიციალურად 30 ათასი აბონენტი ჰყავს, თუმცა აბონენტთა რეალური რაოდენობა გასაიდუმლოებულია. ასეა თუ ისე, ,,ყაზტრანსგაზის” ყველა აბონენტს, მთელ ქალაქს საფრთხე ემუქრება.
- ერთი წლის განმავლობაში, გლდანში ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ამ რაიონში განსაკუთრებული დარღვევებია?
- გლდანის რაიონი კომუნისტების დროს გაშენდა და მოსახლეობა დენის მომხმარებელი იყო, როცა თბილისში დენის ტარიფი ორი კაპიკი გახლდათ, გლდანელები 1 კაპიკს იხდიდნენ. გლდანის მთლიანი გაზიფიცირება ათი წლის წინ დაიწყო.
- გლდანშიც პროვაიდერი ,,ყაზტრანსგაზია”. კომპანიას არ აქვს ვალდებულება, რომ მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოს?
- სამწუხაროდ, გაზის მეურნეობებსა და გაზგამანაწილებელ კომპანიებზე კონტროლი არ არსებობს. 2010 წელს, ზედამხედველობის სისტემაში ცვლილებები მოხდა, რომლის შედეგადაც, ეს სამსახური, პრაქტიკულად, გაუქმდა. 2011-2012 წლების სამშენებლო ნორმებში გაზმომარაგება ამოღებულია.
- ანუ?
- არ არსებობს ნორმატიული დოკუმენტი, სადაც დაკანონებულია, თუ როგორ გაიყვანონ გაზი.
- ესე იგი, ტექნიკური ზედამხედველობა დღეს არსად ხორციელდება?
- ყველას გვახსოვს, ყოფილი პრეზიდენტისა და მისი თანამოაზრეების სატელევიზიო გამოსვლები მაკონტროლებელი ორგანიზაციების მისამართით.
- რას ამბობდნენ?
- მაკონტროლებელი ორგანიზაციების კართან მდგარი ,,ნაციონალები” აცხადებდნენ: ,,აქ უნდა იდოს დიდი ბოქლომი!”. მიაჩნდათ, რომ კონტროლის ორგანოების თანამშრომლები, უკლებლივ ყველა, გამომძალველები იყვნენ. შეიძლება, ვიღაცებს ხელი წაუცდათ და კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ უწყება საერთოდ გააუქმო? თუნდაც ისეთი მაკონტროლებელი, როგორიცაა ქალაქის უსაფრთხოება. გაზმომარაგება და გაზმეურნეობა დღეს დაუცველია, მხოლოდ გაზის მაგისტრალები კონტროლდება.
2006 წელს, ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციამ არსებობა შეწყვიტა, მანამდე, საწარმოებში ტექნიკურ გამართულობაზე ინსპექტირება წელიწადში რამდენიმეჯერ ხდებოდა. ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის გაუქმებას კარგად ახასიათებს რამაზ ობოლაძის ერთი ინტერვიუ, რომელიც გაზეთ ,,რეზონანსს” 2011 წელს მისცა. ობოლაძე წერს: ,,აქ გამომგზავნეს, როგორც ტერმინატორი... შემოწმდება მხოლოდ ახლადშექმნილი და ის საწარმოები, სადაც რაიმე შემთხვევა დაფიქსირდება.”
ინსპექტირება შეწყვიტა სამშენებლო ობიექტების მონიტორინგმაც და ,,არქმშენის” ინსპექციაც გაუქმდა. ყველაფერ ამის მიზეზად კორუფციული სქემები დასახელდა. სტრუქტურების გაუქმების და კერძო სექტორისთვის გადაცემის მიზეზად კორუფციის დასახელება, ცოტა არ იყოს, არასწორად მიმაჩნია, თუმცა ფაქტია: ,,ტერმინატორმა” მაკონტროლებელი ორგანო - ინპექციის სისტემა დაანგრია. რამაზ ობოლაძე და გრიგოლ კაკაურიძე სათავეში ჩაუდგნენ სსიპ “საქართველოს სტანდარტებისა და რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს”.
- გიორგი, წეღან მილი ახსენეთ, რა მილია და გაზისთვის რატომ არ გამოიყენება?
- ეს პოლიეთილენის ალუმინნარევი მილია, რომელიც ჩვეულებრივ, ერთი ჩხვლეტით იხვრიტება და ამ მილით მთელ თბილისსა და საქართველოს რეგიონში გაზი გაჰყავთ. ქარხნის სერთიფიკატში მითითებულია, რომ აღნიშნული მილი მხოლოდ ცივი და ცხელი წყლისთვის გამოიყენება, გაზისთვის გამოყენება კი, კატეგორიულადაა აკრძალული. ეს არათუ ამ ქარხნის, არამედ, მსოფლიო სტანდარტია. საქართველოშო მისი მიწაში ჩადებაც არ შეიძლება, რადგან სეისმურად არამდგრადი ქვეყანა ვართ და ნებისმიერი ზემოქმედება მასზე გავლენას მოახდენს. ამ მილებს თურქული ქარხანა ,,ფირატი” აწარმოებს, რომლის ქარხნული სერთიფიკატი ,,საქსტანდარტმა” გადათარგმნა და გააყალბა. ვინც ეს გააკეთა, ,,ნაცმოძრაობის” მსხვილი დამფინანსებელი ფირმა ,,ჩაკფრია”.
- პოლიეთილენის მილის გაზისთვის გამოყენება რატომ არ შეიძლება?
- უამრავი მიზეზი არსებობს, რომ გაზთან მისი ზემოქმედება არ შეიძლება. საქართველოში გაზის გაყვანა, დღემდე საბჭოთა კავშირის დროს მოქმედი სამშენებლო კანონმდებლობით, მხოლოდ რკინისა და სპილენძის მილებითაა შესაძლებელი. ასე აქვს გაზი გაყვანილი ჩვენს მეზობელ რუსეთს, პოსტსაბჭოთა და ევროკავშირის ქვეყნებს. ხალხის სიცოცხლის ეჭვქვეშ დაყენებით იაფი საქონლის შეძენა საკუთარი ერის გენოციდის ტოლფასია!
- პოლიეთილენის მილები გაცილებით იაფია, ვიდრე რკინა და სპილენძი, არა?
- თურქული კომპანია ,,ფირატის” მიერ შემოტანილი პოლიეთილენის მილები გაცილებით იაფია, ვიდრე კანონით გათვალისწინებული მასალა. თვით ,,ნაციონალების” ყურმოჭრილმა მონამ, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომაც კი დაწერა დასკვნაში, რომ ეს მილები გაზისთვის საშიშია და სტანდარტებს არ შეესაბამება.
- ფიქრობთ, რომ შეცდომების შედეგებს ვიმკით?
- მილების გაყვანა 2010 წელს დაიწყეს. მან, ვისაც მანქანა აქვს, კარგად იცის ჩობალების, ანუ ,,სალნიკების” მნიშვნელობა, რაც გაზის მილებთანაც გამოიყენება, ყველა ბინის შესასვლელში თორმეტი ჩობალი აყენია, ბინაში კი - ოთხი. გარკვეული დროის მერე, ,,სალნიკები” ცვდება - მას გაზი ნელა ჭამს. ცივი ზამთრის დროს, გაზის მილი იყინება, მერე ლღვება და ამ პროცესის დროს რეზინაც იშლება. გარდა ამას, პოლიეთილენის მილები ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად იშლება და ასეთ დროს გაზის გაჟონვაც ხდება...
- ,,სალნიკი” როდის გაცვდება, არავინ იცის?
- სერთიფიკატში მისი ვარგისიანობის ვადა 12 თვეა. ფიტინგები კი გადაბმის ადგილებში გამოიყენება, რაც ისევე ცვდება, როგორც ჩობალები.
- თქვენი მოსაზრებები შემაშფოთებელია, რომლის გააზრებაც მოქალაქეებს დეპრესიაში ჩააგდებს. რასაც ამბობთ, ამ ყველაფრის დამადასტურებელი დოკუმენტები გაქვთ?
- ამ საშიშროებებისა და ტექნიკური დარღვევების შესახებ სერიოზული მასალები მოვაგროვე, ამ თემაზე ხუთი წელია, ვმუშაობ. ჩემი ყველა არგუმენტი დოკუმენტურად დადასტურებულია. ჩემს მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე მომზადებული წერილი, ოთხი თვის წინ, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტს, მთავარ პროკურატურას, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს, თბილისის მერს, სახალხო დამცველს, პატრიარქს გავუგზავნე, რომელიც ამ თემას გამოეხმაურა. ასევე, გადაცემა ,,20/30”-ს მივმართე, მაგრამ არც რესპონდენტად მიმიწვიეს და არც პასუხი მაღირსეს.
გლდანში, აფეთქების ადგილზე მისულ თბილისის მერს, დავით ნარმანიას გავესაუბრე, თავი გავაცანი, გავაგებინე, რომ ოთხი თვის წინ მერიას მივმართე საშიშროების შესახებ. მან ინტერესით მომისმინა და მთხოვა, მის ელექტრონულ ფოსტაზე გადამეგზავნა წერილი. გავაგზავნე, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიმიღია.
- ,,ყაზტრანსგაზი” საკმაოდ მდიდარი კომპანიაა. თავის ობიექტებზე კონტროლს ანხორციელებს? სხვათა შორის, ის ქვეყანა ვართ, სადაც პრემიერ-მინისტრი არასწორად დაყენებული გაზის გამათბობლის გამო დაგვეღუპა...
- მიმაჩნია, რომ კონტროლი დაბალი დონისაა. მთელი უბედურება ისაა, რომ საქართველოში ერთმანეთზე გადაბრალება უფრო ადვილია, ვიდრე - საქმის კეთება. ამ დროს, ადამიანის სიცოცხლე უგულებელყოფილია. იურისპრუდენციაში უდანაშაულობის პრეზუმფცია არსებობს, გლდანის შემთხვევაზე საქმეა აღძრული, მაგრამ კომპანია ,,ყაზტრანსგაზი” ხელს უკვე მოსახლეობისკენ იშვერს და ეს პირველი შემთხვევა არაა, რომ ცდილობს, მომხდარი სხვას გადააბრალოს და პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს.
მიმაჩნია, რომ გლდანის მეექვსე მიკრორაიონში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის და მოსახლეობის მატერიალური თუ მორალური ზარალის ანაზღაურება კომპანია ,,ყაზტრანსგაზს” უნდა დაეკისროს. არ უნდა შეგვეშინდეს ვინმეს გაბრაზების და როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, მკაცრი და შეუვალი უნდა ვიყოთ. არ იქნება ,,ყაზტრანსგაზი”, იქნება ,,თბილგაზი” ან, სულაც, სხვა პროვაიდერი შემოვა, ან ქალაქის ხელმძღვანელობა აიღებს მართვის სადავეებს. ასეთი დარღვევებით სხვა სავალალო შედეგებამდე მივალთ. საწყენია, რომ თავის ჭკუაზეა მიშვებული ,,ყაზტრანსგაზი”, ,,სოკარი”, ,ყამარი”, ,,ვარკეთილაირი” და სხვა.
- წესით, აირს დანამატი უნდა ჰქონდეს, რომელიც გაზს სუნს აძლევს....
- დიახ, ჩვენს სახლებში შემავალ გაზს დანამატად ნივთიერება “ოდურანტი” უნდა ერეოდეს. ეს ნივთიერება მომწამვლელია, ამავე დროს ძალზე ძვირია, ეფექტისთვის ერთ კუბურ მეტრ გაზს სულ მეათასედი გრამი სჭირდება. “ოდურანტის” მეშვეობით ადამიანი გრძნობს, სადმე აირი ხომ არ ჟონავს. იმ დღეს, როცა თბილისში აფეთქება მოხდა, ქალაქი პანიკამ მოიცვა, რადგან გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა “ოდურანტი” გაუშვეს მილებში და მოსახლეობა სუნმა შეაშინა. მოკლედ, მთელი თბილისი აყროლდა, პანიკაში ჩავარდნილი ადამიანებისგან უამრავი ზარი განხორციელდა სამაშველო სამსახურში. კიდევ ვიმეორებ, რომ კომპანია, რომელმაც საერთაშორისო ნორმები და კანონები დაარღვია, ვალდებულია, ზარალის თანხა გადაიხადოს. ახლა მე დაგისვამთ შეკითხვას: ქვეყანაში გვყავს კი სპეციალისტები, რამე რომ შეამოწმონ? ოცი წელია, საქართველოში ინჟინერ-მექანიკოსი არ მომზადებულა. A
- რას ამბობთ, ამდენი ტექნიკური სასწავლებელია და ვერც წარმოვიდგენდი, თუ რომელიმე სპეციალობის დეფიციტია! ინჟინერ-მექანიკოსი უსაფრთხოებას იცავს?
- ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობას სასოფლო-სამეურნეო და პოლიტექნიკურ ინსტიტუტებში ასწავლიდნენ. დღეს ეს სპეციალობებიც, ისევე, როგორც სხვა ,,არამომგებიანი”, გაუქმებულია. მალე იმ რეალობის წინაშე დავდგებით, რომ ქვეყნის გარეთ მოვძებნით ამა თუ იმ სფეროს სპეციალისტს.
- გიორგი, ვიცი რომ მშენებელი ხართ და მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო რეზიდენციების მშენებლობაში მონაწილეობდით. როგორია იქაური გაზგაყვანილობების სისტემა?
- პრეზიდენტის ზუგდიდისა და ავლაბრის სასახლეების გაზგაყვანილობა შესანიშნავია - იქ საფრთხე არავის ემუქრება. აი, მოსახლეობაში არასწორად გაყვანილი გაზის მილების გამო კი, ხუთი წელია, ვყვირი. ფილმიც კი გავაკეთე უჩა ნანუაშვილთან ერთად, რომელშიც კარგად ჩანს, თუ როგორ შეიძლება აალდეს მილი.
- გიორგი, თქვენი მსჯელობის მიხედვით, გაზმომარაგების კომპანიებს ხელახალი სამუშაოები აქვთ ჩასატარებელი. ამაზე რომელი კომპანია წავა?!
- მილების გამოცვლას 40-60 მილიონი დოლარი დასჭირდება, კომპანიას ამ ხარჯებს ვინ გააღებინებს, ძნელი სათქმელია.
- სხვა გამოსავალი არაა?
- თუ კომპანიები ნებას იბოძებენ, გამოსავალი სიგნალიზატორების დაყენებაა: აპარატი, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, განგაშს ასტეხს და შემომავალი მილიდან გაზი ჩაიკეტება.
,,ქართული სიტყვა” გლდანში აფეთქებული კორპუსის მაცხოვრებლებსაც ესაუბრა.
ია ბექაური: - მეოთხე სადარბაზოს მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. იმ დღეს მე, მეზობელი და ჩემი ვაჟი სამზარეულოში ვისხედით. ასეთი ხმაური მხოლოდ კინოებში თუ გამიგონია, ვერ მივხვდით, რა მოხდა, შვილმა სადარბაზოს კარი გააღო, დაინახა, რომ ცეცხლი ხმაურით ქვემოთ ჩავარდა. კარი მიხურა, ეგონა, კიბე ჩაინგრა და გარეთ გასვლას ვეღარ ვბედავდით. ეზოში მყოფნი განწირული ხმით გვეძახდნენ, დაბლა ჩამოდითო - ისინი ხედავდნენ, რომ კორპუსს შუა გული აღარ ჰქონდა და ჰაერში ვიყავით გამოკიდებულნი. სამზარეულოდან საძინებლის კართან როგორ აღმოვჩნდი, არ მახსოვს. გონს რომ მოვედი, მე და ჩემი შვილი ეზოში ვიდექით. საშუალება მომეცა და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გლდანის გამგეობას, სასტუმრო ,,დკდ”-ს მეპატრონეს, ჩემი სამსახურის - ,,თბილისის მეტროპოლიტენის” ადმინისტრაციას ჩემი ოჯახის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის.
მაკა (მაია) ადეიშვილი: - მეზობელთან სტუმრად ვიყავი, როცა გავაცნობიერე, რომ ჩვენს თავს დიდი უბედურება დატრიალდა, მაშინვე ჩემი 17 წლის ორსული რძალი, ნუცა გამახსენდა - მის სახელს განწირული ვყვიროდი. მეზობლები კი, ქვევიდან მიყვიროდნენ, მაჩვენებდნენ: ნუცა აქ არის, ცოცხალიაო, მაგრამ ვერ ვხედავდი და არ მესმოდა.
მეცხრე სართულზე ვცხოვრობ, მაგრამ ვაჟმა ცოლი რომ შეირთო, მეექვსე სართულზე ბინა ვუქირავე. აფეთქების დროს შვილი და რძალი ჩემთან იყვნენ ამოსულები, მე კი, მეოთხე სართულზე მეზობელთან ვიყავი. ისინი ბედისწერამ მაჩუქა - მეექვსე სართულზე მათი საძინებელი მთლიანად განადგურებულია. თოთხმეტი წელია, ამ კორპუსში ვცხოვრობ, მეზობლები ერთმანეთს შევაბერდით, ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მათგანი ისეთი უპასუხისმგებლოა, რომ გაზი ჩართული დატოვა. ძალიან გვაწუხებს მოარული ხმა, ათასნაირად ხატავენ ამბავს. ლიკა ჯოლოგუაზე ამბობენ, თითქოს სადღაც იყო წასული და გაზი ჩართული დარჩა, ტყუილია, წინა დღესაც სახლში იყო და იმ უბედურ დღეს ასე, 12 საათზე, სტუმრად მყოფი მამიდაშვილი გააცილა. გამომძიებელი მეკითხება, თუ გაზი არა, მაშინ რამ გამოიწვია აფეთქებაო? მე რას უნდა ვფიქრობდე? გამოძიებამ გაარკვიოს და ბოლო მოუღოს ჭორებს. დაქცეულია რამდენიმე ოჯახი, თეფშებს და კედლებს რას დავეძებთ, ოღონდ ესენი ცოცხლები დარჩენილიყვნენ, ცოცხალ ადამიანს ყოველთვის ეშველება.
ლევან ბურდული უკეთილშობილესი ადამიანი იყო, მეცხრე სართულიდან ხანდახან ფეხით რომ ჩამოივლიდა, მორიდებით მოგესალმებოდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს. როგორც გვითხრეს, მსხვერპლი შეიძლება, გაცილებით დიდი ყოფილიყო, მაგრამ კორპუსი ისე მყარად ნაშენი აღმოჩნდა, რომ ამხელა ტალღას გაუძლო...
გაზის კომპანიიდან არავინ გამოჩენილა, არადა, ვინმემ წელიწადში ერთხელ ხომ მაინც უნდა შეამოწმოს, გაზის აპარატურა ვის როგორ აქვს დამონტაჟებული? ქვითრის ამოწერაზე, გამორთვაზე ცქვიტად დადიან, წუთს არ გადააცილებენ. მძიმე ცხოვრებაა, ხალხი იაფფასიან ტექნიკას ყიდულობს, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გააკონტროლოს, როგორია ეს გამათბობელი?!Aამ ზამთარს გაზის კომპანიის თანამშრომლები იყვნენ მოსულები, მკითხეს, რამდენი წერტილი გაქვთო. საგანგებოდ დავათვალიერებინე ყველა წერტილი, გამაცხელებელი, გამათბობელი, გაზქურა, მაგრამ ზედაც არ შეუხედავთ, წერტილების რაოდენობა ისე ჩაინიშნეს.
მაკა გოგოხია: - იმ დღეს სტუმრები მყავდა, ცოლ-ქმარი ლოჯიაში კომპიუტერთან ერთობოდა. აფეთქების შედეგად ორივე მინის ნამსხვრევებისგან დაიჭრა. ჩემი შვილი, საბა ეზოში იყო, მეზობლის კაცებმა უპატრონეს. უფროს ქალიშვილს, ნატას კი ვერ ვხედავდი. შოკირებული კორპუს-კორპუს დავრბოდი და შვილს ვეძებდი, სულ დამავიწყდა, რომ დედაჩემს ბაზარში გაჰყვა. ბოლოს, მეზობელმა შემახსენა... სადარბაზოში ისეთი ბუღი იდგა, ვერაფერს დაინახავდი, თუმცა მეზობლის კაცები არ ეპუებოდნენ და კორპუსში დარჩენილების გამოყვანას ცდილობდნენ, ხალხს ამხნევებდნენ. ნამდვილი ჯოჯოხეთი ტრიალებდა.
ლალი სისაური: - უცნაური ღმუილის ხმა გაისმა, პირველი ყრუ დარტყმა იყო, ვიდრე აფეთქება ფრთებს გაშლიდა. ღია ფანჯრებში ვხედავდი, როგორ ჩაიქროლეს დაგრეხილმა ჩარჩოებმა, აგურებმა, ხის ნაფლეთებმა. შემოსასვლელი კარი დაბრეცილი დამხვდა, მაღლიდან კივილის ხმა ისმოდა, შველას ითხოვდნენ. სადარბაზოში თავი გამოვყავი, ერთოთახიანის კარი მოგლეჯილი ეგდო, გახეთქილი მილებიდან წყალი ასხამდა... ბურდულების კარს მივადექი - კარი სადღა იყო, ბინაში ნანგრევები ჩანდა, ბუღი ოდნავ გაიფანტა და ბათქაშისგან მთლად გათეთრებული ნანა, ლევან ბურდულის ცოლი დავინახე, ბავშვებთან ერთად. ნანა შეშლილი სახით, კივილით მანიშნებდა - ლევანი და დედამთილი “ზალაში”, სინკარის ქვეშ იყვნენ მოქცეულნი. ამასობაში, ჯერ მეზობლის ბიჭები, მერე მაშველები გაჩნდნენ, ნანა და ბავშვები წაიყვანეს, მე იქაურობას ვერ ვშორდებოდი, უმწეობისგან არ ვიცოდი, რა მექნა... მაშველები ყოჩაღი ადამიანები აღმოჩნდნენ - საკუთარი თავი საფრთხეში ჩაიგდეს და ნანგრევებიდან მკვდარ-ცოცხალი ლევანი ამოიყვანეს. ისე, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნა გასაჯაროვდეს, მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, რას გაუფრთხილდეს.
თურმე, იმ ავადსახსენებელ დღეს, ვიდრე მაშველები მივიდოდნენ, ხალხი მეზობელი კორპუსებიდან გამორბოდა და ალმოდებული საცხოვრებელი სახლიდან უმწეო ადამიანების გამოყვანას ცდილობდა.
ახლა კორპუსის წინ პოლიცია პატრულირებს, მშენებლები მუშაობენ, ბაღში პატარებთან ერთად კანტიკუნტად სასეირნოდ გამოსულები გულისტკივილით იხსენებენ იმ დღეს. ერთმა ქალბატონმა მითხრა, შიშით შინ ვეღარ ვჩერდებიო, მეორემ ეჭვი გამოთქვა, სამ თვეში მშენებლები სახლის შეკეთებას ვერ მოასწრებენო. Y
დავინტერესდი, ,,ყაზტრანსგაზიდან” ხომ არავინ გამოჩენილა-მეთქი. ერთმა მითხრა, აფეთქების მეორე დღეს ბაღში ორი კაცი იჯდა და რაღაც ჟურნალს მაჩვენებდა, თან მიხსნიდა, რომ აფეთქებამდე შვიდი წუთით ადრე კორპუსიდან ზარი იყო, მაშინვე გამოვედით, მაგრამ ვერ მოვასწარითო. რა ვიცი, მართალს ამბობდაო?